გააჩნია თუ არა ქვეყანას სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრების განთავსების ლოკაციების სქემები ან შემუშავებულია თუ არა მათი განვითარების საინვესტიციო შესაძლებლობები?
ქვეყნის სახელმწიფო დოკუმენტში – „ტრანსპორტის და ლოგისტიკის 2030 წლის სტრატეგიაში“- ცალსახად ხაზგასმულია ლოგისტიკური ცენტრების განვითარების მნიშვნელობა, მაგრამ კონკრეტულად, თუ სად, რა ვადებში და რა საინვესტიციო მოცულობით უნდა მოეწყოს ასეთი ობიექტები, აღნიშნულ დოკუმენტში ამაზე არანაირი ხედვა არ არსებობს, რაც უდაოდ ამ სფეროში სახელმწიფო ხედვის სისტემურ ნაკლოვანობას წარმოადგენს.
სახელმწიფოს პრეროგატივას ლოგისტიკური ცენტრებისათვის კონკრეტული ადგილმდებარეობის, მათში საინვესტიციო მოცულობის განსაზღვრა და აუცილებელი მისასვლელი გზებით უზრუნველყოფა წარმოადგენს – კერძო ბიზნესმა კი თავის მხრივ ლოგისტიკურ ცენტრების ინფრასტრუქტურაში ფინანსური სახსრების აკუმულირება უნდა უზრუნველყოს.
ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციის BDO-ს გადმოსახედიდან, „საქართველოში ეს მიმართულება ნაკლებადაა განვითარებული, რაც ქვეყანას გადაზიდვების მიმართულებით კონკურენტუნარიანობას უმცირებს“.
მათივე განცხადებით, იმ გამოცდილებიდან, რაც ლოგისტიკურ კომპანიებთან ურთიერთობაში ვლინდება, მნიშვნელოვანია საქართველოში შეიქმნას ისეთი ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც საერთაშორისო ტვირთმლობელებს თანამედროვე ლოგისტიკურ სერვისებს შესთავაზებს.
ლოგისტიკური ცენტრების განვითარება დაეხმარება ქვეყანას ტვირთების მოზიდვაში, მათი ადგილზე დამუშავება –დახარისხებასა და სხვადასხვა მიმართულებით გაგზავნაში.
ყაზახეთი სისტემურად ავითარებს ქვეყნის ტერიტორიაზე ლოგისტიკურ კლასტერებს, უფრო მეტიც აღნიშნული საკითხი, საქართველოსგან განსხვავებით, ქვეყნის პრემიერის უმთავრეს საზღუნავს წარმოადგენს, რისი დასტურიცაა ახლახანს ყაზახეთის პრემიერის მიერ მთავრობის სხდომაზე საზღვრისპირა ჰაბების დაჩქარებული განვითარების საკითხის განხილვა.
ყაზახეთისგან განსხვავებით, საქართველოს რომელსაც რეგიონში ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების ამბიცია გააჩნია, სადღესოდ კონკრეტული სამოქმედო გეგმაც არ გააჩნია.
ყაზახეთის პრემიერის განცხადებით: „არსებული ჰაბების ექსპლუატაციაში გაშვება მნიშვნელოვნად დააჩქარებს მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო პროცესებს, 30%-ით გაზრდის გადამუშავებული პროდუქციის ექსპორტის მოცულობას და უზრუნველყოფს ყაზახური კომპანიებისთვის ეფექტურ ლოგისტიკურ პირობებს.“
პრემიერმა ძირითადი აქცენტი ყაზახეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ხუთი ჰაბის დაჩქარებული ტემპებით განვითარებასა და დასრულებაზე გააკეთა.

1. ყაზახეთ – უზბეკეთის საზღვარზე საერთაშორისო სამრეწველო თანამშრომლობის ჰაბი – „ცენტრალური აზია“
ჰაბის ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ ნავარაუდევია ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის 10 მილიარდ დოლარამდე ზრდა.
ჰაბის მშენებლობა ატამეკენის (ყაზახეთი) და გულისტანის (უზბეკეთი) საკონტროლო პუნქტების მახლობლად მიმდინარეობს და მოიცავს წარმოების ობიექტებს, საწყობებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას.

ობიექტის საერთო ფართობი 100 ჰექტარი იქნება, საიდანაც 50 ჰექტარი ყაზახეთში, ხოლო 50 ჰექტარი უზბეკეთში განთავსდება. ტერიტორიის ნაწილი რეგიონულ ინდუსტრიულ ზონად იქნება აღიარებული.
წინასწარი პროგნოზით, ტექნიკური და სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლოსაა ნავარაუდევი, ხოლო ოფიციალური გახსნა – 2027 წლის დასაწყისში იგეგმება.
2. ხორგოსის კვანძის ჰაბი, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთით „ხორგოსის სპეციალურ ეკონომიურ ზონას“და „ხორგოსი -აღმოსავლეთის კარიბჭის“ სპეციალურ ზონებს აერთიანებს.

ხორგოსის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში ხორციელდება 41 პროექტი, რომელთაგან რვა უკვე ექსპლუატაციაშია გაშვებული, დანარჩენის დასრულება კი 2027 წლისთვის იგეგმება.
„ხორგოსი – აღმოსავლეთის კარიბჭის“ ინფრასტრუქტურის ფარგლებში რეგისტრირებულია 64 პროექტი, რომელთა ნახევარი უკვე რეალიზირებულია.
დარჩენილი 32 პროექტი მიმდინარეობის სტადიაშია. ნავარაუდევია, რომ შეიქმნება ყაზახეთ – ჩინეთის ინდუსტრიული ქალაქი, ქარის ტურბინების მწარმოებელი ქარხნები, ლითონის ნაწარმისა და სასმელების ქარხნები.
პარალელურად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები: SkyHansa-ს საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, ხორგოსის კარიბჭის სარკინიგზო ტერმინალის გაფართოება, ჩინეთთან პირდაპირი ლოგისტიკური დერეფნის შექმნა და საბაჟო საწყობების მშენებლობა.
ხორგოსის ჰაბი ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მთავარ ცენტრად რჩება.
ხორგოსის კარიბჭის KTZE – Khorgos Gateway მშრალი პორტის გაფართოების ფარგლებში მოდერნიზება გაუკეთდა ორ სარკინიგზო ლიანდაგს და აშენდა რვა დამატებითი ლიანდაგი. ამჟამად ექსპლუატაციაში 16 ლიანდაგია, რამაც ტერმინალის გამტარუნარიანობა 50%-ით გაზარდა.

პარალელურად ხორგოსის მიმართულებით ალტინკოლ–ჟეტიგენის რკინიგზის მონაკვეთის მოდერნიზაციაც მიმდინარეობს. სარკინიგზო მონაკვეთის გამტარუნარიანობა 25 მლნ ტონამდე გაიზრდება. სამუშაოების სრულად დასრულება 2026 წელს იგეგმება.
3. კასპიის კვანძის ჰაბი – აქტაუსა და კურიკის საზღვაო პორტების მოდერნიზაცია
2025 წლის ბოლომდე აქტაუს ნავსადგურში აკონტეინერო ჰაბის პირველი ფაზის მშენებლობა ჩინურ კომპანია Lianyungang-თან პარტნიორობით დასრულდება.
პროექტი კონტეინერების ჰაბის გამტარუნარიანობას წელიწადში 200 000 TEU-მდე გაზრდის.

აქტაუს ნავსადგურში პარალელურად მიმდინარეობს დაღრმავებისა და ნავმისადგომების მოდერნიზაციის პროექტები.
კურიკის ნავსადგურში ხორციელდება მრავალფუნქციური ტერმინალის – „სარჟას“ მშენებლობა.

პროექტი პირველ ეტაპზე 570 ათასი ტონა გამტარუნარიანობის ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს, რასაც შემდგომში წელიწადში 1.5 მილიონ ტონამდე გაფართოება მოჰყვება.
აქტაუსა და კურიკის ნავსადგურებზე დაფუძნებული კლასტერის შექმნა 2028 წლისთვისაა ნავარაუდევი, რის შედეგად პორტების გამტარუნარიანობა 50%-ით, ხოლო კონტეინერების ტევადობა სამჯერ გაიზრდება.
4. ყირგიზეთის საზღვარზე ინდუსტრიული სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპლექსი (ИТЛК)
ლოგისტიკური კლასტერის მშენებლობისთვის გამოყოფილია 7.6 კვ. კმ ფართობის მიწის ნაკვეთები – ყაზახეთში 3.6 კვ. კმ და ყირგიზეთში 4 კვ. კმ.
კომპლექსის ორივე ნაწილი სასაზღვრო ზონის გარეთ განთავსდება, ამიტომ მისი ექსპლუატაციაში გაშვებიდან სამი წლის განმავლობაში ყაზახური მხარე აპირებს მათ დამაკავშირებელი ხიდის აშენებას.

ტვირთების გადასაზიდად კომპლექსის ყაზახურ და ყირგიზულ მონაკვეთებს შორის მდინარე ჩუზე ხიდი აშენდება, რომელიც აღიჭურვება სასაზღვრო ინფრასტრუქტურის ყველა საჭირო ელემენტით.
5. რუსეთის ექსპორტზე ორიენტირებული „ევრაზიის“ საზღვრისპირა სავაჭრო ცენტრი
ყაზახეთი რუსეთთან საზღვარზე მდებარე „ევრაზიის“ სავაჭრო ცენტრში 300 მლნ დოლარის ღირებულების 16 საინვესტიციო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

ევრაზიის საზღვრისპირა სავაჭრო ცენტრი ურალის მახლობლად მდებარეობს. ასფალტ-ბეტონის და რკინაბეტონის ქარხანა,საბურავების გადამუშავების ქარხანა.
პარალელურად, მიმდინარეობს საინჟინრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. გარე ქსელები უკვე დასრულებულია. არსებული ინფორმაციით, ყაზახეთი 2026 წლის ბოლოს „ევრაზიის“ სამრეწველო ცენტრის გახსნას გეგმავს.
ყაზახეთისგან განსხვავებით, საქართველოს რომელსაც რეგიონში ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების ამბიცია გააჩნია, სადღესოდ კონკრეტული სამოქმედო გეგმაც არ გააჩნია.