სადღეისოდ, შუა დერეფნის ირგვლივ ჩატარებულ კვლევებში დერეფნის ერთ – ერთ ვიწრო ადგილად კასპიის ზღვაზე საზღვაო ფლოტის უკმარისობა სახელდება.
დღევანდელ ანალიტიკაში აქცენტი გვინდა გადავიტანოთ ყაზახეთის ნავთობის გადაზიდვებში ჩართულ KazMorTransFlot-ის სატანკერო ფლოტის მდგომარეობასა და განვითარების ტენდენციებზე, რაც შედეგობრივად, როგორც ტრანსკასპიურ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, ასევე შუა დერეფნის სარკინიგზო მიმართულებით, დამატებითი ნავთობნაკადის სახით აისახება.
ყაზახური სახელმწიფო კომპანია KazMorTransFlot-ი საკუთარი საზღვაო ფლოტით გადაზიდვების 90%-ს შავი ზღვა – ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ახორციელებს, დანარჩენი ფლოტი – გადაზიდვების 10%-ს კასპიის ზღვაზე ემსახურება. ამ შედარებით ყაზახეთისთვის შავი ზღვა-ხმელთაშუა ზღვის რეგიონში პრიორიტეტს წარმოადგენს.
2024 წელი სარეკორდო იყო KazMorTransFlot-ისთვის – ჯამურად კომპანიამ 13.2 მლნ ტონა ნავთობი გადაზიდა, მათ შორის შავი ზღვა-ხმელთაშუა ზღვის რეგიონში 11.1 მლნ ტონა, ხოლო კასპიის ზღვაზე – 2.1 მლნ ტონა.
2025 წელს KazMorTransFlot – ის მიერ ნავთობის ტრანსპორტირება 18.7 %-ით შემცირდა და 10.7 მლნ ტონა შეადგინა. მათ შორის შავი ზღვა-ხმელთაშუა ზღვის რეგიონში 8.8 მლნ ტონა, ხოლო კასპიის ზღვაზე – 1.9 მლნ ტონა.
შემცირება განპირობებული იყო კასპიის მილსადენის კონსორციუმის მიერ CPC-ში 2025 წლის მარტიდან Aframax-ის ტიპის ტანკერებისთვის ნავთობის პარტიების გადანაწილების ცვლილებით.
კასპიის ზღვის არეალში ნავთობის გადაზიდვების კლებაზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ტექნოლოგიურმა შეზღუდვებმა იმოქმედა, კერძოდ, 2025 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე აქტაუ-ბაქოს მარშრუტზე ნავთობის გადაზიდვები დროებით შეჩერდა.
ყაზახეთის, როგორც საზღვაო ქვეყნის წარმოსაჩენად საკანონმდებლო დონეზე სახელმწიფომ სამი პერსპექტიული ბიზნეს მიმართულება გამოავლინა:
ღია ზღვაში ნავთობის ტრანსპორტირება – შავი ზღვა – ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ეროვნული საზღვაო გადამზიდავის KazMorTransFlot-ის პოზიციების გაძლიერება, კერძოდ, ღია ზღვაში ყაზახეთის ნავთობის ტვირთების ტრანსპორტირების მთლიან მოცულობაში Aframax-ის და/ან Suezmax-ის ტიპის საკუთარი მსხვილტონაჟიანი ფლოტის თანმიმდევრული გაფართოება.
ნავთობის ტრანსპორტირება კასპიის ზღვაზე – KazMorTransFlot-ის ტანკერების გამოყენებით ნავთობის ტრანსპორტირება, ასევე კასპიის ზღვის სხვა ქვეყნების ნავსადგურებს შორის ნავთობის ტრანსპორტირებისთვის საკუთარი სატანკერო ფლოტის იჯარით გადაცემა.
კასპიის შელფზე ნავთობისა და გაზის საბადოების მომსახურება – სპეციალიზებული დანიშნულების გემების მშენებლობა/შეძენა და ოფშორული პროექტების მომსახურებაში მათი KazMorTransFlot-ის ფლოტის სახელით ჩართვა.
ღია ზღვაში ნავთობის ტრანსპორტირება – შავი ზღვა -ხმელთაშუა ზღვის რეგიონში KazMorTransFlot – ს ორი ერთეული Aframax-ის კლასის მაღალი – 116 000 ტონა ტვირთამწეობის ALTAI (გამოშვების წელი – 2011) და ALATAU (გამოშვების წელი – 2009) გააჩნია. ორივე ტანკერი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშაა დარეგისტრირებული.
აღნიშნული გემები შავ და ხმელთაშუა ზღვებში მოძრაობენ და ყაზახური ნედლი ნავთობი ნოვოროსიისკის ნავსადგურიდან ევროპის ძირითად ტერმინალებამდე, მათ შორის რუმინეთში, კონსტანცის ნავსადგურში გადააქვთ, სადაც განლაგებულია КазМунайГаз-ის კუთვნილი Rompetrol-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

ყაზახეთი საკუთარ ტანკერებს ასევე ჯეიხანის ნავსადგურიდან რუმინეთის კონსტანცის მიმართულებითაც იყენებს, რითაც ბუნერივია იზრდება ბაქო – თბილისი – ჯეიხანის მილსადენის გამოყენება.
გარდა ამისა, ტანკერები მოძრაობენ საფრანგეთისა და იტალიის ხმელთაშუა ზღვის ნავსადგურების მიმართულებით.

ნავთობის ტრანსპორტირება კასპიის ზღვაზე – სადღეისოდ კასპიის ზღვაზე, ძირითადად აზერბაიჯანის მიმართულებით ტრანსპორტირებული ნავთობი საშუალო ტონაჟის გემებით ხორციელდება, რომელთა ტვირთამწეობა 12 -13 ათას ტონას შეადგენს, რადგანაც ტანკერების ეს კლასი კასპიის ზღვაში ოპერაციებისთვის ეკონომიკურად ყველაზე მიმზიდველია.
გემების გაბარიტული ზომები საშუალებას იძლევა, კასპიის ზღვის უმეტეს ნავსადგურებში შეზღუდვების გარეშე შევიდნენ და განახორციელონ ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები.
ყაზახეთის დროშის ქვეშ მცურავ საშუალო ტონაჟის გემებს შორისაა ტანკერი AKTAU, რომლის ტვირთამწეობა 12.4 ათასი ტონაა (აწყობილია 2011 წელს).
ტანკერი AKTAU ყაზახეთის სანაპიროსა და აზერბაიჯანის ტერმინალებს შორის რეგულარულ მარშრუტზე მოძრაობს. ტანკერი თენგიზის საბადოდან აქტაუსა და ბაქოს შორის ბაქო -თბილისი – ჯეიჰანის მილსადენში ნავთობის მიწოდებას უზრუნველყოფს.
მეორე საშუალო ტონაჟიანი, 2005 წელს აწყობილი 12.4 ათასი ტონა ტვირთამწეობის ტანკერი ASTANA აა. SOCAR-თან დადებული შეთანხმების საფუძველზე, ტანკერი ASTANA შუა დერეფნის გავლით ნედლი ნავთობის ტრანზიტზეა სპეციალიზირებული.
მესამე ტანკერი ALMATY, ტვირთამწეობით 12.4 ათასი ტონა (აწყობილი 2005 წელს), როგორც წესი, კასპიის ზღვაზე შეუფერხებელი დატვირთვის გრაფიკის შესანარჩუნებლად სხვა გემების რეზერვად – ჩასანაცვლებლად გამოიყენება.
მეოთხე ტანკერი ABAI, ტვირთამწეობით 12.8 ათასი ტონა (აწყობილი 2005 წელს), კასპიის რეგიონის ტერმინალების უმეტესობასთან ჩატვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაციებისთვის გამოიყენება. ტანკერი კაშაგანისა და თენგიზის საბადოებიდან ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, სარეზერვო ტანკერად გამოიყენება.
მეხუთე ტანკერი KAZAKHSTAN ი ტვირთამწეობით 12.4 ათასი ტონა (აწყობილი 2005 წელს), გამოიყენება აქტაუსა და აზერბაიჯანის სანგაჩალის ნავთობტერმინალში ნავთობის გადასაზიდად.

2023 წლიდან ყაზახეთი ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების ფარგლებში აქტიურად ახორციელებს ფლოტის განახლებას.
KazMorTransFlot-მა და არაბულმა კომპანია AD Ports Group-მა დაარსეს ერთობლივი საწარმო Caspian Integrated Maritime Solutions (CIMS) და 2023 წელს ექსპლუატაციაში ჩაუშვეს შედარებით მცირე – 8000 ტონამდე ტვირთამწეობის ორი ტანკერი – TARAZ ი და LIWA.

ტანკერი LIWA (აწყობილი 2018 წელს) – 6.9 ათასი ტონა ტვირთამწეობით. არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან დადებული შეთანხმების ფარგლებში ნავთობის გადამზიდავი ახალი გემებიდან ერთ-ერთია. ტარნკერის ძირითადი დანიშნულებაა მახაჩკალა – ნოვოროსიისკის მილსადენის სისტემაში შემდგომი მიწოდების მიზნით კასპიის ზღვაში ნავთობის ტრანსპორტირება.
ტანკერი TARAZ ი (აწყობილი 2018 წელს), ტვირთამწეობით 8.0 ათასი ტონა, გამოიყენება დაბალი სიღრმის წყლებში ექსპლუატაციისთვის, ამასთან გაუმჯობესებული მანევრირებით გამოირჩევა. ტანკერი ძირითადად აქტაუდან მახაჩკალასა და ბაქოს მიმართულებებზე ნავთობის გადაზიდვებზეა დაკავებული.
გარდა ამისა, ყაზახეთი აქტაუსა და ბაქოს შორის ნავთობპროდუქტებისა და ნედლი ნავთობის გადაზიდვისთვის დამატებით 7000 ტონა ტვირთამწეობის სამ ტანკერს – KURUSH ი, KOSTANAY და KARAGANDA – იყენებს.

სამომავლო გეგმები – ყაზახეთი დაინტერესებულია და ღიად აანონსებს Aframax-ის ტიპის ტანკერების 12 ერთეულამდე გაზრდას. KazMorTransFlot-ის განცხადებით, მათი შეკვეთა და ბაზარზე მოძიება რთული და შრომატევადი პროცესია.
სატანკერო ფლოტის გაზრდით, ყაზახეთის სტრატეგიულ ამოცანას რამდენიმე წელიწადში თენგიზის ნავთობის მინიმუმ ნახევრის საკუთარი გემებით გადატანა წარმოადგენს.