ბოლო პერიოდში შუა დერეფნის გასწვრივ განლაგებული ქვეყნები ორმხრივ ფორმატში სულ უფრო ინტენსიურად გადადიან საავტომობილო ნებართვების ე.წ. „დოზვოლების“ ელექტრონულ გაცვლის სისტემაზე.
საავტომობილო ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემის დანერგვა მნიშვნელოვნად ზრდის შუა დერეფნის გასწვრივ გადაზიდვების ინტენსივობას და ხელს უწყობს დამატებითი საავტომობილო ნაკადის მოზიდვას.
ამ თვალსაზრისით, რეგიონის სახელმწიფოებს შორის ელექტრონული გაცვლის სისტემის სინქრონული ამოქმედება, პირველ რიგში, ამარტივებს ტვირთების გადაზიდვის პროცესს.
დღევანდელ ანალიტიკაში წარმოდგენილია კონკრეტული მაგალითები, თუ ბოლო წლებში როგორ გადადიან დაჩქარებული წესით მეზობელი ქვეყნები ნებართვების გაცვლის ელექტრონულ სისტემაზე.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დაწყებული პროცესისა, საქართველო რამდენიმე წელია მეზობელ თურქეთთან ნერგავს ელექტრონული გაცვლის სისტემას, თუმცა შედეგობრივად სისტემა დღემდე არ არის დასრულებული და გაურკვეველია მისი ამოქმედების კონკრეტული ვადები.
იმ პირობებში, როდესაც თურქეთმა რეგიონის თითქმის ყველა სახელმწიფოსთან დანერგა ნებართვების ელექტრონული გაცვლის მექანიზმი, ბუნებრივად ჩნდება კითხვა – ვისი მიზეზით ფერხდება საქართველოსა და თურქეთს შორის ნებართვების ელექტრონული გაცვლის მექანიზმის ამოქმედება?
საავტომობილო ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემის დანერგვის კონკრეტული მაგალითები:
სულ ახლახან ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას – 2026 წლიდან საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სფეროში ელექტრონული ნებართვების გაცვლის სისტემის დანერგვის შესახებ.

ქვეყნები ვარაუდობენ, რომ ორ ქვეყანას შორის საავტომობილო ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემის დანერგვა მნიშვნელოვნად გაზრდის შუა დერეფნის გასწვრივ გადაზიდვების ინტენსივობას და ხელს შეუწყობს რუსეთის გვერდის ავლით დამატებითი საავტომობილო ნაკადის მოზიდვას.
ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის, როგორც შუა დერეფნის ძირითადი მონაწილეებისთვის, საავტომობილო ტრანსპორტისთვის ელექტრონულ ნებართვებზე გადასვლა ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ნებართვების გაცემის პროცესის გამარტივებასა და დაჩქარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კასპიის ზღვაზე სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისას.
მანამდე ელექტრონულ ნებართვაზე გადასვლასთან დაკავშირებით ყაზახეთმა მოლაპარაკებები თურქეთთან განახორციელა და, უფრო მეტიც, ორ ქვეყანას შორის გადაზიდვების უნებართვო სისტემის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ.
გასულ წელს მსგავსი პროცესი ყაზახეთმა – ჩინეთთან და ირანთან დაასრულა.
გარდა ამისა, რეგიონის ორი მსხვილი მოთამაშე – უზბეკეთი და აზერბაიჯანი – სატვირთო გადაზიდვების ნებართვების ელექტრონულ გაცვლაზე 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან სრულად გადავიდნენ.
2024 წლიდან უზბეკეთმა და ყაზახეთმა სატვირთო ნებართვების ელექტრონული გაცვლის საპილოტე პროექტი აამოქმედეს.
რადგან ამ ქვეყნებს საერთო საზღვარი გააჩნიათ, პროცესის გამარტივების მიზნით ელექტრონული ნებართვა მეზობელ ქვეყანაში შესვლისას პირდაპირ სასაზღვრო გადასასვლელთანაა ხელმისაწვდომი.
კარგი მაგალითია, რომ საქართველომ ანალოგიური სისტემა დანერგოს თუნდაც თურქეთთან მიმართებით.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყაზახეთმა ჩინეთთან, უზბეკეთთან და ირანთან ნებართვების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა მოკლე ვადაში უზრუნველყო, შესაბამისად, ყაზახეთს ელექტრონულ ფორმატში ნებართვების გაცემის გამოცდილება გააჩნია.

ამასთან, ელექტრონული ფორმის დანერგვა მნიშვნელოვნად ამარტივებს ტვირთების გადაზიდვის პროცესს და გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს.
2026 წლიდან უზბეკეთი და მოლდოვა გააუქმებენ ტრანზიტისა და ორმხრივი საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცვლას, უფრო მეტიც, ორი ქვეყანა გადავა უნებართვო სისტემაზე.
2021 წლიდან უზბეკეთსა და თურქეთს შორის საავტომობილო გადამზიდველებს ნებართვები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ მიიღონ. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის დანერგილი ელექტრონული გაცვლის სისტემა რეგიონში პირველ ნოვაციას წარმოადგენდა.
ხაზგასასმელია, რომ ყაზახეთი აფართოებს ქვეყნების გეოგრაფიას და ელექტრონული გაცვლის სისტემის დანერგვას პოლონეთთან გეგმავს, რაზეც 2025 წლის აპრილში ორ ქვეყანას შორის შესაბამისი მოლაპარაკებები გაიმართა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ყაზახეთი უახლოეს მომავალში რუსეთთან, ლატვიასთან და ლიეტუვასთან სატვირთო გადაზიდვების ნებართვების ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას გეგმავს.
2025 წელს აზერბაიჯანსა და ყირგიზეთს შორის ელექტრონული ნებართვის გამოყენებით პირველი ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა.
საინფორმაციო წყაროების მიხედვით, 2025 წლის ბოლოდან უზბეკეთი და მონღოლეთი ერთმანეთში ტვირთის ელექტრონული ნებართვების სისტემას დანერგავენ.
2024 წელს საფუძველი ჩაეყარა უზბეკეთსა და თურქმენეთს შორის ნებართვების ფორმების ელექტრონული გაცვლის სისტემის დანერგვას.
წარმოდგენილი მაგალითების საფუძველზე შესაძლებელია მარტივი დასკვნის გაკეთება, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მეზობელი ქვეყნები ბილატერალურ (ორმხრივ) დონეზე ელექტრონულ ფორმატში საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების დაჩქარებული წესით გაცემას.
წარმოდგენილი მაგალითებიც საკმარისია, რომ თვალნათლივ დავინახოთ, თუ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით სად იმყოფებიან რეგიონის ქვეყნები.
პარალელურად, ელექტრონული ნებართვების გაცემის პროცესში ნათლად ჩანს საქართველოს პოზიციონირება – რომელიც ამ მიმართულებით რეგიონში უდაოდ აუტსაიდერის ადგილს იკავებს.