
ვაჟა გაფრინდაშვილი – საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის ექსპერტი 20-წლიანი გამოცდილებით. იკავებდა ევროპულ საექსპედიტო კომპანიებში გადაზიდვების დაგეგმვისა და კომერციული მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციებს.
იყენებს თუ არა საქართველო სატვირთო ავტოტრანსპორტის ტრანზიტით გატარებისას გზით სარგებლობის საფასურის აღების სამართლიან პრინციპს? რამდენად თანაზომადია საქართველოში მოქმედი საფასური ევროზონასა და რეგიონის ქვეყნებში დაწესებულ ანალოგიურ ფასიანი გზების გადასახადთან შედარებით?
ევროზონასა და რეგიონის უმეტეს ქვეყნებში გზით სარგებლობის საფასური დივერსიფიცირებულია და დამოკიდებულია სატრანსპორტო საშუალების წონაზე / ღერძების რაოდენობაზე, გზის კლასზე, ხმაურის დონეზე, გამონაბოლქვზე, ფასიანი გზით სარგებლობის პერიოდზე, ანუ იმაზე, თუ რამდენ დღეში დაფარავს სატრანსპორტო საშუალება სატრანზიტო მონაკვეთს.
საქართველოში ასეთი კლასიფიკაცია არ არსებობს, შესაბამისად, გადასახადი უნიფიცირებულია. კერძოდ, ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტი საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთისას იხდის ფიქსირებულ 350 ლარის საფასურს.
იმისათვის, რომ შედარებითი ანალიზი ჩავატაროთ და დავადგინოთ ერთ კილომეტრზე გზით სარგებლობის ოდენობა – აუცილებელია საქართველოსთვის საშუალო სატრანზიტო მანძილის დადგენა. კერძოდ, გავაშუალედოთ ძირითადი სატრანზიტო დერეფნების მანძილები – სარფი – ლარსი – 499 კმ, ფოთი – ლარსი – 450 კმ, სარფი – სადახლო – 433 კმ, ფოთი – სადახლო – 404 კმ, სარფი – წითელი ხიდი – 436 კმ, ფოთი – წითელი ხიდი – 387 კმ, ლარსი – სადახლო – 240 კმ.
საქართველოს სატრანზიტო მონაკვეთების გაშუალედებული, საშუალო მანძილი შეადგენს 407 კმ-ს.
თუ გზათსარგებლობის საფასურის თანხას, 350 ლარს, გავყოფთ საშუალო სატრანზიტო მანძილზე – 407 კმ-ზე, მივიღებთ სატვირთო ავტოტრანსპორტის მიერ საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო დერეფნის ერთ კილომეტრზე გადახდილ თანხას, რომელიც შეადგენს 86 თეთრს, რაც კილომეტრზე 28 ევრო ცენტის ტოლფასია.
ერთ კილომეტრში გზით სარგებლობის გადასახადის მაჩვენებელი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ შვეიცარიასა და ავსტრიას, მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ევროზონის, ასევე რეგიონის ქვეყნების ფასიან გზებზე დაწესებულ საფასურს (იხ. დიაგრამა).

ევროკავშირის სივრცეში გადაზიდვების განხორციელებისას გზით სარგებლობის გადასახადების სხვადასხვა სისტემა მოქმედებს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული და თანამედროვე – E-vignette-ის ელექტრონული სისტემაა. ვინეტი კლასიკური ფორმის გადასახადია, რომელსაც სატრანსპორტო საშუალება იხდის გზების გამოყენების უფლების სანაცვლოდ. ვინეტის საფასური ემყარება პრინციპს – გადაიხადე იმდენი, რამდენსაც გაივლი.
ვინეტის გამოყენება მარტივია – მათი შეძენა შესაძლებელია ბენზინგასამართ სადგურებზე, კიოსკებში ან ინტერნეტით. შეძენის შემდეგ ვინეტა ჩვეულებრივ ეკრობა ავტომობილის წინა მინას, რაც გზის მაკონტროლებელი სამსახურებისთვის მის კონტროლს ამარტივებს. ვინეტა არის სტიკერი, რითაც მძღოლი ადასტურებს, რომ გადაიხადა გზის გამოყენების საფასური.ვინეტის არქონამ შეიძლება გამოიწვიოს მაღალი ჯარიმები. აღნიშნული სისტემა ფართოდ გამოიყენება ევროპის მრავალ ქვეყანაში.
E-vignette ჩვეულებრივი ვინეტის შედარებით დახვეწილი ელექტრონული ვერსიაა. მისი საშუალებით მძღოლს გზის გადასახადების ელექტრონულად გადახდა შეუძლია, რაც გამორიცხავს ფიზიკური სტიკერის საჭიროებას. ელექტრონული ვინეტის შეძენის პროცესი, როგორც წესი, მარტივია და შესაძლებელია ონლაინ, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც დიდ მანძილებზე მოგზაურობს ან ხშირად კვეთს ევროკავშირის ქვეყნების რამდენიმე საზღვარს.
დანიაში, შვედეთში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებში გზის გადასახადის Eurovignette სისტემა მოქმედებს. გერმანული Toll Collect სისტემისგან განსხვავებით, Eurovignette არ მოითხოვს საბორტო მოწყობილობის OBU – On-Board Unit დაყენებას. გადასახადები ითვლება გზის ინფრასტრუქტურის გამოყენების დროის მიხედვით.
გერმანიაში გზის გადასახადის თანამედროვე ელექტრონული თვალთვალის სატელიტური Toll Collect ტექნოლოგია გამოიყენება, რომელიც გადასახადებს რეალურად გავლილი მანძილის მიხედვით ითვლის.
აღნიშნული სისტემა იმ სატრანსპორტო კომპანიებისთვისაა მიმზიდველი, რომლებიც გერმანიის საავტომობილო გზებით სარგებლობენ, რადგან მათ საშუალება ეძლევათ წინმსწრებად, გავლილი მანძილის მიხედვით დაგეგმონ და გააკონტროლონ გადაზიდვების ხარჯები.
EETS (European Electronic Toll Service) აერთიანებს სხვადასხვა ტექნოლოგიას, მათ შორის სატელიტურ გზის გადასახადის სისტემებს, რაც უზრუნველყოფს გადასახადების მართვის მარტივ და უწყვეტ პროცესს მთელ ევროპაში.
EETS-ის დახმარებით სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია, გადასახადის სისტემებზე ფიქრის გარეშე, სხვადასხვა ქვეყანაში განახორციელოს გადაზიდვა.
EETS მიმზიდველია საერთაშორისო გადამზიდავებისთვის, რომლებსაც ერთი მოწყობილობის გამოყენებით შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაამარტივონ თავიანთი ლოგისტიკა, დაგეგმონ მარშრუტები და აკონტროლონ ხარჯები.
გზით სარგებლობის საფასური ევროპულ სივრცეში – ახალ რეალობაში, როცა გადაზიდვების განხორციელებისას დომინირებს სატელიტური სისტემები და CO₂-ის ემისიაზე დაფუძნებული ეკოლოგიური მოთხოვნები, ევროკავშირის სივრცეში სატვირთო ავტოპარკის მართვა რთულ ფინანსურ ოპერაციად გადაიქცა. აღნიშნული თავისებურებების გამო, თანამედროვე Euro 6 ტიპის სატვირთო მანქანასა და უფრო ძველ Euro 3 მოდელს შორის კილომეტრზე სატარიფო გადასახადის განსხვავება 40%-ს აღწევს.
2026 წლის მდგომარეობით, ევროკავშირის ტერიტორიაზე ხუთღერძიანი სატვირთო Euro 6 ტიპის შემადგენლობის საშუალო ღირებულება 1 კმ მანძილის გავლაზე ამჟამად შეადგენს 22 ევრო ცენტს.
კილომეტრზე ყველაზე მაღალი ტარიფები – 80 ევრო ცენტი – ფიქსირდება შვეიცარიის საავტომობილო გზებზე. შვეიცარიაში საგზაო გადასახადის მაღალი ოდენობა გრძელი გვირაბების (Gotthard Road Tunnel), ხიდებისა და ზვავის დამცავი ხელოვნური ნაგებობების მუდმივი მოვლა-შენახვის სამუშაოებითაა განპირობებული.
ევროპაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველაზე მაღალი მოთხოვნები ავსტრიაში ფიქსირდება. გზის გადასახადების შეგროვებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო კომპანია ASFINAG ია. 3.5 ტონაზე მეტი მასის სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოქმედი სისტემა GO-Maut ეფუძნება მიკროტალღურ ტექნოლოგიას (DSRC), რომელიც სრულად EETS ევროპულ სტანდარტთანაა თავსებადი.
2026 წლიდან ავსტრიაში საგზაო გადასახადების ტარიფები ავტოპარკის დეკარბონიზაციის მაჩვენებლის დონით კორექტირდება.
ავსტრიაში გზის გადასახადის ოდენობა რამდენიმე საკვანძო ფაქტორზეა დამოკიდებული. გადასახადზე ყველაზე დიდი გავლენა სატრანსპორტო საშუალების ღერძების რაოდენობას აქვს – რაც უფრო მეტია ღერძების რაოდენობა, მით უფრო მაღალია გადასახადი. მნიშვნელოვანი როლი აქვს ასევე CO₂-ის ემისიის კლასს, რომელიც 2026 წლიდან გადამწყვეტ ფაქტორად იქცა, ხოლო ნულოვანი ემისიის მქონე სატრანსპორტო საშუალებები სარგებლობენ ყველაზე მაღალი შეღავათებით.
EURO 6 სტანდარტის სატრანსპორტო საშუალებებს ჰაერის დაბინძურების გამო დამატებითი გადასახადები ეკისრებათ. გადასახადის მოცულობაზე გავლენას ახდენს დღის პერიოდი – ღამის საათებში ხმაურის შეზღუდვის რეგულაციის გათვალისწინებით, ზოგიერთ მონაკვეთზე მოქმედებს უფრო მაღალი ტარიფები. ავსტრიაში EURO 6 სტანდარტის სატრანსპორტო საშუალებების გადასახადი ერთ კილომეტრზე 53 ევრო ცენტს შეადგენს.
ავსტრიაში ტვირთები, რომელთა ტონაჟი 21 და 24.5 ტონამდე მერყეობს, ეკოლოგიური თვალსაზრისით მატარებელზე იტვირთება.
ბელგიაში სამი რეგიონისთვის (ფლანდრია, ვალონია, ბრიუსელი) გზით სარგებლობის სამი განსხვავებული ტარიფი მოქმედებს. EETS-ის სისტემა სატრანსპორტო საშუალების ერთი რეგიონიდან მეორეში გადასვლისას ავტომატურად არგებს ტარიფს. EURO 6 ტიპის მანქანისთვის საშუალო ტარიფი სამივე რეგიონისთვის 26 ევრო ცენტს შეადგენს.
პოლონეთი – ჩადებული ინვესტიციიდან გამომდინარე, ფასიანი გზები სხვადასხვა ღირებულებისაა, რომლის გამოყენების ფასი კონცესიონერის მიერ არის დაწესებული. მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად A1 ტრასაზე – გდანსკი – ტორუნი (152 კმ) – გადასახადი 13.4 ევროს შეადგენს, რაც კილომეტრზე – 9 ევრო ცენტია.
ბელორუსში გზის გადასახადის სისტემა მკაცრია – საბორტო მოწყობილობის (OBU) გამოყენებაში ნებისმიერი შეცდომა მყისიერად იწვევს მაღალ ჯარიმას.
ყველა ავტოსტრადის M1, M2, M3 გადასახადებს მართავს BelToll სისტემა, რომელიც მიკროტალღურ DSRC ტექნოლოგიაზე მუშაობს, რაც დამატებით სატვირთო მანქანის კაბინაში ფიზიკური მოწყობილობის – OBU-ს – არსებობას მოითხოვს.
ბელორუსის საგზაო მაგისტრალებზე 2025 წლის სექტემბრიდან მოქმედებს განახლებული (ინდექსირებული) ტარიფები, რომლებიც ერთ კილომეტრზე 18 ევრო ცენტს შეადგენს.
რუსეთში ფასიანი გზების სიგრძე 2 800 კმ-ია. ყველაზე მოთხოვნადი М-4 «Дон» – მოსკოვი – სოჩის ტრასაა, სადაც 17 მონაკვეთია (1 298 კმ) ფასიანი – ჯამური გადასახადი 5 800 რუბლს შეადგენს, რაც ერთ კილომეტრზე 8 ევრო ცენტის ტოლფასია. მეორე მოთხოვნადი М-11 «Нева» – მოსკოვი – სანქტ – პეტერბურგის 699 კმ-იანი ტრასაა, რომელზეც დაწესებული გადასახადი 4 850 რუბლია, რაც ერთ კილომეტრზე 10 ევრო ცენტია. რუსეთის სხვა ფასიან გზებზე გადასახადი მაღალია, ამიტომ სატვირთო ტრანსპორტისთვის საშუალო შეწონილი გადასახადი ერთ კილომეტრზე 13 ევრო ცენტია.
ყაზახეთში 2025 წლიდან 30%-ით გაძვირდა ფასიანი გზებით სარგებლობის გადასახადი. სადღეისოდ 3 600 კმ ფასიანი გზებია, ამასთან ინტენსიურად მიმდინარეობს სისტემის გაფართოება. 2025 წელს დაემატა 18 მონაკვეთი, ჯამურად 3 876 კმ, ხოლო 2029 წელს სახელმწიფო პროგრამით ფასიანი გზების საერთო სიგრძე 11 000 კმ-მდე გაიზრდება. ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე – აქტაუ – ბიენაუ (454 კმ) და ყარაგანდა – ბალხაში (363 კმ) – სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის ფასიანი გზის ერთი კილომეტრის ღირებულება 7 ევრო ცენტის ტოლფასია.
აზერბაიჯანი – ფასიანი გზები ნაკლებადაა განვითარებული; სადღეისოდ ფუნქციონირებს მხოლოდ ბაქო – გუბა – რუსეთთან დამაკავშირებელი 150 კმ სიგრძის ფასიანი გზა. სატვირთო ავტოტრანსპორტი ამ მონაკვეთზე იხდის 14.14 ევროს, რაც ერთ კილომეტრზე 10 ევრო ცენტის ტოლფასია.
თურქეთი – ჩქაროსნული ფასიანი გზების გარდა, ფუნქციონირებს ფასიანი ხიდებიც. ერთ-ერთ მოთხოვნად მიმართულებას წარმოადგენს სტამბული – იზმირის 480 კმ-იანი მონაკვეთი, რომლის ღირებულება სტამბულის ხიდის ჩათვლით 3 400 ლირას, ანუ ერთ კილომეტრზე გადაყვანით – 15 ევრო ცენტს შეადგენს.
საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ტრანსპორტისთვის დაწესებული 350 – ლარიანი გზათ სარგებლობის საფასური, ერთ კილომეტრზე გადაანგარიშებით, საშუალოდ 28 ევრო ცენტის ტოლფასია. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ევროზონის, ასევე რეგიონის ქვეყნების ფასიან გზებზე დაწესებულ საფასურებს.
საქართველოში მოქმედი გზათსარგებლობის საფასური დაწესებულია ყოველგვარი ეკონომიკური გაანგარიშების საფუძვლის გარეშე. ამასთან, მოუქნელია – არ ითვალისწინებს სატვირთო სატრანსპორტო საშუალების ეკოლოგიურ მდგომარეობას, არ არის დივერსიფიცირებული ავტომობილის წონის ნორმის, გზის კატეგორიისა და სატრანზიტო მანძილის მიხედვით, რაც გადამზიდავებს არასამართლიან მდგომარეობაში აყენებს. ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილია ევროპაში ფართოდ აპრობირებული E-vignette-ის ელექტრონული (რამდენიც გაიარე – იმდენი გადაიხადე) სისტემის დანერგვა.