საქართველო – სომხეთის სარკინიგზო დაკავშირებადობა – გამოწვევები და პერსპექტივები

მიმდინარე წლის 28 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის „ორბელის ანალიტიკური ცენტრის“ ორგანიზებით ერევანში „რეგიონული განვითარება და „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის პერსპექტივები“ კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე „საქართველო – სომხეთის სარკინიგზო დაკავშირებადობა – გამოწვევები და პერსპექტივები“ მოხსენებით სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის სარკინიგზო მიმართულების ხელმძღვანელი ლევან ლომსაძე გამოვიდა.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის სარკინიგზო მიმართულების ხელმძღვანელმა ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთს შორის სარკინიგზო გადაზიდვების ამსახველი დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა.

წარმოდგენილმა ანალიზმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო გადაზიდვების დაღმავალი ტრენდი წარმოაჩინა. სარკინიგზო გადაზიდვები ორივე მიმართულებით, როგორც საქართველოდან სომხეთში, ისე სომხეთიდან საქართველოში, ბოლო პერიოდში თანმიმდევრულად მცირდება.

საქართველოდან სომხეთის მიმართულებით სარკინიგზო გადაზიდვები 37%-ით შემცირდა, ანალოგიურად, სომხეთიდან საქართველოსკენ გადაზიდვები 27%-ით შემცირდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, საქართველოდან სომხეთის მიმართულებით სარკინიგზო გადაზიდვები 21%-ით გაიზარდა, ხოლო სომხეთიდან საქართველოს მიმართულებით ზრდამ 14% შეადგინდა, რაც დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა არსებული ზრდა, წინა წლების კლების ტენდენციის ფონზე, საერთო სურათს ჯერ კიდევ არსებითად ვერ ცვლის.

აღინიშნა, რომ ორივე მიმართულებით, როგორც საქართველოდან სომხეთისკენ, ისე უკუ მიმართულებით, სარკინიგზო გადაზიდვების შემცირება უარყოფითად აისახება შუა დერეფნის საქართველოს სარკინიგზო მონაკვეთის გადაზიდვების მაჩვენებლებზე.

სარკინიგზო გადაზიდვების შემცირების კვალდაკვალ მნიშვნელოვნად გაიზარდა საავტომობილო გადაზიდვები, პრაქტიკულად, სარკინიგზო გადაზიდვების მნიშვნელოვანი  ნაწილი საავტომობილო მიმართულებებზე გადაერთო.

გადაზიდვების გამოკვეთილი ზრდა საქართველოს საავტომობილო სატრანზიტო დერეფნებზე აისახა, კერძოდ, საავტომობილო სატვირთო ნაკადი რუსეთსა და სომხეთს შორის გადამისამართდა. ორივე მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ინტენსივობის 65%-ით ზრდა, ტვირთნაკადების, სარკინიგზო სეგმენტიდან საავტომობილოზე გადართვის მზარდ ტენდენციაზე მიუთითებს.

გამოსვლისას გაკეთდა დასკვნა – “სატრანსპორტო მოდალობის ცვლილება ტვირთნაკადების სარკინიგზო ტრანსპორტიდან ეტაპობრივად საავტომობილო ტრანსპორტზე გადართვის ტენდენციაზე მიუთითებს”.

გამოსვლისას გაანალიზდა საქართველოსა და სომხეთს შორის სარკინიგზო გადაზიდვების შემცირების მიზეზები.
ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ გადაზიდვების შემცირება რიგი ობიექტური ფაქტორებითაა განპირობებული, რაც, უპირველეს ყოვლისა, რეგიონში მიმდინარე რუსეთ – უკრაინის საომარ დაპირისპირებას უკავშირდება.

განსაკუთრებით გამოსაყოფია უკრაინის ჩერნომორსკისა და რუსეთის კავკასის ნავსადგურების მიმართულებებით სარკინიგზო-საბორნე მიმოსლის შეჩერბა. საომარი მოქმედებების პერიოდში სომხეთის მხარემ ვერ მოახერხა ტრადიციული უკრაინული და რუსული ბაზრებიდან ევროპულ ბაზრებზე გადართვა, ამ ყოველივემ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის ტვირთების უზრუნველყოფაზე ნეგატიურად იმოქმედა.

სარკინიგზო ტრანსპორტის გადაზიდვების შემცირებაზე ზეგავლენა იქონია ორივე ქვეყნის სარკინიგზო დარგში ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული ქვესისტემების მოდერნიზაციის ნელი ტემპით განვითარებამ.

ინფრასტრუქტურის ჩამორჩენილობა უფრო ნათლად  სომხეთის რკინიგზაზე წარმოჩნდა, რომელიც 2008 წლიდან რუსეთის რკინიგზის კონცესიის ქვეშ იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან კონცესიით გათვალისწინებული ფინანსური სახსრების რკინიგზის განვითარებაში სრულფასოვანი მიმართვა უნდა მომხდარიყო, სომხეთის სარკინიგზო ქსელზე სატვირთო გადაზიდვები ჯერ კიდევ ტვირთმფლობელებისათვის მიუღებელი, დაბალი სიჩქარეებით – 30–35 კმ/სთ ხორციელდება.


ცენტრის წარმომადგენელმა გამოსვლაში აქცენტი გააკეთა საქართველოს სარკინიგზო სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე დაგეგმილ პროექტებზე, რომელთა რეალიზება დადებით გავლენას მოახდენს სარკინიგზო ტრანსპორტის და მთლიანად  შუა დერფნის კონკურენტუნარიანობაზე.

აღნიშნული ინიციატივები ასევე ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის სარკინიგზო ტვირთბრუნვის ზრდას, რაც გააუმჯობესებს საერთო ოპერაციულ ეფექტიანობას.

აღინიშნა, რომ 2025 წელს საქართველოს რკინიგზამ წარმატებით დაასრულა ხაშური-ზესტაფონის ურთულესი საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზაცია. პროექტის რეალიზებამ 27 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაზარდა საქართველოს რკინიგზის არნიშნული მონაკვეთის გამტარუნარიანობა, რამაც ერთობლიობაში გააუმჯობესა რკინიგზის ოპერაციული უსაფრთხოება.

რკინიგზის პერსპექტიულ განვითარებასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ერთობლივი დაფინანსებით სალოკომოტივო პარკის სრულმასშტაბიანი განახლების პროექტის განხორციელება იგეგმება. აღნიშნული ინიციატივა 45 თანამედროვე ელექტროლოკომოტივის შეძენას ითვალისწინებს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ასეთი მასშტაბის სალოკომოტივო პარკის სისტემური განახლება 1991 წლის შემდეგ საქართველოს რკინიგზაზე არ განხორციელებულა.

ხაზი გაესვა სალოკომოტივო პარკის პარალელურად 1 500 ერთეული სატვირთო ვაგონის შესაძენად ინვესტიციის მიმართვის შესაძლებლობას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დონორების დახმარებით მოძრავი შემადგენლობის სისტემური განახლების პროექტი სრულად სახელმწიფოს მიერ დაანონსებული ერთმილიარდიანი ფინანსური პაკეტის ფარგლებში განხორციელდება, რაც სახელმწიფოს მხრიდან სარკინიგზო დარგის განვითარების მიმართულებით სრულიად ახლებურ მიდგომას წარმოადგენს, ასეთი მიდგომა საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტს უტოვებს შესაძლებლობას, გამონთავისუფლებული ფინანსური სახსრები ოპერატიულ მიმდინარე საქმიანობაში იქნეს მიმართული.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პოლიტიკის ფონზე გამოსაყოფია ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე, რომელიც სადღეისოდ საცდელ რეჟიმში ფუნქციონირებს, სომხეთის ტვირთების გატარების შესაძლებლობა. სომხეთის ტვირთები დამატებით ტვირთნაკადს შესძენდა მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთს, რაც დადებითად აისახებოდა ამ მონაკვეთის ფინანსურ მდგომარეობაზე.
სომხეთ-თურქეთის პერსპექტიული ტვირთნაკადის ჩართვა ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს რკინიგზის გადაზიდვების სქემაში სამომავლო ნაბიჯია, მაგრამ მიზანშეწონილია, აღნიშნული საკითხი უკვე დღეს იქნეს განხილული ქვეყნებს შორის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.

დაკავშირებადობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სომხეთის საკონტეინერო ნაკადის მიმართვა თბილისში ახლახან ექსპლუატაციაში გაშვებულ თბილისის დრაი პორტში, სადაც ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს, განხორციელდეს სომხეთის მიმართულებით ბლოკმატარებლების ფორმირება და გაგზავნა.
არსებული გამოწვევების ფონზე, შეჯამებისას,  ლევან  ლომსაძემ საქართველო-სომხეთის სარკინიგზო კავშირების სამომავლო პერსპექტივებს გაუსვა ხაზი, აღინიშნა, რომ არსებული რეზერვების ასათვისებლად აუცილებელია რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება.

მნიშვნელოვან ფაქტორად გამოიკვეთა სომხეთის სარკინიგზო თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OSJD-ში) გაწევრიანება, რაც სომხეთის მხარეს შესაძლებლობას მისცემს, არა რუსეთის ქუდის ქვეშ, არამედ პირდაპირ, სრულად გამოიყენოს საერთაშორისო სარკინიგზო სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების (SMGS-ის) გათვალისწინებული დებულებები.

საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ    შეთანხმების  გამოყენება  სომხეთის რკინიგზას დაეხმარება ოპერაციული და სამართლებრივი მიმართულებით  ოპერაციული  და  სამართლებრივი  შეზღუდვების  მოხსნაში.

როგორც ინიციატივა, გამოსვლისას აღინიშნა სომხეთის რკინიგზის შუა დერეფნის ასოციაციას – ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო (TITR-ს) და ATP-ის საერთაშორისო მარშრუტთან    მიერთების შესაძლებლობა, რაც რეგიონულ დონეზე გააძლიერებდა ინტეგრაციულ პროცესებს და ხელს შეუწყობდა საერთაშორისო სატვირთო სატრანსპორტო დერეფნებში სომხეთის ინტეგრირებას.

სომხეთის ტვირთნაკადებისთვის საქართველოს ნავსადგურებიდან  ფიდერული საკონტეინერო და  საბორნე  სერვისების აღდგენა – მოდერნიზაცია და მათ შორის, მათი ევროკავშირის სივრცეში მიმართვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა სომხეთის დაკავშირებადობას შავი ზღვის არეალის სახელმწიფოებთან.

2025 წლის დასაწყისში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სატრანსპორტო თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა სარკინიგზო გადაზიდვებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის დანერგვაზე. ამ კონტექსტში სომხეთის რკინიგზამ (ЮКЖД) გამოთქვა მზადყოფნა ელექტრონულ სატრანსპორტო დოკუმენტაციაზე გადასვლისთვის, მათ შორის CIM/SMGS სატვირთო ზედნადებების გამოყენების მიმართულებით. აღნიშნული ინიციატივა შეესაბამება TRACECA-ს ფარგლებში მიმდინარე პროცესებს, სადაც მუდმივი სამდივნო სისტემურად მუშაობს გაეროს CEFACT-ის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე და ელექტრონული სატრანსპორტო დოკუმენტების განვითარებაზე, მათ შორის CIM/SMGS ფორმატში. ასევე აღსანიშნავია, რომ TRACECA-ს ფარგლებში, OSJD-ის, UIC-ისა და CIT-ის მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს CIM/SMGS ელექტრონული ზედნადების საპილოტე პროექტები და ელექტრონული დოკუმენტების გამოყენების შეთანხმების შემუშავება, რომლის მიზანია საბაჟო და სატრანსპორტო მონაცემების ტრანსსასაზღვრო გაცვლის ჰარმონიზაცია. შესაბამისად, სომხეთთან მიმართულებით ელექტრონული დოკუმენტაციის დანერგვის პროცესის დაჩქარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონული სატრანსპორტო ინტეგრაციისა და ეფექტიანობის ამაღლების თვალსაზრისით.

გამოსვლისას განსაკუთრებული ადგილი სასაზღვრო-საბაჟო პროცედურების ტექნიკურ მოდერნიზაციას დაეთმო, აღინიშნა, რომ სადახლოს სარკინიგზო სადგურზე საბაჟო სარკინიგზო სკანერის დამონტაჟება ხელს შეუწყობდა ტვირთბრუნვის ზრდის  პირობებში  სასაზღვრო-გადამცემი პუნქტის მუშაობის  ოპტიმზიაციას   და გამორიცხავდა ორი ქვეყნის შეპირაპირების ადგილას „ვიწრო ადგილის“ წარმოშობას.

აქვე ლევან ლომსაძემ ყურადღება გაამახვილა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც უკავშირდება საქართველოსა და დროებით ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ტერმინოლოგიას. მისი განმარტებით, ცალკე .. „აფხაზეთის რკინიგზაარ არსებობს და აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის ქსელის განუყოფელ ნაწილს.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის სარკინიგზო მიმართულების ექსპერტის, ლევან ლომსაძის, გამოსვლა პარალელურად სომხეთის მასმედიაში გაშუქდა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

სომხეთის სატრანსპორტო მარშრუტების დებლოკირების პირობებში – საქართველოზე გამავალი ტვირთნაკადების პერსპექტივები

Related Posts

ანაკლიის „ბლოკირებით“ – საქართველომ რეგიონში გლობალური მოთამაშის სტატუსი დაკარგა

ანაკლიის ნავსადგურის, როგორც რეგიონში გლობალური მოთამაშის  დანიშნულება, თავიდანვე მკაფიოდ იყო გაცხადებული, კერძოდ აფრიკიდან, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიდან,  წამოსულ…
მეტის ნახვა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რკინიგზის და ოჩამჩირის ნავსადგურის კონკურენტ სატრანსპორტო დერეფნად წარმოჩენა მხოლოდ რუსეთის კუთვნილი ტვირთების გადაზიდვების პირობებშია შესაძლებელი

„აფხაზეთის გავლით სატრანზიტო მარშრუტმა შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფანს“- ახლახან სოციალურ ქსელში ამ სათაურით ოჩამჩირეში არსებული საკონტეინერო ტერმინალის…
მეტის ნახვა
ცენტრალური აზიის სამრეწველო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის სირთულეები

ცენტრალური აზიის სამრეწველო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის სირთულეები

შესაძლებელია თუ არა საქართველოზე გამავალი დერეფნით ყაზახეთიდან მნიშვნელოვანი ტვირთნაკადის მოზიდვა? ახალი რეალობა – 2022 წლის აგვისტოდან, რუსეთმა, მსოფლიო…
მეტის ნახვა