სარკინიგზო დარგის სისტემური განახლება სახელმწიფოებრივ ხედვას და მსოფლიო გამოცდილებას ეფუძნება, რომელიც შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებითაა ნაკარნახევი

5 მაისს საქართველოს მთავრობის ინიციატივით ქვეყნის სარკინიგზო დარგის სისტემური განახლების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს და ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ პირველად ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ექნება მთავრობის პატრონაჟით მიღებული – 1.7 მილიარდ დოლარზე ორიენტირებული, პრიორიტეტებად გაწერილი გრძელვადიანი და 1 მილიარდ ლარზე ორიენტირებული მოკლევადიანი 2026 -2028 წლების სამოქმედო გეგმა.

მთავრობის ეს ნაბიჯი, პირველ რიგში, დარგის განვითარების სისტემურ ხედვაზე მიუთითებს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ იმ ვითარებაში, როცა შუა დერეფნის მეზობელი ქვეყნები სარკინიგზო დარგის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით მილიარდობით დოლარს ათავსებენ და, შესაბამისად, ახლო მომავალში ორიენტირებულნი არიან ჩადებული ფინანსური რესურსის ამოღების მაღალ უკუგებაზე, საქართველო ამ ჯაჭვში ვერ დარჩებოდა არაკეთილსინდისიერ პარტნიორად და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილება დროული და მისასალმებელია.


დამატებით აღსანიშნავია ერთი გარემოება, რასაც აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი – სახელმწიფოს მიერ სარკინიგზო დარგის სისტემურ განახლებაში შეინიშნება პოზიტიური ნოვაცია. კერძოდ, თუ აქამდე სს „საქართველოს რკინიგზა“ საკუთარი შიდა რესურსებით, რაც ბუნებრივია არასაკმარისი იყო, ახორციელებდა მოძრავი შემადგენლობის და სარკინიგზო ქსელის განახლებას, ახალ რეალობაში აღნიშნული “ტვირთის” აღების პრიორიტეტულობა სრულად სახელმწიფომ აღიარა, რაც უდავოდ მისასალმებელია.

მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, ამ მოდელით დარგის განვითარებაზე ჩვენი ორგანიზაცია – „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ საკუთარ გვერდზე და მასმედიაში მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაციის შედეგად საექსპერტო დონეზე არ არსებობს გრძელვადიანი და მოკლევადიანი დეტალიზებული დოკუმენტი, სადაც ინვესტიციების მოზიდვის წყაროები და განხორციელების ვადები იქნებოდა დაკონკრეტებული და გაწერილი, ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების სისტემური ხედვის პირველი მცდელობა.

იმედი გვინდა დავიტოვოთ, რომ რკინიგზის 10-წლიანი გეგმის განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან „მკაცრი“ მონიტორინგის ქვეშ განხორციელდება, რაც აუცილებელია, რადგანაც არსებობს ნეგატიური გამოცდილება. მხედველობაში გვაქვს ჯერ კიდევ 2018 წელს კვირიკაშვილის პრემიერობის დროს სამთავრობო დონეზე მიღებული საავტომობილო გზების სივრცითი განვითარების ოთხპუნქტიანი სტრატეგია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 21 საავტომობილო მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობას მოიცავდა და მისი განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო მონიტორინგის გამო დროში გაწელილი, მრავალჯერ გადავადებული და სადღეისოდ ფაქტობრივად დაუსრულებელ მდგომარეობაშია.
სარკინიგზო დარგის პრეზენტაციისას – ინსტიტუციური, სოციალური, ფინანსური, უსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით – რამდენიმე მომენტზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება.

პირველი და მნიშვნელოვანი – რკინიგზაში დასაქმებულების რაოდენობის ოპტიმიზაცია. აღნიშნული რეორგანიზაცია არსებულ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში ყველაზე მტკივნეულია, ამასთან, დარგის სისტემური განახლების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პირობებში გარდაუვალი პროცესია.

არსებული გამოცდილებით, რკინიგზის ნებისმიერი წინა ხელმძღვანელი თავს არიდებდა ასეთი მტკივნეული პროცესის განხორციელებას. გვინდა მოვიყვანოთ ბალტიის ქვეყნებთან შედარებითი მაგალითი, როდესაც ამ ქვეყნებში დარგში განხორციელებული გადაიარაღების შედეგად 5000 მუშა პერსონალი საშუალოდ 35 მლნ ტონის გადაზიდვის პროცესს უძღვებოდა, ანალოგიურად საქართველოს რკინიგზაზე არსებული 10500 პერსონალი თითქმის სამჯერ ნაკლებ გადაზიდვებს ახორციელებს. შედარებისთვის ეს მაგალითიც  საკმარისია, რომ კარგად დავინახოთ ამ პროცესის მტკივნეული მხარე.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება – დარგის ეფექტიანობის გაუმჯობესება. პრეზენტაციისას დარგის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა მოკლე პერიოდში დარგისთვის მნიშვნელოვანი პარამეტრის – საოპერაციო მოგების მარჟის 12%-ით გაუმჯობესებას.
აღნიშნული პარამეტრის მოკლე ვადაში 26%-დან 36%-იან დიაპაზონში გაზრდა პირველი მანიშნებელი და ინდიკატორია, რომ ახლო მომავალში ჩადებული ინვესტიციები მაღალი უკუგებით იქნება დაბრუნებული.

ნებისმიერი საერთაშორისო საკრედიტო თუ საფინანსო დონორი ინსტიტუტის მხრიდან თანხების გამოყოფისას მნიშვნელოვანია რკინიგზის ეფექტიანობის შემფასებელი პარამეტრის გრძელვადიანი ტრენდის გაანალიზება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ამ პარამეტრს დაღმავალი ტრენდი გააჩნდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ რკინიგზა საოპერაციო ეფექტიანობას თანდათანობით კარგავდა. მისასალმებელია ახალ რეალობაში ამ პროცესის დადებითი მიმართულებით გარდაქმნა, კერძოდ, ამ პარამეტრის ზრდის დაფიქსირება.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც მოკლე ვადაში მოითხოვს სწრაფ, მყისიერ განახლებას – მოძრავი შემადგენლობაა. სავაგონო პარკი 2015–2024 წლებში 41%-ით, ხოლო სალოკომოტივო პარკი 46%-ით, პირველ რიგში, ფინანსური სახსრების უქონლობის და პერმანენტული განუახლებლობის გამო, დრამატულად შემცირდა. ამასთან, დარჩენილი სატვირთო სავაგონო პარკის 64% და სალოკომოტივო პარკის 62% წლოვანების ჭრილში 35 წელს აღემატება. სადღეისოდ საქართველოს რკინიგზა ამ ორი გადაზიდვითი პროცესისთვის აუცილებელი ატრიბუტის გარეშე ფაქტობრივად ქმედუუნარო აღმოჩნდა შუა დერეფნის მთელ სიგრძეზე კონკურენტუნარიანობის პარამეტრის შესანარჩუნებლად.


გამომდინარე აქედან, სახელმწიფოს მიერ მოძრავი შემადგენლობის განახლების პროცესში „ასპარეზზე“ საფინანსო დონორი ორგანიზაციების შემოყვანა, როგორც მსოფლიო გამოცდილებას, ასევე ქვეყნისთვის სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტითაა ნაკარნახევი.

აღსანიშნავია, რომ მოძრავი შემადგენლობის განახლების კუთხით, რკინიგზაში ჩასადები ფინანსური რესურსი უპრეცედენტოა და ამ პროცესს სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი მონიტორინგი ესაჭიროება.

შუა დერეფნის მიმზიდველობის და კონკურენტ დერეფნებთან უპირატესობის მოსაპოვებლად აუცილებელია აღინიშნოს პრეზენტაციის დროს ტექნიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით დაანონსებული ინდიკატორები.

კერძოდ, დადებითად უნდა შეფასდეს ციფრული სერვისების, მოძრავი შემადგენლობის წონის და სიგრძის, ასევე მსოფლიოში კონტეინერიზაციის პროცესის სწრაფი განვითარების კვალდაკვალ – დერეფნის გასწვრივ საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების ორგანიზების და განხორციელების სტრატეგია.

პრეზენტაციისას გამოყოფილი იყო დარგის ტექნიკური გადაიარაღების მიმართულება. ხარჯების შემცირების კუთხით აქცენტი ერთ კონკრეტულ დანადგარზე იყო გაკეთებული, კერძოდ, მატარებლების გაუჩერებელ პირობებში მოძრავი შემადგენლობის სამუხრუჭო სისტემის ავტომატური შემოწმების სისტემაზე.

ბუნებრივია, ასეთი მიდგომა დარგის ფინანსური სახსრების ოპტიმიზაციის კუთხით დადებითად უნდა იყოს შეფასებული.

შუა დერეფნის მიმზიდველობის თვალსაზრისით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, პრეზენტაციაზე სავარაუდო ეფექტზე იყო გაკეთებული აქცენტი, კერძოდ ისეთ მნიშვნელოვან მაჩვენებელზე, როგორიცაა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე სატრანზიტო დროის განახევრება და მოძრავი შემადგენლობის მაღალი წარმადობით გამოყენება.

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ სეგმენტში, საქართველოს რკინიგზაში დაანონსებული ცვლილებები ფინანსური თვალსაზრისით უპრეცედენტოა, მოიცავს მოძრავი შემადგენლობის სისტემურ განახლებას, ეფუძნება მსოფლიო გამოცდილებას და მიმართულია შუა დერეფნის საქართველოს სარკინიგზო მონაკვეთის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილების პირობებში, საქართველოს ეკონომიკური სარგებელი მოკლე სატრანზიტო მანძილის გავლით მიღებული შემოსავლით შემოიფარგლება

Related Posts

რუსეთის ნავსადგურებში უცხოური გემებისათვის დაწესებული ახალი რეგულაცია ტვირთებს საქართველოს ნავსადგურებში გადმორთვის შესაძლებლობას უჩენს

2025 წლის 21 ივლისს რუსეთში ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომლის თანახმად, უცხოურ გემებს რუსეთის ნავსადგურებში შესვლა მხოლოდ კაპიტნის…
მეტის ნახვა

დაკონსერვებული შემოვლითი რკინიგზის ავტომაგისტრალით ჩანაცვლება პერსპექტივაში თბილისში სატრანსპორტო კოლაფს გაამწვავებს

მოსალოდნელი მზარდი ტვირთნაკადის პირობებში,  დაკონსერვებული თბილისის შემოვლითი რკინიგზის გაუქმება და მისი საავტომობილო მაგისტრალით ჩანაცვლება, პერსპექტივაში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში…
მეტის ნახვა

ყაზახეთის „ცენტრი – დასავლეთის“ ახალი საავტომობილო  მაგისტრალი ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს მიუერთდება

ყაზახეთის კოსტანაის რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი „ცენტრი – დასავლეთის“ საავტომობილო  საგზაო დერეფნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. მასშტაბური პროექტი ყაზახეთის მთავრობის…
მეტის ნახვა