შუა დერეფნის ლოგისტიკური შესაძლებლობების გაზრდა – Dry Port-ების სინქრონულ განვითარებას ითვალისწინებს

ევრაზიის სივრცეში სახმელეთო გადაზიდვების ზრდის ფონზე განსაკუთრებით აქტუალური ხდება შუა დერეფნის გასწვრივ ძირითადი სატრანსპორტო კვანძების, პირველ რიგში ნავსადგურებისა და სარკინიგზო ტერმინალების, ლოგისტიკური შესაძლებლობების გაზრდა.

ლოგისტიკური შესაძლებლობები, უპირველეს ყოვლისა, დერეფნის მთელ სიგრძეზე საზღვაო ნავსადგურებიდან დაცილებული ტერმინალების, ე.წ. Dry Port-ების, განვითარებასა და კავშირებადობას მოიაზრებს.

საერთაშორისო განმარტებით, Dry Port-ი ქვეყნის შიგნით, საზღვაო ნავსადგურიდან დაცილებულ სახმელეთო ინტერმოდალურ ტერმინალს წარმოადგენს, რომელიც საზღვაო ნავსადგურთან ტექნოლოგიურად დაკავშირებელი რგოლის ფუნქციას ასრულებს.

თანამედროვე ლოჯისტიკის კონტექსტში Dry Port-ი ქვეყნის საზღვაო ნავსადგურიდან გარკვეულ მანძილზე დაცილებული სარკინიგზო/საავტომობილო ტერმინალია, რომელიც საზღვაო ნავსადგურისთვის დამახასიათებელ ყველა ლოგისტიკურ ოპერაციას ასრულებს.

Dry Port-ები საავტომობილო და რკინიგზის ტრანსპორტის საშუალებით პირდაპირ კავშირშია საზღვაო ნავსადგურებთან, რაც საშუალებას იძლევა, საზღვაო კონტეინერების დამუშავების, შენახვის, განბაჟებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე გადატვირთვის ოპერაციები ქვეყნის შიდა რეგიონებში მიწოდების ან რევერსულად გამოტანის მიზნით გადატანილი იქნეს ამა თუ იმ ქვეყნის სახმელეთო არეალში.

ტვირთების დამუშავება ხორციელდება ნავსადგურებისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ გამოიყენება ავტომატიზებული საინფორმაციო, საწყობის მართვის სისტემები, ლოგისტიკური პლატფორმები და ტვირთის თვალთვალის ინსტრუმენტები.

შენარჩუნებულია ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვა, გამოიყენება ელექტრონულ მონაცემთა გაცვლა და მოქმედებს წინასწარი განბაჟების მექანიზმები.

ტვირთის დამუშავება არა საზღვაო ნავსადგურებში, არამედ Dry Port-ებშია შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დატვირთვას საზღვაო ინფრასტრუქტურაზე და აჩქარებს კონტეინერების ბრუნვას.

ხშირად სატრანზიტო ფუნქციების გარდა, მშრალი პორტები კლიენტებს დროებით შენახვის, ტვირთების კონსოლიდაციისა და დამუშავების მომსახურებას სთავაზობენ.

ასეთი ტერმინალები უფრო მეტად ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებშია გავრცელებული, თუმცა ასევე გვხვდება საზღვაო ქვეყნებში. ეს ყოველივე გადატვირთულ ნავსადგურებსა და სარკინიგზო კვანძებში ინფრასტრუქტურაზე დაწოლას არბილებს და ერთობლიობაში ამ თუ იმ  დერეფნის ლოგისტიკურ შესაძლებლობებს ზრდის.

„Dry Port-ის შესახებ“ მთავრობათაშორის შეთანხმებას 2013 წელს ბანგკოკში, აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ეგიდით გამართულ აზიის ტრანსპორტის მინისტრების ფორუმზე მოეწერა ხელი და ძალაში 2016 წელს შევიდა.

შუა დერეფნის სახელმწიფოებიდან აზერბაიჯანი და ყაზახეთი ხელშეკრულების სრულფასოვანი წევრები არიან, რაც შეეხება საქართველოს – შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები დაწყებულია, მაგრამ გაურკვეველია მიერთების კონკრეტული ვადები.
საქართველოზე გამავალი დერეფნისათვის მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებში Dry Port-ების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის სინქრონული განვითარება, რაც დერეფნით დამატებითი ტვირთების მოზიდვის წინაპირობას წარმოადგენს.

შუა დერეფნის გამართული ფუნქციონირებისათვის ასევე ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებთან სრულფასოვანი კავშირებადობის მიზნით უდიდესი მნიშვნელობა თბილისის Dry Port-ს ენიჭება.

ჩვენი გვერდის 2025 წლის 3 დეკემბრის ანალიტიკა სათაურით – „თბილისის Dry Port-ი – ნავსადგურებში დამუშავებული საკონტეინერო ნაკადის ბლოკმატარებლებით გადაზიდვების სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს“– სრულად დაეთმო თბილისში ოპერირებად Dry Port-ს.

ჩვენი დღევანდელი ანალიტიკა შუა დერეფნის სხვა ქვეყნებში Dry Port-ების ინფრასტრუქტურას გვინდა დავუთმოთ.

შუა დერეფნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკვანძო ინფრასტრუქტურულ ობიექტს აზერბაიჯანში აფშერონის Dry Port-ი წარმოადგენს.

აფშერონის Dry Port-ი 66 ჰექტარ ფართობზე მოწყობილი ინტერმოდალური ტერმინალია, რომელიც ბაქოს სიახლოვესაა განთავსებული და უზრუნველყოფს კონტეინერების სარკინიგზო/საავტომობილო გადატვირთვის ოპერაციებს, საბაჟო, საბროკერო სატრანსპორტო მომსახურებას, ასევე ტერმინალი ტვირთის შესანახ ობიექტს წარმოადგენს.

აფშერონის ტერმინალისთვის დამატებითი ტვირთების მოზიდვას ჩინეთში, კერძოდ სიანის ტერმინალში გახსნილი აზერბაიჯანის წარმომადგენლობა უზრუნველყოფს.

ყაზახეთ – ჩინეთის საზღვარზე განლაგებულ ხორგოსის Dry Port-ს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შუა დერეფნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების ფორმირებაში.

ხორგოსის ტერმინალი ცენტრალურ აზიაში ყველაზე მსხვილ  Dry Port-ს  წარმოადგენს. ექსპლუატაციაში 2015 წელს იქნა გაშვებული და ყაზახეთ–ჩინეთის საზღვარზე, 103 ჰექტარზეა განთავსებული.

გამოსაყოფია ბოლო 10 წელიწადში ხორგოსის ტერმინალით გატარებული ბლოკმატარებლების ზრდის ტენდენცია – კერძოდ, ოდესღაც საფოსტო დანიშნულების სარკინიგზო სადგური სადღეისოდ ტვირთნაკადების გამანაწილებელ მძლავრ სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს.

თუ 2016 წელს ტერმინალით მხოლოდ 390 ერთეული ბლოკმატარებელი იქნა გატარებული, 2024 წელს 7700-მდე გაიზარდა. 2025 წელს ხორგოსის Dry Port-დან გატარებული ბლოკმატარებლების რაოდენობამ 10000-ს გადააჭარბა.


გადაზიდვების ლოგისტიკურ ჯაჭვში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შუა დერეფნის განტოებაზე, უზბეკეთში ტაშკენტის Dry Port-ს, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ნავსადგურებისკენ ტვირთნაკადების გაგზავნა ხორციელდება.

ტაშკენტის Dry Port-ის ფართობი 22 ჰექტარია, აღჭურვილია 9 სარკინიგზო ხაზით, საერთო სიგრძით 5300 მ.

საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორია დაყოფილია 4 საკონტეინერო და ერთ სატვირთო ზონად. მათი საერთო ტევადობა 2700 TEU-ია. თითოეული მოედანი აღჭურვილია ყველა საჭირო საწყობითა და დამხმარე ინვენტარით.

2025 წელს ექსპლუატაციაში იქნა გაშვებული 115 ათას TEU-ზე გათვლილი ყაზახეთში ალმაათის Dry Port-ი, რომელიც ZHETYSU-ს საკონტეინერო ტერმინალის სახელითაა ცნობილი.

ალმაათის ZHETYSU-ს საკონტეინერო ტერმინალის პროექტი ყაზახეთის რკინიგზის შვილობილი – უმსხვილესი ლოგისტიკური ოპერატორის Kedentransservice-ისა და ჩინეთის სიანის Dry Port-ის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

ყაზახეთის ტერმინალი ტვირთნაკადების შემკრებ-გამანაწილებელი ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას ასრულებს და ძირითადად ჩინეთიდან ტვირთების დამუშავებაზეა ორიენტირებული.

ტერმინალის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია მულტიმოდალური, მათ შორის რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტისთვის.
საკონტეინერო ტერმინალს 10 ჰექტარი ფართობი უკავია. საკონტეინერო მოედანი 1100 ერთეული კონტეინერის ერთდროული შენახვისთვისაა განკუთვნილი.

შუა დერეფნის გასწვრივ მშრალი პორტების ფუნქციონირება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ალმაათის საკონტეინერო ტერმინალ ZHETYSU-ს ჩინეთის სიანის მშრალ პორტზე.

სიანი – ჩინეთის უდიდესი Dry Port-ი და მნიშვნელოვანი სატრანზიტო კვანძია ევროპისკენ მიმავალი საკონტეინერო ბლოკმატარებლების. აღსანიშნავია, რომ ბლოკმატარებლების  30 % – ის დახარისხება/ფორმირება სიანის ტერმინალში ხორციელდება. სიანის ტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში 130 ათას TEU-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სიანის ტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ შუა დერეფნით კონტეინერების გადაზიდვების მოცულობა 33-ჯერ გაიზარდა.

საპროგნოზო გათვლებით, 2030 წლისთვის სიანის ტერმინალიდან შუა დერეფნის მიმართულებით გაგზავნილი კონტეინერების მაჩვენებელი წელიწადში 80 ათას TEU-ს მიაღწევს.

შუა დერეფნით ტვირთნაკადების ზრდა დერეფნის მთელ სიგრძეზე ლოგისტიკური შესაძლებლობების გაზრდას, პირველ რიგში კი Dry Port-ების სინქრონულ განვითარებას ემყარება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ბაქოს ნავსადგურის და აზერბაიჯანის რკინიგზის ორგანიზაციული შერწყმის შედეგად, ნავსადგურში გადამუშავებულმა კონტეინერებმა 100 000 TEU-ს მიაღწია

Next Post

ბლოკმატარებლებით ჩინეთის ტვირთნაკადის უმნიშვნელო ნაწილი შუა დერეფნით გადაიზიდება – პერსპექტივაში გაზრდის მნიშვნელოვანი რეზერვი არსებობს

Related Posts

ყაზახეთი – რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებს  

17 თებერვალს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა, კასპიის მილსადენის კონსორციუმის CPC ნავთობის სატუმბი სადგური, რამაც,…
მეტის ნახვა

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ – უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი შეზღუდვების გამო ვერ დაესწრება თბილისში გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმს

22-23 ოქტომბერს თბილისში „აბრეშუმის გზის” ფორუმი იმართება. ჩვენი ორგანიზაცია – „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“, რომელიც მუდმივად ესწრებოდა და…
მეტის ნახვა

ზანგეზურის დერეფნის ირანული ალტერნატივა – რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არაზის სატრანზიტო დერეფანს ირანისთვის?

შეერთებული შტატების ზეწოლის საპასუხოდ, თეირანმა არაზის სატრანზიტო დერეფნის პროექტი გააქტიურა. დერეფანი აზერბაიჯანიდან ჩრდილოეთ ირანის გავლით ნახიჩევანთან დაკავშირებას ითვალისწინებს.…
მეტის ნახვა