“საქართველოს დერეფნით მოსარგებლე სატვირთო ავტომობილების შემცირება გაჭიანურებულმა საბაჟო პროცედურებმა გამოიწვია” – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ცაგარეიშვილის მიერ ამ სათაურით ”ბიზნესპრესნიუსში” გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ სატრანსპორტო სფეროში დასაქმებული მძღოლებისა და გადამზიდველი მეწარმე სუბიექტების მხრიდან დიდი გამოხმაურება გამოიწვია სოციალურ ქსელში.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი ინტერვიუში ყურადღებას ამახვილებდა ქვეყანაში გაჭიანურებული საბაჟო – სასაზღვრო პროცედურების სისტემურობაზე, რის გამოც გადამზიდველები ხშირად მარშრუტს იცვლიან. აღნიშნული კი ნეგატიურად აისახება სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე.
გამოქვეყნებული ინტერვიუს საპასუხოდ, სოციალურ ქსელში უკუკავშირის სახით, გადაზიდვების სექტორში დაკავებულმა მძღოლებმა და ლოგისტიკურმა კომპანიებმა საკუთარი სამართლიანი უკმაყოფილება დააფიქსირეს.
ორგანიზაციამ, მძღოლების და გადამზიდავების გამოხმაურების საფუძველზე მოახდინა პრობლემათა იდენტიფიცირება.
გამომდინარე იქიდან, რომ “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” საინფორმაციო პორტალს transcor.ge-ს მრავალი მკითხველი, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილების მიმღები სტუმრობს, ვვარაუდობთ, რომ წარმოდგენილი ანალიზი ყველა მხარისთვის საინტერესო იქნება.
სექტორში დასაქმებული მძღოლი – გადამზიდველები, ძირითად პრობლემად ბოლო პერიოდში საქართველოს სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებზე დაგროვილ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ერთ – ერთი მძღოლი – გადამზიდველი ძირითად პრობლემად, საზღვრებზე გაჭიანურებულ პროცედურებში ხედავს, საკუთარ გასაჭირს შემდეგნაირად აყალიბებს – “ამხელა მანძილებს გავდივართ ათასი წინაღობის გავლა გვიწევს, მოადგები ღამენათევ – ნანერვიულები გადაღლილი ქვეყნის საზღვარს და იქ კიდევ ღამეების თევა გიწევს იმის ნაცვლად რომ ხელი შეგვიწყოთ დამშვიდებულად გადავაადგილოთ ისევ თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო პროდუქციას ვეზიდებით, აქ კი, ყველაზე დიდი პრობლემა საზღვარზე გვხდება”.
ერთ – ერთი მძღოლი საზღვარზე სატრანსპორტო საშუალების დამუშავებისთვის განკუთვნილი ნორნატიული ვადის გადაცილებაზე ამახვილებს ყურადღებას – “ერთ მანქანას ერთ საათში უშვებენ და რა თქმა უნდა რიგი იქნება, ვლადიკავკაზში ჩასვლა ჩამოსვლას ორი კვირა უნდები, დაიღალნენ მძღოლები, ბოლოს აღარავინ წავა და უარესი არ იქნება? რა ვერ დალაგდა ეს საზღვარი რა გახდა არც ერთ ქვეყანაში ასე არ ხდება”.
ერთ – ერთი მძღოლი – გადამზიდველი საზღვრებზე ხაზს უსვავს პერსონალის არასაკმარის რაოდენობას – “10 კაცის საქმეს 1 კაცი აკეთებს, საბაჟოზე მძღოლები ვიტანჯებით რატომ არ უნდა დაალაგოს ეს საკითხი სახელმწიფომ?”.
ანალოგიურ პრობლემაზე, კერძოდ საზღვრებზე პერსონალის უკმარისობაზე ამხვილებს ყურადღებას მძღოლი – გადამზიდველი – “არსად არაფერია დალაგებული ლაგოდეხში ღამით ერთ ადამიანს ამუშავებთ, აზერბაიჯანის მხრიდან კილომეტრიანი ოჩერედია, წითელი ხიდი კიდევ უარესი – არყოფნის საბაჟოზე პერსონალი, კიდევ დასამატებელია”
“ბიზნესპრესნიუსთან” ინტერვიუში გაჭიანურებულ საბაჟო – სასაზღვრო პროცედურებთან ერთად გადამზიდველების სისტემური პრობლემების შესწავლასთან დაკავშირებით კვლევის ჩატარების აუცელებლობაზე ვამახვილებდით ყურადღებას, სანაცვლოდ, ერთ – ერთმა მძღოლმა სარკაზმით აღნიშნა – “მაგას კვლევა რად უნდა, 4 – 5 გამშვების მაგივრად რომ 1 მუშაობს მაგას კიდე კვლევა უნდა? არ ჰყავთ წესიერი პატრონი თორე…. კი იმუშავებდნენ ფაცი ფუცით…”.
კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით ანალოგიურს გვიდასტურებს სხვა მძღოლი – გადამზიდველი, რომელიც ასევე წინა სასაზღვრო პარკების სიძვირეზე ამახვილებს ყურადღებას – “რა არის გამოსაკვლევი? გააუმჯობესეთ, ეფექტური გახადეთ ტამოჟნიებზე მუშაობა და ეს პარკები რომ გააკეთეთ (რიგების დამარეგულირებელი) და ამოდენა გადასახადები დააწესეთ, მოუკელით – 80 ლარი ძაან ბევრია”.
ერთ – ერთ მძღოლი გადამზიდველი, სატრანსპორტო საშუალებით გადადგილებას და კვლევის სანაცვლოდ ავტოტრანსპორტით მოძრაობისას უშუალოდ პროცესზე დაკვირვებას გვირჩევს – “ქართულ გამშვებს მოსთხოვეთ პასუხი და პასუხის ჩაბარების შემდეგ თავად გაჰყევით ტრაილერს ყველა მიმართულებაზე და რეალობა დაინახეთ რა ხდება “.
მძღოლების უმეტესობა, ქვეყნის მასშტაბით პროცედურების გაჭიანურების სისტემურ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას – “საქართველოს ყველა საზღვარზე ერთი და იგივე პრობლემაა ოთხი რიგის ნაცვლად, ყველგან ერთ რიგს ამუშავებენ, დანარჩენი გასასვლელები დაკეტილია”
ერთ – ერთი მძღოლი გადამზიდველი ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქთან მიმართებით გაჭიანურებულ პროცედურებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც კიდევ ერთხელ, ქვეყნის მასშტაბით სისტემურ პრობლემას წარმოაჩენს – “ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქართველოს მხარეს არა სათანადო მომსახურებაა – ვალეში 2 მანქანა 3 საათი უნდება გავლას.
ერთ – ერთი გადამზიდავი მძღოლი, საბაჟო გამშვები პუნქტების ნეგატიურ მუშაობის შედეგად მძღოლების სისტემურ შემცირებას უკავშირებს და ასეთი კომენტარით მიმართავს სახელმწიფო წარმომადგენლებს – “კაბინეტიდან ვერ დაინახავ ბატონო, დარიალის გამშვებ საბაჟოზე ერთი წელია თითქმის აკეთებენ ერთ გამშვებ ხაზს, მაგრამ საშველი ვერ დაადგა. ძირითადად სატვირთო მძღოლები ტანჯვას გადიან, მოსულია დრო, რომ მძღოლები საძებარი გაგიხდებათ და მერე როგორ იქნება ტვირთის ბრუნვა დაინახავთ, დააფასეთ მძღოლის შრომა”.
ანალოგიურ მოსაზრებას აყალიბებს ერთ – ერთი მძღოლი გადამზიდავი და საზღვარზე ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას – “რუსეთის მხრიდან დარიალის საზღვარს აფართოებენ, ჩვენებმა ორი გამშვები ვერ გააკეთეს რომ ნორმალურად გაიარო”.
ერთ – ერთი მძღოლი სახელმწიფოთაშორისო ახალქალაქი – კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთის სავალალო მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას – “ორმოების თავის ასარიდებლად საპირისპიროდ მოძრავი მანქანები ერთმანეთს გზას ვუთმობთ, ვთხოვთ ქვეყნის ხელმძღვანელობას, ყურადღება მიაქციონ ამ პრობლემას და მიიღონ შესაბამისი ზომები გზის აღსადგენად“.
ერთ – ერთი მძღოლი – გადამზიდველი კომპექსურად უყურებს სისტემაში არსებულ პრობლემებს და გარდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებისა ყურადღებას ამახვილებს, მძღოლის მიმართ, საპატრულო პოლიციის გულგრილ დამოკიდებულებაზე – “წინანდელ დროში ჩვენი საბაჟოები წუთებში აფორმებდნენ საბუთებს, რუსეთის მებაჟეები ჭედავდნენ, ეხლა ჩვენები უფრო უარესები გახდნენ, მეორე პრობლემა მარტყოფთან შემოვლით გზაზე, პატრულის ზერელე დამოკიდებულებაა, გზა დაკეტილი აქვთ და მარტყოფში გეუბნება, რომ ცარილსაც არ შეგიძლია გასვლა, ხშირად მალფუჭებად ტვირთზე, თუ ხარ ატმით დატვირთული გეკუთვნის პრიორიტეტში გავლა, მაინც არ გატარებს, მიუხედავათ იმისა, რომ ნატახტარში იმხელა პარკია გაკეთებული რომ დადგნენ იქ ასეთი მალფუჭებადი ტვირთით დატვირთული მანქანები და მარტყოფში გჭედავს 38 გრადუს სიცხეში, იმ მოტივით, რომ იქნებ ნატახტარში ადგილი არ იყოსო, ჯერ ნახე პროგრამაში ცარიელი და დაკავებული ადგილები და მერე მიიღე გადაწყვეტილება, 380 ცარიელ ადგილს მიჩვენებს ნატახტარში რომ ჩავდგე ელექტრონულ რიგში და პატრული მეუბნევა, იქნებ ადგილები არ იყოსო და არც გისმენს – შედეგად ხელოვნურ ბარიერს გიქმნის”.
ერთ – ერთი გადამზიდავი მძღოლი საპატრულო სამსახურის მოუქნელ ხისტ მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას – “უაზრო შეზღუდვებია დაწესებული რიკოთის მონაკვეთზე, თითქოს ცხვრის ფარაა, არც წყალი არც ელემენტარული რამე. ძალიან კარგი თუ შემცირდება, იქნებ მერე რამე რეაგირება მოახდინონ ამ ტვირთნაკადისათვის საქართველო არა რის მზად”.
გარდა გაჭიანურებული სასაზღვრო – საბაჟო პროცედურებისა, ერთ – ერთი მძღოლი – გადამზიდავი, სატრანსპორტო კვანძებთან ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზე, კერძოდ ბათუმის ნავსადგურთან მისასვლელი გზის უხარისხობაზე ამახვილებს ყურადღებას – “სატრანსპორტო დერეფნით მილიარდები კეთდება შემოსავალი სად მიდის? ბათუმის პორტი მილიონებს შოულობს და პორტის წინ ოთხი თვეა გზა ვერ შეუკეთებია. ნუთუ მერიას არ სცხვენია? ის მაინც გააკეთე საიდანაც ფული შემოდის??? ყველა მძღოლი დამეთანხმება ფული რო იშოვება დახარჯე და გზა გამიკეთე შე ოჯახაშენებულო განა მეტს ვითხოვ? მე რომ არ ვიყო და არ ვიარო მაგ ფულს ხო ვერ იშოვი არა? ჩემით შოულობ და ელემენტარული გზა მოაწესრიგეთ ხომ შეიძლება?! “.
გადამზიდავები ცალსახად ამახვილებენ ყურადღებას, T1 დეკლარაციის შემოღების შემდგომ გართულებულ პროცედურებზე – “T1 დეკლარაციის შემოღებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა მოძრაობა, მის გაფორმებას კომპანიები ორი კვირა ელოდებიან. არა და მხოლოდ 4 კომპანია მუშაობს ამ T1 გაფორმებაზე და უზარმაზარი რიგებია”.
მძღოლი – გადამზიდველები, ახალი სისტემის ამოქმედების შემდგომ კონკრეტულ პრობლემებზე საუბრობენ – “ერევანში დავიტვირთე ტრანზიტათ მივდიოდი ბელგიაში 10 დღე ველოდე მაგ დეკლარაციას მაგის გარეშე არ გამიშვეს“. ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობენ სხვა გადამზიდავებიც – „რაც T1 შემოვიდა აზერბაიჯანიდან გადმოსვლებში ვიტანჯებით, იმდენ ხანს უნდებიან ქართველი მებაჟეები”.
გარდა საბაჟო – გამშვებ პუნქტებზე გაჭიანურებული პროცედურებისა მძღოლი – გადამზიდავები საავტომობილო სფეროში მრავალმხრივი ნებართვების (ცემტი) აღებასთან დაკავშირებულ, პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას – “ბევრჯერ გვინდოდა ჩვენი აზრის გამოთქმა ამა თუ იმ საკითხებზე შეკრებაც ქონდათ მძღოლებს როგორ ვიჩაგრებით, თუნდაც ნებართვებზე, მინიმუმ ხუთი ერთეული სატვირთო თუ არ გყავთ ევრო ექვსი ცემტებს არ გვაძლევენ და კიდევ სხვა საჭირბოროტო საქმეებზე იყო საუბარი ჩვენი მთავრობის მიმართ. ამის შემდეგ იცით რა მოხდა გაურკვეველმა პირებმა დაურეკეს აქციის ორგანიზატორებს და ამით დამთავრდა ყველაფერი დანარჩენს თქვენ თვითონ მიხვდებით, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”.
ერთ – ერთი გადამზიდავი პრობლემათა დარეგულირებას, სახელმწიფოსა მეწარმე გადამზიდავებს შორის დიალოგში ხედვას – “აუცილებელია ყველა სეგმენტის გაერთიანება და თანამშრომლობა!!! უნდა იმართებოდეს კონფერენციები და შეხვედრები, სადაც გაჟღერდება ყველა მხარის მძღოლების, ექსპედიტორების, საბაჟო წარმომადგენლებისა და ტრანსპორტის კომპანიების — მოსაზრებები და პრობლემები”.
ერთი – ერთი ლოგისტიკური კომპანიის წარმომადგენელმა სისტემურად ჩამოაყალიბა დარგში დაგროვილი პრობლემები და რთულია მას არ დაეთანხმო – “საქართველოს ნამდვილად შეუძლია არსებული ვითარების შეცვლა, თუმცა ამისთვის საჭიროა სისტემური და სიღრმისეული ანალიზი.
მსგავსი კვლევები და ნაბიჯები წლების წინ უნდა დაგვეწყო, რადგან დღეს შექმნილი მდგომარეობა ერთდღიანი პრობლემა არ არის ის გრძელვადიანი დაგვიანების შედეგია.
ბიზნესის ერთ –ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი — “ლოგისტიკის ჯაჭვია” რომლის ფუნქციონირება ნებისმიერი ეკონომიკური პროცესის გამართულობაზე აისახება.
დღეს ყველას სურს ტვირთი ჩაიტანოს “იაფად და სწრაფად” თუმცა ხშირად სერიოზული სისტემური ხარვეზებს ეჯახება. მთავარი პრობლემა ის არის, რომ პრობლემებზე რეაგირება ხშირად მხოლოდ წესებისა და შეზღუდვების დაწესებით შემოიფარგლება, მაგრამ პრაქტიკულად არანაირი ყურადღება არ ექცევა სერვისის გაუმჯობესებასა და სისტემის ოპტიმიზაციას.
დღეს სატრანსპორტო სექტორი — მძღოლები, გადამზიდავები და ლოგისტიკური კომპანიები — ყოველდღიურად ურთულეს გზას გადიან და ბევრ პრობლემას ეჯახებიან. მძღოლები ხშირად გართულებული ბიუროკრატიული ჯოჯოხეთის გამო, ზარალდებიან კომპანიები და ამ პროცესში ქვეყანა კარგავს საერთაშორისო პარტნიორების ნდობასა და კონკურენტუნარიანობას.
სოციალურ ქსელში მძღოლების და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლების მიერ უკუკავშირის საფუძველზე პრობლემათა იდენტიფიცირებისას გამოიკვეთა:
ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა სასაზღვრო – საბაჟო გამშვებ პუნქტში გაჭიანურებული პროცედურების სისტემურობა, გარდა ამისა ხაზგასასმელია საზღვრებზე პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა და ბოლო პერიოდში პერსონალის საგრძნობი შემცირების ტენდენცია.
საზღვრებზე სატრანსპორტო საშუალების დამუშავებისთვის განკუთვნილი ნორნატიული ვადის ხშირი დარღვევის ფაქტები.
ქვეყნის სატრანსპორტო მაგისტრალებზე მძღოლების მიმართ საპატრულო პოლიციის გულგრილი და ხისტი დამოკიდებულება.
სატრანსპორტო კვანძებთან და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და მისასვლელი გზების უხარისხობა.
საბაჟო გამშვები პუნქტების ნეგატიური მუშაობა, სატრანსპორტო სექტორში დასაქმებული მძღოლების სისტემური შემცირების გამომწვევ მიზეზად დასახელდა.
T1 დეკლარაციის შემოღების შემდგომ გართულებული საბაჟო – სასაზღვრო პროცედურები.
დასკვნის სახით – სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ პროცესში დროული ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით გადაზიდვების შემცირების ტენდენციების ლოკალიზებას და კონკურენუნარიანობის დაქვეითების ტენდენციას.