დეპორტირებული სატვირთოების მძღოლები, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მხარდაჭერას ითხოვენ  

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართველი მძღოლების დეპორტაციასთან დაკავშირებით განცხადება შევიდა, განცხადებას თან დაერთო ექვსი დეპორტირებული მძღოლის დოკუმენტაცია. გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს

რუსეთის ფედერაციის მიერ ზემო ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ქართველი მძღოლების დაჯარიმებისა და დეპორტირების საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული გადამზიდავი მძღოლების საინიციატივო ჯგუფის

                                                   განცხადება

ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებამ, რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში 90-დღიანი ვადის გადაჭარბების შემთხვევაში ქართველი სატვირთო მძღოლების დაჯარიმებას და დეპორტაციას ითვალისწინებს, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული მძღოლების უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია.

ქართველ გადამზიდავ მძღოლებს შორის უკვე ფიქსირდება დაჯარიმებისა და დეპორტირების პირველი შემთხვევები.
ასეთ პირობებში ქართველი მძღოლი რუსეთის მიმართულებით მომდევნო რეისის განხორციელებისას, სავარაუდო დეპორტის საფრთხის გამო, არაპროგნოზირებად და გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ქართველი გადამზიდავი მძღოლების დეპორტირების წინაპირობაა ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ხშირ შემთხვევაში ორივე მხრიდან 10-14 დღიანი “გაუსაძლისი” რიგები (რიგები შესამჩნევი იყო მ.წ. მაისი–სექტემბრის პერიოდში), რასაც ემატება რუსეთის ტერიტორიაზე ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანის, შემდგომ განბაჟების, გადმოტვირთვის გაჭიანურებული პროცედურები, უკანა მიმართულებით ტვირთის მოძიება-დატვირთვა და ზემო ლარსის საზღვრამდე ტრანსპორტირება.

ერთობლიობაში, რუსეთის ტერიტორიაზე ერთი სატრანსპორტო ბრუნის შესრულებამ საშუალოდ 20–25 დღემდე პერიოდი შეადგინა.

ამ რუტინული პროცესის გამო ქართველ მძღოლების 80%-ს რუსეთის ტერიტორიაზე ოთხი-ხუთი შესვლისა და გადაზიდვის განხორციელების პირობებში 90-დღიანი ლიმიტის ამოწურვა და რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადის გადაჭარბება უფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სახმელეთო საზღვრებს შორის ზემო ლარსი 2024 წლის მონაცემებით სატრანსპორტო საშუალებების ინტენსივობის მიხედვით ყველაზე დატვირთულ სასაზღვრო გადასასვლელს წარმოადგენს. დამატებით ამ ფაქტორითაც არის საქართველო-რუსეთის საზღვრის გადატვირთულობა განპირობებული.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, ქართველი გადამზიდავი მძღოლების ნებისმიერი შემდგომი შესვლა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არაპროგნოზირებადი და დეპორტირების გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული. ასეთ ვითარებაში მძღოლი აპრიორი მოლოდინის პოზიციას ირჩევს და აჩერებს სატრანსპორტო საშუალებას.

სატრანსპორტო საშუალების გაჩერება პირველ რიგში ქართველი მძღოლის სოციალურ-ეკონომიკურ პირობების გაუარესებას იწვევს.

მრავლად მოიძებნება საქართველოს მხრიდან ღვინის, ხორბლის, ხილის და სხვა პროდუქციის გადაზიდვის ინდუსტრიაში ჩართული ისეთი ქართული გადამზიდავი კომპანიები, რომლებსაც დიდი ხნით აწყობილი ლოგისტიკა გააჩნიათ და სხვადასხვა ხელშეკრულებებით არიან დაკავშირებული როგორც რუსეთისა და საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების ტვირთგამგზავნებთან და ტვირთმიმღებებთან.

ცნობისთვის, ასეთი ლოგისტიკური კავშირების ჩამოყალიბებას წლები ესაჭიროება და მისი აწყობა სანდოობაზე და კეთილსინდისიერებაზეა დამყარებული. თავის მხრივ, ასეთი კავშირების “მყისიერი” ჩაჭრა და ხელშეკრულებების მოშლა ქვეყნის სასურსათო მომარაგების მიმართულებით შეფერხებებს გამოიწვევს.

ბუნებრივია, ასეთ პირობებში პირველ რიგში ქართული სატრანსპორტო კომპანიები დაზარალდებიან.

არსებობს მოსაზრება, რომ დეპორტირების მოტივით ქართული კომპანიების რუსეთის ბაზრიდან გამოდევნის პირობებში შესაძლებელია, რუსეთის სატრანსპორტო გადამზიდავმა კომპანიებმა ჩაანაცვლონ ქართული კომპანიები და თავად განახორციელონ გადაზიდვები.

სადღეისოდ, რუსეთის მიერ ევროკავშირის ბაზრის დაკარგვის შედეგად, ქვეყნის ტერიტორიაზე მრავლადაა დაგროვილი და გამოუყენებელი მათი კუთვნილი სატვირთო ავტოტრანსპორტი.

ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოებაც, რომ საქართველოსთან სინქრონულად, მძღოლების დეპორტირების მიმართულებით, რუსეთმა ანალოგიური ქმედებები მეზობელ ყაზახ და ყირგიზ გადამზიდავების მიმართ განახორციელა, რასაც ამ ქვეყნებში გადამზიდავების მხრიდან მძაფრი მღელვარება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოების მთავრობების ჩართულობით მყისიერად მოხდა რუსეთთან ამ ქვეყნების გადამზიდავების პრობლემის დარეგულირება.

ბუნებრივია, ამ პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ქართველი მძღოლები დადგებიან სოციალური და ფინანსური სირთულეების წინაშე, რაც არ არის გამორიცხული, გადაიზარდოს მძღოლების უცხოეთში გადინების მასობრივ პროცესში.

რა გამოსავალი არსებობს?

ნებისმიერი ქართული გადამზიდავი კომპანია ან მძღოლი, რომელიც კვეთს ზემო ლარსის სახმელეთო საზღვარს, ფლობს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში გაცემულ გადამზიდავის სერთიფიკატს. ფაქტობრივად, სახელმწიფოს გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომლის საფუძველზე შესაძლებელია ირიბი დიპლომატიური არხების საშუალებით, მხოლოდ იმ მძღოლებზე, რომლებიც დაკავებული არიან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში, გამონაკლისის სახით გავრცელდეს რუსეთის ტერიტორიაზე დაყოვნების პერიოდი.

აღნიშნული მექანიზმი აპრობირებული იყო და მოქმედებდა საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის მოქმედების პერიოდში.

ბუნებრივია, საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პრობლემის დარეგულირების მექანიზმი არ წარმოადგენს ერთადერთს.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ, გამონახოთ ქართველი გადამზიდავი მძღოლებისთვის პრობლემის მოგვარების ოპტიმალური გამოსავალი.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ბალტიის ქვეყნების ევროკავშირთან დამაკავშირებელი Rail Baltica-ს სარკინიგზო პროექტი აქტიურ ფაზაში გადადის – ლიტვაში ლიანდაგის დაგება მიმდინარეობს

Next Post

უზბეკეთი CASCA + ის დერეფნით, ფოთიდან აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით სატრანზიტო გადაზიდვებს აფართოებს

Related Posts

ტრანსავღანური მარშრუტი – რუსეთის მიერ  შუა დერეფნისთვის დაგებული ხაფანგი (ნაწილი პირველი)

რუსეთი ტრანსავღანური მარშრუტის ამოქმედებით,  შუა დერეფნის გვერდის ავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებს ალტერნატიულ სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე წვდომას…
მეტის ნახვა

ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებში დაკარგული რუსული ტრანზიტი ევროპულ ჰაბებზე ინტეგრირებულმა ფიდერულმა საზღვაო ხაზებმა ჩაანაცვლა

ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ბალტიის ქვეყნებში ბლოკირებული ნავსადგურები და სატრანზიტო დერეფნები საქართველოსთვის კონტრასტული შედარების მაგალითია იმისა,…
მეტის ნახვა

,,ხშირად გართულებული ბიუროკრატიული ჯოჯოხეთის გამო, ზარალდებიან მძღოლები და ლოგისტიკური კომპანიები – ქვეყანა კარგავს საერთაშორისო პარტნიორების ნდობასა და კონკურენტუნარიანობას” – ამონარიდი ლოგისტიკური კომპანიის მონაწერიდან

“საქართველოს დერეფნით მოსარგებლე სატვირთო ავტომობილების შემცირება გაჭიანურებულმა საბაჟო პროცედურებმა გამოიწვია” – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ცაგარეიშვილის…
მეტის ნახვა