მ.წ. 30 ივნისიდან დსთ-ს ქვეყნებიდან და საქართველოდან საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული მძღოლებისთვის რუსეთში ყოფნის მაქსიმალური ვადა გაორმაგდა და წელიწადში 90-დან 180 დღემდე გაიზარდა.
შესაბამისი დადგენილება რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ რუსეთში ხანგრძლივი ყოფნის უფლების განსახორციელებლად უცხოელმა მძღოლებმა რუსეთის ფედერაციაში შესვლისას დამატებითი დოკუმენტები უნდა წარადგინონ, მათ შორის მართვის მოწმობის ასლი, ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა და გადაზიდვის თანმხლები საერთაშორისო სასაქონლო ზედნადები.
დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე სატვირთოების მძღოლები დაადასტურებენ რუსეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელების მიზანშეწონილობას.
აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთმა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და 2025 წლის 1 იანვრიდან რუსეთში მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც რუსეთში რეგისტრაციის გარეშე უცხოელი მოქალაქეების ყოფნის ვადა კალენდარული წლის განმავლობაში 180 დღიდან 90 დღემდე შემცირდა.
იმ პერიოდში სოციალურ ქსელში გავრცელდა ქართველი მძღოლების ნეგატიური შეფასებები:
„რუსეთმა უკვე შეგვზღუდა – 180 დღის ნაცვლად დაგვიწესა 90 დღე. საქართველოს გადამზიდავები, ვინც რუსეთში დადის, ყველას გადაცდენა აქვს. რუსი ჩვეულებრივ 365 დღე ჩერდება საქართველოში. რატომ არის ასეთი უთანასწორობა? ამიტომ გვჭირდება სახელმწიფოს დახმარება“და ა.შ.
სატრანსპორტო ექსპერტებმა ამ პროცესში მკაფიოდ დაინახეს ქართველი გადამზიდველებისთვის სავარაუდო ნეგატიური შედეგები, კერძოდ, ამ გზით ქართველი მძღოლების გაჩერება რუსეთის ტვირთმფლობელებთან გრძელვადიანი კონტრაქტების ჩაშლას გამოიწვევდა. აღინიშნა, რომ ლოგისტიკური კავშირების ჩამოყალიბებას წლები ესაჭიროება და მისი აწყობა სანდოობაზე და კეთილსინდისიერებაზეა დამყარებული. თავის მხრივ, ასეთი კავშირების „მყისიერი“ ჩაჭრა ქვეყნის სასურსათო მომარაგების თვალსაზრისით შეფერხებებს გამოიწვევდა.
ამ თვალსაზრისით გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა, თუ რამ აიძულა რუსეთის მხარე მოკლე ვადაში მიეღო საპირისპირო გადაწყვეტილება.
რუსეთის მიერ მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული მძღოლებისთვის რუსეთში ყოფნის მაქსიმალური ვადის წელიწადში 90-დან 180 დღემდე გაზრდას, პრაქტიკულად კი ძველი რეგულაციის აღდგენას ითვალისწინებს, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებში გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, რადგან ოდითგანვე ცნობილია, რომ რუსეთი ნებისმიერი „დათმობის“ საპირწონედ მეორე მხარისგან ანალოგიურ ან სხვა სახის ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.
დადგენილი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ერთგვარად პარადოქსულია, რომ რუსეთისთვის რაოდენ წამგებიანიც არ უნდა იყოს ნებისმიერი მისი გადადგმული ნაბიჯი, იგი თავდაპირველ გადაწყვეტილებას არ ცვლის.
მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა ნათლად დაინახა, რომ სატრანსპორტო გადამზიდველი კომპანიების მძღოლების მიმართ ნაჩქარევად შემოღებული იმიგრაციის რეგულაციების დაწესებამ საომარ პირობებში მყოფი სახელმწიფოსთვის საქონელბრუნვის გაცვლის მიმართულებით მნიშვნელოვანი ლოგისტიკური პრობლემები გამოიწვია.
იმის გამო, რომ გადაზიდვებში ჩართული მძღოლები ხშირად საზღვრებსა და საბაჟოზე იჭედებოდნენ, გარდა ამისა, რუსეთის დიდი ტერიტორიის გათვალისწინებით ერთი რეისის განხორციელება კვირებს იკავებდა, 90-დღიანი ლიმიტი სწრაფად იწურებოდა. შედეგად, მძღოლები ჯარიმებისა და დეპორტაციის რისკის გამო იძულებული იყვნენ, შეეჩერებინათ გადაზიდვები.
რუსეთში უვიზოდ გადაზიდვების განმახორციელებელი უცხოელი მძღოლებისთვის წელიწადში ლეგალური 90-დღიანი ლიმიტის დაცვა უაღრესად რთული აღმოჩნდა.
მძღოლების მიმართ დეპორტაციისა და ჯარიმების ამოქმედებამ, პირველ რიგში, მიწოდების შეფერხებები, სატრანსპორტო კომპანიებისთვის ხარჯების ზრდა და მარშრუტებზე მძღოლების დეფიციტი გამოიწვია. ამ პრობლემების ერთობლიობამ კი რუსეთისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გადაზიდვები მყისეულად დაამუხრუჭა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცალსახად განაცხადა, რომ 90-დან 180 დღემდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება არის მცდელობა, აღადგინოს ნორმალური სატრანზიტო ოპერაციები, შეამციროს მიგრაციის რეგულაციების დარღვევები და გადამზიდავების ხარჯები, ასევე მოახდინოს მიწოდების სქემების სტაბილიზაცია. ერთობლიობაში კი უზრუნველყოს საერთაშორისო გადაზიდვების შეუფერხებელი მოძრაობა.
საქართველოსთან მიმართებით იმიგრაციის პოლიტიკის აღდგენით რუსეთმა, ბუნებრივია, უფრო მეტი მოიგო.
რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგვეჩვენოს, თავიდანვე გაურკვეველი იყო რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რადგან არსებული სტატისტიკით რუსეთში ყველაზე დატვირთულ საავტომობილო საკონტროლო – გამშვებ პუნქტს არა ჩინეთის საზღვარზე მდებარე ზაბაიკალსკი, არამედ საქართველოს საზღვართან განლაგებული ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი წარმოადგენდა.
ყველა სხვა სახმელეთო გადასასვლელს შორის სწორედ ზემო ლარსმა გაატარა ყველაზე მეტი სატვირთო ავტოტრანსპორტი. საქართველოს დერეფანი ამ ეტაპზე რუსეთისთვის თურქეთთან დამაკავშირებელ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებას წარმოადგენდა. მაგრამ საერთო პოლიტიკიდან გამომდინარე ზემო ლარსის გამოყოფა შეუძლებელი იყო.
სანქციების შედეგად ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთიდან/სკენ ზემო ლარსით გავლით გადაიზიდება. ამ ნაბიჯით რუსეთმა, პირველ რიგში, ამ ქვეყანასთან მისთვის სტრატეგიული იმპორტის სტაბილიზაცია და პარალელური მიწოდება აღადგინა.
რუსეთისთვის, მიუხედავად ზემო ლარსზე კლიმატური სირთულეებისა, მნიშვნელოვანია საქართველოს გავლით საავტომობილო დერეფანზე დაწოლის შემცირება და დერეფნის თურქეთისთვის გამოთავისუფლება, ამიტომაც რუსეთი მაქსიმალურად დაინტერესებულია, სომხეთის ტვირთი, ნაცვლად ზემო ლარსისა, შემოვლით აზერბაიჯანზე გამავალი სარკინიგზო მიმართულებით გადართოს.
უკვე ნათლად გამოჩნდა სომხეთისთვის ზემო ლარსის ნაცვლად შემოვლითი სარკინიგზო დერეფნით ნავთობპროდუქტების, მარცვლეულის და სასუქის მიწოდების სტაბილური გადაზიდვები, რომლებიც საქართველოს სახმელეთო დერეფნისთვის დანაკლისს წარმოადგენს.
დასკვნის სახით – იმიგრაციის პროცესის უკან დაბრუნებით რუსეთმა ფაქტობრივად მისი პოლიტიკის „სისტემური კრახი“ აღიარა და საკუთარი ლოგისტიკის გამოსწორების მიმართულებით იძულებითი ნაბიჯი გადადგა.