სომხეთის სატრანსპორტო მარშრუტების დებლოკირების პირობებში – საქართველოზე გამავალი ტვირთნაკადების პერსპექტივები

მიმდინარე წლის 28 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის “ორბელის ანალიტიკური ცენტრის” ორგანიზებით ერევანში – „რეგიონული განვითარება და „მშვიდობის გზაჯვარედინის“პროექტის პერსპექტივები“ კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე „სომხეთის სატრანსპორტო მარშრუტების დებლოკირების პირობებში საქართველოზე გამავალი ტვირთნაკადების პერსპექტივები” მოხსენებით სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი გამოვიდა.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, რეგიონში ახალი რეალობის პირობებში, სატრანსპორტო დერეფნებით ტვირთნაკადების შესაძლო გადანაწილებაზე გაამხავილა ყურადღება.

სომხეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მონაკვეთების დებლოკირება როგორ აისახება ტვირთების გადანაწილებაზე?

ბოლო პერიოდში საქართველოს მედია სივრცეში ხშირად გაისმის კითხვა, თუ რამდენად დაქვეითდება საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა ან რა მოცულობის ტვირთნაკადს დაკარგავს საქართველოს რკინიგზა, საავტომობილო გზები თუ ნავსადგურები ტრამპის მარშრუტის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ.


ნებისმიერი პოლიტიკოსის, პოლიტოლოგის ან ექსპერტის მოსაზრება საქართველოზე გამავალი დერეფნის კონკურენტუნარიანობის დაქვეითების შესახებ, ტვირთნაკადების მოძრაობის სათანადო კვლევის გარეშე მხოლოდ მოსაზრებად უნდა იქნეს განხილული.

რას მოიცავს ტვირთნაკადის მოძრაობის კვლევა? უპირველეს ყოვლისა, დაკვირვება უნდა განხორციელდეს იმ ტვირთნაკადებზე, რომელთა გადაზიდვები დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე – 50 ათას ტონას აჭარბებს.

არსებული ტვირთები, რომლებიც ამჟამად საქართველოზე გავლით შუა დერეფანში მოძრაობენ, შესწავლილი უნდა იყოს ახალ რეალობაში და გაკეთებული იქნეს დასკვნები – ტვირთები მიმართულებას შეიცვლიან თუ ძველი დერეფნის ჩარჩოებში დარჩებიან.
კვლევის ძირითადი მიზანი იმ ტვირთების სახეობებისა და მოცულობის დადგენაა, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ახალ დერეფანს აირჩევენ და საქართველოზე გამავალ დერეფანს დატოვებენ.
ცენტრის ხელმძღვანელი გამოვიდა  წინადადებით, საქართველო – სომხეთის სატრანსპორტო ექსპერტების ჩართულობით ასეთი კვლევის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ.

გამოსვლისას განხილული იქნა მეორე მნიშვნელოვან თემა, რაც დადებითად იმოქმედებს საქართველოს რკინიგზის გადაზიდვების ზრდაზე, რომელიც სომხეთის რკინიგზის რუსეთის კონცესიიდან გამოსვლასა და რკინიგზის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას უკავშირდება.


ცნობილია, რომ სომხეთის რკინიგზა 2008 წლიდან რუსეთის რკინიგზას კონცესიით აქვს გაცემული. ამ პერიოდის განმავლობაში სომხეთის რკინიგზის გადაზიდვები განახევრდა, რაც უარყოფითად აისახა საქართველოს რკინიგზაზე.

ბოლო წლებში საქართველო – სომხეთის სარკინიგზო გადაზიდვები განახევრებულია. ზოგიერთ სარკინიგზო მონაკვეთზე მოძრაობა შეწყვეტილია, რაც რუსეთის მიერ განხორციელებული ინვესტიციების ეფექტიანობას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ამჟამად სომხეთის რკინიგზაზე მატარებლების საშუალო სიჩქარე 30 – 35 კმ/სთ შეადგენს. მოძრავი შემადგენლობა მოძველებულია და ჯერ კიდევ სამოციან წლებში გამოშვებული ელმავლები ახორციელებენ გადაზიდვებს.

არსებული რთული სიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სომხეთის მხარემ რუსეთთან გაფორმებული საკონცესიო ხელშეკრულებიდან, თუნდაც ფინანსური სახსრების კომპენსირების შედეგად, გამოსვლისა და რკინიგზის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შესაძლებლობა განახორციელოს.

დებლოკირების პირობებში სომხეთის მხარემ არა ცალკეული მონაკვეთების აღდგენაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, არამედ მთელ სარკინიგზო ქსელის სისტემურ განახლებაზე.

სადღეისოდ სომხეთის მთელ ქსელს ესაჭიროება მოდერნიზაცია, რადგან არსებული რკინიგზა ინტენსიური საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებისთვის მზად არ არის.


ამჟამად სომხეთის რკინიგზა მინიმალური დატვირთვით მუშაობს. თუმცა, თუ სარკინიგზო მონაკვეთები აღდგება და რკინიგზა გაიხსნება, სატვირთო გადაზიდვების მოცულობა წელიწადში 10 მლნ ტონამდე გაიზრდება.

რუსეთის კონცესიასთან დაკავშირებით საკითხის განხილვისას გამომსვლელმა კონცესიის გამოსყიდვის პროცესის დაჩქარებაზე გააკეთა აქცენტი.

ცნობილია, რომ თურქეთი სომხეთის ალტერნატიულ ნახიჩევანი – ყარსის დერეფანს აშენებს, ამიტომ დებლოკირების პროცესის ნებისმიერი შეფერხება სომხეთისთვის სერიოზულ ნეგატიურ შედეგს მოიტანს.

თუ თურქეთი საკუთარ ტერიტორიაზე რკინიგზის მონაკვეთს სომხეთზე ადრე დაასრულებს, ასეთ ვითარებაში სომხეთის მონაკვეთი წამგებიანი და არამოთხოვნადი გახდება.

რკინიგზის აღდგენისა და მოდერნიზაციის გადადება სომხეთს კონკრეტულ დანაკარგებს გამოიწვევს. თუ თურქეთი მის მონაკვეთს უფრო ადრე აამოქმედებს, ტრამპის მარშრუტით სომხეთის სატრანზიტო შემოსავლები დაახლოებით 5-ჯერ შემცირდება.
სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი 240-კილომეტრიანი ტრანზიტის ნაცვლად სომხეთს მხოლოდ 44 კილომეტრი სატრანზიტო მონაკვეთი დარჩება.

სომხეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო და საავტომობილო მონაკვეთების დებლოკირებას პარალელურად, აქცენტი თურქეთის საზღვართან გიუმრის დრაი პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე გაკეთდა.

გიუმრის დრაი პორტის განვითარებაზე საუბარი ტრამპის მშვიდობის მარშრუტის ინიციირების შემდგომ გახდა შესაძლებელი.

ამ პროექტის განხორციელებას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც თურქეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო საზღვარი გაიხსნება.

მისასალმებელია ჰამბურგის ნავსადგურის მენეჯმენტის გადაწყვეტილება გიუმრის დრაი პორტის პროექტში ჩართვის შესახებ.
რა პერსპექტივა გააჩნია გიუმრის დრაი პორტს? პირველ რიგში, იგი თურქეთიდან სომხეთის გავლით აზერბაიჯანის მიმართულებით საავტომობილო გადაზიდვების ზრდას შეუწყობს ხელს.

გიუმრის დრაი პორტის პროექტის განხორციელების შემთხვევაში სომხეთს თურქეთის საზღვართან გაუჩნდება ტვირთების შემკრებ – გამანაწილებელი მძლავრი ლოგისტიკური ცენტრი.
თურქეთის საზღვრის სიახლოვეს გიუმრის დრაი პორტის არსებობა ზეგავლენას მოახდენს საქართველოზე გამავალ ტვირთებზე – წინასწარი შეფასებით საქართველოს საავტომობილო ტრასებზე სატრანზიტო გადაზიდვები შემცირდება.

გამომსვლელმა, რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილების პირობებში საქართველოს სატრანზიტო დერეფანი სავარაუდოდ სომხეთის გარკვეულ ტვირთებს დაკარგავაზე გაამახვილა ყურადღება და მარცვლეულის გადაზიდვის მაგალითი განიხილა.

აღინიშნა, რომ სხვა კატეგორიის ტვირთებისთვის – ნავთოპროდუქტები, სასუქები, თხევადი აირი და ა.შ. გადაზიდვების სქემა იგივეა და ეს ტვირთები აზერბაიჯანი – საქართველოს შემოვლითი დერეფნით იმოძრავებენ.

დეტალურად, რუსეთიდან სომხეთში მარცვლეულის გადაზიდვების სქემა იქნა განხილული.

ბოლო პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს რუსეთიდან სომხეთში მარცვლეულის ზემო ლარსის საავტომობილო გადაზიდვების მარშრუტის შემოვლითი – აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით ჩანაცვლების პროცესი.

რა სავარაუდო მოცულობის სომხეთის მარცვლეულს დაკარგავს საქართველოზე გამავალი საავტომობილო სატრანზიტო დერეფანი იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთის მიმართულებით მარცვლეულის გადაზიდვამ უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო?

სომხეთი წელიწადში საშუალოდ რუსეთიდან 400-450 ათასი ტონა მარცვლეულს იმპორტს ახორციელებს. შედეგად ეს სამიზნე მოცულობაა, რომელიც სავარაუდოდ შესაძლოა საქართველოს საავტომობილო მარშრუტიდან აზერბაიჯანის რკინიგზის მიმართულებით გადავიდეს.

მარცლეულის გადაზიდვისას საქართველოს რკინიგზის ჩართულობა უმნიშვნელოა და ქვეყანა მხოლოდ 111 კმ სატრანზიტო გადაზიდვიდან – მიიღებს შემოსავალს.  ნაცვლად იმისა, რომ ერთი ტრაილერის გატარებისას ქვეყნის ბიუჯეტი 350 ლარის შემოსავალს იღებს.

მას შემდეგ, რაც სომხეთის მიმართულებით მარცვლეულის რკინიგზით გადაზიდვამ სისტემური და სტაბილური ხასიათი მიიღო, ნაკლებად სავარაუდოა, ზემო ლარსის გავლით გაგრძელდეს საავტომობილო ტრანსპორტით სომხეთის მიმართულებით გადაზიდვები.

ეს ყოველივე რუსეთის სამთავრობო დონეზე გაკეთებული განცხადებებით დასტურდება.

რუსეთისთვის ლარსის მუდმივი გადატვირთულობიდან გამომდინარე ეკონომიკურად მიმზიდველია საქართველოს საავტომობილო დერეფნის თურქეთის სატრანზიტო ტვირთებისთვის დათმობა, ხოლო სომხეთისთვის განკუთვნილი მარცვლეული ჩაიხსნას და აზერბაიჯანის რკინიგზით გადაიზიდოს.

რუსეთი ამ ნაბიჯით მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაწოლის შემცირებას ცდილობს.
მარცვლეულის გადაზიდვა ერთი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება შეუმცირდეს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს ტვირთნაკადი.
თუ გავითვალისწინებთ მარცვლეულის გარდა თხევად აირს, სასუქებს და ნავთობპროდუქტებს – ჯამურად საქართველოს დერეფნით “დაკარგული”, ანუ აზერბაიჯანის რკინიგზით გადამისამარტებული ტვირთნაკადის მოცულობა წლიურად 2 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც სადღეისოდ საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ნაკადის 15%-ია. აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ცაგარეიშვილი გამოსვლა, პარალელურად სომხეთის მასმედიაშიც გაშუქდა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ძლიერი ფაქტორების ერთობლიობამ თურქეთი საზღვაო ჰაბად ჩამოაყალიბა – ანაკლიის პარალიზებამ საქართველო შავი ზღვის რეგიონში უფუნქციო მდგომარეობაში დატოვა

Related Posts

ესაჭიროება თუ არა კახეთის რეგიონს რკინიგზის აღდგენა?

კახეთის სარკინიგზო განშტოების აღდგენის და ამოქმედების ერთ-ერთი გამოსავალი ევროპაში ფართოდ აპრობირებული საკონცესიო შეთანხმების მოდელის დანერგვაა, რომლის საფუძველზეც, განშტოებით…
მეტის ნახვა

ბაქოს ნავსადგურის და აზერბაიჯანის რკინიგზის ორგანიზაციული შერწყმის შედეგად, ნავსადგურში გადამუშავებულმა კონტეინერებმა 100 000 TEU-ს მიაღწია

ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო ნავსადგურში კონტეინერების გადამუშავების მოცულობამ 2025 წელს პირველად მიაღწია სარეკორდო 100 000 TEU-ს ნიშნულს. საკონტეინერო…
მეტის ნახვა
საქართველოს მიერ გატარებული ტრაილერების რაოდენობა მცირდება. 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს დერეფანი 237 287-მა სატვირთო ავტომობილმა გადაკვეთა, რაც წინა წლის 6 თვესთან შედარებით 12 097 ტრაილერით ნაკლებია. ბიუჯეტში გზით სარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2025 წლის 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.2 მლნ ლარით (5%-ით) შემცირდა. წელს იანვარ-ივნისში გზით სარგებლობით ბიუჯეტში მიღებულმა შემოსავლებმა 83…
მეტის ნახვა