ევროკავშირი ცენტრალური აზიიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის ტრანსპორტირებისას პრიორიტეტს შუა დერეფანს ანიჭებს

ცენტრალურ აზიაში ევროკავშირისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მოპოვებისთვის, როგორც თანამედროვე დანადგარებისა და ტექნოლოგიების, ასევე „რევერსული“მზა პროდუქციის ტრანსპორტირება საქართველოს ნავსადგურების გამოყენებით იქნება შესაძლებელი – ასეთ პირობებში შუა დერეფნის როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ბოლო პერიოდში ევროკავშირი ცენტრალური აზიის კრიტიკული რესურსების მიმართ გაზრდილ ინტერესს იჩენს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის ასეთი მისწრაფება რეგიონის ქვეყნებისთვის ინვესტიციებისა და ტექნოლოგიური განვითარების შესაძლებლობას წარმოადგენს, თუმცა, ამავდროულად, ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის გეოპოლიტიკური რისკები იზრდება.

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისა და გლობალური მიწოდების ჯაჭვების დარღვევების შემდეგ ევროკავშირმა მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიებისთვის საჭირო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის ალტერნატიული წყაროების და მარშრუტების ძიება დააჩქარა.

კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის კონტექსტში ცენტრალური აზია ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან ევროკავშირისათვის აუცილებელი მიკროჩიპების, ტურბინების, სმარტფონების, ელექტრომობილებისა და განახლებადი ენერგიის აღჭურვილობის წარმოებისთვის რეგიონს იშვიათი მიწების ლითონებისა და სტრატეგიული მინერალების მნიშვნელოვანი მარაგები გააჩნია.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ცენტრალურ აზიაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მრავალი საბადო ჯერ კიდევ შეუსწავლელია. წინასწარი შეფასებით, ერთობლივად რეგიონის ხუთ ქვეყანას მანგანუმის მადნის (მსოფლიო რეზერვების 38.6%), ქრომის (31%), ტყვიის (20%), თუთიის (12.6%), ტიტანის (8.7%), ცინკის (2.6%), ასევე სპილენძის, კობალტისა და მოლიბდენის მნიშვნელოვანი მარაგები გააჩნიათ.

გარდა ამისა, რეგიონს იშვიათი მიწების ლითონების, როგორიცაა სკანდიუმი, იტრიუმი და ლანთანოიდები, მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, რეგიონში იშვიათი მიწების ლითონების და სტრატეგიული მინერალების 384 საბადოა აღმოჩენილი, მათ შორის 160 ყაზახეთში, 87 უზბეკეთში, 75 ყირგიზეთში, 60 ტაჯიკეთში და 2 თურქმენეთში.

ამჟამად ევროკავშირი თითქმის მთლიანად დამოკიდებულია ჩინეთიდან სტრატეგიული მინერალებისა და იშვიათი მიწების ლითონების იმპორტზე.

ამავდროულად, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მთავარი რისკი მსხვილი ეკონომიკური ცენტრების (აშშ, ჩინეთი) ნედლეულის მომარაგებით დანამატად გადაქცევაა.

ცენტრალური აზია არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სტრატეგიული მინერალების ექსპორტით,  ხელიდან არ უნდა გაუშვან მათ  ქვეყნებში მაღალი დამატებითი ღირებულების ტექნოლოგიების შექმნის შესაძლებლობა.

ჩინეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ მოგების ძირითადი ნაწილი სტრატეგიული მინერალების გადამუშავებიდან მოდის და არა მოპოვებიდან. ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებმა მნიშვნელოვანია გამოიყენონ გლობალური ინვესტიციების საკუთარ წარმოებებში განთავსების  შესაძლებლობა.

ჩინეთი მსოფლიოში იშვიათი ლითონების მოპოვების საწარმოების 60 %-ს და მსოფლიო გადამუშავების სიმძლავრეების 90 %-ს აკონტროლებს, რაც ევროკავშირის მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებს ერთგვარ დაუცველობას უქმნის.

2024 წლის დასაწყისიდან ჩინეთმა რიგი მინერალებისა და მათთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა, რამაც ევროკავშირისთვის სტრატეგიული რისკები გაზარდა.

ჩინეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ევროკავშირმა სულ უფრო მეტად ცენტრალური აზიისკენ გადაიტანა ყურადღება.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ყაზახეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და მსხვილი ინვესტორია, მისი ყოფნა რეგიონში ჩინეთთან შედარებით მოკრძალებულია.

ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2022 წელს ყაზახეთთან და 2024 წელს უზბეკეთთან ხელი მოაწერა კრიტიკული ნედლეულის მდგრადი მომარაგების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
ყაზახეთი რეგიონულ კონტექსტში გამოირჩევა. მას შეუძლია ევროკავშირს შესთავაზოს ბრიუსელის მიერ სტრატეგიულად მიჩნეული 34 კრიტიკული მინერალიდან და ლითონიდან 21.

ყაზახეთი უკვე აწარმოებს ევროკავშირის მიერ სტრატეგიულად მიჩნეული 34 ძირითადი მინერალიდან 19-ს. მას გააჩნია მსოფლიოში ქრომიტის უდიდესი მარაგი, ტიტანის, ბარიტის, ვერცხლის, ტყვიისა და ქრომის მნიშვნელოვანი მარაგები, ასევე სპილენძისა და ურანის მნიშვნელოვანი საბადოები.

გერმანიამ და საფრანგეთმა მოაწერეს ხელი ყაზახეთთან და უზბეკეთთან თანამშრომლობის შეთანხმებებს და მზად არიან მილიონობით დოლარი ჩადონ კრიტიკული რესურსების მოპოვებასა და გადამუშავებაში.

ყაზახეთის გარდა, ევროკავშირი აძლიერებს თანამშრომლობას უზბეკეთთან, ხელს აწერს სტრატეგიულ პარტნიორობას და იწყებს 500 მლნ დოლარის ღირებულების პროექტებს.

გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის ასეთი მიდგომა შესაძლებლობას მისცემს კრიტიკული ნედლეულის დამუშავების ლოკალიზებას, ადგილობრივი ინოვაციების სტიმულირებას და რეგიონის გლობალურ მდგრად მიწოდების ჯაჭვებში ინტეგრირებას.

იშვიათი ლითონების გადამუშავებაში, გარდა ყაზახეთისა და უზბეკეთისა, ევროკავშირის მიერ ტაჯიკეთზე, ყირგიზეთსა და თურქმენეთზე ფოკუსირება ასევე გააძლიერებს მის პოზიციას ჩინეთის მონოპოლიის წინააღმდეგ ძალთა ბალანსის შესაქმნელად.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები აქტიურად უჭერენ მხარს ევროკავშირის სტრატეგიულ ხედვას, რათა ევროკავშირი მხოლოდ ნედლეულის შეძენით არ იყოს  დაინტერესებული, არამედ ორიენტირებული იყოს ადგილობრივი გადამუშავების, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტირების, ტექნოლოგიების გადაცემისა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე.

ამგვარად, სადღეისოდ ცენტრალურ აზიას კრიტიკულ რესურსებზე წვდომის გლობალურ რბოლაში საკვანძო წერტილად გადაქცევის პერსპექტივა გააჩნია.


ცენტრალური აზიის მრავალი კომპანია და ექსპერტი აღნიშნავს, რომ ევროპულმა ბიზნესმა რეგიონში უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ, რადგანაც კონკურენტები აშშ, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა უკვე აქტიურად ავითარებენ ახალ საბადოებს და ქმნიან წარმოების ჯაჭვებს.

ბრიუსელის მთავარი ამოცანა პროცესებზე სწრაფი რეაგირებაა, ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის კონკურენტული პირობების შეთავაზება, ასევე ტექნოლოგიური პოტენციალის, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების გაძლიერებაში დახმარება – დაყოვნებას არ ექვემდებარება.

ყაზახეთმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ახორციელებს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა დაბრკოლებების გარეშე და უსაფრთხოდ მოხდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მიწოდება ევროპულ ბაზრებზე.

სწორედ აქ იკვეთება შუა დერეფნის როლი, როდესაც ცენტრალურ აზიაში ევროკავშირისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მოპოვებისთვის, როგორც თანამედროვე დანადგარებისა და ტექნოლოგიების, ასევე „რევერსული“ მზა პროდუქციის ტრანსპორტირება საქართველოს ნავსადგურების გამოყენებით იქნება შესაძლებელი.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო TITR მარშრუტის ინსტიტუციური მექანიზმები და განვითარების ეტაპები

Next Post

აზერბაიჯანმა და საქართველომ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებისას ორმხრივი და ტრანზიტული, ასევე მესამე ქვეყნის ნებართვების რაოდენობა გაზარდეს

Related Posts

როგორ იმოქმედებს შეერთებული შტატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვება და ტრანსპორტირება შუა დერეფნის განვითარებაზე? (ნაწილი მეორე)

დღევანდელი ანალიტიკის მეორე ნაწილი დაეთმობა ცენტრალური აზიის რეგიონში მიმდინარე მეორე ხუთ მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტს. 6. თურქმენეთში აშხაბადი…
მეტის ნახვა

ბათუმი – სამგზავრო და საკრუიზო ნავსადგურის პერსპექტივა

2011 წელს – აჭარის მთავრობასა და საერთაშორისო საკრუიზო კომპანია Royal Caribbean თან დადებული მემორანდუმით, 2012 წლიდან ბათუმში საკრუიზო…
მეტის ნახვა
„ჩემთვის გაურკვეველია, რით არის განპირობებული ის, რომ დაახლოებით კიდევ 7 წელი სჭირდება დაუსრულებელი მონაკვეთების აშენებას“, – ასე ეხმაურება…
მეტის ნახვა