მცირე საავტომობილო კომპანიები გართულებული სანებართვო პირობების გამო საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარზე შეღწევას ვერ ახერხებენ – რა გამოსავალი არსებობს?

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით საავტომობილო გადამზიდველებისა და ცალკეული მძღოლების განცხადებებს – სატრანსპორტო კომპანიის, იგივე შპს-ის, გაყიდვის ან შეძენის შესახებ.

ერთი შეხედვით, კომპანიის შეძენაში ან გაყიდვაში უჩვეულო არაფერია. მეორე მხრივ, არც იმაში უნდა იყოს სირთულე, რომ ნებისმიერმა პიროვნებამ მარტივად დააფუძნოს ახალი კომპანია.

ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ისმის კითხვა – რით არის განპირობებული ამა თუ იმ კომპანიის საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე შეღწევადობის სირთულე? ხომ არ ხდება გადაზიდვების, ანუ კონკურენციის შეზღუდვა მცირე მეწარმეებისათვის?

პრობლემის არსი მდგომარეობს შემდეგში –  სადღეისოდ ნებისმიერ მეწარმე საავტომობილო გადამზიდველს, რომელსაც განზრახული აქვს საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარზე შესვლა და ნებისმიერი მიმართულებით გადაზიდვების განხორციელება, ესაჭიროება ორმხრივი, მესამე ქვეყნის ან ECMT მრავალმხრივი გადაზიდვის ნებართვა – მძღოლები ასეთი სახის ნებართვებს სხვანაირად „დაზვლოსაც“ უწოდებენ.

ორმხრივ, მესამე ქვეყნის და მრავალმხრივი ნებართვების გაცემას საქართველოში ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ ი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს.

იმისათვის, რომ ნებისმიერ პიროვნებას, რომელმაც შეიძინა სატრანსპორტო საშუალება, ე.წ. ტრაილერი და სურვილი აქვს ჩაერთოს საერთაშორისო გადაზიდვებში, ვიდრე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან ორმხრივ, მესამე ქვეყნის ან მრავალმხრივი ნებართვას აიღებს, ვალდებულია 500 ლარის საფასურის სანაცვლოდ იუსტიციის სახლში დარეგისტრირდეს და მიიღოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა – ამ ტიპის ნებართვას უცხოეთში გადამზიდველის ლიცენზიას უწოდებენ და მისი ქონა სავალდებულოა ნებისმიერი გადამზიდველისთვის.

უფრო გასაგები რომ იყოს, მხოლოდ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის, ე.წ. ლიცენზიის, საფუძველზე კომპეტენტური ორგანო ორმხრივ, მესამე ქვეყნის და ECMT მრავალმხრივ გადაზიდვის ნებართვას გასცემს.

სადღეისოდ იუსტიციის სახლის მიერ გადაზიდვის ნებართვის, ე.წ. ლიცენზიის გაცემა შეზღუდულია და მისი მიღება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის ECMT მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის მე-5 მუხლის დ) და ვ) ქვეპუნქტების საფუძველზეა ნებადართულია, მხოლოდ იმ კომპანიებზე, რომლებიც ფლობენ EURO 5 ან 6 უსაფრთხო კატეგორიის არანაკლებ ხუთ ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას და გააჩნიათ აკუმულირებული 100 ათასი ლარის სათანადო ფინანსური რესურსი.

თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ თანამედროვე EURO 5 ან 6 ტიპის ერთეული სატრანსპორტო საშუალების ღირებულება 35–40 ათას ევროს შეადგენს, ასეთ პირობებში მეწარმეს, იმისათვის, რომ მიიღოს გადამზიდავის ლიცენზია, აკუმულირებული ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, ჯამურად ესაჭიროება 650–700 ათასი ლარის ღირებულების აქტივი.

ბუნებრივია, გადაზიდვების ბაზარზე ასეთი რეგულაციის დაწესება თავიდანვე ბაზრის სუბიექტების გამსხვილებით იყო განპირობებული – 2025 წლის მაისიდან საქართველოს კომპეტენტურმა ორგანომ, სავარაუდოდ, თურქეთის ბაზრის აპრობირებული მოდელი გადმოიღო.

ცნობისათვის, მეზობელ უკრაინაშიც, სადაც გადაზიდვების ბაზარი ჯერადად აღემატება საქართველოსას, მხოლოდ ოთხი სატრანსპორტო საშუალების ქონაა აუცილებელი გადამზიდავის ნებართვის, ე.წ. ლიცენზიის, მისაღებად.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თურქეთის ბაზრის ტევადობა და გადამზიდველების ფინანსური პირობები (იგულისხმება თურქეთში სესხზე გაცემული დაბალი 2 – 5%-იანი საბანკო პროცენტი) მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოს რეალობისგან. გარდა ამისა, თურქეთი საავტომობილო გადაზიდვების სფეროში მსოფლიოში მე-5 პოზიციას იკავებს და ამ თვალსაზრისითაც აუცილებლობით არის განპირობებული გადამზიდავი კომპანიების გამსხვილება.

გამომდინარე აქედან, საქართველოში რთულად თუ მოიძებნება კომპანია, რომელიც გადაზიდვების ლიცენზიის მისაღებად საწყის ეტაპზე ერთიანად ჩადებს 650–700 ათას ლარს.

თურქეთის მოდელის კოპირება და საქართველოსთვის მორგება თავიდანვე არარელევანტური იყო, რადგან საქართველოში საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული კომპანიების განვითარება სატრანსპორტო საშუალებების ეტაპობრივ ზრდას ექვემდებარება.

ამ ტიპის ბიზნესში ხშირია ბაზრის სატარიფო მდგენელების მერყეობა და საწვავის ფასის ცვალებადობა, ამიტომ საქართველოში გამსხვილების პარამეტრით კომპანიების შერჩევა, ავტომატიურად  ბაზრიდან მცირე გადამზიდველების გარიყვას ითვალისწინებდა, რაც უდავოდ თავისუფალი ბაზრის პრინციპებს საფუძველშივე ეწინააღმდეგება.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. ლიცენზიის აღება დაუბრკოლებლად შესაძლებელი იყო 2025 წლის მაისამდე. ამ თარიღის შემდგომ ლიცენზიის მიღება ახალი რეგულაციით ჩანაცვლად და  შეიზღუდა.

სწორედ იმ პერიოდში, როცა 2025 წლის მაისამდე შეუზღუდავად შესაძლებელი იყო ლიცენზიის მიღება, ყველა მსურველმა კომპანიამ სამი წლის ვადით შეიძინა ე.წ. ლიცენზია. სადღეისოდ სწორედ ამ მეწარმეებისგან ხდება ბაზარზე ახლად შემსვლელთა მიერ შპს-ის შეძენის შესახებ გარიგება.

რა გამოსავალი არსებობს მცირე გადამზიდველებისთვის საერთაშორისო საავტომობილო ბაზრის გასახსნელად?

იმისათვის, რომ გადაზიდვების ბაზარზე არ მოხდეს კონკურენციის შეზღუდვა და ამასთან სახელმწიფომ ე.წ. ლიცენზიის რეალიზების შედეგად მიიღოს დამატებითი შემოსავალი, პარალელურად – დაუბრკოლებლად გაგრძელდეს სატრანსპორტო საშუალებების მქონე კომპანიების გამსხვილების პროცესი, კომპრომისულ გადაწყვეტილებად შესაძლებელია მიღებული იქნეს ე.წ. ლიცენზიის გაცემა იმ პირობებით, თუ კომპანიას სურვილი აქვს დაეუფლოს „პრესტიჟულ“ ECMT მრავალმხრივ სანებართვო დოკუმენტს, რაზეც გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას, მისთვის აუცილებელ პირობად უნდა დარჩეს დადგენილი ხუთი სატრანსპორტო საშუალების და აკუმლირებული ფინანსური სახსრების ქონა.

ხოლო იმ წვრილ გადამზიდველ კომპანიებს, რომლებიც საჭიროებენ მხოლოდ ორმხრივ ან მესამე ქვეყნებში გადაზიდვების ნებართვებს და არ ექნებათ ECMT მრავალმხრივ სანებართვო დოკუმენტზე მოთხოვნა, მათზე ერთი სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის პირობებშიც გაიცეს ე.წ. გადამზიდველის ლიცენზია.

აღნიშნული ცვლილებების შეტანა მარტივად შესაძლებელია ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის ECMT მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესში.

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ამ დოკუმენტში ბოლო პერიოდში რამდენიმე ცვლილება შევიდა მცირე გადამზიდველების ბაზარზე თავისუფალი დაშვების კუთხით, იურიდიული თვალსაზრისით ცვლილება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

საქართველოს გლობალურ ბაზრებთან დაკავშირებადობის ინდექსის გაუმჯობესება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ამოქმედების პირობებშია შესაძლებელი

Next Post

ბენდარ-აბასის ნავსადგურის გავლით გადაზიდვების 30-40%-ით ზრდის პირობებში, უზბეკეთი საქართველოზე გამავალ დერეფანს მძლავრ ალტერნატივად განიხილავს

Related Posts

ანაკლიაში აშშ წარმომადგენლის ვიზიტი ჩინური „სესხის ყულფის“ მოდელის ევროპაში აპრობირებული „ლენდლორდის“ მოდელით ჩანაცვლებას უკავშირდება

ახლახან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. ბუნებრივია, იბადება…
მეტის ნახვა

შუა დერეფნის ყაზახეთის სარკინიგზო ქსელზე ორიარუსიანი საკონტეინერო გადაზიდვების ტესტირებამ  წარმატებით გაიარა

შუა დერეფნით სარკინიგზო გადაზიდვების ზრდა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დერეფნის გასწვრივ ახალი თანამდროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. სულ ახლახანსყაზახეთის რკინიგზის შვილობილმა კომპანია…
მეტის ნახვა

ფოთის ნავსადგურმა სახელმწიფოს მხრიდან გაფართოების პროექტის „დამუხრუჭების“ მიუხედავად – კონტეინერების რეკორდული ბრუნვა დააფიქსირა

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 2025 წელს კონტეინერების ბრუნვის ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, რითიც კიდევ ერთხელ, შავი ზღვის რეგიონში, მიმზიდველი საკონტეინერო…
მეტის ნახვა