სატვირთო გადაზიდვების ბაზრის ლიბერალიზაცია და სანებართვო სისტემის გამარტივება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოდგენს (ნაწილი მეორე)

საავტომობილო სფეროში თავისუფალი კონკურენციის დანერგვის მიზნით გთავაზობთ რიგ ღონისძიებებს, რომელთა ეტაპობრივი განხორციელება, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს ბაზრის ლიბერალიზაციას და ბაზრის მონაწილე ქართველი გადამზიდველების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

გახარჯული და დარჩენილი ნებართვების რაოდენობის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთვის პრაქტიკის აღდგენა

ნებართვების განაწილების მექანიზმი, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის მეზობელ სახელმწიფოებში, მუდმივად იწვევს გადამზიდავი მძღოლების უკმაყოფილებას.

მათი განმარტებით, განაწილების მექანიზმი ბოლომდე დახვეწილი და გამჭვირვალე არ არის, რაც, პირველ რიგში, არ გამორიცხავს ადამიანური შეცდომისა და კორუფციის რისკებს.

შესაძლო კორუფციული რისკების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია აღდგეს 10 წლის წინ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში ნებართვების გამჭვირვალედ განაწილების მექანიზმი, რომლის საფუძველზეც სააგენტო საკუთარ ვებგვერდზე ყოველდღიურად აქვეყნებდა სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით გახარჯული და დარჩენილი ნებართვების რაოდენობას.

ასეთი მიდგომით, ნებისმიერი ნებართვის მაძიებელი გადამზიდველი თვითონ გააკონტროლებს გახარჯული და დარჩენილი ნებართვების რაოდენობას, რაც უდავოდ პროცესს მიანიჭებს დამატებით გამჭვირვალობას.

უნდა აღინიშნოს, რომ მოგვიანებით ნებართვების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საკუთარ გვერდზე გამოქვეყნების პრაქტიკა გაურკვეველი მიზეზებით გაქრა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ რატომღაც შეაჩერა და საბოლოოდ გააუქმა ეს სისტემა.

სადღეისოდ, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტენსიური გამოყენების პროცესში, შესაძლებელია ამ სისტემის აღდგენა და გაუქმებული პრაქტიკის ხელახალი დანერგვა.

ქართველ საავტომობილო გადამზიდველზე გაცემული ნებართვის ღირებულების რეგიონის ქვეყნებთან უნიფიცირება და შემცირების მიმართულებით გადახედვა

საქართველოში ნებართვის ღირებულება 13-ჯერ ძვირია თურქეთის მიერ საკუთარ გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 4-ჯერ ძვირია რუსეთის გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 31-ჯერ ძვირია ბელარუსის გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 6-ჯერ ძვირია ყაზახეთის გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 10-ჯერ ძვირია უზბეკეთის გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 2-ჯერ ძვირია თურქმენეთისა და აზერბაიჯანის გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე.


ბუნებრივია, საქართველოში გაცემული ნებართვების საგრძნობი სიძვირე ქართულ გადამზიდავ კომპანიებსა და მძღოლებს ნაკლებად კონკურენტუნარიანად წარმოაჩენს საერთაშორისო ბაზარზე.

ასეთ პირობებში, სახელმწიფოს ამოცანას არა გადამზიდველიდან თანხის მაქსიმალური ამოღება, არამედ მათი საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მიმზიდველობა უნდა წარმოადგენდეს.

ამ თვალსაზრისით, ნებართვების ღირებულების შემცირება უდაოდ სატრანსპორტო ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯად იქნება განხილული.

სატვირთო გადაზიდვების სფეროში დაკავებული შუამავლების, ე.წ. დისპეჩერების სერთიფიცირება

გადაზიდვების ბაზარზე რიგ სახელმწიფოებში მოქმედებს ექსპედიტორების, ე.წ. შუამავლების რეესტრი, სადაც რეგისტრაცია ნებისმიერი იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის, რომლებიც სატვირთო გადაზიდვების შუამავლურ მომსახურებას უზრუნველყოფენ, სავალდებულოა.

საქართველოში აღნიშნული პრაქტიკა არ არსებობს და ნებისმიერ პიროვნებას, არანაირი დოკუმენტაცის გარეშე შეუძლია საშუამავლო საქმიანობა განახორციელოს.

ასეთი შუამავლური კომპანიების მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტთან გამჭვირვალე დამოკიდებულებას, რომ თავი დავანებოთ, გადაზიდვების ბაზარზე დისპეჩერების საქმიანობა მძღოლების მხრიდან უკმაყოფილებას იწვევს, რადგან გაუმჭვირვალე მაღალი საშუამავლო ტარიფის გარდა, ხშირად, გადაზიდვის პროცესის დასრულების შემდეგ, ე.წ. დისპეჩერების მხრიდან კუთვნილი გასამრჯელოს მიღება დაგვიანებით ხდება.

ბუნებრივია, მძღოლები ამ პრობლემის დარეგულირებით არიან დაინტერესებულნი.

კონკურენტული ბაზრის პირობებში შუამავლების საქმიანობის შეზღუდვა რთულად წარმოსადგენია – გამორიცხულია, რომ გადაზიდვების ბაზრის მონაწილე ნებისმიერი სუბიექტის სატარიფო სფეროში საქმიანობა გარედან შეიზღუდოს.

გადამზიდველი მძღოლების განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ სფეროში ერთვებიან გამოუცდელი შუამავლები, რომლებიც საკუთარი საშუამავლო გასამრჯელოს მაქსიმალიზაციის ხარჯზე აქვეითებენ გადამზიდავის კონკურენტუნარიანობას.

სადღეისოდ, გადაზიდვების ბაზარზე მრავლად არიან ე.წ. გამოუცდელი დისპეჩერები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალების დაქირავებისას არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ – ტვირთის დაზიანებაზე, დაგვიანებით დანიშნულების ადგილზე ჩატანაზე, ამასთან, მათი მხრიდან არანაირი სადაზღვევო დოკუმენტაციის მოთხოვნა არ ხდება.

გარდა ამისა, მიუხედავად გადამზიდავსა და შუამავალს შორის ხელშეკრულების არსებობისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ირღვევა გადაზიდვის თანხის ანაზღაურების ვადები.

პრობლემის დასარეგულირებლად აუცილებელია შუამავლების, იგივე ექსპედიტორების საქმიანობის სახელმწიფო რეესტრის შექმნა, მათი კომპეტენტურობის დადასტურების შემთხვევაში კი გაიცეს სათანადო დოკუმენტი – თუნდაც სერთიფიკატი.

სასურველია, სერთიფიცირებული გადამზიდავი –ექსპედიტორების, ე.წ. დისპეჩერების სია აიტვირთოს ვებგვერდზე. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული სია ნებისმიერი გადამზიდავი კომპანიისთვის გახდება გამჭვირვალე.


ნებისმიერი დადებითი თუ უარყოფითი კომენტარის ან გამოხმაურების არსებობის შემთხვევაში, მძღოლი –გადამზიდავი მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ასეთ შუამავალთან გადაზიდვის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

მძღოლების გლობალური დეფიციტის პირობებში საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე ახალგაზრდა მძღოლებისთვის კვალიფიკაციის მოპოვების ხარჯების სუბსიდირების მექანიზმის ამოქმედება

საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის (IRU) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების გლობალური დეფიციტი 2029 წლისთვის თვალშისაცემი იქნება.

ამავე კვლევაში ამ პრობლემიდან გამომდინარე, ლოგისტიკური ჯაჭვების მდგრადობისა და ქვეყნების ეკონომიკური სტაბილურობის გაუარესებაზეა გაკეთებული აქცენტი.

სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების დეფიციტი საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია შეინიშნება, ამასთან, სახეზეა მძღოლების უცხოეთში გადინების შეუქცევადი პროცესი.

სავარაუდოდ, მძღოლების გლობალური დეფიციტი უფრო მტკივნეულად საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე აისახება.

უკვე დღეს შესამჩნევია ადგილობრივ ინტერნეტ სივრცეში მძღოლის დაქირავების შესახებ ამა თუ იმ კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადებები. ბუნებრივია, უკუკავშირიც არსებობს – „ვიმუშავებ მხოლოდ ევროპული ხელფასის პირობებში“.

IRU-მ ამ პროცესს საავტომობილო გადაზიდვებში „შენელებული დემოგრაფიული მოქმედების ნაღმი“უწოდა, რომელიც ახლო მომავალში სერიოზულად დააზიანებს გადაზიდვებში ჩართული ქვეყნების ლოგისტიკურ მდგრადობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას.

IRU-ს მთავარ ამოცანას არა მხოლოდ არსებული მძღოლების შენარჩუნება, არამედ ახლების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მოზიდვა წარმოადგენს.

ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად ევროკავშირს მთავრობების მიერ მართვის მინიმალური ასაკის შემცირება და კვალიფიკაციის მოპოვების ხარჯების სუბსიდირება მიაჩნია.


სადღეისოდ, საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე სახელმწიფოს მხრიდან კვალიფიკაციის მოპოვების ხარჯების სუბსიდირების ნაცვლად, ქართველ მძღოლებს უხდებათ სულ უფრო მეტი გადაიხადონ სხვადასხვა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მისაღებად.

ამ თვალსაზრისით, ქართველი მძღოლებისთვის კვალიფიკაციის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტების სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება უდაოდ წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

მოსაზრებები სატვირთო გადაზიდვების ბაზრის ლიბერალიზაციის და სანებართვო სისტემის გამარტივების შესახებ (ნაწილი პირველი)

Next Post

წითელ ზღვაში საზღვაო ტრანზიტის აღდგენა ხომ არ გამოიწვევს სახმელეთო დერეფნებიდან ტვირთების ახლებურად გადანაწილებას?

Related Posts

ზანგეზურის დერეფნის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელებთან TEN-T მიერთება, ხომ არ შეასუსტებს შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთის კონკურენტუნარიანობას?

ზანგეზურის დერეფნის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელებთან TEN-T მიერთება, პირველ რიგში, ევროპული ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაოების დაჩქარებას და ევროკავშირის უშუალოდ ამ…
მეტის ნახვა

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პირობებში რუსეთი ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნით გადაზიდვებს აჩერებს

ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის გამო, რუსეთმა ჩრდილოეთ – სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ ყველა სახის გადაზიდვა შეაჩერა.რუსეთისათვის ჩრდილოეთ-სამხრეთ…
მეტის ნახვა

თბილისში გამართულმა „მულტიმოდალურ ტრანსპორტის და ტრანზიტის ფორუმმა“ შუა დერეფნის პრობლემები და განვითარების ასპექტები გააშუქა

3–4 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, „მულტიმოდალური ტრანსპორტი და ტრანზიტის ფორუმი“ გაიმართა. თბილისში გამართული ფორუმი ძირითადად შუა…
მეტის ნახვა