სადღეისოდ რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების მარშრუტების დივერსიფიკაციის პროცესი. სულ უფრო მეტი სახელმწიფო ცდილობს, საკუთარი გადამზიდავების საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევადობის გამარტივებული მექანიზმების დანერგვას.
ბუნებრივია, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი და ამ პროცესების მიღმა ვერ დარჩება. შესაბამისად, ახლო მომავალში მოუწევს საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საკუთარი გადამზიდველებისთვის თანაბარი კონკურენციის პრინციპების დანერგვა.
საავტომობილო სფეროში თავისუფალი კონკურენციის დანერგვის მიზნით გთავაზობთ რიგ ღონისძიებებს, რომელთა ეტაპობრივი განხორციელება, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს ბაზრის ლიბერალიზაციას და ბაზრის მონაწილე ქართველი გადამზიდველების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
ორმხრივ ფორმატში საავტომობილო ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემის დანერგვა – სადღეისოდ რეგიონის ქვეყნებში საავტომობილო ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემის კონკრეტული მაგალითები არსებობს.
ამ მიმართულებით ლიდერობს ყაზახეთი და თურქეთი, თუმცა სხვა ქვეყნებიც აქტიურად ნერგავენ ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემას.
2021 წლიდან უზბეკეთსა და თურქეთს შორის საავტომობილო გადამზიდველებისთვის ნებართვები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიცემა. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის დანერგილი ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემა რეგიონში პირველ ნოვაციას წარმოადგენდა.
2024 წლიდან ყაზახეთმა ელექტრონული გაცვლის სისტემა ჩინეთთან და ირანთან დანერგა. იმავე 2024 წლიდან უზბეკეთმა და ყაზახეთმა სატვირთო ნებართვების ელექტრონული გაცვლის საპილოტე პროექტი აამოქმედეს.
2024 წელს საფუძველი ჩაეყარა უზბეკეთსა და თურქმენეთს შორის ნებართვების ფორმების ელექტრონული გაცვლის სისტემის დანერგვას.
2025 წლის სექტემბრიდან აზერბაიჯანი და უზბეკეთი ნებართვების ელექტრონულ გაცვლის სისტემაზე სრულად გადავიდნენ.
უზბეკეთი და აზერბაიჯანი – სატვირთო გადაზიდვების ნებართვების ელექტრონულ გაცვლაზე 2025 წლის სექტემბრიდან სრულად გადავიდნენ. იმავე 2025 წელს აზერბაიჯანსა და ყირგიზეთს შორის ელექტრონული ნებართვის გამოყენებით პირველი ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა.
სულ ახლახანს ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას – 2026 წლიდან საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სფეროში ელექტრონული ნებართვების გაცვლის სისტემის დანერგვის შესახებ.
ყაზახეთმა – ჩინეთთან, უზბეკეთთან და ირანთან ნებართვების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა მოკლე ვადაში უზრუნველყო, შესაბამისად, ყაზახეთს ელექტრონულ ფორმატში ნებართვების გაცემის გამოცდილება გააჩნია.
რეგიონში ტვირთნაკადების გადანაწილების შეუქცევადი პროცესის პარალელურად ცენტრალური აზიის ქვეყნები ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემებს ევროპულ, მათ შორის ბალტიის ქვეყნებთან, ნერგავენ.
წარმოდგენილი მაგალითების საფუძველზე შესაძლებელია მარტივი დასკვნის გაკეთება, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მეზობელი ქვეყნები ბილატერალურ (ორმხრივ) დონეზე ელექტრონულ ფორმატში საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების დაჩქარებული წესით გაცემას და ამ კუთხით სად იმყოფებიან რეგიონის ქვეყნები.
მიუხედავად დაწყებული პროცესისა, საქართველო რამდენიმე წელია მეზობელ თურქეთთან ნერგავს ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემას, თუმცა შედეგობრივად სისტემა დღემდე არ არის დასრულებული და გაურკვეველია მისი ამოქმედების კონკრეტული ვადები.
იმ პირობებში, როდესაც თურქეთმა რეგიონის თითქმის ყველა სახელმწიფოსთან დანერგა ნებართვების ელექტრონული გაცვლის მექანიზმი, ბუნებრივად ჩნდება კითხვა – ვისი მიზეზით ფერხდება საქართველოსა და თურქეთს შორის ნებართვების ელექტრონული გაცვლის მექანიზმის ამოქმედება?
ცალსახაა, რომ ნებართვების ელექტრონულად გაცვლის პროცესში ნათლად ჩანს საქართველოს პოზიციონირება, რომელიც ამ მიმართულებით რეგიონში უდაოდ მოწინავე პოზიციას ვერ იკავებს.
სატრანსპორტო კომპანიების გადაზიდვების ბაზარზე შეღწევის გამარტივებული მექანიზმის დანერგვა – სადღეისოდ არსებული რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ხუთი ერთეული ეკოლოგიურად მაღალი კლასის სატრანსპორტო საშუალების და ფინანსური სახსრების საბანკო ანგარიშზე აკუმულირებას, ზღუდავს ნებისმიერი ახალი, პირველ რიგში მცირე კომპანიების, გადაზიდვების ბაზარზე შეღწევადობას.
ახალი რეგულაცია მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტებს აძლევს ლიცენზიით დაუფლების შესაძლებლობას, რომლებიც ჯამურად ნახევარი მილიონი ლარის ფინანსური სახსრების მობილიზირებას შეძლებენ.
სატვირთო გადაზიდვების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ სფეროში ბიზნესის განვითარება ეტაპობრიობას ექვემდებარება და შესაძლო ფინანსური რისკების თავიდან ასაცილებლად მეწარმე გადამზიდავი იშვიათად განახორციელებს ერთბაშად ასეთი მოცულობის თანხის აკუმულირებას.
ცხადია, ასეთი რეგულაციის დაწესების შედეგად გართულებულია გადაზიდვების ბაზარზე მცირე მეწარმეების შეღწევადობა, ირღვევა მსხვილ და მცირე მეწარმეებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპები.
ამ პროცესის პარალელურად, ახლად დაარსებულ კომპანიებს სხვადასხვა გარიგებების საფუძველზე ბაზრის სხვა მონაწილეებისგან უწევთ გადაზიდვის ლიცენზიის შესყიდვა.
ხშირია შემთხვევები, როდესაც სოციალურ ქსელში შეხვდებით განცხადებებს: “ვეძებ შესყიდვით მანქანას ფირმით, განვიხილავ ევრო 6-ს” ან “ვყიდი შპს-ს ტვირთის გადაზიდვის ლიცენზიით”.
სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე მცირე კომპანიების დაუბრკოლებლად შეღწევის და თავისუფალი კონკურენციის დანერგვის მიზნით მიზანშეწონილი იქნებოდა გამარტივებული და ბაზრის ნებისმიერ სუბიექტზე მორგებული მექანიზმის შემუშავება და დანერგვა.
სატვირთო გადაზიდვების ნებართვის განაცხადის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა – ნებართვის მისაღებად გადამზიდველებს ხშირად რუტინული პროცესის გავლა უხდებათ, კერძოდ, ნებართვების გამცემ თბილისში – ცენტრალურ და რეგიონალურ ოფისებში ორჯერად მისვლა: პირველად – განაცხადის შესავსებად და მეორედ – ნებართვის წასაღებად.
თბილისის საცობების გათვალისწინებით, ცენტრალურ ოფისში ორჯერადი მისვლა გადამზიდველებისთვის დამატებით დისკომფორტთან არის დაკავშირებული.
ამ თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია ყაზახეთის გამოცდილება და მისი ჩვენი რეალობისთვის ადაპტირება. კერძოდ, 2025 წლიდან ყაზახეთმა წარმატებით დანერგა ნებართვების განაცხადის ელექტრონული სისტემა.
ყაზახეთში, გადამზიდველისთვის ნებართვის მისაღებად განაცხადის განხილვის მთელი პროცესი სრულად ავტომატიზირებულია.
გარდა ამისა, განცხადების დამუშავებისა და გაცემის ვადები წინა პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია. ნებართვის მისაღებად გადამზიდავის მოვალეობაში შედის მხოლოდ E-license-ის პლატფორმაზე განაცხადის შევსება და ატვირთვა.
რაც შეეხება განაცხადის განხილვის პერიოდს – ყაზახეთში იგი ორი სამუშაო დღიდან 40 წუთამდე შემცირდა, ხოლო ნებართვის გაცემის პერიოდი – 8 დღიდან 1 დღემდე.
საქართველოში ნებართვების განაცხადის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა მნიშვნელოვნად გაადვილებდა და დაზოგავდა გადამზიდავის დროსა და ფინანსურ სახსრებს.
ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის პრაქტიკის გაუქმება და გადამზიდველის ფინანსური სახსრების დაზოგვა – ქართველი გადამზიდველი დაჩქარებული წესით მომსახურებისთვის ნებართვის ღირებულების დამატებით 43%-ს იხდის: ჩვეულებრივი ნებართვა 70 ლარი ღირს, დაჩქარებული – 100 ლარი, მესამე ქვეყნის ნებართვა 140 ლარი, დაჩქარებული – 200 ლარი.
აღსანიშნავია, რომ რეგიონის ქვეყნებში დაჩქარებული წესით ნებართვის გაცემა არ არსებობს – ასეთი „ნოვაცია“ მხოლოდ საქართველოშია გამოყენებული.
საავტომობილო გადაზიდვების ბაზრისთვის მისადაგებული ელექტრონული სისტემის გამოყენების პასუხისმგებლობა სახელმწიფო ორგანოს პრეროგატივას წარმოადგენს, და მისი დაუხვეწელობა გადამზიდველის მიერ არ უნდა იქნეს ანაზღაურებული.
საქართველოში, ყაზახეთის ანალოგით, გამარტივებული ელექტრონული წესით განაცხადის გაკეთება ავტომატურად გამოიწვევს ნებართვის დაჩქარებული მექანიზმის რგოლის ამოგდებას, რაც გადამზიდველისთვის მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვას გამოიწვევს.