უკრაინის რკინიგზა სალოკომოტივო პარკს ანახლებს – ფრანგულ ელმავალმშენებელ გიგანტ Alstom-თან სტრატეგიული ხელშეკრულება გაფორმდა

ახლახანს უკრაინის რკინიგზამ Укрзалізниця-მ ფრანგულ ელმავალმშენებელ გიგანტთან, კომპანია Alstom-თან 55 ერთეული თანამედროვე სატვირთო ლოკომოტივის მიწოდების შესახებ სტრატეგიული ხელშეკრულება გააფორმა.

ცნობილია, რომ 473 მილიონი ევროს ღირებულების ლოკომოტივების განახლების პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსდა.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის ქვეყნებმა, მათ შორის ყაზახეთმა ფრანგულ ელმავალმშენებელ Alstom-თან რამდენიმე წელია რაც გააფორმა ხელშეკრულება და ყაზახეთში გამოშვებული ელმავლებით სადღეისოდ წარმატებით მარაგდება დსთ სივრცეში შემავალი ქვეყნების სარკინიგზო სისტემები.

მოძველებული და ამორტიზირებული სალოკომოტივო პარკის მდგომარეობის მიხედვით, რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს რკინიგზა, ჩვენი გვერდი რამდენჯერმე დაეთმო აღნიშნული საკითხის გაშუქებას.

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით შუა დერეფნის 10 პრობლემურ საკითხთა შორის, ერთ – ერთად საქართველოს რკინიგზაზე არასაკმარისი და ამორტიზირებული ლოკომოტივების გადაუჭრელი პრობლემა  დასახელდა.  

ბუნებრივია, უკრაინის მაგალითი დადებითი სტიმული იქნება საქართველოს რკინიგზის სალოკომოტივო პარკის განახლებისათვის.

სადღეისოდ უკრაინის რკინიგზაზე ლოკომოტივების საშუალო ასაკი 46 წელს შეადგენს, მათი ცვეთის მაჩვენებელი 96%-ია. Укрзалізниця-ის შეფასებით, რამდენიმე წელიწადში ლოკომოტივების დეფიციტმა შესაძლოა სატვირთო გადაზიდვების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა გამოიწვიოს.

რეალურად, სალოკომოტივო პარკის განახლების გარეშე ფუნქციონირებამ შესაძლოა რკინიგზას ყოველწლიურად შემოსავლის 10%-მდე დააკარგვინოს, რაც საომარ პირობებში მყოფი უკრაინის ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერა ახლახანს უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების თანდასწრებით შედგა.

უკრაინის მხარის განცხადებაში აღნიშნულია: „Alstom-თან 55 ლოკომოტივის შესყიდვაზე დადებული შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მიერ არის დაფინანსებული, უკრაინის რკინიგზას საშუალებას მისცემს, მოახდინოს თავისი უკიდურესად მოძველებული სალოკომოტივო პარკის მოდერნიზაცია და შეინარჩუნოს სატვირთო გადაზიდვების მოცულობა.“
შეთანხმება სალოკომოტივო პარკის განახლების შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ტენდერის შემდეგ დაიდო, რომელშიც ევროპიდან და აზიიდან ათზე მეტი ლოკომოტივების მწარმოებელი მონაწილეობდა.

Alstom-ის წინადადება საერთაშორისო წესების შესაბამისად იქნა შეფასებული – დამოუკიდებელმა ტექნიკურმა კონსულტანტებმა კომპანიის კონკურენტუნარიანობა დაადასტურეს.

საგრანტო კომპონენტის დაფინანსების წყალობით, უკრაინის მხარესთვის ლოკომოტივების ფაქტობრივი ღირებულება 37%-ით შემცირდება.

პროექტი შერეული მოდელის გამოყენებით დაფინანსდა: 173 მილიონი ევრო (37%) მსოფლიო ბანკის გრანტია, 300 მილიონი ევრო – დარჩენილი 63% – EBRD-ის შეღავათიანი გრძელვადიანი სესხია. თანხის დაბრუნება ოთხ წელიწადში დაიწყება და 18 წელი გაგრძელდება.

პირველი ახალი ლოკომოტივი უკრაინაში 2027 წლის პირველ კვარტალში გაიგზავნება. მთელი პარტიის მიწოდება 2027–2029 წლებში გაგრძელდება.

როგორც უკრაინის რკინიგზის განცხადებაშია აღნიშნული – 55 ერთეული ახალი ლოკომოტივი ფაქტობრივად ჩაანაცვლებს ამჟამად ექსპლუატაციაში მყოფ დაახლოებით 80 ერთეულ ძველ ლოკომოტივს და საოპერაციო ხარჯებს 30%-ით შეამცირებს.

გარიგება ასევე მოიცავს ელმავლების მომსახურების მხარდაჭერას და აუცილებელი სათადარიგო ნაწილებით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მომარაგებას. ასევე უზრუნველყოფილი იქნება მემანქანეების და ტექნიკური ჯგუფების აქტიური ტრენინგი.

გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის რკინიგზაზე გამოიყენება ორივე ტიპის – როგორც ცვლადი, ასევე მუდმივი ენერგიის წყარო, Alstom Traxx Hauler-ის ბაზაზე აწყობილი ახალი ელექტრო სატვირთო ლოკომოტივები უკრაინაში პირველი ევროპული ლოკომოტივები იქნება, რომლებსაც ორივე ენერგიის წყაროზე მუშაობა შეეძლებათ.

ორმაგი ენერგიის სისტემით აღჭურვილ ელმავლებს შესაძლებლობა ექნებათ, რკინიგზის სხვადასხვა მონაკვეთებზე 9000 კილოვატი სიმძლავრის პირობებში ელმავალმა 120 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს. გარდა ამისა, ელმავლები თანამედროვე რეოსტატული და რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემებით იქნებიან აღჭურვილნი.

მიუხედავად იმისა, რომ ლოკომოტივები საფრანგეთში დამზადდება, კონტრაქტით უკრაინული სამრეწველო კომპანიების ჩართვაცაა შესაძლებელი.

რამდენიმე ადგილობრივი მწარმოებელი ელმავლის საჭირო კომპონენტების მიწოდებაში მონაწილეობის მისაღებად უკვე ემზადება. მათი ძირითადი მიმართულება უსაფრთხოებისა და საკომუნიკაციო სისტემებიდან დაწყებული, სამუხრუჭე ხუნდებითა და წყვილთვალების კომპლექტებით დამთავრებული მარაგ ნაწილებით მომარაგებაა.

როგორც მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული: „უკრაინის რკინიგზა აგრძელებს ინფრასტრუქტურის განახლებას, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა მომავალი პროექტებისთვის ტექნოლოგიურ და ფინანსურ საფუძველს ქმნის.“

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ევროპა საპარკინგე სივრცეების წვავე დეფიციტს განიცდის – არსებობს საქართველოს საავტომობილო გზებზე სატვირთო ავტოტრანსპორტის საპარკინგე ადგილების განთავსების სქემა?

Next Post

საქართველოს რკინიგზაზე გადაზიდვების გრძელვადიანი ტენდენციები

Related Posts

მოსაზრებები სატვირთო გადაზიდვების ბაზრის ლიბერალიზაციის და სანებართვო სისტემის გამარტივების შესახებ (ნაწილი პირველი)

სადღეისოდ რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების მარშრუტების დივერსიფიკაციის პროცესი. სულ უფრო მეტი სახელმწიფო ცდილობს, საკუთარი გადამზიდავების საერთაშორისო…
მეტის ნახვა

მსოფლიოს ტოპ 10  ტრანსკონტინენტური საკონტეინერო საზღვაო გადამზიდავი  კომპანია

პანდემიის შემდეგ კონტინენტთაშორისი საზღვაო გადაზიდვები ჩვეულ რითმს და  სატაბილურ ზრდას დაუბრუნდა. 2024 წელს კონტინენტთაშორისი გადაზიდვების მსოფლიო ბაზრის ზომამ…
მეტის ნახვა

თურქმენეთი საქართველოსთან შედარებით – 3.5 ჯერ სწრაფი ტემპით ავითარებს ჩქაროსნულ სატრანზიტო საავტომობილო მაგისტრალს

თურქმენეთის მიერ 2019 წლიდან  ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობიდან დაწყებიდან 2024 წლამდე, არასრულ ხუთ წელიწადში –  312 კმ  იქნა  ექსპლუატაციაში…
მეტის ნახვა