შეერთებული შტატების დაფინანსებით ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გაფართოება – შუა დერეფნით ცენტრალური აზიის ტვირთნაკადების მოზიდვაზეა ორიენტირებული

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ, DFC-მ, კომპანია PACE Group-თან 25 მლნ დოლარის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა. DFC შეერთებული შტატების მთავრობის საერთაშორისო საინვესტიციო სააგენტოა.

დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება.

დაფინანსების შესახებ შეერთებული შტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, შუა დერეფნით ცენტრალური აზიიდან ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობის მნიშვნელოვან გაზრდას შეუწყობს ხელს.

უნდა აღინიშნოს, რომ თუ 15 – 20 წლის უკან ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნები მსოფლიო ბაზრებზე საკუთარი ბუნებრივი რესურსების ექსპორტზე იყვნენ ორიენტირებულნი, სადღეისოდ სიტუაცია დიამეტრალურად იცვლება. აღნიშნული ქვეყნები ექსპორტზე საკუთარ საწარმოებში გადამუშავებულ პროდუქციას აგზავნიან. აქ, პირველ რიგში, გამოსაყოფია ისეთი სახეობის სტრატეგიული ტვირთნაკადი, როგორიც მინერალური სასუქებია.

ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მინერალური სასუქების ტრანსპორტირებას დადებითი ეფექტი გააჩნია, რადგანაც ასეთ გადაზიდვებს ევროკავშირის სივრციდან რევერსული ტვირთების, პირველ რიგში, მანქანა – დანადგარებისა და ახალი ტიპის მოწყობილობების ტრანსპორტირება მოჰყვება.

პრაქტიკულად, ცენტრალური აზიის სახელმწიფოები ქვეყნის შიგნით, ადგილზე, ქმნიან მაღალტექნოლოგიურ სამრეწველო სიმძლავრეებს, რაც შუა დერეფნისათვის დამატებით რევერსულ ტვირთნაკადად აისახება.

აღნიშნული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს სატრანსპორტო სისტემის პრიორიტეტულ ამოცანას ცენტრალური აზიის ტვირთწარმომქმნელ რეგიონებში გადამუშავებული სამრეწველო პროდუქციის ტრანსპორტირებისა და შენახვა – დასაწყობებისათვის ადეკვატური ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს.

ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქციის ტრანსპორტირების მიზნით, ფოთში, შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ ტერიტორიაზე, რომელიც ადრე შპს „პეის ტერმინალის“ სახელით იყო ცნობილი, ცენტრალური აზიიდან ტვირთების ახალი სახეობის მისაღებად და გადასამუშავებლად დამატებითი სიმძლავრეები იქმნება.

საუბარია ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში მეორე ნავმისადგომის მშენებლობაზე.

დამატებითი ტვირთების მოზიდვის ასეთი ტენდენცია, საქართველოზე გამავალი დერეფნის მიმზიდველობის თვალსაზრისით, დადებითად უნდა იქნეს შეფასებული.

2025 წელს შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურმა“ ნავსადგურის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში დაასრულა, რაც ნავსადგურის გასაფართოებლად პირველ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა.

შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გაფართოებას გააჩნია მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი, იმის გამო, რომ საქართველოს ნავსადგურები ამ დრომდე სრულად ვერ ემსახურებიან მაღალი ტევადობის გემებს, რაც ღრმაწყლოვანი ნავსადგურების არარსებობით არის გამოწვეული, გაფართოების და აკვატორიის 12.5 მ-ით დაღრმავების შედეგად – 40 000 ტონამდე ტევადობის გემების მიღება იქნება შესაძლებელი.

2022 წელს – ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური – პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ,  ექსპლუატაციაში იქნა გაშვებული (იხ. ნავსადგურის სქემა).

აღნიშნული პროექტი ეფუძნებოდა DFC-ისა და PACE Group-ის წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში, 2020 წელს, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის ტერმინალის განვითარებისა და მშენებლობისთვის 50 მლნ დოლარის სესხი გამოიყო.

პირველი ფაზის ფარგლებში (იხ. ნავსადგურის ჰიდროტექნიკური ნაგებობების სქემა), მოეწყო 260 მ სიგრძის N1 ნავმისადგომი, არსებულ ტალღმჭრელ მოლოებს ჩაუტარდათ რეკონსტრუქცია, შესრულდა ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები, მოეწყო სასაწყობო ტერიტორია, ნავმისადგომი გადმოსატვირთი და დასატვირთი ტექნიკა დანადგარებით აღიჭურვა.

პირველი ფაზის დასრულების შედეგად, რაზეც ჩადებულმა საერთო ინვესტიციამ 120 მლნ დოლარი შეადგინა, ნავსადგურს წელიწადში ჯამურად 2.5 მლნ ტონა მშრალი / ნაყარი, გენერალური და საკონტეინერო ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობა გაუჩნდა.

არსებული მდგომარეობით, ნავსადგურს მხოლოდ ნაყარი ტვირთების ნომენკლატურის მიხედვით, წელიწადში 460 000 ტ კარბამიდის, 210 000 ტ გოგირდის, 54 000 ტ ფეროსილიკომანგანუმისა და 36 000 ტ სპილენძის კონცენტრატის გადამუშავება შეუძლია.

რაც შეეხება ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის მიერ არსებული ნავსადგურის ტერიტორიის ფარგლებში გაფართოებას, ანუ მეორე ფაზის განვითარებას, გათვალისწინებულია მეორე ნავმისადგომის მოწყობა.

მეორე ნავმისადგომი, სხვა ტვირთებთან ერთად, ცენტრალური აზიიდან წამოსული კარბამიდის გაზრდილი მოცულობების გადატვირთვას მოემსახურება.

მეორე ფაზა, გარდა N2 ნავმისადგომის მშენებლობისა, შიდა აკვატორიის არეალში დამატებით (ლურჯი ოვალი) ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ჩატარებას და საწყობიდან კარბამიდის გემში გადასატვირთად დახურული კონვეიერით გემში ჩამტვირთველი მანქანა – დანადგარის მონტაჟს ითვალისწინებს.

მეორე ფაზის დასრულების შემდგომ, კარბამიდის (ნაყარი, ბიგბეგებში), გოგირდის, ფეროსილიკომანგანუმის, ალუმინის სხმულებისა და ფოლადის რულონების დამატებითი მოცულობების დამუშავება იქნება შესაძლებელი.

მეორე ფაზის გაფართოების შედეგად, კარბამიდის ჯამური სიმძლავრე წელიწადში 700 000 ტონამდე გაიზრდება.

ახალი ტექნოლოგიის გამოყენების პირობებში, გადატვირთვის წარმადობის წელიწადში 700 000 ტონამდე გასაზრდელად, შემცირდება არსებული (ძველი) საწყობის გადატვირთვის სიმძლავრე და მის საპირწონედ 600 000 ტონამდე გაიზრდება 3050 მ²-ზე განთავსებული ახალი საწყობიდან ძირითადი ოპერაციები.

2025 წელს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება გემების დატვირთვის ოპერაციებში კორექტირებას ითვალისწინებდა. კერძოდ, კარბამიდით 40 000 ტონა ტვირთამწეობის გემების დატვირთვა მოხდება დახურული საწყობიდან კონვეიერული სისტემის საშუალებით, რომელიც N2 ნავმისადგომზე მდგარ გემებს დაუკავშირდება.

გარდა ამისა, ექსპლუატაციის პირობების ცვლილება აკვატორიის 3 ჰექტარ ფართობზე, ნავმისადგომის არეალში, 12.5 მეტრამდე დაღრმავებას ითვალისწინებს, რისთვისაც დრეგირებული მასალის სახით გამოტანილი იქნება 150–200 ათასი მ³ გრუნტი.

როდესაც ცენტრალური აზიის სამრეწველო პროდუქციის მოზიდვაზეა საუბარი, გასათვალისწინებელია, რომ უზბეკეთსა და ყაზახეთს ქიმიურ მრეწველობაში, მათ შორის მინერალური სასუქების წარმოებაში, ახლო მომავალში 15 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განთავსების სახელმწიფო პროგრამა აქვთ დამტკიცებული.

სწორედ ამ ტვირთნაკადის ათვისებას ემსახურება საქართველოს ნავსადგურებში ქიმიური ტვირთებისათვის განკუთვნილი სატერმინალო ქსელის გაფართოებისკენ მიმართული ღონისძიებები.

რისი დადასტურებაცაა ახლახან ყაზახეთის მთავრობის მიერ ადგილობრივ კომპანია KazAzot PRIME-თან აქტაუში კარბამიდის წარმოების ქარხნის მშენებლობის შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულება.

მხოლოდ ამ პროექტის ღირებულება 1.65 მილიარდი დოლარია. ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება 2030 წლისთვისაა დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ ქარხანა წლიურად გამოიმუშავებს 660 ათას ტონამდე ამიაკს, 580 ათას ტონა კარბამიდს და 500 ათას ტონა ამონიუმის ნიტრატს.

გამოშვებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ყაზახეთის შიდა ბაზარზე იქნება მიწოდებული, ხოლო მეორე ნაწილი კი შუა დერეფნის გავლით მსოფლიოს სხვდასხვა არეალებზე გადანაწილდება.  მათ შორის მნიშვნელოვანია, თურქეთის დანიშნულებით ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის დატვირთვა.

დასკვნის სახით – ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გაფართოებით, საქართველოზე გამავალ დერეფანს ცენტრალური აზიიდან დამატებითი ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობა გაუჩნდება. გარდა ამისა, საქართველოს ორივე – ბათუმისა და ფოთის – ნავსადგურს, ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე, მინერალური სასუქების გაზრდილი მოცულობების მიღება – გადამუშავების შესაძლებლობა ექნება.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

თქვენი თანადგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განცხადება

Related Posts

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Kairos Logistics-ი ქვეყანაში ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას აძლიერებს

სახელმწიფოს პრეროგატივას ლოგისტიკური ცენტრებისათვის კონკრეტული ადგილმდებარეობის მიხედვით აუცილებელი მისასვლელი გზებით და სათანადო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა წარმოადგენს – კერძო ბიზნესმა…
მეტის ნახვა

ბალტიის ზღვაზე ღრმაწყლოვანი საკონტეინერო Baltic Hub-ის მშენებლობის მაგალითზე, 2029 წლისთვის ანაკლიის ნავსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება წარმოუდგენელ ამოცანას წარმოადგენს

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის ნავსადგური 2029 წლისთვის 600 000 TEU-მდე, ხოლო მეორე ეტაპზე – 2035 წლისთვის მინიმუმ 1…
მეტის ნახვა

საქართველოს რკინიგზის რეფორმა მისი აქტივების  საერთაშორისო ბირჟებზე რეალიზებას უნდა ითვალისწინებდეს

ნებიემიერი ქვეყნის სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმირების  დოკუმენტი, სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით – სარკინიგზო ქსელზე კერძო გადამზიდავების დაშვებას უნდა ითვალისწინებდეს. ბუნებრივია…
მეტის ნახვა