საერთაშორისო – სატრანზიტო ახალქალაქი  – კარწახის საგზაო მონაკვეთის მწობრიდან გამოსვლის გამო, მოსახლეობა და მძღოლები სასწრაფო რეაბილიტაციას ითხოვენ

შუშან შირინიანი – საინფორმაციო ვებგვერდ Jnews-ის თანადამფუძნებელი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ჟურნალისტი. ძირითადი თემები – ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი თვითმმართველობა და სოფლის მეურნეობა. რეგულარულად აშუქებს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მიმდინარეობას.

ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის საზღვარი) საერთაშორისო სატრანზიტო გზა უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია. საგზაო მონაკვეთის გასწვრივ მდებარე სოფლების მაცხოვრებლებმა აღარ იციან – ვის მიმართონ.

სატრანზიტო სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლები ადგილობრივ მედიას ფოტოებსა და ვიდეოებს უგზავნიან იმ იმედით, რომ გზას საბოლოოდ რეაბილიტაცია ჩაუტარდება. თუმცა, არაერთი დაპირების მიუხედავად, სამუშაოების დასრულების ვადები დღემდე გაურკვეველია.

JNEWS-ი გზის ამ მონაკვეთის სავალალო მდგომარეობის შესახებ 2023 წლიდან ავრცელებს ინფორმაციას. თუმცა, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ვერც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ვერც კონტრაქტორ კომპანიებს გზის რეაბილიტაციის დასრულების ზუსტი დროის შესახებ არ შეუძლიათ დამაიმედებელი ინფორმაციის მოწოდება.

აღსანიშნავია, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ, გაზაფხულზე, როგორც ჩანს, სიტუაცია მკვდარი წერტილიდან დაიძრა. დაიწყო მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები, მათ შორის, გზის მიწის ვაკისის დაზიანებული ადგილების გამაგრება არა ახალქალაქი-კარწახის გზის მთელ სიგრძეზე (რომელიც სიგრძე 30 კმ-ია), არამედ მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთებზე.

მ.წ. აპრილის დასაწყისში სოფელ დადეშიდან ვაჩიანის მონაკვეთზე გზა ხრეშით დაიფარა, ხოლო დარჩენილი მონაკვეთებიდან ძველი საფარი მოხსნეს. ყველას იმედი ჰქონდა, რომ ასფალტის დაგება მალე დაიწყებოდა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა – კომპანიებმა სამუშაოები შეაჩერეს და მომზადებული ადგილები ისევ ტალახად და დიდ ორმოებად იქცა. შედეგად, გზაზე გავლა კიდევ უფრო გართულდა.

 

წარმოგიდგენთ რამდენიმე სატვირთოს მძღოლის კომენტარს:

„გზაზე სატვირთოების დიდი დატვირთვების გამო, დაქუცმაცებული ფრაქციის ღორღი დაყარეს, რამაც მდგომარეობა გააუარესა. სიტუაცია მართლაც საშინელია. როდესაც ახალქალაქში შედიხარ, ხიდს გადაკვეთ და აღმართზე ადიხარ, გზის მდგომარეობა უბრალოდ კატასტროფულია. ანდაც სამხედრო ბაზის მახლობლად მდებარე გზა, როგორც ჩანს, აქ გარკვეული სამუშაოები ჩაატარეს – ზედაპირი დატკეპნეს – მაგრამ ახლა გზის საფარი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაშია. არ ვიცი, რას ელოდებიან. გზას სასწრაფო შეკეთება ესაჭირდება –  მდგომარეობა საშინელია“.

სხვა მძღოლის მონათხრობით:

„ახალქალაქში შესვლისას ხიდს გადაკვეთთ და ქალაქისკენ მიემართებით, თუმცა მე თავად ცენტრზე არ ვსაუბრობ. ეს არის მონაკვეთი, რომელსაც ძირითადად სატვირთო მანქანები იყენებენ კარწახისკენ მიმავალ გზაზე, ახალქალაქის გარეუბანთან უფრო ახლოს. იქ გზის მდგომარეობა უბრალოდ საშინელია.“

კიდევ ერთი მძღოლის მონათხრობით:

„ამჟამად გზაში ვარ, ახალციხის მხრიდან მოვდივარ და მდგომარეობა ცუდია. გზა ფაქტობრივად გაწმენდილი, გასწორებული და მსხვილი ღორღით გამაგრებული იყო – ჩანდა, რომ დიდი სამუშაო შესრულდა. თუმცა, ვერ ვხვდები, ასფალტი რატომ არ დააგეს?!, ამინდი ამისთვის ნამდვილად ხელსაყრელი იყო. წვიმების შემდეგ კი გზა სრულიად დაზიანდა.“

2010 წელს გზის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, არანაირი ძირითადი რემონტი არ ჩატარებულა. სამუშაოები შემოიფარგლა ორმოების შეკეთებით და კონკრეტულ მონაკვეთებზე ხელახლა ლოკალური საფარით დაგებით.

2022 წელს სოფელ ვაჩიანში, ამ საერთაშორისო გზატკეცილის გასწვრივ მდებარე დაახლოებით ერთ კილომეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მათ შორის, საფუძვლის გამაგრება. თუმცა, ეს მონაკვეთი უკვე კვლავ საჭიროებს შეკეთებას.

გასულ წელს დაიგო გზის მონაკვეთი სოფელ კარწახიდან კარწახის საბაჟო-გამშვებ პუნქტამდე. გზა კარგ მდგომარეობაშია, თუმცა გზისპირა გვერდულები და მიმდებარე ტერიტორიები ჯერ არ არის კეთილმოწყობილი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მონაკვეთი კონტრაქტორს ჯერ არ ჩაუბარებია.

 

2023 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყოველთვიურად ვუკავშირდებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რათა შევამოწმოთ ახალქალაქი-კარწახის გზის რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობა. პასუხი ყოველთვის იმედისმომცემია: „უბრალოდ მოიცადეთ; ჩვენ ვიცით პრობლემის შესახებ და სამუშაოები მალე დაიწყება“. თუმცა, ეს „მალე“ ჯერ არ დამდგარა.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ზუსტად რომელი კომპანიაა პასუხისმგებელი შეკეთებაზე, დღესაც გაურკვეველი რჩება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაცემულ სატენდერო დოკუმენტაციაში ერთი კომპანიაა მითითებული, თუმცა ადგილზე რეალურად სამი მუშაობს. რთულია იმის დადგენა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი რომელ მონაკვეთზე.

სოფელ სულდას მკვიდრმა, გევორგ ჯანოიანმა, რომელმაც პრობლემის სწრაფი გადაჭრის იმედი დაკარგა, თავის Facebook-გვერდზე ღია წერილი გამოაქვეყნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართა, რათა საკითხი პირადად აეღო პასუხისმგებლობის ქვეშ.

თავის მიმართვაში იგი წერს:

მე, გევორგ ჯანოიანს, მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო გზის სავალალო მდგომარეობას.

ამ გზის მშენებლობა დაახლოებით ორი წელია დაუმთავრებელია. სამუშაოები მხოლოდ მცირე ხნით – დაახლოებით ერთი ან ორი თვის განმავლობაში – გაგრძელდა, რის შემდეგაც ის დიდი ხნით შეჩერდა და პრაქტიკულად აღარ განახლებულა.

უფრო მეტიც, ბევრ შემთხვევაში, იმ ადგილებში, სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა, გზის მდგომარეობა გაუარესდა, რაც მას კიდევ უფრო სახიფათოს ხდიდა მოძრაობისთვის.

დღეს ათასობით ადამიანი იძულებულია, იმოძრაოს მტვრიან, დანგრეულ და სახიფათო გზაზე, საფრთხეში იგდებს სიცოცხლეს და აზიანებს მანქანებს, რაც საერთაშორისო მაგისტრალისთვის მიუღებელია.

ჩვენ შეუძლებელს არ ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ უმოკლეს დროში აშენებულ უსაფრთხო და ხარისხიან გზას.

პირადად გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ამ საკითხს, დაავალოთ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ განაახლონ და დააჩქარონ სამშენებლო სამუშაოები და უზრუნველყონ მისი სათანადო ხარისხის დაცვით განხორციელება.

JNEWS-ი ყოველ კვირას უკავშირდება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. ბოლოს, როდესაც ვესაუბრეთ, გვაცნობეს, რომ სამუშაოები ივლისში განახლდებოდა. თუმცა, შეფერხების ძირითადი მიზეზის დადგენა მაინც ვერ მოხერხდა.

ახალქალაქი-კარწახის გზის რეაბილიტაციის ზუსტი თარიღი უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელი უწყებები დაპირებებით შემოიფარგლებიან, გზა კვლავ უარესდება და ადგილობრივი მოსახლეობის მოთმინება იწურება.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

ბალტიის ქვეყნების გზა ევროინტეგრაციისკენ – ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი – მშენებარე Rail Baltica-ს სარკინიგზო ხაზისთვის 20 ერთეულ სამგზავრო მატარებელს შეიძენენ

Related Posts

შუა დერეფანი – ახალი ევრაზიული მაგისტრალი თუ გადაჭარბებული ამბიციების  პროექტი?

ახლახანს ყაზახურ Magistral Life ის პლატფორმაზე „შუა დერეფანი – ახალი ევრაზიული მაგისტრალი თუ გადაჭარბებული ამბიციების  პროექტი?“ ამ სათაურით,…
მეტის ნახვა

რა საფრთხეებს შეიცავს ევროპულ  სივრცეში განლაგებული ჩინეთის ნავსადგურები

ჩინეთს მსოფლიოს  50 სახელმწიფოში 100 ზე მეტ მსხვილ ნავსადგურზე  გააჩნია ფინანსური ზეგავლენა, აკონტროლებს ყველა, ძირითად საზღვაო / საკონტეინერო…
მეტის ნახვა

ვოლგა – დონის სამდინარო არხით გადაზიდვების 40 % იანი ვარდნა საქართველოზე გამავალ დერეფანს დამატებითი ტვირთების გადმორთვის პერსპექტივას უჩენს

ვოლგა – დონის სამდინარო არხი შუა დერეფნის ერთ – ერთ მნიშვნელოვან და მძლავრ კონკურენტ მარშრუტს წარმოადგენს. საომარი დაპირისპირების…
მეტის ნახვა