ივნისის დასაწყისში სომხეთის პრემიერის, ნ. ფაშიანიანის, განცხადებით, მთავრობამ დამოუკიდებლად გამოაცხადა ტენდერი თურქეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებისკენ მიმავალი რკინიგზის ხაზების აღდგენასთან დაკავშირებით.
პარალელურად, სომხეთი აგრძელებს სამართლებრივ კონსულტაციებს კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან“ (ЮКЖД), რომელიც რუსულ მხარეს წარმოადგენს და სომხეთის რკინიგზების მართვის კონცესიას ფლობს.

მანამდე სომხეთმა წამოაყენა წინადადება კონცესიის სხვა „მეგობარ“ ქვეყანაზე, თუნდაც ყაზახეთსა ან არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, გადაცემის შესახებ, თუმცა რუსეთმა ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი გიუმრი-ახურიკის რკინიგზის მონაკვეთისა და აზერბაიჯანის ნახიჩევანის საზღვართან განლაგებული ერასხის უბნის აღდგენითი სამუშაოები. რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს, ჩვენ გავაგრძელებთ სამუშაო დონეზე განხილვებს, მათ შორის, რუსეთის რკინიგზასთან. ჩვენი პოზიციები არ შეცვლილა და არც შეიცვლება“, – ხაზგასმით აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

სომხეთის მხარე ბოლომდე ვერ აკონკრეტებს, ამოღებული იქნება თუ არა რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთები „სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან“ დადებული საკონცესიო დოკუმენტიდან.
„ეს მონაკვეთები ჩვენი რკინიგზის შემადგენელი ნაწილებია, ჩვენი საკუთრებაა და ჩვენ უნდა ვმართოთ ჩვენი საკუთრება. დეტალებს ვერ გავაჟღერებ, რადგან ეს საკითხები სამართლებრივი კონსულტაციებისა და სამუშაო განხილვების გზით უნდა გადაწყდეს. შემიძლია ვთქვა, რომ „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ (ЮКЖД) ჩართულია ამ პროცესებში, მათ იციან, რა ხდება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
იმ ვითარებაში, როდესაც ჯერ ჩანასახშიც არ არის ზანგეზურის დერეფნის მშენებლობის პროცესი, რით არის განპირობებული სომხეთის მიერ დაჩქარებული ტემპით თურქეთთან და აზერბაიჯანთან სარკინიგზო მონაკვეთების რკინიგზის აღდგენის პროცესის აღდგენა? ჩვენ დღევანდელ ანალიტიკაში შევეცდებით, პასუხი გავცეთ ამ შეკითხვას.
თურქეთთან და აზერბაიჯანთან სარკინიგზო მონაკვეთების აღდგენა სომხეთის, როგორც სატრანზიტო სახელმწიფოდ, გადაქცევას უზრუნველყოფს, რაც ქვეყნის ძირითად სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს.
2008 წლიდან სომხეთის რკინიგზა რუსეთის რკინიგზის 100%-იან საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანიის, ЮКЖД „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“, კონცესიური მართვის ქვეშაა. ამ პერიოდის განმავლობაში სომხეთის რკინიგზის გადაზიდვები განახევრდა, ამასთან, ზოგიერთ სარკინიგზო მონაკვეთზე მოძრაობა შეწყდა და რუსეთის მიერ განხორციელებული ინვესტიციების ეფექტიანობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
რაც შეეხება რუსეთის მიერ სომხეთის რკინიგზაში განხორციელებული ინვესტიციების ეფექტიანობას, 2018 წელს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა 2008-2018 წლებში რუსეთის მხრიდან რკინიგზის საინვესტიციო ვალდებულების შესრულების აუდიტისა და შესაძლო ფინანსური დარღვევების ანგარიში.
ჯერ კიდევ 2016 წელს სომხურმა მხარემ უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის მხარის სატარიფო პოლიტიკითა და მონოპოლიური პოზიციის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. მსგავსი კონფლიქტი მოგვიანებით, 2018-2019 წლებშიც გაჩაღდა, როდესაც აუდიტმა რკინიგზაზე 60 მლნ დოლარის გადასახადებისგან თავის არიდება გამოავლინა.
იმ პერიოდში, სომხეთის მხრიდან ასეთი ზეწოლის პირობებში, რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ კონცესიიდან გასვლას განიხილავდა, რადგან მის მიმართ აშკარა საგამოძიებო ზეწოლის ბერკეტი გამოიყენებოდა.
მოგვიანებით, 2021 წელს, იმ პერიოდში ჯერ კიდევ მოკავშირეთა ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენების მოტივით, რუსეთის ხელისუფლების დაწოლით, სისხლის სამართლის საქმე შეწყდა და რუსეთმა განაგრძო კონცესიით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება.
მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელში აღმოჩნდა სომხეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მარშრუტების სრულად დებლოკირების ბერკეტი, ამასთან, ისიც ნათელია, რომ რუსეთი ამ იარაღს პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენებდა, სომხეთში აქტიურად განიხილავენ კონცესიიდან გამოსვლისა და რკინიგზის სომხეთის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შესაძლებლობას.
კონცესიის მესამე ქვეყნისთვის მიყიდვის წინადადება სომხეთმა მანამდეც დააყენა, რაზეც მოსკოვმა საკმაოდ სწრაფად უარით უპასუხა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის პრემიერის შეთავაზებას „უცნაური და ნაკლებად სავარაუდოდ მისაღები“ უწოდა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს განცხადება უფრო კატეგორიული აღმოჩნდა, რაც პრაქტიკულად გამორიცხავდა რუსეთის მიერ კონცესიის რომელიმე სხვა მესამე ქვეყნისთვის გადაცემის შესაძლებლობას. კერძოდ, რუსეთის უშიშროების საბჭომ აღნიშნა, რომ სომხეთის რკინიგზაში 20 წლის განმავლობაში, კონცესიის პირობით გათვალისწინებული თანხის 90%, ანუ 388 მლნ აშშ დოლარი, ინვესტიციის სახით ჩაიდო, შეკეთდა 520 კმ რკინიგზა. სამხრეთ კავკასიის რკინიგზა პასუხისმგებლობით ასრულებს თავის ვალდებულებებს და კონცესიის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა მყისიერად დაანგრევს აწყობილ სისტემას.
ცნობისათვის, 2008-2025 წლებში რუსეთის მხრიდან სომხეთის რკინიგზაში კონცესიის პირობით ჩადებული თანხიდან, 388 მლნ დოლარიდან, ინფრასტრუქტურაში 271 მლნ დოლარი, ხოლო მოძრავ შემადგენლობაში 117 მლნ დოლარი ჩაიდო.
გარდა ამისა, რკინიგზაში დასაქმებულია 2500 პერსონალი, როდესაც მოთხოვნა მხოლოდ 1500-ს შეადგენს, რითაც რუსეთის მხარე სოციალური ვალდებულებების შესრულებაზე ამახვილებდა ყურადღებას.
მიუხედავად რუსეთის მხარის საინვესტიციო ვალდებულებების გადაჭარბებით შესრულების შესახებ გაკეთებული არაერთი განცხადებისა, სომხეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურა სახარბიელო მდგომარეობაში არ იმყოფება.
რუსეთის მხარის მოსაზრების საპირისპიროდ არსებობს ციფრები და მათზე დაყრდნობილი მოსაზრებები, რომლებიც უარყოფს კონცესიის პერიოდში სომხეთის რკინიგზის გადაზიდვების ეფექტურობას.
ამჟამად სომხეთის რკინიგზაზე სატვირთო შემადგენლობის მოძრაობის საშუალო სიჩქარე 34 კმ/სთ-ია. მოძრავი შემადგენლობა მოძველებულია და ჯერ კიდევ 1960 წელს გამოშვებული ელმავლები ახორციელებენ გადაზიდვებს.
ნათელია, რომ ტვირთბრუნვის ასეთ შემცირებულ პირობებში, რუსეთის ხელში არსებული სომხეთის რკინიგზა აპრიორი წამგებიან კომპანიას წარმოადგენს.
შემცირებული ტვირთბრუნვის, ასევე სომხეთის ტერიტორიაზე უმოქმედო სარკინიგზო მონაკვეთების დაჩქარებული ტემპით აღდგენის მიზნით, სომხეთის პრემიერმა სომხეთის რკინიგზის რუსეთის კონცესიიდან გამოსვლის მიზანშეწონილობის საკითხი დააყენა.
პრემიერის განცხადებით: „ის ფაქტი, რომ სომხეთის რკინიგზა რუსეთის რკინიგზის კონტროლის ქვეშაა, ნიშნავს, რომ ვკარგავთ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას“.
ყოველივე ამას წინ უძღოდა სომხეთის მიმართვა რუსეთის მხარისადმი ზანგეზურის დერეფნის შემადგენელი იერასხი – აზერბაიჯანის (ნახჭევანის) საზღვარი და ახურიკი – თურქეთის საზღვარი ორი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენასთან დაკავშირებით.
მოსკოვმა თავდაპირველად სომხეთის წინადადებას, კერძოდ, სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-აზერბაიჯანის 12.4 და 1.6 კმ-იანი მონაკვეთების აღდგენასთან დაკავშირებით, მზადყოფნით უპასუხა.

დამატებით, მოსკოვმა განმარტა, რომ 2008 წელს სომხეთის მხარესთან გაფორმებულ საკონცესიო ხელშეკრულებაში დაფიქსირებული არ არის სომხეთის უმოქმედო სარკინიგზო მონაკვეთების აღდგენის პასუხისმგებლობა. უფრო მეტიც, რუსეთის მხარე აღნიშნავს, რომ უმოქმედო სარკინიგზო მონაკვეთების აღდგენა ცალკე ხელშეკრულების საგანია და ახალ საინვესტიციო პაკეტად უნდა იქნეს განხილული.
ნათელი გახდა, რომ რუსეთის მხარემ სომხეთის ტერიტორიაზე უმოქმედო მონაკვეთების აღდგენასთან დაკავშირებით დროის გაყვანის სტრატეგიას მიმართა.
სომხეთის მხარის ვარაუდით, რუსული მხარე დროულად არ პასუხობს სომხეთის წინადადებას. პარალელურად, თურქეთი სომხეთის გვერდის ავლით, დაჩქარებული ტემპით, ალტერნატიული ნახჭევან-ყარსის რკინიგზის მშენებლობას აწარმოებს. ასეთ ვითარებაში კი სომხეთის გავლით ყარსის (ნახჭევანი – იერასხი – ახურიკი – ყარსი) მარშრუტი აქტუალობას კარგავს.
რუსული მხარის ინერტულობის ფონზე, სომხეთი ნათლად ხედავს თურქეთის ტერიტორიაზე კონკურენტული მარშრუტის – ყარსი – იღდირი – არალიკი – დილუჯუს მიმართულებით – სარკინიგზო დერეფნის მშენებლობის გააქტიურებას.
ასეთი სცენარით განვითარების პირობებში, სომხეთის მხარეს შესაძლებლად მიაჩნია განაცხადოს, რომ ზანგეზურის დერეფნის სომხეთის მონაკვეთზე სატრანზიტო პოტენციალის დაკარგვა კონცესიონერის, კერძოდ, რუსეთის ინერტულობის მიზეზს წარმოადგენს, რასაც, სომხეთის ვარაუდით, საკონცესიო შეთანხმების გადახედვა უნდა მოჰყვეს.
არსებობს თუ არა რუსეთის მხარესთან მოლაპარაკების შესაძლებლობა კონცესიის გამოსყიდვასთან დაკავშირებით?
არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც სომხეთის მხარე მაქსიმალურადაა დაინტერესებული მის ტერიტორიაზე დაპაუზებული სარკინიგზო მონაკვეთების ამოქმედებით, აუცილებელია, სომხეთმა განიხილოს რუსეთთან გაფორმებული საკონცესიო ხელშეკრულებიდან, თუნდაც ფინანსური სახსრების კომპენსირების შედეგად, გამოსვლისა და რკინიგზის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შესაძლებლობა.
გამოსავალი არსებობს – საკონცესიო შეთანხმების პირობების თანახმად, ეს თანხა დაგეგმილი ინვესტიციის ნახევარს დამატებული საშუალო მოსალოდნელი მოგებაა და სავარაუდოდ 150-200 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
აღნიშნული თანხა სომხეთისთვის ე.წ. „ძალდატანებით გადასახდელ“ თანხას წარმოადგენს. არსებული გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხის მოძიება, საერთაშორისო კრედიტორების ჩართულობით, სრულიად შესაძლებელია.