სატრანსპორტო კომპანიები კვალიფიცირებული მძღოლების დეფიციტს სერიოზულ გამოწვევად და დარგის განვითარების ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევენ

მსოფლიოში საავტომობილო გადაზიდვების მოცულობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე პროფესიონალ მძღოლთა რაოდენობა. შედეგად, შორ მანძილზე მომუშავე სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების დეფიციტი დარგის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად იქცა. ამის შესახებ საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის IRU-ს ბოლო კვლევაშია აღნიშნული.


ახლახან საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირმა IRU-მ სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების გლობალური დეფიციტის გაღრმავების შესახებ განაცხადა.

ორგანიზაციის უახლესი კვლევის თანახმად, მსოფლიოს სატრანსპორტო სექტორის 18 საკვანძო ბაზარზე 2.9 მილიონი მძღოლის ვაკანსია რჩება შეუვსებელი, რაც საშუალოდ დარგში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 11%-ს შეადგენს.

შესწავლილ ბაზრებს შორის სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების დეფიციტის დონე ევროპაში 13%-ს, ჩინეთში – 10%-ს, ავსტრალიაში – 12%-ს, ბრაზილიაში – 11%-ს, მექსიკაში – 14%-ს შეადგენს.

დღეს აშშ-სა და კანადაში 350 000 მძღოლის ვაკანსიაა… 2028 წლისთვის მძღოლების დეფიციტი, სულ მცირე, გაორმაგდება!!! მსგავსი ვითარებაა ევროპის ქვეყნებშიც – გერმანიაში, საფრანგეთსა და შვედეთში.

მძღოლების დეფიციტი შეიმჩნევა საქართველოში. ხშირად სოციალურ ქსელებში შეხვდებით ამა თუ იმ სატრანსპორტო კომპანიის განცხადებას მძღოლების დასაქმებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, რიგ კომპანიებს გაჩერებული ჰყავთ სატრანსპორტო საშუალებები იმის გამო, რომ ვერ მოძებნეს მძღოლი და ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს პრობლემა საქართველოში უფრო გაღრმავდება, რადგან ქართველი მძღოლი ხშირად ტოვებს ქვეყანას და მიდის უცხოეთში სამუშაოს საძებნელად.

სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების დეფიციტი საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია შეინიშნება, ამასთან, სახეზეა მძღოლების უცხოეთში გადინების შეუქცევადი პროცესი.

სავარაუდოდ, მძღოლების გლობალური დეფიციტი უფრო მტკივნეულად საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე აისახება.

ყველაზე რთული ვითარება ევროპაშია, სადაც სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების დეფიციტი 500 000-ს აჭარბებს, რაც ბაზრის მოთხოვნის 13%-ია.

IRU-ს მონაცემებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროპელი მძღოლების 20% საპენსიო ასაკს მიაღწევს, რაც კიდევ უფრო გაზრდის სამუშაო ძალის კუთხით დეფიციტს.

მომდევნო წლებში ვითარება შესაძლოა გაუარესდეს სამუშაო ძალის დაბერების გამო. IRU-ს პროგნოზით, 2030 წლისთვის პენსიაზე გავა 4 მილიონი მძღოლი, რაც გლობალური სამუშაო ძალის საერთო რაოდენობის 12%-ს შეადგენს. მხოლოდ ევროპაში, საპენსიო ასაკის გამო, დარგს  660 000 პროფესიონალის დაკარგვის საფრთხე ემუქრება, იმ 500 000 ვაკანსიის გარდა, რომლებიც უკვე არსებობს.


ევროპული გადამზიდავი კომპანიები მძღოლების დაბერებასა და ახალი კადრების დეფიციტს თავიანთი ბიზნესის წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევენ.

IRU მიიჩნევს, რომ მძღოლების დეფიციტი აღარ შეიძლება განიხილებოდეს როგორც დროებითი მოვლენა, ის დაკავშირებულია გრძელვადიან დემოგრაფიულ და სტრუქტურულ ცვლილებებთან.

IRU-ს პრეზიდენტის, უმბერტო დე პრეტოს, განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ხელფასების ინდექსირება (მომატება) აღარ არის საკმარისი. ახალი კადრების მოსაზიდად გადამზიდავებმა უნდა გააუმჯობესონ სამუშაო პირობები, კერძოდ, უზრუნველყონ უფრო პროგნოზირებადი განრიგი, გაზარდონ მძღოლისთვის სახლში გატარებული დასვენების დრო, მოაწყონ უსაფრთხო სადგომები და მოახდინონ ინფრასტრუქტურის მოდერნიზება.

IRU-მ ამ პროცესს საავტომობილო გადაზიდვებში „შენელებული დემოგრაფიული მოქმედების ნაღმი“ უწოდა, რომელიც ახლო მომავალში სერიოზულად დააზიანებს გადაზიდვებში ჩართული ქვეყნების ლოგისტიკურ მდგრადობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას.

IRU-ს მთავარ ამოცანას არა მხოლოდ არსებული მძღოლების შენარჩუნება, არამედ ახლების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მოზიდვა წარმოადგენს.

ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად ევროკავშირს მთავრობების მიერ მართვის მინიმალური ასაკის შემცირება და კვალიფიკაციის მოპოვების ხარჯების სუბსიდირება მიაჩნია.

სადღეისოდ, საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე სახელმწიფოს მხრიდან, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული მძღოლებისათვის კვალიფიკაციის მოპოვების სხვადასხვა დოკუმენტი არსებობს, ამ დოკუმენტების ხარჯების სუბსიდირების ნაცვლად, ქართველ მძღოლებს უხდებათ სულ უფრო მეტი გადაიხადონ სხვადასხვა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მისაღებად.

ამ თვალსაზრისით, ქართველი ახალგაზრდა, 25 წლამდე მძღოლებისთვის, კვალიფიკაციის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტების სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება უდავოდ წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

დასკვნის სახით – კვალიფიცირებული მძღოლების დეფიციტი სატრანსპორტო კომპანიებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გადაზიდვების ბაზრის განვითარებაზე.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

შუა დერეფნის მიმზიდველობა – ქვეყანაში კერძო სატვირთო სარკინიგზო კომპანიების განვითარებას და მათ მიერ საკუთარი სავაგონო პარკის სისტემურ განახლებას ემყარება

Related Posts

სამხრეთ დერეფნის გააქტიურება, შუა დერეფანს ტვირთების დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებს

ბოლო პერიოდში, შუა დერეფნის ალტერნატიული, ყაზახეთ –  უზბეკეთ – თურქმენეთ – ირან – თურქეთზე გამავალი სამხრეთ დერეფნის მარშრუტი…
მეტის ნახვა

ყაზახეთი სატვირთო ავტოტრანსპორტის წონისა და გაბარიტული ზომების ავტომატურ კონტროლზე გადადის – საჭიროა თუ არა საქართველოში ამ სისტემის დანერგვა?

როგორც შიდა ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ზენორმიული ღერძზე მოსული დატვირთვით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები, გზების სხვადასხვა სახის დაზიანებებს იწვევენ.…
მეტის ნახვა

ესაჭიროება თუ არა კახეთის რეგიონს რკინიგზის აღდგენა?

კახეთის სარკინიგზო განშტოების აღდგენის და ამოქმედების ერთ-ერთი გამოსავალი ევროპაში ფართოდ აპრობირებული საკონცესიო შეთანხმების მოდელის დანერგვაა, რომლის საფუძველზეც, განშტოებით…
მეტის ნახვა