სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა ახლახან საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ანალიტიკური ინფორმაცია, რომელიც მსოფლიოში საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში მძღოლების დეფიციტს ეხებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ IRU-მ, საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირმა, ამ პროცესს საავტომობილო გადაზიდვებში „შენელებული დემოგრაფიული მოქმედების ნაღმი“ უწოდა, რომელიც ახლო მომავალში სერიოზულად დააზიანებს გადაზიდვებში ჩართული ქვეყნების ლოგისტიკურ მდგრადობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას.
აღნიშნულ სტატიას სოციალურ ქსელში, როგორც გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელების, ასევე გადაზიდვებში ჩართული მძღოლების მხრიდან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაზეც მეტყველებს სტატიის მიერ 80 000- ზე მეტი ნახვა და 100-ზე მეტი კომენტარი.

სტატიის კომენტარების დამუშავების შედეგად ცალსახად გამოიკვეთა, რომ სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების დეფიციტი საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია შეინიშნება. ამასთან, სახეზეა მძღოლების უცხოეთში გადინების შეუქცევადი პროცესი.
გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი მძღოლი ხშირად ტოვებს ქვეყანას და მიდის უცხოეთში სამუშაოს საძებნელად, საქართველოდან მძღოლების დენადობა გაღრმავდება. შედეგად, ახლო მომავალში სატვირთოების მძღოლების დეფიციტი გაცილებით მტკივნეულად საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე აისახება.
საქართველოში მძღოლების გადინების მიზეზების დასადგენად, ჩვენს მიერ დამუშავებული და სეგმენტირებული იქნა გადამზიდველებისა და მძღოლების მიერ დასახელებული პრობლემები.
რადგანაც ჩვენი ორგანიზაციის გვერდს თვალს ადევნებენ სახელმწიფო უწყებებში მომუშავე გადაწყვეტილების მიმღები პირები, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, გადამზიდველებისა და ცალკეული მძღოლების კომენტარები ჩვენი ინტერპრეტაციით წარმოგვეჩინა და მათ საფუძველზე გაგვეკეთებინა აგრეგირებული დასკვნები.
კომენტარების საფუძველზე გამოვყავით რიგი საკითხები, რომელთა მოუგვარებლობა ქართველ მძღოლს აიძულებს, დატოვოს ქვეყანა ანდაც საერთოდ დაანებოს თავი სატვირთოს მძღოლობას. იხილეთ ჩამონათვალი:
ქვეყნის საავტომობილო გზებზე და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე საცობები;
დაბალი ანაზღაურება, მოუვლელი და გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებები;
საავტომობილო გზებზე, პირველ რიგში, შემოვლით გზაზე, აჭარაში, სატრანსპორტო საშუალებების დიდი ხნით და უმიზეზოდ დაყოვნებები;
ძირითად საავტომობილო მაგისტრალებზე – მცხეთისა და ქობულეთის ხიდებზე დაუსრულებელი სამშენებლო სამუშაოები;
პოლიციის გულგრილი დამოკიდებულება, ნატახტართან, წითელი სოფლის მიმდებარედ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ფუნქციონირება;
დამსაქმებლების მხრიდან მძღოლების შვებულებისა და სამედიცინო დაზღვევის სისტემის არარსებობა;
სატრანსპორტო საშუალებების საპარკინგე ადგილებში გაუარესებული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები.
ქვემოთ წარმოდგენილია გადამზიდველები კომპანიების და მძღოლების კომენტარები.
ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელი მძღოლების საქართველოს დატოვების ძირითად მიზეზად ქვეყნის საავტომობილო გზებზე და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე საცობების პრობლემას ასახელებს – ყოველდღიურად ისეთი საცობებია, რომ დროისა და ნერვების უზარმაზარი რესურსი იკარგება. მნიშვნელობა აღარ აქვს, რომელი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით აიღებთ გეზს – თითქმის ყველგან ერთი და იგივე მდგომარეობაა.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ლარსის მიმართულებით. უკვე ათ წელზე მეტია საუბარია იმ პრობლემური, დაახლოებით 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებაზე, თუმცა რეალური შედეგი დღემდე არ ჩანს. ამ დროს კი ყოველდღიურად ასობით და ათასობით მძღოლი საათობით, ზოგჯერ კი დღეებითაც, იძულებულია, საცობებში იდგეს.
ასეთ პირობებში რთულია, ადამიანმა მოტივაცია შეინარჩუნოს. თუ პრობლემების მოგვარების პერსპექტივაც არ ჩანს, ბუნებრივია, ადამიანები არჩევანს გააკეთებენ იმ ქვეყნების სასარგებლოდ, სადაც ინფრასტრუქტურა გამართულია, მოძრაობა ორგანიზებულია და პროფესიისადმი მეტი პატივისცემა არსებობს.
თუ მე მკითხავთ, ყველა იქ უნდა წავიდეს, სადაც ნორმალური პირობებია შექმნილი, ადამიანის დროს აფასებენ და მუშაობა მუდმივ სტრესთან და გაუთავებელ ლოდინთან არ არის დაკავშირებული.
ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელი მძღოლების გადინების პრობლემას საზღვრებზე რიგებთან და დროის დანაკარგებთან ერთად, გართულებულ პირობებში სატრანსპორტო კომპანიის ფუნქციონირების სირთულეებზე ამახვილებს ყურადღებას – სანამ საქართველოში არ მოწესრიგდება საზღვრებთან არსებული მძიმე მდგომარეობა – ტრაილერების მრავალდღიანი რიგები, გაუთავებელი ლოდინი, გაჭედილი მოძრაობა და დროის სრული დაკარგვა – სატრანსპორტო სფერო კიდევ უფრო დასუსტდება. ასეთ პირობებში ხალხი ამ საქმეს თავს დაანებებს, კომპანიები დაიხურება და პროფესიონალი კადრებიც ქვეყანას დატოვებენ.
სატრანსპორტო კომპანიები ქმნიან რეალურ სამუშაო ადგილებს, იხდიან გადასახადებს, ასაქმებენ მძღოლებს, დისპეტჩერებს, მექანიკოსებსა და სხვა სპეციალისტებს. კომპანიის საქმიანობა მხოლოდ ერთი მანქანის მართვას არ ნიშნავს – მის უკან დგას დიდი პასუხისმგებლობა, მუდმივი ხარჯი და მრავალი ადამიანის შემოსავალი.
ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელის ვარაუდით, ამ სფეროში ადგილობრივი მძღოლების დამაგრება, სახელმწიფოს მხრიდან სატრანსპორტო კომპანიების გაფართოების, ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენის, დასაქმების, გადასახადების გადახდისა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენ გადადგმული ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებითაა შესაძლებელი – ჩემი კომპანიის მაგალითს მოგიყვანთ, საქართველოში რეგისტრირებული ერთი სატვირთო ავტომობილი, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებზე მუშაობს, თვეში საშუალოდ მხოლოდ 4 000 კმ გადის. ეს არის კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელი და ნებისმიერი სატრანსპორტო კომპანიისთვის სერიოზულ ფინანსურ ზარალს ნიშნავს.
ამავე დროს, შედარებისთვის, ევროპული კომპანიის სატვირთოები, რომლებიც ევროპის ბაზარზე ოპერირებენ, თვეში საშუალოდ 20 000 კმ ს გადიან. განსხვავება იმდენად დიდია, რომ ბიზნესისთვის არჩევანი ფაქტობრივად აღარ რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოში არსებული საკუთარი ავტოპარკის ნაწილი უკვე გავაჩერე და გავყიდე, ხოლო დარჩენილი ავტომობილებიც ეტაპობრივად იყიდება. სამწუხაროდ, დღევანდელ პირობებში საქართველოში ამ სფეროში საქმიანობა ეკონომიკურად არარენტაბელურია.
სახელმწიფოს მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სატრანსპორტო კომპანიები გაფართოვდებიან, ახალ ავტომობილებს შეიძენენ, მეტ ადამიანს დაასაქმებენ, მეტ გადასახადს გადაიხდიან და ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებენ. როდესაც ბიზნესი იზრდება, იზრდება დასაქმებაც, ბიუჯეტის შემოსავლებიც და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალიც.
სამწუხაროდ, დღეს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს პრიორიტეტი არ არის. სწორედ ამიტომ, ბევრი კომპანია საქმიანობას ევროპისკენ გადააქვს, რადგან იქ არის პროგნოზირებადი გარემო, უკეთესი ინფრასტრუქტურა, უფრო ეფექტური ლოგისტიკა და პირობები, რომლებიც ბიზნესის ზრდას უწყობს ხელს და არა მის შეჩერებას.
ბიზნესი ყოველთვის იქ მიდის, სადაც მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობა არსებობს. თუ საქართველოში კონკურენტუნარიანი გარემო არ შეიქმნება, კაპიტალი, კომპანიები და სამუშაო ადგილები კვლავ სხვა ქვეყნებში გადავა.
ერთ-ერთი გადამზიდავი მძღოლი საქართველოში მძღოლების დეფიციტის მთავარ მიზეზად დაბალ ანაზღაურებას, მოუვლელ და გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებს, საზღვრებზე და ტერმინალებში გაუთავებელ რიგებს ასახელებს – ბევრს აღარ უნდა დღეებისა და კვირების გზაში გატარება იმ პირობებში, როცა შრომა სათანადოდ არ ფასდება. თუ პირობები და ანაზღაურება არ გაუმჯობესდება, მძღოლების დეფიციტი უფრო და უფრო გაიზრდება.
ერთ-ერთი გადამზიდავი სისტემურად აფასებს საავტომობილო სფეროში მძღოლების დეფიციტს და აქცენტს საზღვრებზე არასაკმარის გამტარუნარიანობასა და გზებზე დიდი ხნით და უმიზეზოდ დაყოვნებაზე აკეთებს – საზღვრებზე გამტარიანობის პრობლემაა, სადაც მძღოლი საათობით, სუტკობით დგას უმიზეზოდ და დროს კარგავს. ანდაც საავტომობილო გზების ნებისმიერ მიმართულებაზე საქართველოს ტერიტორიაზე თავიდან ბოლომდე შეუფერხებლად ვერ გადაადგილდები. ნებისმიერ ადგილას უმიზეზოდ შეუძლიათ ტრაილერი დიდი ხნით გააჩერონ. ასეთ პირობებში იგრძნობ, რომ ტრაილერის მძღოლი ქვეყნის საავტომობილო გზებზე ყველაზე ადვილად დასაჩაგრი პიროვნებაა.
ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელი პრობლემების მოსაგვარებლად პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს – პრობლემის მიზეზი მხოლოდ დაბალი ტარიფი, მძღოლი ან გადამზიდავი არ არის. მთავარი პრობლემა არის მოუწესრიგებელი გზები, საზღვრებზე არსებული ქაოსი, საათებისა და დღეების განმავლობაში ლოდინი და პასუხისმგებელი უწყებების უმოქმედობა.
მოაწესრიგეთ გზები და საზღვრები! შექმენით პირობები, სადაც სატვირთო მანქანა იმუშავებს და არა კვირეობით რიგში იდგება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში სატრანსპორტო სფერო დაცარიელდება, კომპანიები გაკოტრდებიან და ქვეყანაში დასაქმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განადგურდება.
ერთ-ერთი გადამზიდავი მძღოლი გაურკვეველ გადასახადებსა და საზღვრებზე მოცდენებზე ამახვილებს ყურადღებას – ნუ დაგვავიწყდება სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც. მაგალითად, ნატახტართან, წითელი სოფლის მიმდებარედ, რატომ დგას იქ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და კონკრეტულად რა მომსახურებისთვის იხდიან მძღოლები ფულს? ასეთ საკითხებზე პასუხი აუცილებლად უნდა მოეთხოვოს შესაბამის უწყებებს. სწორედ ასეთი პრობლემებია მოსაგვარებელი პირველ რიგში: გაუმართავი გზები, საზღვრებზე მრავალდღიანი რიგები, გაურკვეველი გადასახადები, მძღოლების დროის დაკარგვა და კონტროლის არარსებობა.
ერთ-ერთი გადამზიდავი მძღოლების დეფიციტს დიდ რიგებს უკავშირებს – მდგომარეობა ყოველ დღე უარესდება, ახალგაზრდებს მძღოლობა არ უნდათ და ღმერთმა აშოროს ეს ჯოჯოხეთი პროფესია, მერე, დაბალი ხელფასი, დიდი რიგების გამო მუდმივად დგომა ერთ ადგილზე.
ერთ-ერთი გადამზიდავი მძღოლი სისტემურად აფასებს სატვირთო ავტოტრანსპორტზე დასაქმებული მძღოლების პრობლემებს, რის საფუძველზეც აკეთებს დასკვნას, თუ რატომ იქმნება ქვეყანაში მძღოლების დეფიციტი – ჩემი აზრით, რამდენიმე ფაქტორია, რაც მძღოლს გულს უცრუებს სატვირთოს მძღოლობაზე საქართველოში – ქალაქში შეზღუდვები, რაც ზრდის მძღოლის სამუშაო დროს (კარგით, არ დადის სატვირთო, ეშველა ამით ქალაქში საცობებს?); შემოვლით გზაზე გაგვაჩერებენ და პასუხსაც არ გვცემენ, რის გამო გაგვაჩერეს გაურკვეველი დროით. ანალოგიური ხდება დასავლეთის მიმართულებითაც; მსუბუქი ავტომობილის მძღოლების (ყველას არ ეხება) მიდგომა სატვირთოსადმი – დაუდევრად გადასწრება, ცხვირწინ ჩაჭრა და ა.შ.; სასაცილო ანაზღაურება; სამუშაო საათებისა და განრიგის არქონა; უფასო სადგომების არარსებობა.
ერთ-ერთი მძღოლი ამ სფეროში შვებულების პრაქტიკის არარსებობაზე ამახვილებს ყურადღებას – რომელი ქართული კომპანია აძლევს მძღოლს შვებულებას? ვგულისხმობ კანონით გათვალისწინებულ 24-დღიან ანაზღაურებად შვებულებას?
ერთ-ერთი გადამზიდავი მძღოლი საპარკინგე ადგილებში გაუარესებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებზე ამახვილებს ყურადღებას – მოიარეთ ყველა სასაზღვრო პუნქტი, შეაფასეთ პირობები. ელემენტარულად, საქართველოში, ლარსის გამშვებ პუნქტზე პარკინგის ფულს იხდი და აბანოს რომ იკითხავ, არ მუშაობსო, ისე გცემენ პასუხს, არც კი ერიდებათ. მძღოლს კი ელემენტარული პირობები უნდა – აბანო და სასადილო, რაც საქართველოში ნულია.
ერთ-ერთი გადამზიდავი მძღოლი ქვეყნიდან მძღოლების გადინების მთავარ მიზეზად დაბალ ანაზღაურებას ასახელებს – როდესაც დასაქმებულებს ვხვდები და ვსაუბრობ, ისეთ მიზერულ ხელფასს მისახელებენ, რომ მირჩევნია ქალაქში ტაქსზე ვიმუშაო. სამუშაოს 70%-ზე მეტი საქართველოში რუსეთის ბაზარზე მოდის.
ერთ-ერთი გადამზიდავი მძღოლი საქართველოში მძღოლების გადინების ტენდენციის შესაფასებლად ევროპული მაგალითები მოჰყავს და აქცენტს საქართველოში კუთვნილი შვებულების არარსებობაზე აკეთებს – ასეა საქართველოში, კარგი მძღოლი არ ფასდება და ამიტომაც აქ დაუფასებელი მძღოლები ყველა ევროპაში მუშაობს, სადაც არც ხელფასის და არც გაუმართავი მანქანის პრობლემები არ აწუხებთ. საქართველოში მძღოლიც შენ ხარ და რემონტიორიც. საქართველოში ბევრს ტერმინად აქვს: „აი, მიდი რა, ერთი რეისიც მოიარე“ და მერე ჩავუტაროთ სერვისი. იქ მასეთი რამ არ ხდება და ამიტომაა გაქცეული ყველა. აქ მძღოლს დასვენება (კუთვნილი შვებულება) არ გააჩნია. ევროპაში ყოველ 6 თვეში შეგიძლია შვებულება აიღო.
ერთ-ერთი მძღოლი მძღოლების გადინების მიზეზად ქართულ კომპანიებში დაბალ ხელფასსა და შვებულების არარსებობას ასახელებს – სამ წელზე მეტი ვიმუშავე ერთ ქართულ კომპანიაში. ფასიანი კი არა, უფასო შვებულებაც არ მქონია. უფროსობას რომ ვუთხარი შვებულებისა და ხელფასის მომატების შესახებ, არც იოცნებოთ მაგაზეო. მეც ავდექი და 2017 წლიდან ევროპაში წამოვედი სამუშაოდ. მას მერე აქ ვმუშაობ დღემდე. ჩემს დღეში ათასობით ქართველი მძღოლია. მალე საქართველოში სატვირთო მანქანის მძღოლი სანთლით გახდება საძებარი.
ერთ-ერთი გადამზიდავი მძღოლების გადინებას საქართველოს ძირითად მაგისტრალებზე დაუსრულებელ სამუშაოებსა და პატრულის მძღოლებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას უკავშირებს – ბევრი მიზეზია, რატომაც შეიძლება მძღოლმა დატოვოს საქართველო. აქ ყველა პატარა მიზეზზე ტრაილერს აჩერებენ, თუნდაც მცხეთაში მეათასედ ხიდი კეთდება, ქობულეთში უნდა ათენო ღამე, მერე ერთიანად გამოყრიან და მოდიხარ სულ საცობში, გეძინება, მარა უნდა იარო, რომ შეასწრო თბილისში. ქობულეთში ორი კვირა ხიდის გადაბმას აკეთებდნენ და მარტყოფის შემოვლითზე ველოდებოდით. რა ვიცი, ადრე სულ ციხისძირით დავდიოდით და ახლა რა გახდა ეგ გზა ტრაილერებისთვის? ბათუმში დამსვენებლებს ხელი არ შეუშალოთო, შეკვეთილში ცეკვავენო და თქვენ მარტყოფში გაჩერდითო. პატრულის მხრიდანაც ცუდი დამოკიდებულებაა, ზიზღით გელაპარაკებიან და ისე გიყურებენ, თითქოს ვიღაც უკანასკნელი ხარ. გამონაკლისებიც არიან, რა თქმა უნდა.
ერთ-ერთი გადამზიდავი მძღოლების გადინების პრობლემას სისტემურად უყურებს – არანაირი ფასიანი შვებულება, არანაირი დაზღვევა, არანაირი გამართული მანქანები. აქ შემოდის ევროპაში გამოყენებული მანქანები და არავის აინტერესებს ის, რომ ამხელა პასუხისმგებლობა აქვს მძღოლს, უნდა ატაროს მძიმე ტვირთი უსაფრთხოდ, იცადოს საზღვარზე დღეები და ეს ყველაფერი აისახება მერე მომსახურებაზეც. გზები ხომ საერთოდ საშინელებაა. თბილისის შემოვლით გზაზე რომ დატვირთული გაივლი, რატომ უნდა მოგინდეს მანდ მეორეჯერ გავლა? პრობლემა ბევრია, მაგრამ მომგვარებელი არავინ ჩანს.