აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური კონფლიქტების ფონზე, შუა დერეფნის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად იზრდება.
დერეფნის გამოყენების მზარდი მოთხოვნა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უბიძგებს: ინტენსიურად განახორციელონ ნავსადურების აკვატორიის დაღრმავება, დააჩქარონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, აქტიურად მოახდინონ ნავსადგურების მიმდებარე ჰაბების მოდერნიზაცია და გააფართოვონ საკუთარი სატვირთო ფლოტი.
აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის კასპიის ზღვაზე დაკავშირებადობის გაუმჯობესებისა და ტვირთბრუნვის გაზრდის მიზნით, შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდა უდავოდ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, აქ აღსანიშნავია თურქმენეთის ადგილობრივ გემთმშენებელ ქარხანაში, თურქმენეთისთვის განკუთვნილი, ახლახან აშენებული და თურქმენბაშიდან ალიათის მიმართულებით ექსპლუატაციაში გაშვებული მშრალი ტვირთმზიდი გემი – Gadamly.
მშრალი ტვირთმზიდი გემი Gadamly ეკუთვნის State Service of Maritime and River Transport of Turkmenistan-ის სისტემაში მოქმედ ეროვნულ სავაჭრო – საზღვაო ფლოტს. გემი თურქმენბაშის გემთმშენებელ Balkan ის ქარხანაში, სამხრეთკორეულ კომპანია Koryo Shipbuilding Industry Technology-თან თანამშრომლობით აშენდა.
იმის გათვალისწინებით, რომ კასპიის ზღვაზე ინტენსიურად იზრდება საკონტეინერო გადაზიდვები, ახალი მშრალი ტვირთმზიდი გემი – Gadamly, რომლის ტვირთამწეობა 6100 ტონას შეადგენს, კომბინირებულია და 240 ერთეული TEU კონტეინერის გადაზიდვისთვისაა განკუთვნილი.

შუა დერეფნის გააქტიურების შედეგად, თურქმენეთის გარდა, სხვა ცენტრალური აზიის ქვეყნებიც საკუთარი ფლოტის მშრალი ტვირთმზიდი გემებით, ფაქტობრივად, კომბინირებული საკონტეინერო გემებით შევსებას აქტიურად იწყებენ.
მ. წ. მაისის დასაწყისში ბაქოს გემთმშენებელმა ქარხანამ BSY-მ და ყაზახეთის რკინიგზის შვილობილმა კომპანიამ KTZ Express Shipping-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაქოს გემთმშენებელ ქარხანაში ყაზახეთისთვის ორი მშრალი ტვირთმზიდი გემის, თითოეულის 537 TEU კონტეინერის ტევადობით, მშენებლობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი კასპიის ზღვაზე, ყოველწლიურად ამატებს საკონტეინერო გემებს, ცნობისათვის, სადღეისოდ ყაზახეთის ნაციონალური საზღვაო გადამზიდავი კომპანია „კაზმორტრანსფლოტი“ სამ საკონტეინერო, და ერთ კომბინირებულ (მშრალტვირთმზიდი /კონტეინერმზიდი) გემს უწევს ექსპლუატაციას. ოთხი კონტეინერმზიდისგან შემდგარი ფლოტი, გაზრდილი ტვირთების ასათვისებლად, სადღეისოდ საკმარისი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ უზბეკეთი არ ესაზღვრება საზღვაო სივრცეს და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს წარმოადგენს, იმ მიზნით, რომ საკუთარი საზღვაო ფლოტი ჩამოაყალიბოს, აქტიურად გეგმავს აზერბაიჯანისა და თურქმენეთის გემთმშენებელ ქარხნებში გემების ასაგებად შეკვეთები განათავსოს, რისთვისაც ახლახან ოფიციალურად, იურიდიულად, საზღვაო სახელმწიფოდ დარეგისტრირდა.

ბუნებრივია, ნავმისადგომების გამტარუნარიანობის გარეშე მხოლოდ ფლოტის დამატება პრობლემას ვერ დაარეგულირებს. ამისთვის სულ ახლახან აზერბაიჯანის ალიათის ნავსადგურში ექსპლუატაციაში იქნა გაშვებული მე-7 ნავმისადგომი, რომელზეც გაუმჯობესდა ნავმისადგომის ტექნიკური შესაძლებლობები და დამონტაჟდა ახალი თაობის, 125 ტონა ტვირთამწეობის, პორტატული ამწე.
დასკვნის სახით – კასპიის ზღვაზე საკონტეინერო სიმძლავრეების გაზრდასთან ერთად ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების სინქრონულად განხორციელება, პერსპექტივაში კი ახალი მაღალი ტევადობის კონტეინერმზიდი გემების დამატება, გაზრდილი საკონტეინერო ნაკადის ასათვისებლად უდაოდ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.