საქართველოსა და მის ძირითად სავაჭრო პარტნიორ თურქეთთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით, ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურა წარმატებით ამოქმედდა

ბოლო პერიოდში შუა დერეფნის გასწვრივ განლაგებული ქვეყნები ორმხრივ ფორმატში სულ უფრო ინტენსიურად გადადიან საავტომობილო სანებართვო დოკუმენტების ელექტრონული გაცვლის სისტემაზე.

საავტომობილო ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემის დანერგვა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის  გადაზიდვების ინტენსივობას, რაც ხელს უწყობს დამატებითი საავტომობილო ნაკადის მოზიდვას.

ამ თვალსაზრისით, რეგიონის სახელმწიფოებს შორის ელექტრონული გაცვლის სისტემის ამოქმედება, პირველ რიგში,  ტვირთების გადაზიდვის პროცესს  ამარტივებს.

იმ პირობებში, როდესაც თურქეთმა რეგიონის თითქმის ყველა სახელმწიფოსთან დანერგა ნებართვების ელექტრონული გაცვლის მექანიზმი, ბუნებრივად ჩნდებოდა კითხვა, თუ როდის ამოქმედდებოდა საქართველოსა და თურქეთს შორის ნებართვების ელექტრონული გაცვლის მექანიზმი.

მიღებულია, რომ ორ სახელმწიფოს შორის დადგენილი კვოტების ფარგლებში ყოველწლიურად მოქმედებს საავტომობილო ნებართვების ბლანკების გაცვლის აპრობირებული სისტემა.

საერთაშორისო დიპლომატიური არხებით გაცვლილი ნებართვები შემდგომ ფიზიკური სახით უნაწილდებათ, გადაზიდებზე დაშვებულ – საავტომობილო გადამზიდველებს.

გადამზიდველებს შორის ნებართვების ფიზიკური განაწილების არსებული სისტემა რუტინულია და დაკავშირებულია ბიუროკრატიული ბარიერებით გამოწვეული სირთულეების გადალახვასთან.

რაც შეეხება ნებართვების ელექტრონული განაწილების სისტემას, იგი თავის თავში მოიაზრებს გადამზიდველის მიერ ნებართვის მოთხოვნის განაცხადის გაკეთებიდან მოკლე ვადაში, ელექტრონულ რეჟიმში ნებართვის მიღებას, რომელსაც შემდგომში მძღოლი ელექტრონული სახით წარადგენს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.

თურქეთი საქართველოსთვის ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს, ამიტომ საქართველო მაქსიმალურადაა დაინტერესებული, პირველ რიგში, თურქეთთან საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემის დანერგვით.

თურქეთსა და საქართველოს შორის გაცვლილი ორმხრივი და ტრანზიტული ნებართვების რაოდენობა 150 000 ერთეულს შეადგენს. ნებართვების ამ სახეობას ძირითადად თურქი გადამზიდველები ითვისებენ, რომლებიც ინტენსიურად, ტრანზიტად და ორმხრივად, კვეთენ ჩვენს ტერიტორიას. რაც შეეხება საქართველოს, იგი ამ ტიპის ნებართვებს წელიწადში უმნიშვნელოდ, გაცვლილი რაოდენობის მხოლოდ 10%-მდე, ითვისებს.

ასეთი ტენდენცია ხაზს უსვამს საქართველოს დერეფნის მონაკვეთითა და სატრანზიტო ნებართვებით თურქეთის მხარის მაღალ დაინტერესებას.

მეორეს მხრივ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საშუალებით თურქეთში ცარიელი შესვლა და იქ დატვირთვა, რისთვისაც თურქეთის მხარე 28 000 ერთეულნებართვას (სხვანაირად სპეც. ნებართვასაც უწოდებენ) გვიცლის.

ორმხრივი და ტრანზიტული ნებართვების გაცვლის საპირისპიროდ, სპეც. ნებართვების გამოყენებაში ქართული მხარის დაინტერესება მაღალია. თურქეთი მხოლოდ უმნიშვნელოდ იყენებს ამ ტიპის ნებართვებს.

ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვის დიდი დისბალანსის გამო, თურქი გადამზიდველი ნაკლებად სარგებლობს საქართველოში ცარიელი შემოსვლისა და აქ დატვირთვის შესაძლებლობით.

ფაქტიურად, თურქული მხარე მისთვის მისაღები სატრანზიტო ნებართვების სანაცვლოდ გვაძლევს ჩვენთვის მისაღები სპეც. ნებართვების გამოყენების შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ ნებართვების განაწილების ამ სქემით თურქეთი მყარად იცავს საკუთარ ბაზარს და ეტაპობრივად, ნებართვების შეზღუდვით ან მომატებით, საკუთარ გადაზიდვების ბაზარს არეგულირებს.

გარდა ამ ორი სახის ნებართვისა, საქართველო იღებს მისთვის ყველაზე მიმზიდველ ე.წ. მესამე ქვეყნის 7 500 ერთეულ ნებართვას.

მესამე ქვეყნის ნებართვის საფუძველზე, ქართველი გადამზიდველი შედის თურქეთში, იტვირთება ცენტრალური აზიის ან რუსეთის მიმართულებით, იცლება ცენტრალური აზიის რომელიმე ქვეყანაში და ცარიელი შედის ჩინეთში უკანა მიმართულებით ტვირთის წამოსაღებად.

აღნიშნული წრიული მარშრუტი ბოლო პერიოდში ქართველი გადამზიდველისთვის ყველაზე პოპულარული და ფინანსურად მომგებიანია. შესაბამისად, მესამე ქვეყნის ნებართვაც მოთხოვნადია.

ნებართვის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელიც გადაზიდვებში გამოიყენება, თურქეთის ნავსადგურებში დატვირთვა და შემდგომ გადაზიდვის განხორციელებაა, რისთვისაც თურქული მხარის მიერ საქართველოსთვის 500 ერთეული ნებართვაა გამოყოფილი.

მთავარ სავაჭრო პარტნიორთან წლიურად გაცვლილი ნებართვების მაღალი რაოდენობა ნათლად წარმოაჩენს თურქეთ–საქართველოს შორის ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემის დანერგვის აუცილებლობას.

როგორც სახმელო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ახალი მექანიზმის ამოქმედების შედეგად, საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ გადამზიდველებს შესაძლებლობა ექნებათ, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ციფრულ ფორმატში ისარგებლონ.

აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, შეამცირებს ქაღალდზე დოკუმენტების დამუშავების საჭიროებას, დააჩქარებს სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და კონტროლის პროცესს და გაზრდის საერთაშორისო გადაზიდვების ეფექტიანობას.

ციფრული სანებართვო სისტემა ორმხრივ პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანა ერთიან ელექტრონულ პლატფორმას იყენებს სანებართვო დოკუმენტების გაცვლისა და აღრიცხვისთვის.

ეს ყოველივე უზრუნველყოფს მონაცემთა სწრაფ და უსაფრთხო მიმოცვლას, ამცირებს ტექნიკურ-ადმინისტრაციულ შეფერხებებს და ქმნის უფრო გამჭვირვალე და თანამედროვე მექანიზმს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ადმინისტრირებისთვის.

ამ ეტაპზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი და სააგენტოს სამომავლო გეგმის მიხედვით, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მოქმედი სანებართვო სისტემების ციფრულ ფორმატზე გადასვლა ეტაპობრივად განხორციელდება.

სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ECMT-ის (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვა) ელექტრონული სისტემისა და თურქეთთან ციფრული სანებართვო მექანიზმის წარმატებით ამოქმედება საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია.

აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარებას, საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებას და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის, როლის კიდევ უფრო გაძლიერებას.

დასკვნის სახით – მისასალმებელია საქართველოსა და მის ძირითად სავაჭრო პარტნიორ თურქეთთან, ბოლო პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტისა და საბაჟო ორგანოებს შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგად, ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის სისტემის წარმატებით ამოქმედება.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

საქართველოს ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების ანალიზით დასტურდება, რომ ქვეყანა ჯეროვნად ვერ იყენებს სანქციების შედეგად ქვეყნისათვის ბუნებრივად მინიჭებულ ეკონომიკურ შესაძლებლობას

Next Post

ევროპული ქვეყნების ლენდლორდის მოდელის გამოყენება ანაკლიის ნავსადგურშია შესაძლებელი – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის 2025 წლის 29 მარტის ანალიტიკა

Related Posts

სომხეთში მშენებარე ჩრდილოეთ – სამხრეთ სატრანზიტო დერეფანს, საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ტვირთებით მომარაგების პერსპექტივასთან ერთად, გრძელვადიან პერსპექტივაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი საფრთხეც გააჩნია

სომხეთის ტერიტორიაზე მშენებარე ჩრდილოეთ – სამხრეთის საავტომობილო დერეფანი სომხეთის ყველაზე მსხვილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ქვეყნის…
მეტის ნახვა

რამდენს შეადგენს თურქეთის სრუტეებით სარგებლობის გადასახადი 

ბოსფორის და დარდანელის სრუტეებით წელიწადში  საშუალოდ 42 000 მცირე თუ დიდი გემი სარგებლობს, სამჯერ აღემატება სუეცის და ოთხჯერ…
მეტის ნახვა

რუსეთსა და სომხეთს შორის  ტვირთების გადაადგილება  ელექტრონული სანავიგაციო პლომბებით განხორციელდება

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში რუსეთსა და სომხეთს შორის ტვირთების საავტომობილო ტრანსპორტით გადაადგილება ელექტრონული სანავიგაციო პლომბების გამოყენებით განხორციელდება. ორ…
მეტის ნახვა