2025 წლის 1 ნოემბრიდან საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავებისთვის ძალაში შევა ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის ECMT ელექტრონული ნებართვების განახლებული ციფრული სისტემა.
ახალი პლატფორმის დანერგვა სავალდებულო გახდება ECMT ნებართვებით სატრანსპორტო ოპერაციების აღრიცხვისთვის. სისტემა უზრუნველყოფს მონაწილე ქვეყნებს შორის პროცედურების გამჭვირვალობას და სტანდარტიზაციას.
საქართველომ, როგორც შეთანხმების მონაწილე სახელმწიფომ, წარმატებით განახორციელა აღნიშნული სისტემის ადაპტაცია, და 2026 წლის 1 იანვრიდან ECMT მრავალმხრივი ნებართვებისა და შესაბამისი სააღრიცხვო წიგნების გაცემა, გამოყენება, კონტროლი და მასთან დაკავშირებული ყველა სხვა პროცედურა სრულად ელექტრონულად განხორციელდება.
ECMT მრავალმხრივი ნებართვებისა და შესაბამისი სააღრიცხვო წიგნების ახალი ელექტრონული სისტემის გაცნობა და მისი შემდგომი გამოყენება სავალდებულოა იმ გადამზიდველებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ ან გეგმავენ 2026 წელს ECMT მრავალმხრივი ნებართვის მიღებას და გამოყენებას.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ევროპის კონფერენციის ECMT მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტებისა და შესაბამისი სააღრიცხვო წიგნების ახალი ელექტრონული სისტემის სახელმძღვანელოს, პრეზენტაციების და ვიდეოგაკვეთილების ქართულ ვერსიაზე მუშაობა დაასრულა.

ვრცლად შესაძლებელია იხილოთ სააგენტოს ვებგვერდზე: https://lta.gov.ge/news/364
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოსთვის გამოყოფილი სატვირთო გადაზიდვების მრავალჯერად ECMT ს ნებართვებს, იგი მოთხოვნადია, 2019 წლიდან საქართველო სრულად ითვისებს გამოყოფილ კვოტებს (იხ გრაფიკი).
2025 წლისთვის გამოყოფილი 1498 ერთეული ნებართვა საქართველომ სრულად აითვისა, მათ შორის 1171 ერთეული ნებართვა ერგო ევრო 6 ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს, ხოლო 327 ერთეული ევრო 5 ტიპის სარანსპორტო საშუალებებს.
წარმოდგენილ გრაფიკზე ნათლად ჩანს, რომ ბოლო 10 წელიწადში საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული პარკი მნიშვნელოვნად განახლდა და ჩანაცვლდა ევრო 6 ტიპის ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებით.

ევრო 6 ტიპის სატრანსპორტო საშუალებები ჩანაცვლების პროცესის თანხვედრა, 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ECMT-ის ელექტრონული ნებართვების ახალი ციფრულ სისტემის ამოქმედებასთან, ქვეყნის გადამზიდავებისათვის საერთაშორისო ბაზრებზე დაუბრკოლებლივი შეღწევადობის თვალსაზრისით წინგადადგმულ ნაბიჯათ უნდა ჩაითვალოს.
გადამზიდავებისთვის ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვას წინ უსწრებდა 2025 წლის ოქტომბერში ECMT-ის წევრი ქვეყნების საავტომობილო ტრანსპორტის ჯგუფის შეხვედრა, სადაც 40 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამედროვე ციფრული სისტემის გაშვება დასრულდა, რის საფუძველზეც 1 ნოემბრიდან გადამზიდავებს შეეძლებათ თავიანთი ტვირთების შესახებ ინფორმაციის შეყვანა მთავარ სისტემაში, რაც ECMT ნებართვებთან მუშაობის ერთადერთი ინსტრუმენტი გახდება.

სხდომაზე კომისიამ ასევე დაამტკიცა გადაწყვეტილება 2026 წლის ნებართვების საბაზისო კვოტის განაწილების შესახებ. მომავალ წელს ნებართვების 80 % ევრო 6-ის სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებზე, ხოლო დარჩენილი 20 % ევრო 5-ის სატვირთოებზე გაიცემა.
მონაწილე ქვეყნების მაკონტროლირებელი ორგანოების წარმომადგენლებისთვის, ახალ პლატფორმასთან სრულფასოვანი ურთიერთქმედების მიზნით, შემუშავდა საერთო რეკომენდაციები.
აღნიშნული რეკომენდაციები ფოკუსირებული იქნება სატრანსპორტო საშუალების საბორტე ციფრული ჟურნალის შევსებისას შესაძლო არასისტემური შეცდომების გამოსწორებაზე.
2026 წლის დასაწყისიდან სწორედ ამ სისტემას გამოიყენებენ საავტომობილო გადამზიდავები, რომლებიც ECMT ნებართვებით ახორციელებენ გადაზიდვებს.
ახალ სისტემაზე შეუფერხებელი გადასვლის უზრუნველსაყოფად, თითოეული მონაწილე ქვეყანა რეკომენდაციას უწევს, მის მარეგულირებელ ორგანოს ელექტრონული ნებართვებით გადაზიდვების შემოწმებისთვის მინიმუმ სამთვიანი გარდამავალი პერიოდი დაადგინონ.
ამ დროის განმავლობაში გადამზიდავებს აძლევენ რეკომენდაციას, სისტემაში ინფორმაცია კორექტულად და ზუსტად შეავსონ, რათა თავიდან აიცილონ შეცდომები და შესაძლო გაუგებრობები შემოწმების დროს.
გარდა ამისა, მონაწილე ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს API (Application Programming Interface)-ის სისტმით მონაცემების გაცვლის დანერგვას, რაც საშუალებას მისცემს ამა თუ იმ ქვეყნის უსაფრთხოების ორგანოს საინფორმაციო სისტემების ერთიანი კომპლექსიდან მონაცემების ინტეგრირებას ECMT-ის ციფრულ სისტემაში.
აღნიშნული სისტემის გამოყენება გაამარტივებს ინფორმაციის გადაცემას მარეგულირებელი ორგანოებისა და თავად გადამზიდავებისთვის.
აღსანიშნავია, რომ სისტემის სრულფასოვნად ასამოქმედებლად, უკრაინამ დანერგა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებისთვის ECMT ნებართვების გაცემის ელექტრონული სისტემა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. საინტერესო იქნებოდა ქართველი გადამზიდავებისთვის უკრაინული გამოცდილების გაცნობა.
2025 წლის 1 ნოემბრიდან უკრაინელ გადამზიდავებს ყველა საჭირო ნებართვის მიღება ონლაინ რეჟიმში, სახელმწიფო პორტალის მეშვეობით შეუძლიათ.
ცნობისათვის, უკრაინაში ECMT ს ნებართვის მისაღებად კომპანიას სამი ერთეული ევრო 5 ან 6 ტიპის სატრანსპორტო საშუალება უნდა გააჩნდეს, საქართველოში ECMT ს ნებართვის მისაღებად, პირობები გართულებულია და ხუთი ერთეული მაღალ ეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალების ფლობაა აუცილებელი.
ახალი მექანიზმი ამცირებს დოკუმენტების დამუშავების დროს, გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს და უზრუნველყოფს გამჭვირვალე აღრიცხვასა და სინქრონიზაციას ევროკავშირის მონაცემთა ბაზებთან.
სადღეისოდ, ნებართვის მისაღებად აუცილებელი იქნება საკუთარ ონლაინ კაბინეტზე დარეგისტრირება, ლიცენზიების, სერტიფიკატებისა და სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური პასპორტების ატვირთვა, ECMT კვოტის ფარგლებში განაცხადის წარდგენა და ელექტრონული დადასტურების მიღება.
ყველა პროცედურა – განაცხადის შეტანიდან გაცემამდე – დისტანციურად არის ხელმისაწვდომი. ქაღალდის ნებართვები ძალაში იქნება მხოლოდ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, რის შემდეგაც ისინი მთლიანად ელექტრონული ნებართვებით ჩანაცვლდება.
ევროკავშირში უკრაინის ექსპორტის დაახლოებით 85% საავტომობილო გზით ხორციელდება, რაც ციფრულ ფორმატზე გადასვლას სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს.
ახალი სისტემა დააჩქარებს საზღვრის გადაკვეთის ხანგრძლივობას, შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს და გაზრდის ევროპელი პარტნიორების ნდობას. ეს უკრაინელ გადამზიდავებს ევროკავშირის ბაზარზე უფრო სწრაფ და გამჭვირვალე წვდომას უზრუნველყოფს, ხოლო ინდუსტრია ევროპულ სატრანსპორტო სივრცეში ინტეგრაციისთვის ახალ შესაძლებლობებს მიიღებს.