სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბული პროცესის სამშვიდობო კალაპოტში გადასვლამ ზეგავლენა იქონია რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილებაზე, რაც საქართველოზე გამავალ სატრანზიტო დერეფანზე მყისიერად აისახა. გამოსაყოფია რუსეთიდან სომხეთში სტრატეგიული მარცვლეულის გადაზიდვები.
ბოლო პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს რუსეთიდან სომხეთში მარცვლეულის ზემო ლარსის საავტომობილო გადაზიდვების მარშრუტის შემოვლითი – აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით ჩანაცვლების პროცესი.
რა სავარაუდო მოცულობის სომხეთის მარცვლეულს დაკარგავს საქართველოზე გამავალი საავტომობილო დერეფანი იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთის მიმართულებით მარცვლეულის გადაზიდვამ უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო?
სომხეთი წელიწადში საშუალოდ რუსეთიდან 400-450 ათასი ტონა მარცვლეულს იმპორტს ახორციელებს, შედეგად ზუსტად ეს სამიზნე მოცულობაა, რომელიც სავარაუდოთ შესაძლოა საქართველოს საავტომობილო მარშრუტიდან, აზერბაიჯანის მიმართულებით გადაერთოს.
ბოლო პერიოდში აზერბაიჯანის რკინიგზით, საქართველოს გავლით, სომხეთის მიმართულებით სხვადასხვა სახეობის ტვირთების გადაზიდვებმა რეგულარული ხასიათი მიიღო.
სატრანზიტო გადაზიდვების სქემაში საქართველოს რკინიგზაა ჩართული, კერძოდ, აზერბაიჯან-საქართველოს ბიუკ-კიასიკის სასაზღვრო სადგურიდან, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტად 111 კმ სარკინიგზო მანძილის გავლის შემდეგ, ტვირთი სომხეთის დანიშნულებით აგრძელებს მოძრაობას. ასეთ ვითარებაში საქართველოს ეკონომიკური სარგებელი მოკლე სატრანზიტო მანძილის გავლით რკინიგზის შემოსავლით შემოიფარგლება.
რაც შეეხება ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, აპრობირებულ სახმელეთო საავტომობილო დერეფანს, რუსეთიდან სომხეთის დანიშნულებით გადაზიდვისას საქართველოს პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი თითო დატვირთული სატრანსპორტო საშუალების გატარებისას ფინანსური შემოდინების სახით 350 ლარით ფორმირდება.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყაზახი-იჯევანის (სქემაზე იხ. წითელი ოვალი) სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის პირობებში, სადღეისოდ ორივე სახელმწიფო ზანგეზურის დერეფნისგან განმხოლოებულად ერთობლივად განიხილავს ამ მონაკვეთის აღდგენას. აზერბაიჯანს მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოს გვერდის ავლით, სომხეთს პირდაპირი სარკინიგზო ხაზით დაუკავშირდეს.

ასეთ პირობებში ნათელია, რომ საქართველო როგორც არსებულ სარკინიგზო ტრანზიტს, ასევე სადღეისოდ ლარსის გამშვები პუნქტის გავლით სომხეთის საავტომობილო ტვირთნაკადსაც დაკარგავს.
სომხეთის მარცვლეულის გადაზიდვებს რომ დავუბრუნდეთ, სულ ახლახანს რუსეთის ულიანოვსკის ოლქში განლაგებული საკვანძო სარკინიგზო დიმიტროვგრადის სადგურიდან, საქართველოს გავლით, აზერბაიჯანის მარშრუტით 488 ტონა რუსეთის მარცვლეული იქნა ტრანსპორტირებული.
მსგავსი გადაზიდვა მიმდინარე წლის თებერვალშიც განხორციელდა, კერძოდ, 560 ტონა რუსული მარცვლეულით დატვირთული 8 ერთეული ვაგონი საქართველოს გავლით სომხეთში გაიგზავნა.
რუსეთიდან სომხეთის დანიშნულებით რკინიგზით გადაზიდვების სტაბილურობაზე მიუთითებს 2026 წლის იანვრის თვეში რუსეთიდან მარცვლეულის სარკინიგზო გადაზიდვების მარშრუტით ჯამურად 132 ვაგონის გადაზიდვა.
რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში, მარცვლეულის გამომგზავნ საწყის წერტილად დიმიტროვგრადის სარკინიგზო კვანძი ფიქსირდება, რომელიც სამარა-ტოლიატი-დიმიტროვგრადი-ულიანოვსკი-ბუინსკი-ყაზანის ეკონომიკურად განვითარებულ რეგიონებზე გამავალ სარკინიგზო მაგისტრალთან არის დაკავშირებული და ტვირთების ეფექტიან გადაადგილებას უზრუნველყოფს.
თავის მხრივ, დიმიტროვგრადიდან კასპიის ზღვასთან დამაკავშირებელი უმოკლესი დერეფანი პირდაპირ უერთდება ახლად კაპიტალურად აღდგენილ აზერბაიჯანის რკინიგზას (იხ. სქემა). ამით კიდევ ერთხელ მარცვლეულის სარკინიგზო გადაზიდვების ლოგისტიკური მარშრუტის მიმზიდველობა დასტურდება.

მას შემდეგ, რაც სომხეთის მიმართულებით მარცვლეულის რკინიგზით გადაზიდვამ სისტემური და სტაბილური ხასიათი მიიღო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრასნოდარის მხარიდან ზემო ლარსის გავლით გაგრძელდეს საავტომობილო ტრანსპორტით სომხეთის მიმართულებით გადაზიდვები. ეს ყოველივე რუსეთის სამთავრობო დონეზე გაკეთებული განცხადებებით დასტურდება.
რუსეთის ვიცე-პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებით, რუსეთის რკინიგზას – РЖД-სა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ლოგისტიკური მარშრუტის შემუშავების შესაბამისი ინსტრუქციები მიეცა.
ვიცე-პრემიერის განმარტებით – „ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის მთავარი სატრანსპორტო მარშრუტი ბოლო დრომდე საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა და საქონლის მიწოდება საავტომობილო ტრანსპორტით ხდებოდა, რაც თავისთავად ზემო ლარსში არსებული სირთულეების გამო ზღუდავდა სომხეთისათვის ტვირთების მიწოდებას“.
რუსეთის ვიცე-პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება ირიბად, ზემო ლარსის გადატვირთულობიდან გამომდინარე, რუსეთისთვის ეკონომიკურად მიმზიდველი და მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დერეფნის, სხვა სახელმწიფოს – თუნდაც თურქეთს – საქონელბრუნვის გასაზრდელად დათმობას გულისხმობს, ხოლო სომხეთისთვის განკუთვნილი მარცვლეული ჩაიხსნას და აზერბაიჯანის რკინიგზით გადაიზიდოს.
რუსეთი ამ ნაბიჯით მისთვის სტრატეგიულად მნიშვნოლოვანი ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქზე დაწოლის შემცირებას ცდილობს.
მარცვლეულის გადაზიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე, ტვირთის ეს სახეობა ლოგისტიკის თვალსაზრისით ოდითგანვე სარკინიგზო ტრანსპორტის ტვირთნაკადს წარმოადგენდა.
აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენებით სომხეთში მარცვლეულის ტრანსპორტირების მარშრუტი მნიშვნელოვნად ამარტივებს ლოგისტიკის ორგანიზებას, თუმცა არსებობს საზღვაო გადაზიდვების მარშრუტიც, რომელიც წინა წლებში რუსეთსა და საქართველოს ნავსადგურების გამოყენებით აპრობირებულ ლოგისტიკურ მიმართულებას წარმოადგენდა.
სადღეისოდ რუსეთიდან საქართველოს ნავსადგურების გავლით მარცვლეულის ტრანსპორტირება საზღვაო ნავსადგურებში ორჯერად გადატვირთვასა და დოკუმენტების გაფორმების სირთულეებს ითვალისწინებს, რაც საფასო მდგენელით კონკურენციას ვერ გაუწევს პირდაპირ სარკინიგზო მარშრუტს.
ბუნებრივია, ისმის კითხვა – რა მოცულობის მარცვლეულის ნაკადი გადამისამართდება ზემო ლარსიდან აზერბაიჯანის რკინიგზის მიმართულებით?
მარტივად რომ განვმარტოთ, რა მოცულობის ტვირთნაკადს დაკარგავს საქართველოს საავტომობილო დერეფანი?
აღსანიშნავია, რომ სომხეთში მარცვლეულის იმპორტის სტრუქტურა ბოლო წლებში პრაქტიკულად უცვლელია – მიწოდების თითქმის 100% სრულად რუსული ბაზარი უზრუნველყოფს.
2018 – 2025 წლებში რუსეთიდან სომხეთში მარცვლეულის იმპორტის მაქსიმალური მოცულობა 2022 წელს დაფიქსირდა – 514 ათასი ტონა, მინიმალური კი – 2019 წელს – 290 ათასი ტონა (იხ. დიაგრამა).

სომხეთი წელიწადში საშუალოდ რუსეთიდან 400-450 ათასი ტონა მარცვლეულს იმპორტს ახორციელებს, შედეგად ზუსტად ეს სამიზნე მოცულობაა, რომელიც სავარაუდოთ შესაძლოა საქართველოს საავტომობილო მარშრუტიდან, აზერბაიჯანის მიმართულებით გადაერთოს.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სომხეთის მარცვლეულის გადართვა საავტომობილოდან სარკინიგზო მიმართულებით ეტაპობრივად განხორციელდება, რადგანაც საავტომობილო გადაზიდვების სფეროში რამდენიმე მსხვილი, ფინანსურად ძლიერი – გადამზიდავი კომპანია ფუნქციონირებს და მათი გადაზიდვების სქემიდან მყისიერი ამორთვა რთულად წარმოსადგენი იქნება.
ერთ-ერთ ასეთ მსხვილ საავტომობილო გადამზიდავ კომპანიას შპს „მანანა გრეინი“ წარმოადგენს, რომელიც გადაზიდვების ბაზრის 34%-ს იკავებს და ფლობს 80-მდე მარცვლეულის გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებას.
იმ ვითარებაში, როდესაც არსებობს კონკურენტული და ფორმირებული გადაზიდვების ბაზარი, რთულია ტვირთნაკადის მყისეული გადართვა.
დასკვნის სახით – რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილების შედეგად საქართველოს სატრანზიტო დერეფანი სავარაუდოდ სომხეთის მარცვლეულის ტვირთნაკადის დაკარგვის წინაშე აღმოჩნდება.