ბაქო – თბილისი – ყარსის მაგისტრალის ექსპლუატაციაში გაშვებით, ახალქალაქის სადგურში ადგილობრივ ბიზნესს ჩატვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა

შუშან შირინიანი– საინფორმაციო ვებგვერდის Jnews-ის თანადამფუძნებელი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ჟურნალისტი 19 წლიანი გამოცდილებით. ძირითადი თემები – ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი თვითმმართველობა და სოფლის მეურნეობა. რეგულარულად აშუქებს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მიმდინარეობას.

ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში სრულად ამოქმედების შემდეგ ჯავახეთის ბიზნესის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ახალქალაქის სადგურს ტვირთების მიღებისა და გაგზავნის, შესაბამისად, ჩატვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, ასევე სარკინიგზო ხაზის ტვირთებით მომარაგებას.

ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზა ჯავახეთზე გამავალი საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტია, სადაც რკინიგზის მთავარი სადგური ახალქალაქში მდებარეობს.

2017 წლიდან დღემდე რკინიგზის სატესტო რეჟიმში ფუნქციონირების პერიოდში ჯავახეთის როგორც საშუალო, ისე მსხვილი ბიზნესი მოკლებული იყო შესაძლებლობას, უშუალოდ ახალქალაქის სადგურის გამოყენებით ტვირთების იმპორტ – ექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციები განეხორციელებინა.

მარტივად რომ ვთქვათ, სადგური მხოლოდ ტვირთების ტრანზიტულად გატარებას უზრუნველყოფდა და ჩატვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაციების განხორციელება სადგურ ახალქალაქს რკინიგზის მოქმედი კოდექსით შეზღუდული ჰქონდა.

„რა თქმა უნდა, ახალქალაქის სადგურის ამოქმედება დადებითად იმოქმედებს როგორც ადგილობრივი ბიზნესის, ასევე მთლიანად რეგიონის განვითარებაზე. სადგურის შემოგარენში გაჩნდება ახალი ინფრასტრუქტურა და გაიზრდება სამუშაო ადგილები. სადღეისოდ ძირითადი პროდუქცია შემოგვაქვს აჭარიდან. ადგილობრივი მრეწველობის განვითარების პირობებში შემცირდება დიდ ქალაქებზე დაწოლა, ხოლო დამატებითი სატრანსპორტო კომუნიკაციების პირობებში გაიაფდება საქონლის ღირებულება, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია რეგიონისათვის“, – აცხადებს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი.

კიდევ ერთი ადგილობრივი მეწარმე აღნიშნავს, რომ ახალქალაქის სადგურზე ჩატვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაციების შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობა ადგილობრივი ბიზნესისთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

„სადღეისოდ საქონელი სხვადასხვა ქვეყნიდან სატვირთო ავტოტრანსპორტით შემოგვაქვს. იმ შემთხვევაში, როდესაც ტვირთი რკინიგზით თბილისში შემოდის, იმის გამო, რომ ახალქალაქის სადგურში ჩატვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაციები არ ხორციელდება, გვიწევს თბილისში ავტოტრანსპორტში გადატვირთვა და ახალქალაქში ჩამოტანა. ახალქალაქის რკინიგზის სადგურში ტვირთების მიღების, დამუშავებისა და შენახვის შესაძლებლობა რომ არსებობდეს, მნიშვნელოვნად შეგვიმცირდებოდა ლოგისტიკის ხარჯები. ეს კი ადგილობრივ სარკინიგზო ხაზს მარაბდიდან – ახალქალაქამდე დატვირთავდა და ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზას დამატებითი ტვირთებით მოამარაგებდა“.

ამავდროულად, ახალქალაქში სადგურის სრულფასოვან სატვირთო ცენტრად ასამოქმედებლად, გარდა ჩატვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაციებისა, შესაბამისი დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობაა აუცილებელი. ეს ყოველივე კი მხოლოდ ბაქო – თბილისი – ყარსის მაგისტრალის ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომაა შესაძლებელი.

პირველ რიგში, როგორც ადგილობრივმა მეწარმემ განგვიცხადა: „ტვირთის შემოწმებისთვის ტერმინალები და შესაბამისი პირობები გვჭირდება. თუ საქონელი ტვირთმფლობელის თანდასწრებით დამატებით კონტროლს ადგილზე ექვემდებარება, ამ პროცედურის განხორციელების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს“.

ახალქალაქის ბიზნესცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვი მიესალმება ახალქალაქში სატვირთო ცენტრის გახსნის იდეას და მიიჩნევს, რომ ამას ჯავახეთის რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.

„დიდი ხანია, ამას ველოდით. იმედი მაქვს, რომ ახალქალაქი მშრალი პორტის ფუნქციას შეასრულებს და შესაბამის სტატუსს მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ სადგურის გარშემო ლოგისტიკური შესაძლებლობები გაიზრდება და დამხმარე ინფრასტრუქტურა გაჩნდება. რეგიონი მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას შეძლებს როგორც თურქეთი – ევროპის, ასევე აზერბაიჯანი – ცენტრალური აზიისა და სომხეთი – ირანი – ინდოეთის მიმართულებით. ახალქალაქის რკინიგზის სადგურს გააჩნია ყველანაირი შესაძლებლობა, სხვადასხვა სატრანსპორტო ნაკადების გადაკვეთის სატრანსპორტო ცენტრი გახდეს. ეს ყოველივე გამოიწვევს რეგიონში ინვესტიციების შემოდინებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, – ამბობს მახარე მაცუკატოვი.

იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ახალქალაქის მაცხოვრებლები ახალი შესაძლებლობებისთვის მზად უნდა იყვნენ, რადგან რეგიონს სხვადასხვა დონის სპეციალისტები დასჭირდება.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის სრული ამოქმედების შემდეგ ახალქალაქის სადგურის გახსნის ალბათობა საკმაოდ მაღალია. თუმცა, იგი აღნიშნავს, რომ ამისთვის როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე საკანონმდებლო სახის ზომების მიღებაა საჭირო.

„ახალქალაქის სადგურის გახსნა ჯავახეთის რეგიონის განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს, რადგან ადგილობრივ მეწარმეებს დიდი ხანია სურთ აღნიშნული სადგურის გამოყენება ახალქალაქსა და თბილისს შორის საქართველოს რკინიგზის გასწვრივ ტვირთების ტრანსპორტირებისთვის. იმედია, რომ მხოლოდ ადგილობრივი ტვირთების გადაზიდვა წელიწადში 100 – 150 ათას ტონას მიაღწევს. თუ ამას სომხეთის სატრანზიტო ტვირთებსაც დავუმატებთ, მთლიანი მოცულობა წელიწადში 500 – 600 ათას ტონას მიაღწევს. ამ მოცულობის ტვირთნაკადი ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზას ნამდვილად სიცოცხლისუნარიანს გახდის“, – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, ამჟამად რკინიგზა თავისი გამტარუნარიანობის 10%-ზე ნაკლებით გამოიყენება.

„ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის ფაქტობრივი გამტარუნარიანობა, დაანონსებული 5 მლნ ტონის ნაცვლად, არსებული ტექნიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით, წელიწადში 2 მლნ ტონას შეადგენს. სადღეისოდ მაგისტრალის შესაძლებლობა მხოლოდ მცირედით გამოიყენება. სომხეთის სატრანზიტო მოძრაობის, ჯავახეთიდან ადგილობრივი ტვირთების დამატებით, ასევე თურქეთის მიერ ცენტრალური აზიისთვის ტარიფების 33%-ით შემცირებისა და ჩინეთიდან საკონტეინერო ტვირთბრუნვის გაზრდის შემთხვევაში, გადაზიდვების მოცულობა საწყის ეტაპზე 1.2 მლნ ტონას მიაღწევს. ბუნებრივია, ეს არ წარმოადგენს მარშრუტის მიზნობრივ, მაქსიმალურ მაჩვენებელს, მაგრამ იმისათვის, რომ რკინიგზამ მომგებიანობის ზღვართან, ფინანსური წონასწორობის პირობებში იფუნქციონიროს, საწყისი ეტაპისთვის სავსებით საკმარისი იქნება“.

პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ახალქალაქის სადგურის ადგილობრივი ბიზნესისათვის გახსნის ალბათობა ძალიან მაღალია.

„ვფიქრობ, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, რადგან რკინიგზის ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებული სიტუაცია ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. დიდი ალბათობით, ახალქალაქის სადგურთან ერთად მარაბდა – ახალქალაქის განშტოების გასწვრივ სხვა სადგურებსაც გაუჩნდებათ ანალოგიური პერსპექტივა. ეს ყოველივე კი რეგიონის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს“.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტვირთებისათვის ბაქო – თბილისი – ყარსის მონაკვეთის გახსნით, ერევანს ევროპასთან პირდაპირი სარკინიგზო კავშირის დამყარებისა და ექსპორტის გაფართოების შესაძლებლობა ეძლევა

Related Posts

ჩინეთის სარკინიგზო ტერმინალების მნიშვნელობა ტვირთნაკადების ფორმირებაში   

  ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში საგრძნობლად მომრავლდა  ჩინეთიდან შუა დერეფნით ქართული სატრანსპორტო – ლიგისტიკური  კომპანიების გადაზიდვების რეკლამები, რაც…
მეტის ნახვა

აზერბაიჯანის საზღვაო სავაჭრო ფლოტის განვითარება – შუა დერეფნით სატრანზიტო გადაზიდვების ზრდას უკავშირდება

2025 წელს აზერბაიჯანის საზღვაო სავაჭრო სანაოსნო კომპანიის, ASCO-ს, გემებმა, რომლებიც სტრუქტურულად AZCON Holding-ში არიან გაერთიანებული, საზღვაო მიმართულებებით 9.1…
მეტის ნახვა

ტრანზიტის საფასური საქართველოში ევროზონის და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალია

იყენებს თუ არა საქართველო სატვირთო ავტოტრანსპორტის ტრანზიტით გატარებისას საფასურის აღების სამართლიან პრინციპს? რამდენად თანაზომადია საქართველოში მოქმედი  საფასური ევროზონაში…
მეტის ნახვა