ახლახანს უკრაინის რკინიგზამ – „უკრზალიზნიციამ“ დასრულებულად გამოაცხადა შიდა რეორგანიზაცია და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურის ოპერატორი – „UZ Infra“.
მიმდინარე ომის პირობებში უკრაინის რკინიგზაში აღნიშნული სტრუქტურული ცვლილება მიმართულია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დარგში ოპერაციული კოორდინაციის მაღალი დონის მისაღწევად. შესაბამისად, ევროპული მოთხოვნებისა და უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ეტაპობრივად მიიღწევა უკრაინის რკინიგზის ბაზრის ეტაპობრივი გახსნა.
სააქციო საზოგადოება „უკრზალიზნიციამ“ პრაქტიკულად დაასრულა შიდა რესტრუქტურიზაცია და ძირითადი საქმიანობის სფეროების ცალკეულ ვერტიკალებად დაყოფა, რაც ხარჯებისა და შემოსავლების გამჭვირვალე აღრიცხვას უზრუნველყოფს. შედეგად, ჩამოყალიბდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ერთიანი ოპერატორი – „UZ Infra“.
უკრაინის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ექვსი რეგიონული რკინიგზის ერთ ინფრასტრუქტურულ სუბიექტად გაერთიანების შესახებ. ამავდროულად, საკუთარი დამოუკიდებელი შიდა ბალანსებით, ბიზნესის სხვა მიმართულებები – სამგზავრო გადაყვანები, საგარეუბნო მომსახურება და სალოკომოტივო მეურნეობა – ჩამოყალიბდნენ ცალკეულ, დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ერთეულებად.
მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს „სამგზავრო კომპანია“, რომლის ბალანსზეც ირიცხება ყველა სამგზავრო ვაგონი. აღნიშნული საქმიანობის აღრიცხვის გამიჯვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ სოციალურად მნიშვნელოვანი სამგზავრო მომსახურებისთვის (PSO) კომპენსაციის ექსპერიმენტული მოდელი დანერგა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის მიერ შერჩეული რესტრუქტურიზაციის მოდელი შეესაბამება რკინიგზის კომპანიის საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებულ ევროპულ პრინციპებს და წარმოადგენს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმართული კურსის ნაწილს.
აღსანიშნავია, რომ რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერატორის გამიჯვნა გადამზიდავი კომპანიებისგან არ გულისხმობს სრულ კორპორაციულ გაყოფას. მსგავს მოდელს იყენებს, მაგალითად, Deutsche Bahn-იც, სადაც სხვადასხვა ბიზნესერთეული ერთიანი ჰოლდინგის ფარგლებში ფუნქციონირებს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის რკინიგზის მიერ გადადგმული ნაბიჯები საქართველოს რკინიგზაზე ჯერ კიდევ 2005 წლიდან ეტაპობრივად დაინერგა.
ამერიკულმა საკონსულტაციო კომპანია Booz Allen Hamilton-მა 2005 წელს USAID-ის მხარდაჭერით საქართველოს რკინიგზისთვის მოამზადა Strategy-Based Transformation and Implementation Plan for Georgian Railway. რეორგანიზაციის მიზანს საქართველოს რკინიგზის თანამედროვე, კომერციულ და კონკურენტუნარიან კომპანიად გარდაქმნა წარმოადგენდა.
რეკომენდაციების ძირითადი მიმართულებები მოიცავდა: ორგანიზაციულ რესტრუქტურიზაციას, რის საფუძველზეც რკინიგზის საქმიანობის ფუნქციური მიმართულებები – ინფრასტრუქტურა, სატვირთო გადაზიდვები, სამგზავრო გადაყვანები და დამხმარე საქმიანობა – გამოიყო. თითოეული მიმართულება დამოუკიდებელ ბიზნესერთეულად (Strategic Business Unit – SBU) ჩამოყალიბდა.
იმ პერიოდში საქართველოს რკინიგზამ გეზი კომერციული მართვის მოდელზე გადასვლისკენ აიღო, რაც ითვალისწინებდა სახელმწიფო ადმინისტრაციული მოდელის ნაცვლად კორპორაციული მართვისა და საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების (IFRS) სტანდარტების დანერგვას.
ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს რკინიგზაში ფინანსური რესტრუქტურიზაციის განხორციელება, რაც აქტივებისა და ვალდებულებების გადაფასებასთან ერთად თითოეული ბიზნესმიმართულების მიხედვით შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებულ აღრიცხვას მოიცავდა.
ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია – მოძველებული ლიანდაგების, ხიდების, გვირაბების, სადგურებისა და ენერგოსისტემების ეტაპობრივი განახლების გარდა ასევე მოძრავი შემადგენლობისა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის მოდერნიზაცია იყო გათვალისწინებული.
სამგზავრო მიმართულების რეფორმა – წამგებიანი მარშრუტების ოპტიმიზაცია და საზოგადოებრივი მომსახურების (Public Service Obligation) პრინციპის გამოყენება, როდესაც სოციალური მნიშვნელობის რეისები, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.
Booz Allen-ის რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს რკინიგზამ მომდევნო წლებში დაიწყო:
ბიზნესერთეულების (Freight, Passenger, Infrastructure) ჩამოყალიბება, IFRS-ის დანერგვა, ფინანსური აღრიცხვის განცალკევება, აქტივების განახლების პროგრამა, სამგზავრო მომსახურების ოპტიმიზაცია.
აღნიშნულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2007–2012 წლებში კომპანიის კორპორაციულ გარდაქმნასა და შემდგომ საერთაშორისო ობლიგაციების გამოშვებისთვის მომზადებაში.
დასკვნის სახით – ამერიკული საკონსულტაციო კომპანია Booz Allen Hamilton-ის მიერ შემუშავებული და დანერგილი რეკომენდაციების მრავალი ელემენტი სადღეისოდ ეფექტიანად გამოიყენება საქართველოს რკინიგზაზე. აუცილებელი იქნება აღნიშნული რეკომენდაციების ახალ რეალობაზე მორგება და სარკინიგზო დარგის სისტემური განვითარება.