ევროკავშირმა სატრანსპორტო პროექტების მასშტაბური დაფინანსების შესახებ დაანონსა, ფინანსები უკრაინის და მოლდოვის ჩათვლით ევროკავშირის ყველა სახელმწიფოზე გადანაწილდება – საქართველო დაფინანსების მიღმა დარჩა

ევროკავშირმა სატრანსპორტო პროექტების მასშტაბური დაფინანსების ახალი შესაძლებლობების შესახებ დაანონსა. დაფინანსება უკრაინის და მოლდოვის ჩათვლით ევროკავშირის ყველა სახელმწიფოზე გადანაწილდება.

სახელმწიფოთა ჩამონათვალში არ ფიგურირებს საქართველო, ბუნებრივია იმ ვითარებაში, როცა ქვეყნის ინფრასტრუქტურა მოითხოვს სისტემურ განახლებას და ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირებადობის გაუმჯობესებას – ევროკავშირის მასშტაბური საგრანტო დაფინანსების საქართველოს გარეშე გადანაწილება, კიდევ ერთ გაშვებულ შესაძლებლობად უნდა იქნეს განხილული.

ტრანსპორტის მობილურობის და კავშირებადობის გაუმჯობესებისათვის ევროკავშირმა 94 სატრანსპორტო პროექტი შეარჩია, რომლებზეც Connecting Europe Facility (CEF) ფონდის ფარგლებში, გრანტის სახით ჯამურად 2.8 მილიარდი ევრო დაიხარჯება.

ტრანსპორტის სფეროში 2021-2027 წლების CEF პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 25.8 მილიარდ ევროს შეადგენს. დაფინანსება ხელმისაწვდომია პროექტებისთვის ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, ასევე უკრაინასა და მოლდოვისთვის.

2014 წლიდან, Connecting Europe Facility (CEF) ფონდის დაარსებიდან, ტრანსპორტის სექტორში მხარი დაეჭირა 1861 პროექტს (მათ შორის 94 მიმდინარე პროექტს), რომელთა საერთო ღირებულება 47.34 მილიარდ ევროს შეადგენს.

ახალი პროექტების პაკეტის დაფინანსება მიმართული იქნება ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის TEN-T ფარგლებში რკინიგზების, შიდა სამდინარო წყლების და საზღვაო მარშრუტების კავშირებადობის გაუმჯობესებისკენ.

ევროკავშირის მიერ შერჩეული სატრანსპორტო პროექტები ხელს შეუწყობს ევროპის შიდა ბაზრის კონკურენტუნარიანობას და მდგრადობას.

მასშტაბური პროექტების განხორციელებას  „მწვანე“ ეკონომიკის განვითარება უდევს საფუძვლად, სადაც აქცენტი სარკინიგზო ტრანსპორტზეა გადატანილი.

დაფინანსების ყველაზე დიდ წილი – მთლიანი თანხის 77%  – რკინიგზის ტრანსპორტზე მოდის, ინვესტიციები კი ტრანსევროპული სარკინიგზო ქსელების  ინფრასტრუტურის მოდერნიზაცია – განახლებაზე  და ჩქაროსნული  მოძრაობის განვითარებაზე იქნება მიმართული.

ფინანსები პრიორიტეტულად მიმართული იქნება ბალტიის ქვეყნებში და პოლონეთში Rail Baltica ს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისკენ, ასევე ჩეხეთსა და პოლონეთში ჩქაროსნული რკინიგზების განვითარებისკენ.

გარდა ამისა, 46 პროექტის მეშვეობით ევროკავშირის 11 წევრ სახელმწიფოში, მათ შორის ავსტრიაში, გერმანიაში, უნგრეთში, იტალიასა და შვედეთში დაინერგება ევროპის სარკინიგზო მოძრაობის მართვის სისტემა European Rail Traffic Management System (ERTMS), რაც საზღვრებზე რკინიგზის ტრანსპორტის უსაფრთხოებას და ურთიერთთავსებადობას გააუმჯობესებს.

ევროკავშირი ინვესტირებას განახორციელებს ისეთ პროექტებში, რომლებიც მიზნად ისახავს საზღვაო და შიდა სამდინარო ტრანსპორტის გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.

პირველ რიგში – ირლანდიის, კვიპროსის, მალტის, ხორვატიისა და პოლონეთის ნავსადგურების განახლება მოიზრება, რათა ნაპირზე არსებული ელექტროენერგიის გამოყენებით შეამცირონ გემებიდან ნავმისადგომებზე გამონაბოლქვი.

წყალქვეშა კაბელების უსაფრთხოება და მდგრადობის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირის მიერ მიღებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მხარდაჭერილი იქნება ესტონეთში, ფინეთსა და შვედეთში მრავალფუნქციური ყინულმჭრელი გემების მშენებლობის და მოდერნიზაციის პროექტები.

კაბოტაჟური საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად საფრანგეთსა და ესპანეთში გემების ციფრული  მართვის სისტემები დაინერგება.

შიდა სამდინარო წყლების მიმართულებით – საფრანგეთში მდინარე რაინის, ხოლო ბელგიაში სამდინარო ტრანსპორტის მართვის ციფრულ სისტემების მოდერნიზება განხორციელდება.

საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში – 10 წევრ სახელმწიფოში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და რუმინეთში აშენდება ან/და განახლდება უსაფრთხო და დაცული ავტოსადგომები.

დაფინასდება ურბანული მობილურობის პროექტები, რომლებიც მულტიმოდალური სამგზავრო ჰაბების მშენებლობას ან მოდერნიზაციას ითვალისიწინრბდ.

ასეთი ჰაბები, რომლებიც ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობებს შორის შეუფერხებელ კავშირს უზრუნველყოფს, მოეწყობა – ნორჩოპინგში (შვედეთი), ნიცასა და მარსელში (საფრანგეთი) და ბოლცანოში (იტალია).  

ევროკავშირი ფინანსურ სახსრებს მიმართავს უკრაინასა და ევროკავშირს შორის „სოლიდარობის დერეფნების“ (ხორბლის უსაფრთო გადაზიდვის დერეფნები იგულისხმება) ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად.

პროექტები მიმართული იქნება სლოვაკეთსა და უკრაინას, ასევე რუმინეთსა და მოლდოვას შორის სარკინიგზო კავშირებისა და სასაზღვრო გადასასვლელებზე  ევროპული ლიანდის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ.

ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინას ევროპული ლიანდის გამოყენებაში დაეხმარება, რაც საზღვრისპირა რკინიგზის რეგიონებში შეუფერხებელ გადაადგილებას და რეგიონულ ვაჭრობაში შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა ფონდის დაფინანსებით  – პოლონეთის საზღვრიდან უკრაინის ქალაქ ლვოვავმდე, მოეწყობა ევროპული ლიანდის რკინიგზა.

ვროკავშირის მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის კომისრის განმარტებით – “აღნიშნული ინვესტიციები „მწვანე“ ეკონომიკაზე სისტემური გადასვლის და ევროკავშირის  გეოპოლიტიკური მდგრადობის ქვაკუთხედია“.

შემდგომი ნაბიჯები – 94 შერჩეულ პროექტთან დაკავშირებით, ევროკომისია 2025 წლის ოქტომბერში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და ინდივიდუალურად გააფორმებს შესაბამის საგრანტო ხელშეკრულებას.

დეტალურ ინფორმაციას შერჩეული პროექტების შესახებ შესაძლებელია გაეცნოთ –  https://cinea.ec.europa.eu/news-events/news/cef-transport-eu28-billion-94-projects-boost-sustainable-and-connected-mobility-across-europe-2025-07-03_en ვებგვერდზე.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

სატრანსპორტო დერეფნების ბლოკირების პირობებში, რუსეთი  მახაჩკალის ნავსადგურში დიდი ხნის უფუნქციო საბორნე ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას გეგმავს  

Next Post

როდის ამოქმედდება საქართველოსა და თურქეთს შორის საავტომობილო ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემა?

Related Posts

კასპიის ზღვაზე გაზრდილი ტევადობის კონტეინერმზიდების დამატებით  ყაზახეთი შუა დერეფნის ინფრასტრუქტურას ავითარებს

ყაზახეთი – კასპიის ზღვაზე  კურიკის და აქტაუს ნავსადგურებში საკონტეინერო სიმძლავრეების გაზრდის და  ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების პარალელურად, ახალ   მაღალი ტევადობის…
მეტის ნახვა

ბალტიის ქვეყნების მიმართ რუსეთის  აგრესიული სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგები

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ბალტიისპირეთის ქვეყნებს მემკვიდრეობით დარჩათ, იმ პერიოდისათვის რუსეთის ექსპორტზე ორიენტირებული თანამედროვე სანავსადგურე და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა,…
მეტის ნახვა

ყაზახეთი საავტომობილო გადაზიდვების სფეროში შუა დერეფნის ქვეყნებთან ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემის არეალს აფართოებს – საქართველოს პოზიცია გაციფროვნებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გაურკვეველია

ახლახანს ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ყირგიზეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან საავტომობილო გადაზიდვის ნებართვების ელექტრონული გაცვლის მექანიზმი აამოქმედა, რითაც მისი გამოყენების…
მეტის ნახვა