ენერგომატარებლების ფასების ზრდის საპირწონედ პოლონეთის მთავრობამ მყისიერად საწვავის ფასების შემცირების პაკეტი აამოქმედა – შესაძლებელი იყო თუ არა ანალოგიური ნაბიჯი საქართველოს მთავრობას გადაედგა?

ვაჟა გაფრინდაშვილი – საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის ექსპერტი 20-წლიანი გამოცდილებით. იკავებდა ევროპულ საექსპედიტო კომპანიებში გადაზიდვების დაგეგმვისა და კომერციული მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციებს.

1 აპრილიდან პოლონეთმა ბენზინისა და დიზელის საწვავზე სახელმწიფო ფასების ზედა ზღვარი დააწესა. ამავდროულად, საწვავზე დღგ 23%-დან 8%-მდე შეამცირა და აქციზის გადასახადი ევროკავშირში დაშვებულ მინიმალურ დონემდე დაწია. აღნიშნული ზომები გეოპოლიტიკური სიტუაციით გამოწვეული ენერგომატარებლების ფასების ზრდის ფონზე მთავრობის ანტიკრიზისული ჩარევის ნაწილს წარმოადგენდა.

პოლონეთის კონკრეტულ მაგალითზე ჩვენი გვერდის მკითხველს გვინდა შევთავაზოთ რიგი მაჩვენებლები, თუ რა ეფექტი იქონია მძღოლებისთვის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულმა რეფორმამ და რა მიუღებელი დანაკლისი განიცადა სახელმწიფო ბიუჯეტმა.

პოლონეთის მაგალითი ნათლად წარმოაჩენს საწვავის გაძვირების შედეგად ჯაჭვური გაძვირების ტურბულენტობიდან  გამომდინარე სახელმწიფოს ზრუნვას მოსახლეობაზე.

ლოგიკურად, ყველას გვებადება კითხვა – შესაძლებელი იყო თუ არა საქართველოშიც სახელმწიფოს გადაედგა ანალოგიური ნაბიჯი და აქციზისა და დღგ-ის  ხარჯზე შეემცირებინა საწვავის ფასები.

პოლონეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მთავრობის მიერ განხორციელებული „საწვავის ფასების შემცირების“ პაკეტის დაწესებით, მხოლოდ აპრილის თვეში პოლონელმა მძღოლებმა, სახელმწიფოს ხელშეწყობით, 700 მლნ ევრო დაზოგეს.

მძღოლებისთვის დაწესებული „საწვავის ფასების შემცირების“ სახელით ცნობილი შემცირებული აქციზის, დღგ-ს და საწვავის ფასის მაქსიმალური ფიქსირებული ღირებულების ეფექტის მიღწევის შემდეგ, პოლონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საწვავის შემცირების მოდელის მ.წ. მაისის ბოლომდე გახანგრძლივების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში საწვავების ფასების რყევები შეინიშნება, ბოლო კვირების განმავლობაში პოლონეთში საწვავის ფასები ევროკავშირში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

რას მოიცავს პოლონეთში 31 მარტიდან ამოქმედებული „საწვავის ფასების შემცირების“ მექანიზმი? პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ზომა მანამდე ქვეყანაში არ გამოიყენებოდა და ეს მექანიზმი სახელმწიფოს ჩართულობით საწვავის მაქსიმალური საცალო ფასების დაწესებას ითვალისწინებდა.

მექანიზმი ასე მუშაობს – ენერგეტიკის სამინისტრო ყოველდღიურად ბაზარზე ხუთი უმსხვილესი საწვავის რეალიზატორი მოთამაშის საშუალო საბითუმო ფასის საფუძველზე აწესებს საწვავის ღირებულების დღიურ ზედა ზღვარს, რომელიც გამოითვლება ფორმულის გამოყენებით: ხუთი უმსხვილესი მოთამაშის საშუალო საბითუმო ფასს ემატება ოთხი კომპონენტი: 1. აქციზი, 2. საწვავის მოსაკრებელი, 3. ფიქსირებული გასაყიდი საცალო მარჟა – 7 ევრო ცენტის ოდენობით და 4. დღგ.

ცნობისთვის, საბითუმო ფასი არის ისეთი ფასი, რომელსაც საწვავის კომპანია იხდის თითო ტონა საწვავის შეძენისას, სანამ მას საცალო ქსელში მომხმარებელს მიჰყიდის.

პოლონეთმა მომხმარებლისთვის საწვავის გაძვირების თავიდან ასაცილებლად მის ღირებულებას მოქნილობა მიანიჭა და ყოველდღიურად აცხადებდა მის ფასს. ანუ წინა დღეს გამოცხადებული ფასი ძალაში რჩებოდა მომდევნო სამუშაო დღემდე. ზღვრულ ფასზე მეტად გაყიდვის შემთხვევაში მთავრობამ  ჯარიმა დააწესა, რომელმაც 235 ათასი ევრო შეადგინა.

პოლონეთის მთავრობამ საწვავზე დღგ 23%-დან 8%-მდე შეამცირა, ხოლო აქციზის გადასახადი ევროკავშირის წესებით დაშვებულ მინიმალურ დონემდე დაწია. ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, დღგ-ის შემცირებამ პოლონეთის ბიუჯეტს აპრილის თვეში 210 მლნ ევრო, ხოლო აქციზის შემცირებამ – 165 მლნ ევრო, ჯამში კი ბიუჯეტისთვის 375 მლნ ევროს მიუღებელი შემოსავალი გამოიწვია.

ბენზინზე შემცირებულმა აქციზის გადასახადმა 1000 ლიტრზე 290 ევრო, ხოლო დიზელზე – 207 ევრო 1000 ლიტრზე შეადგინა.

პოლონეთის მოდელის მიხედვით, ერთი მხრივ, საბაზრო მექანიზმებია ამოქმედებული, ხოლო მეორე მხრივ, ფასების მანიპულირების თავიდან ასაცილებლად მთავრობა ფასებზე ძლიერ გავლენას ახორციელებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საწვავის ფასების მატების საპირწონედ მთავრობამ მყისიერად იმოქმედა და დღგ-ისა და აქციზის შემცირების კანონპროექტები მთავრობამ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო და დასამტკიცებლად სეიმს გადაუგზავნა.

„საწვავის ფასების შემცირების“მექანიზმის ამოქმედებამ დადებითად იმოქმედა სატვირთო ლოგისტიკურ კომპანიებზე.

პოლონეთის სატვირთო გადამზიდავი კომპანიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე იყო ის, რომ პოლონეთში საწვავის ფასების მყისიერმა შემცირებამ გერმანიის საზღვართან კონკურენტული გარემოს მკვეთრი ცვლილება გამოიწვია. ანალიტიკოსები უკვე პროგნოზირებენ „საწვავის ტურიზმის“ზრდას გერმანიის სასაზღვრო რეგიონებიდან.

გერმანიის საავტომობილო გადამზიდავების ინტერესების დამცველი ასოციაცია – Federal Güterkraftverkehr Logistik und Entsorgung (BGL) – მკაცრი კრიტიკით გამოვიდა. ასოციაცია მიიჩნევს, რომ პოლონეთის მხრიდან ასეთმა ნაბიჯებმა შესაძლოა ევროპის სატრანსპორტო ბაზარზე სერიოზულად შეზღუდოს კონკურენტული გარემო. BGL-ის გათვლებით, პოლონეთში დიზელის საწვავის ფასი ლიტრაზე ამჟამად გერმანიაზე 0.29 ევროთი ნაკლებია.

გერმანელი სატრანსპორტო კომპანიებისთვის ეს მნიშვნელოვან დამატებით ხარჯებს ნიშნავს. თვეში საშუალოდ 10 ათასი კმ გარბენისა და 100 კმ-ზე 30 ლიტრი საწვავის მოხმარების შემთხვევაში, დამატებითი ხარჯები სატვირთო მანქანაზე დაახლოებით 870 ევროს აღწევს. 50 სატრანსპორტო საშუალებისგან შემდგარი პარკისთვის წელიწადში დამატებითი ხარჯი 500 000 ევროზე მეტს შეადგენს.

დასკვნის სახით – პოლონეთში „საწვავის ფასების შემცირების“ მექანიზმის ამოქმედება კარგი მაგალითია იმისა, თუ რთულ მდგომარეობაში როგორ ეფექტიანად ახორციელებს სახელმწიფო გადასახადების შემცირებას, საბაზრო მექანიზმების შეზღუდვას და ბაზარზე ფასების მანიპულაციის გავლენების განეიტრალებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ლოგიკურად ყველას გვებადება კითხვა – შესაძლებელი იყო თუ არა საქართველოში სახელმწიფოს გადაედგა ანალოგიური ნაბიჯი და შეემცირებინა საწვავის ფასები.`

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

აზერბაიჯანის და საქართველოს რკინიგზებზე გადაზიდვების შემცირების მიზეზების კვლევა ამ ქვეყნების მთავრობების პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს

Related Posts

ვოლგა – დონის სამდინარო არხით გადაზიდვების 40 % იანი ვარდნა საქართველოზე გამავალ დერეფანს დამატებითი ტვირთების გადმორთვის პერსპექტივას უჩენს

ვოლგა – დონის სამდინარო არხი შუა დერეფნის ერთ – ერთ მნიშვნელოვან და მძლავრ კონკურენტ მარშრუტს წარმოადგენს. საომარი დაპირისპირების…
მეტის ნახვა

ყაზახეთი ფსონს თურქმენეთის გავლით ირანის ნავსადგურებისკენ მიმავალ მარშრუტზე დებს – ხომ არ აღმოჩნდება შუა დერეფანი ტვირთების დაკარგვის საფრთხის წინაშე?

ახლახანს ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საინფორმაციო სააგენტო „Turkistan“-თან ინტერვიუში ცალსახად განაცხადა, რომ ყაზახეთი – შუა დერეფნის ალტერნატივის, კერძოდ,…
მეტის ნახვა

ამიერკავკასიის რკინიგზის სადავეებთან მყოფი პოლონელი ინჟინრის – ბოლესლავ სტატკოვსკის დაბადებიდან 200 წლის თავზე, მართებული იქნება თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაერქვას

10 ოქტომბერს საქართველოში რკინიგზელთა დღე აღინიშნება. ბევრმა, მათ შორის ახალგაზრდა თაობამ, ნაკლებად იცის, თუ ვინ ჩაუყარა ამიერკავკასიაში სარკინიგზო…
მეტის ნახვა