
ლევან ლომსაძე – შპს “GeoRail-consulting”-ის დირექტორი და დაფუძნებელი, სარკინიგზო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი
სახიფათო ტვირთების გადაზიდვების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესით, საქართველოს სარკინიგზო სექტორში პრაქტიკულად ახალი მასშტაბური რეფორმა იწყება. რეფორმის მიზანი გაცხადებულია და საქართველოზე გამავალი სარკინიგზო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ემსახურება.
რეფორმას სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს და იგი საქართველოს სარკინიგზო სივრცეში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის საერთაშორისო სარკინიგზო სამართლის COTIF-ის დანართი C-ს, კერძოდ RID-ის (Regulations concerning the International Carriage of Dangerous Goods by Rail) ეტაპობრივ დანერგვასთანაა დაკავშირებული.
ხაზასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული რეფორმა საქართველოს სარკინიგზო სივრცეში ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციის, სარკინიგზო უსაფრთხოების გაძლიერებას და საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის გაუმჯობესებას.
ცნობისათვის საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოქმედებს ორი ძირითადი, მაგრამ სხვადასხვა გეოგრაფიული არეალის მომცველი სამართლებრივი და ტექნიკური სისტემა – პირველი COTIF/RID – რომელიც აერთანებს ევროპისა და OTIF-ის წევრი ქვეყნების სარკინიგზო სივრცეს და მეორე СМГС-ის (საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების შესახებ შეთანხმება) მე-2 დანართი – რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აზიის რეგიონებში მოქმედებს (იხ. სქემა).

საქართველო წარმოადგენს ამ ორი რეგულაციური სივრცის გადაკვეთისა და დაკავშირების მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ წერტილს. ამიტომ, RID-ის დანერგვა ქვეყნისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რდაგანაც ამ ორი სისტემის უნიფიცირება ხელს უწყობს ევროპულ და ევრაზიულ სატრანსპორტო სისტემებს შორის ტექნიკური და სამართლებრივი თავსებადობის გაძლიერებას.
უნიფიკაციის პროცესი მნიშვნელოვნად გაზრდის საერთაშორისო ტვირთბრუნვის ჯაჭვში, საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, როლსა და მნიშვნელობას.
რეფორმის სამართლებრივი საფუძველი – RID-ის დანერგვისა და ზედამხედველობის მიმართულებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი შეიქმნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებით დამტკიცებული დებულების საფუძველზე.
კერძოდ, დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდა:
„სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესი“.
აღნიშნული წესი განსაზღვრავს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო-ს უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №17 დადგენილებით დამტკიცებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობასა და მონიტორინგზე.
ზედამხედველობის სისტემა ეფუძნება მუდმივ, თანმიმდევრულ და რისკების მართვაზე დაფუძნებულ კონტროლის მექანიზმს, რომლის ძირითადი მიზნებია: სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი, ტექნიკური მომსახურებისა და უსაფრთხოების სისტემების ეფექტიანობის შეფასება, შესაძლო რისკებისა და ინციდენტების პრევენცია.
ზედამხედველობა განხორციელდება როგორც გეგმიური, ისე არაგეგმური მონიტორინგის მექანიზმებით. წესის ამოქმედება დაგეგმილია 2027 წლის 1 ივნისიდან.
სახიფათო ტვირთების სპეციალისტების ინსტიტუტის დანერგვა რეფორმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სპეციალისტების (Dangerous Goods Safety Adviser – DGSA) ინსტიტუტის დანერგვა წარმოადგენს.
აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სექტორში უსაფრთხოების კულტურის გაძლიერებაზე და სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ოპერაციების საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელებას უზრუნველყოფს.
სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვების უზრუნველსაყოფად, იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა მოიცავს სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვას და/ან მასთან დაკავშირებულ საქმიანობას (სახიფათო ტვირთის შეფუთვა, დატვირთვა-გადმოტვირთვა, დახარისხება და ა.შ. ვალდებულია ჰყავდეს 2027 წლის 1 იანვრიდან მინიმუმ ერთი სახიფათო ტვირთის სპეციალისტი საქმიანობის მასშტაბის გათვალისწინებით.
სპეციალისტის ყოლის ვალდებულება ვრცელდება შემდეგ იურიდიულ პირებზე:
- სარკინიგზო საწარმოზე – რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სახიფათო ტვირთების რკინიგზით გადაზიდვას;
- ტვირთგამგზავნზე – რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზით გადაზიდვის მიზნით, გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, გადამზიდველს გადასცემს სახიფათო ტვირთს;
- იურიდიულ პირზე – რომელიც ტვირთგამგზავნისთვის მომსახურების გაწევის ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გადაზიდვასთან დაკავშირებულ ოპერაციებს – შეფუთვას / დატვირთვას / შევსებას ახორციელებს;
- ტვირთმიმღებზე – რომელიც სახიფათო ტვირთის გადმოტვირთვას ახორციელებს;
- იურიდიულ პირზე – რომელიც ტვირთმიმღებისთვის მომსახურების გაწევის ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სახიფათო ტვირთის გადმოტვირთვას ახორციელებს;
- იურიდიულ პირზე – რომელიც სახიფათო ტვირთის დახარისხებას ახორციელებს;
არსებული მდგომარეობით, სს საქართველოს რკინიგზა-ის მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვის შედეგად, მისი საქმიანობის სახისა და მასშტაბის გათვალისწინებით, გაცემულია 1 უსაფრთხოების ავტორიზაცია რკინიგზის საერთო სარგებლობის ქსელის მართვისა და ექსპლუატაციისათვის და 2 უსაფრთხოების სერტიფიკატი – მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების მიზნით.
ამასთან, სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო-ს მიერ 2023–2025 წლებში გაცემულია 4 უსაფრთხოების სერტიფიკატი იმ სარკინიგზო საწარმოებზე, რომლებიც ბათუმისა და ფოთის სადგურებში საკუთარი სამანევრო ლოკომოტივებით ახორციელებენ სამანევრო სამუშაოებსა და მისასვლელ ლიანდაგებზე ვაგონების მიწოდება-გამოტანის ოპერაციებს.
გარდა ამისა, გაცემულია 120 უსაფრთხოების ავტორიზაცია მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებზე, რომლებიც საქართველოს მასშტაბით საერთო ჯამში ფლობენ 143 მისასვლელ ლიანდაგს.
საქართველოში 77 მისასვლელ ლიანდაგში (კერძო სარკინიგზო ინფრასტრუქტურა) ხორციელდება სახიფათო ტვირთის დამუშავებასთან დაკავშირებული ოპერაციები (იხ დიაგრამა).

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით მ.წ. 13 მაისს სარკინიგზო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე – სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები და ახალი რეგულაციები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების 120-მდე წარმომადგენელმა.
სპეციალისტების მომზადება, გამოცდები და სერტიფიცირება – სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სპეციალისტთა პროფესიული მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემა რეფორმის ერთ-ერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს.
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის შესაბამისი ბრძანებებით წინასწარ განსაზღვრულია სწავლების განმახორციელებელი და გამოცდის მიმღები ორგანიზაციები.
სპეციალისტთა მომზადებას განახორციელებს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით და ფლობს შესაბამის თანამედროვე მატერიალურ – ტექნიკურ ბაზას.
აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით და მხარდაჭერით მიმდინარეობს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ინსტრუქტორების ტრენინგი ე.წ “Training of Trainers (ToT) program”.
სატვირთო გადაზიდვების სპეციალისტის სასწავლო პროგრამები მოიცავს: RID-ის მოთხოვნებს, სახიფათო ტვირთების კლასიფიკაციას, შეფუთვისა და მარკირების წესებს, უსაფრთხოების მართვის სისტემებს, ავარიულ რეაგირებას, საერთაშორისო საუკეთესო სარკინიგზო პრაქტიკას.
სწავლების კურსის დასრულების შემდეგ კანდიდატები გაივლიან შესაბამის გამოცდას, ხოლო სერტიფიცირების ადმინისტრირება და სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილება სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს პრეროგატივა იქნება.
სახიფათო ტვირთების სპეციალისტის სერტიფიკატის მოქმედების ვადა 5 წლით იქნება განსაზღვრული.
რა შედეგებს მოუტანს RID-ის დანერგვა საქართველოს? რეფორმის დანერგვა საქართველოს რკინიგზაზე მნიშვნელოვნად გააძლიერებს როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ და ლოგისტიკურ მიმართულებებს.
RID-ის დანერგვის შედეგად: გაიზრდება საქართველოს სარკინიგზო სისტემის საერთაშორისო ასპარეზზე სანდოობა; გამარტივდება ევროპისა და აზიის მიმართულებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვა;შემცირდება ტექნიკური და ადმინისტრაციული ბარიერები;გაძლიერდება სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობა;გაუმჯობესდება უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სტანდარტები;გაიზრდება ქართული საექსპორტო პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობა.
განსაკუთრებით გამოსაყოფია, რომ რეფორმა დადებით გავლენას მოახდენს საქართველოში წარმოებული სახიფათო ტვირთების ექსპორტზე – მათ შორის ქიმიური პროდუქციის, მინერალური სასუქების, ნავთობპროდუქტებისა და სხვა ინდუსტრიული ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებზე.
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა უცხოელი პარტნიორების მხრიდან გაზრდის ნდობას ქართული სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემის მიმართ, რაც დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.
თანამშრომლობა – რეფორმის წარმატების საფუძველი – RID-ის დანერგვის პროცესი წარმოადგენს სახელმწიფოს, სარკინიგზო სექტორისა და კერძო ბიზნესის ეფექტიანი თანამშრომლობის მაგალითს.რეფორმაში აქტიურად ჩართულნი არიან:
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო – როგორც მარეგულირებელი და ზედამხედველი ორგანო;
სს საქართველოს რკინიგზა – როგორც ძირითადი ინფრასტრუქტურულს მენეჯერი და ძირითადი სარკინიგზო საწარმო;
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი – პროფესიული განათლებისა და სპეციალისტების მომზადების მიმართულებით;
კერძო სექტორი – სარკინიგზო საწარმოების და ინფრასტრუქტურის მენეჯერები როგორც გადაზიდვების, ლოჯისტიკისა და სამრეწველო ოპერაციების უშუალო მონაწილე.
მათი კოორდინირებული თანამშრომლობა ქმნის მყარ საფუძველს იმისათვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს უსაფრთხო, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მყოფ სარკინიგზო სატრანსპორტო სივრცედ.
დასკვნის სახით – RID-ის დანერგვა ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკის, საერთაშორისო ინტეგრაციისა და რეგიონული ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, რაც ახლო მომავალში, როგორც სარკინიგზო სექტორს, ისე ქვეყნის ეკონომიკას დადებით შედეგს მოუტანს.