ყაზახეთი საავტომობილო გადაზიდვების სფეროში შუა დერეფნის ქვეყნებთან ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემის არეალს აფართოებს – საქართველოს პოზიცია გაციფროვნებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გაურკვეველია

ახლახანს ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ყირგიზეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან საავტომობილო გადაზიდვის ნებართვების ელექტრონული გაცვლის მექანიზმი აამოქმედა, რითაც მისი გამოყენების არეალი გააფართოვა.

ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების სატრანსპორტო ორგანოებმა, ყაზახეთის ანალოგიურად ციფრული ნებართვების დასამუშავებლად და გამოსაყენებლად თავიანთი საინფორმაციო სისტემების ყაზახეთთან ინტეგრირება განახორციელეს.

ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის მიზანი ქაღალდის ფორმების გამოყენების სრულად აღმოფხვრაა, რაც ადმინისტრაციული ბარიერების მინიმუმამდე დაიყვანის წინაპირობას წარმოადგენს.

ყაზახეთის სახელმწიფო ორგანოების განმარტებით, ნებართვების დამუშავება და გამოყენება მხარეთა ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით მხოლოდ ციფრულად განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბოლოდან ყაზახეთმა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა ჩინეთისა და უზბეკეთის ნებართვების ფორმების დიგიტალიზაციის მიმართულებით, ხოლო აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ყირგიზეთთან ელექტრონული გაცვლის სისტემის დამატება მისი გამოყენების არეალის გაფართოებისა და სატრანსპორტო ინდუსტრიის სრული ციფრული ტრანსფორმაციისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილება.

ბუნებრივია ისმის კითხვა, რამდენად შესაძლებელია საქართველოს ჩართულობის გარეშე გაციფროვნების სისტემამ სრულფასოვნად იფუნქციონიროს?

როგორ მუშაობს ყაზახეთში საავტომობილო ნებართვების ელექტრონული სისტემა?

ყაზახეთის ნებისმიერ საავტომობილო გადამზიდავს ნებართვის მისაღებად სადღეისოდ შეუძლია Elicense.kz-ის გვერდზე „VEHICLE“განყოფილებაში განაცხადის ელექტრონულად გაკეთება.

მარტივად, რომ წარმოვიდგინოთ ეს პროცესი ანალოგიურია იმის, ქართველმა გადამზიდველმა ჩვენი იუსტიციის სახლის პორტალზე ელექტრონულად გააკეთოს განაცხადი და ელექტრონულად მიიღოს პასუხი.

Elicense.kz-ის სისტემა – ყაზახეთის სახელმწიფო ელექტრონული ლიცენზირებისა და ნებართვების სისტემაა, რომელიც ქვეყნის ელექტრონული მთავრობის (eGov) ინფრასტრუქტურის ნაწილია. მისი მთავარი მიზანი ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ლიცენზიის, ნებართვისა და სახელმწიფო სერვისის ონლაინ რეჟიმში გაცემა.

Elicense.kz სისტემა – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორისთვის, რადგან პლატფორმაზე გაიცემა როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ნებართვები, ასევე არაგაბარიტული ტვირთებისთვის სატრანსპორტო საშუალებების სპეციალური ნებართვები.

გარკვეული წინაპირობაც არსებობს ყაზახი გადამზიდავისათვის, კერძოდ სატრანსპორტო საშუალება ყაზახეთში უნდა იყოს რეგისტრირებული და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების განხორციელების ნებართვა გააჩნდეს.


ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო გადამზიდავებს აფრთხილებს, რომ ელექტრონულ ნებართვებზე გადასვლის გამო, ნებართვის ბლანკების მესამე მხარის მეშვეობით შეძენა აკრძალულია, რადგან შეძენის შესახებ ინფორმაცია მომენტალურად და ავტომატურად აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყირგიზეთის საინფორმაციო სისტემებს გადაეცემა, ასეთი მიდგომა სრულად აგვარებს ნებართვების უკანონო გადაყიდვის პრობლემას.

ყაზახეთის ხელისუფლება აფრთხილებს გადამზიდავებს, რომ არასწორად გაცემული ნებართვის, მათ შორის მესამე პირისგან შეძენილი ნებართვის გამოყენებამ, შესაძლოა, ამ ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმა გამოიწვიოს.

ყაზახეთის სატრანსპორტო უწყების განცხადებით, „სამინისტრო გააგრძელებს ამ მიდგომის გაფართოებას და ახალი პარტნიორი ქვეყნების მოზიდვას“, კერძოდ, ყაზახეთი გეგმავს ციფრული ნებართვების გაცვლის განხორციელებას რუსეთთან და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, მათ შორის ლიეტუვასთან, ლატვიასთან და პოლონეთთან.

სატრანსპორტო ინდუსტრიაში დიგიტალიზაციის სისტემის დანერგვა, ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებს შორის ორმხრივ ფორმატში გადაზიდვებს, არამედ ქვეყანაზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო დერეფნის – ტრანსკასპიური მარშრუტის – განვითარებას, რაც უდაოდ საქართველოს ინტერსებშია.

ყაზახეთი აღნიშნავს, რომ შუა დერეფნის ეფექტიანად ამოქმედებისთვის აუცილებელია, დერეფნის ქვეყნებმა სინქრონულად ერთიანი ელექტრონული ტრანზიტის ნებართვის სისტემა აამოქმედონ, თუმცა პროექტში მონაწილე ყველა ქვეყანა ჯერ კიდევ არ შეუერთდა შესაბამის სამთავრობათაშორის შეთანხმებას.

ცნობისათვის, 2026 წლის 15 მაისს, ასტანაში გამართულ TRACECA-ს შეხვედრაზე აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელებმა საავტომობილო გადაზიდვების ტრანზიტის ნებართვის ერთიანი ფორმის შესახებ სამთავრობათაშორისო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

საქართველო, რომელიც ამ შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილით იყო წარმოდგენილი, გაურკვეველი მიზეზის გამო, სატრანსპორტო დერეფნის ესოდენ მნიშვნელოვან შეთანხმებას არ მიუერთდა, რაზეც ჩვენი პორტალი მ.წ. 19 მაისის ანალიტიკაში ამახვილებდა ყურადღებას.

დასკვნის სახით – მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ კონფერენციაზე თუ სამთავრობო დონეზე გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლება დერეფნის გაციფროვნების საკითხს მუდმივად პრიორიტეტს ანიჭებს, შედეგობრივად ამ მიმართულებით ხელშესახები ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

რუსეთთან დამაკავშირებელი ზემო ლარსთან მისასვლელი გზის სავალალო მდგომარეობის გამო, გადამზიდველები სულ უფრო ხშირად შემოვლით, რუსეთ-აზერბაიჯანის მიმართულებას ანიჭებენ უპირატესობას

Related Posts

ცენტრალური აზიის ტვირთნაკადების წარმომქნელი სამრეწველო რეგიონები უპირატესობას ყაზახური ინვესტიციით აშენებული Poti TransTerminal-ის ინფრასტრუქტურას ანიჭებენ

15-16 მაისს ბათუმში გამართულ Argus-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ფოთში განთავსებული მულტიმოდალური  Poti TransTerminal-ის შესაძლებლობები იქნა წარმოდგენილი. Poti TransTerminal-ის…
მეტის ნახვა

მცირე საავტომობილო კომპანიები გართულებული სანებართვო პირობების გამო საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარზე შეღწევას ვერ ახერხებენ – რა გამოსავალი არსებობს?

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით საავტომობილო გადამზიდველებისა და ცალკეული მძღოლების განცხადებებს – სატრანსპორტო კომპანიის, იგივე შპს-ის, გაყიდვის…
მეტის ნახვა

სომხეთი სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის პარალელურად, თურქეთის საზღვართან გიუმრის დრაი პორტის პროექტის განხორციელებას გეგმავს

სომხეთი „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის პარალელურად, რაც მის ტერიტორიაზე სარკინიგზო და საავტომობილო მონაკვეთების სინქრონულ დებლოკირებას ითვალისწინებს, თურქეთის საზღვართან გიუმრის…
მეტის ნახვა