მოლდოვა ტრანსევროპულ TEN-T სატრანსპორტო ქსელებთან მიერთების შემდეგ, ევროკავშირისგან ევროპული ლიანდის ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობისთვის დაფინანსების მიღების მოლოდინშია – მოლდოვის მაგალითზე შეეძლო თუ არა საქართველოს ანალოგიური შანსის გამოყენება?

მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვას ჯურჯლეშტის ნავსადგურის სახით შავ ზღვაზე გასასვლელი გააჩნია, თავისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განფენილობით და მისი მდგომარეობით, სადღეისოდ უდავოდ სახარბიელოდ არ გამოიყურება.

მოლდოვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტექნიკური აღჭურვილობა და მისი ამორტიზირებული მდგომარეობის საქართველოსთან შედარებაც წარმოუდგენელია.

ეკონომიკურად არასტაბილურ მდგომარეობაში მყოფმა მოლდოვამ, სატრანსპორტო სფეროში ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, რამდენიმე თანმიმდევრული ნაბიჯი გადადგა. პირველი და მნიშვნელოვანი – 2026 წლიდან მოლდოვის მთავრობა საკუთარი რკინიგზის რეორგანიზაციის და კომერციალიზაციის პროცესის განხორციელებას შეუდგა.

რკინიგზის რეფორმირების პროცესის დაწყება ამ სფეროში მოლდოვის რკინიგზის რიგი მონაკვეთების პანევროპულ სატრანსპორტო TEN-T ქსელებთან ინტეგრირებით იყო ნაკარნახევი.

რეორგანიზაციის პროცესის დაწყებამდე, ჯერ კიდევ 2024 წელს, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის TEN-T განვითარების, კერძოდ, რიგი სატრანსპორტო დერეფნების უკრაინასა და მოლდოვამდე გაგრძელების შესახებ.

ევროპული სატრანსპორტო დერეფნის უკრაინასა და მოლდოვამდე გაფართოებით და ევროპულ TEN-T დერეფნებში ჩართვით, ამ ქვეყნებს, გარდა ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებისა და მათ ქსელებში თავსებადობისა, ევროკავშირიდან ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შესაძლებლობა გაუჩნდათ.

ახალი მოცემულობიდან გამომდინარე, სადღეისოდ მოლდოვა, პანევროპულ სატრანსპორტო ქსელებთან – TEN-T-თან მიერთების შემდეგ, ევროკავშირისგან ევროპული ლიანდის ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობისთვის დაფინანსების მიღების მოლოდინშია.

მოლდოვის ევროპული რკინიგზის პროექტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გეგმის ნაწილია, რომელიც ევროკავშირის 1.9 მილიარდი ევროს ღირებულების ღონისძიებათა პაკეტში შედის და მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერას და ევროპულ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაციის დაჩქარებას.

ბუნებრივია, ევროკავშირთან ინტეგრაციის და ტრანსევროპული სატრანსპორტო დერეფნებთან თავსებადობის მიმართულებით, აღნიშნული პროცესის დაჩქარებული ტემპით გავლა ბევრად უმტკივნეულოდ შეეძლო საქართველოს, რადგანაც მოლდოვასთან შედარებით განვითარებული სანავსადგურე და სარკინიგზო / საგზაო ინფრასტრუქტურა – ევროკავშირიდან დამატებითი ფინანსური სახსრების მოსაზიდად ყველანაირ წინაპირობას იძლეოდა.

მოლდოვის ტერიტორიაზე ევროპული ლიანდაგის რკინიგზის მშენებლობის პროექტი, პირველ ეტაპზე, უნგენსა (რუმინეთ – მოლდოვის საზღვარი) და კიშინიოვს შორის 120 კმ სიგრძის სარკინიგზო სისტემის ევროპულ ლიანდაგზე გადაყვანას ითვალისწინებს, სადაც მატარებლები 160 კმ/სთ მოძრაობის სიჩქარეს განავითარებენ. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება – 350 მლნ ევროა.

მშენებლობა 2027 წელს დაიწყება და საუბარია საბჭოური ლიანდაგის სისტემიდან ევროპულ 1435 მმ-იან სტანდარტზე გადასვლაზე – იმ სტანდარტზე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში გამოიყენება. ამიტომ მოლდოვის მიზანია, საბჭოურ სისტემასთან კავშირების გაწყვეტის სინქრონულად, საკუთარი ინფრასტრუქტურა ევროპულ სისტემასთან შესაბამისობაში მოიყვანოს და მასთან თავსებადობა განავითაროს.

ევროპულ ლიანდაგზე გადასვლის გარდა, რკინიგზის სისტემური განახლება გარკვეული მონაკვეთების ელექტროფიკაციას მოიცავს. მოლდოვის მთავრობის ვარაუდით, ელექტროწევაზე გადასვლის გარეშე, მოდერნიზაციის პროცესი ეფექტიანი არ იქნება.

მთავრობის განცხადებით, სარკინიგზო ქსელის სისტემური განახლება და ევროპულ ლიანდაგზე გადაკეთება დამოუკიდებლად შეუძლებელი იქნებოდა და ამიტომ იმედოვნებს, რომ ევროკავშირის დაფინანსებას მიიღებს.

 სწორედ ამ მიზნით მოლდოვის ხელისუფლება ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირთან.

პროექტის განხორციელება რუმინეთთან კავშირებადობით იგეგმება. რუმინეთი სადღეისოდ ბუქარესტისა და სხვა ევროპული სატრანსპორტო კვანძებისკენ მიმავალი მარშრუტების სინქრონულ მოდერნიზებას ახორციელებს. მათ შორის – იასი-ბუქარესტის მარშრუტის. ამრიგად, კიშინიოვიდან ახალი ხაზის მოწყობა – ბუქარესტის გავლით ევროპის დედაქალაქებში უფრო სწრაფ და ეფექტიან წვდომას უზრუნველყოფს, რაც მოლდოვის ევროკავშირთან ინტეგრირების მიმართულებით უპირველეს ამოცანას წარმოადგენს.

რუმინული მხარე 25-კილომეტრიან ხაზს მოლდოვეთის საზღვართან – იასი-უნგენის მონაკვეთს – ახალ ევროპულ, ელექტროფიცირებულ სარკინიგზო ხაზად ნულიდან ააშენებს.

მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის განცხადებით, უნგენი-კიშინიოვის მონაკვეთზე ევროპული ლიანდაგის მქონე პირველი ელექტრიფიცირებული რკინიგზის ხაზის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა 2026 წელს დასრულდება.

დასკვნის სახით – ბუნებრივია, მოლდოვის მაგალითის მოყვანისა და შედარებისას იბადება კითხვა: იმ ვითარებაში, თუ საქართველო შეირჩევდა განვითარების პროდასავლურ ვექტორს, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა, პირველ რიგში, პანევროპული სატრანსპორტო TEN-T დერეფნების კონტურის საქართველოს სატრანსპორტო განფენილობაზე ეტაპობრივად გაგრძელება და, მოლდოვის ანალოგზე, ქვეყანას ევროკავშირისგან მიეღო, სატრანსპორტო სფეროსთვის, თუნდაც რკინიგზის მოდერნიზაციისა და მოძრავი შემადგენლობის შესაძენად, ანდაც ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობისთვის, ესოდენ აუცილებელი ფინანსური კონტრიბუცია? ასეთ ვითარებაში პასუხი ცალსახაა – რა თქმა უნდა, დიახ.

მოლდოვის მაგალითიც საკმარისია იმისთვის, რომ გავაკეთოთ დასკვნა – საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის ბოლო 10-წლიანი პერიოდი გაშვებული შესაძლებლობების დროით მონაკვეთს წარმოადგენს.

გაშვებული შესაძლებლობების 10-წლიანი პერიოდი მკაფიო მაგალითია ქვეყნის მთავრობის მიერ ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის – აღმოსავლეთ – დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის და ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის დასრულების ახალ თარიღზე, კერძოდ 2032 წელზე, ჩამოკიდება.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

ყაზახეთი საავტომობილო გადაზიდვების სფეროში შუა დერეფნის ქვეყნებთან ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემის არეალს აფართოებს – საქართველოს პოზიცია გაციფროვნებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გაურკვეველია

Related Posts

ბალტიის ზღვაზე ღრმაწყლოვანი საკონტეინერო Baltic Hub-ის მშენებლობის მაგალითზე, 2029 წლისთვის ანაკლიის ნავსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება წარმოუდგენელ ამოცანას წარმოადგენს

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის ნავსადგური 2029 წლისთვის 600 000 TEU-მდე, ხოლო მეორე ეტაპზე – 2035 წლისთვის მინიმუმ 1…
მეტის ნახვა

ბოლო პერიოდში აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთზე გადაზიდვების და შემოსავლების ზრდამ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება განაპირობა

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთზე ლიანდაგის კაპიტალური შეკეთება არ ჩატარებულა. სწორედ ამ მიზნით 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთს…
მეტის ნახვა

ძლიერი ფაქტორების ერთობლიობამ თურქეთი საზღვაო ჰაბად ჩამოაყალიბა – ანაკლიის პარალიზებამ საქართველო შავი ზღვის რეგიონში უფუნქციო მდგომარეობაში დატოვა

სარეკორდოდ გაზრდილი ტვირთბრუნვის ხარჯზე თურქეთი შავი ზღვის აუზის ძირითად საზღვაო ჰაბად ჩამოყალიბდა. 2025 წელს თურქეთის ნავსადგურებმა ჯამურად 553.3…
მეტის ნახვა