აქტაუს ნავსადგურში ახალი საკონტეინერო სარკინიგზო ტერმინალის ამოქმედებით, შუა დერეფნის მარშრუტი, „აღმოსავლეთის კარიბჭის“ სახელით ცნობილ ჩინეთის ლიანიუნგანგის ნავსადგურს დაუკავშირდა

ახლახანს აქტაუს ნავსადგურში საკონტეინერო სარკინიგზო ჰაბი ამოქმედდა, რომელიც კასპიის ზღვის რეგიონში უდიდეს სპეციალიზებულ საკონტეინერო ტერმინალს წარმოადგენს.

აქტაუს ტერმინალში ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთის ნავსადგურ ლიანიუნგანგიდან რკინიგზით შემოსული პირველი ბლოკ-მატარებლის დამუშავებით ახალი კომპლექსის სიმბოლური გახსნა აღინიშნა.

ჩენციანის პროვინციის ლიანიუნგანგის ნავსადგურიდან 55 სტანდარტული კონტეინერით დატვირთული პირველი სატვირთო მატარებელი აქტაუს ნავსადგურში ჩავიდა. საკონტეინერო ტვირთი მოიცავდა როგორც სამრეწველო ნედლეულს – ფოლადის რულონებს, ისე ჩინური მსუბუქი მრეწველობის პროდუქციასა და ელექტრომექანიკურ ნაკეთობებს.

ყაზახური პრესის განცხადებით, აღნიშნული საქონელი აქტაუს ნავსადგურში საკონტეინერო გემზე გადაიტვირთება და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში გადაიზიდება. პერსპექტივაში მოსალოდნელია გადაზიდვების სქემაში საქართველოს ჩართვა.

აღნიშნული მულტიმოდალური მარშრუტის ამოქმედება ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ჩინურ პროდუქციაზე არსებულ მაღალ მოთხოვნაზე მიუთითებს.

როგორც ყაზახეთის მასმედიაშია აღნიშნული, პროექტი ხელს შეუწყობს, როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, იგივე შუა დერეფნის, შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე გაზრდის საკონტეინერო ტვირთების დამუშავების ეფექტიანობასა და ნავსადგურის გამტარუნარიანობას.

ლიანიუნგანგის ნავსადგური, რომელიც „ახალი ევრაზიული სახმელეთო ხიდის“ სახელითაა ცნობილი, ჩინეთის აღმოსავლეთის ბოლოში მდებარეობს. ბოლო წლებში აღნიშნული ნავსადგური ცენტრალური აზიის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებთან ვაჭრობის მთავარ საზღვაო კარიბჭედ იქცა.

აქტაუს ნავსადგურში განხორციელებული ინვესტიცია ერთ – ერთი იმ ნაბიჯთაგანი იყო, რომელიც ამ კონტინენტთაშორისი სავაჭრო არტერიის მდგრადობის გასაძლიერებლად გადაიდგა.

აქტაუს საკონტეინერო ჰაბი ჩინეთსა და ყაზახეთს შორის მიმდინარე მაღალი ხარისხის თანამშრომლობის ფლაგმანი ლოგისტიკური პროექტია და ის შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე მნიშვნელოვან საკვანძო სატრანზიტო წერტილს წარმოადგენს.

იგი აკავშირებს ჩინეთისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს კასპიის ზღვის საზღვაო გადაზიდვებთან და ქმნის ეფექტიან მულტიმოდალურ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც ჩინეთს, ყაზახეთსა და ევროპას ერთმანეთთან აკავშირებს.

ვარაუდობენ, რომ ახალი საკონტეინერო ტერმინალი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის („შუა დერეფანი“) საკვანძო ელემენტი გახდება.

აქტაუს ტერმინალი ინტეგრირებულია ლოგისტიკურ ჯაჭვში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ჩინურ პორტ ლიანიუნგანგს, ყაზახეთ – ჩინეთის საზღვარზე განლაგებულ ხორგოსი -„აღმოსავლეთის კარიბჭის“ მშრალ პორტსა და კასპიის ზღვის გავლით აქტაუს ნავსადგურს, რაც სინერგიაშია თურქეთისა და ევროპის მიმართულებით არსებულ მარშრუტებთან.

პროექტის პირველი ეტაპი 9.1 ჰექტარ ფართობს მოიცავს და სამ სარკინიგზო დატვირთვის ხაზს აერთიანებს, რომელზე 690 სარკინიგზო პლატფორმის განთავსების შესაძლებლობაა. ტერმინალს ასევე დატვირთვა – გადმოტვირთვის თანამედროვე აღჭურვილობა გააჩნია.

პირველ ეტაპზე ტერმინალის წლიური გამტარუნარიანობა 140 000 TEU ერთეულამდეა გაზრდილი. მეორე ეტაპზე იგეგმება საკონტეინერო ჰაბის სიმძლავრის წელიწადში 200 000 TEU-მდე გაზრდა.

საკონტეინერო ჰაბის მშენებლობა 2024 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი ერთობლივად ხორციელდება კომპანიების – სს „ყაზახსტან თემირ ჟოლი“, სს „აქტაუს საერთაშორისო საზღვაო კომერციული პორტი“ და „ლიანიუნგანგის პორტის ჯგუფი“ – მონაწილეობით. პროექტში ჩართულ თითოეულ მხარეს საკუთარი წილი გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ აქტაუს საკონტეინერო ჰაბის პროექტში 24.5%-ით ჩართულია ყაზახეთის რკინიგზა. ბოლო მონაცემებით, ყაზახეთის რკინიგზა 10 მილიარდ დოლარს დებს სარკინიგზო ხაზების, ნავსადგურებისა და სატვირთო გადაზიდვების სიმძლავრეების გაფართოებაში, რადგან ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე კომპანიები ჩინეთსა და ევროპას შორის სახმელეთო გადაზიდვის საიმედო მარშრუტებს ეძებენ.

დასკვნის სახით – ბოლო პერიოდში ჩინელი ტვირთფლობელები, საზღვაო გადაზიდვების ნაცვლად, სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ სახმელეთო ტრანსპორტირების მიმართ, რაც განპირობებულია მიწოდების ვადების საიმედოობითა და პროგნოზირებადობით.

ჩინეთის მხარის მიერ სახმელეთო დერეფნებით ტვირთებით მომარაგებას, შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთისადმი სინერგიის ეფექტი გააჩნია, რაც უდავოდ, დამატებითი ტვირთების სახით, ქვეყნის ეკონომიკისთვის დადებითად აისახება.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

მძღოლების დეფიციტი ახლო მომავალში საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე გაცილებით მტკივნეულად აისახება – რატომ მიდის ქართველი მძღოლი სამუშაოს საძებნელად უცხოეთში?

Related Posts

„თბილისი დრაი პორტი“ – ნავსადგურებში დამუშავებული საკონტეინერო ნაკადის ბლოკმატარებლებით გადაზიდვების სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს

ნებისმიერი სატრანსპორტო დერეფნის გამართული ფუნქციონირება ნავსადგურებში დამუშავებული კონტეინერების საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით ოპტიმალურ გადანაწილებაზეა დამოკიდებული. უფრო თვალნათელი რომ…
მეტის ნახვა

„არ ვიცით სად მივდივართ, კაბალაში თუ სამხედრო დაპირისპირების ეპიცენტრში“- ანაკლიის პორტი „ჩინურ ვალის მახეში“?!

„რა თქმა უნდა, არსებობს ამის შესაძლებლობა…“, – ასე პასუხობს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვას,…
მეტის ნახვა

ყაზახეთი სატრანსპორტო მანქანათმშენებლობას ავითარებს, ევროპაში სარკინიგზო თვლების მიწოდებას შუა დერეფნით გეგმავს

შუა დერეფნის გასწვრივ განლაგებული ქვეყნები, სატრანსპორტო ლოგისტიკური ტერმინალების მშენებლობის პარალელურად, სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის კლასტერების განვითარებას ახორციელებენ. ჩვენი გვერდი მუდმივად…
მეტის ნახვა