ჩინეთის ტვირთნაკადების დასაუფლებლად, თურქმენეთი შუა დერეფნის სარკინიგზო განშტოების TRACECA-ს მიმართულებას ავითარებს

სადღეისოდ, რეგიონში მიმდინარე ტვირთნაკადების გადანაწილების პროცესის პარალელურად, დერეფნის ცალკეული სახელმწიფოები საკუთარი ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯზე სტრატეგიული ტვირთნაკადების მოზიდვისა და გატარების გზებს ეძებენ.

თურქმენეთის ხელისუფლებამ კასპიის ზღვაზე ქვეყნის მთავარი, თურქმენბაშის ნავსადგურამდე, აშხაბად – თურქმენბაშის რკინიგზის მოდერნიზაციის ტექნიკურ – ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

ამავდროულად, დაგეგმილია უზბეკეთის საზღვარზე მდებარე აშხაბადსა და თურქმენაბატს შორის დამაკავშირებელი რკინიგზის ხაზის რეკონსტრუქცია (სქემაზე იხილე წითელი კონტური). ფაქტობრივად, თურქმენეთს განზრახული აქვს ახლო მომავალში მის ტერიტორიაზე გამავალი ძირითადი სარკინიგზო არტერიის მოდერნიზაცია.

უზბეკეთის საზღვრიდან კასპიის ზღვამდე რკინიგზის მოდერნიზაციის შედეგად თურქმენეთ – უზბეკეთზე გამავალი TRACECA-ს დერეფანი (სქემაზე ლურჯი კონტური), რომელიც შუა დერეფნის ე.წ. ტრანსკასპიური დერეფნის განშტოებას წარმოადგენს, თურქმენეთის მთავრობის განცხადებით, ჩინეთის ტვირთნაკადების დასაუფლებლად შუა დერეფანს ტვირთნაკადებს წაართმევს და აღნიშნული ორი მიმართულება ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს.

არსებობს საპირისპირო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თურქმენეთის გავლით გამავალ მარშრუტს შეუძლია რეგიონში არა კონკურენციის, არამედ სინერგიის ეფექტი იქონიოს, კერძოდ, ტრანსკასპიური დერეფნისთვის დამატებითი დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია შეასრულოს, რაც გამოიხატება კასპიის ზღვის „ვიწრო ადგილების“, კერძოდ კი ყაზახეთის ნავსადგურებზე დატვირთვის შემცირებით.

ორივე სცენარით განვითარების პირობებში, საქართველოსთვის ცენტრალური აზიის რეგიონში აღნიშნულ ორ მიმართულებას შორის კონკურენციის ჩამოყალიბება ან სინერგიის ეფექტის მიღწევა გააძლიერებს ტვირთების მოზიდვის კომპონენტს, რაც შედეგობრივად დამატებით ტვირთნაკადებში აისახება.

წინასწარ უნდა აღინიშნოს, რომ 2026 წელს საქართველოსა და თურქმენეთს შორის სატვირთო გადაზიდვების პოზიტიური დინამიკა – 20% – იანი ზრდა – აღინიშნება, რაც ხაზგასმით იქნა აღნიშნული მიმდინარე წლის მაისში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის თურქმენეთში ვიზიტის დროს.

თურქმენეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონში ერთ – ერთი უმსხვილესი სარკინიგზო პროექტის განხორციელებას უკავშირდება, რაც საქართველოსთვის ჩინეთის ტვირთების გადმორთვის თვალსაზრისით პოზიტიურად უნდა იქნეს განხილული.

ჩინეთის აქტიური ჩართულობით, რეგიონში რუსეთის გვერდის ავლით მიმდინარე ფინანსურად ყველაზე ტევადი სარკინიგზო დერეფნის (4.7 მილიარდი დოლარი), კერძოდ, ჩინეთსა და უზბეკეთს შორის ყირგიზეთის გავლით პირდაპირი რკინიგზის მშენებლობის პარალელურად, თურქმენეთის ტერიტორიაზე თურქმენაბადი – თურქმენბაშის სარკინიგზო ხაზი TRACECA-ს დერეფნის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს.

ცნობისათვის, ტრანსკასპიური მარშრუტი, მისი კლასიკური დიზაინის მიხედვით, გადის ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე, რითაც რუსეთის გვერდის ავლით აკავშირებს ჩინეთსა და ევროკავშირს.

აშხაბად – თურქმენბაშის სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციის შედეგად გათვალისწინებულია სამგზავრო მოძრაობის 160 კმ/სთ-მდე, ხოლო სატვირთო მოძრაობის 90 კმ/სთ სიჩქარით უზრუნველყოფა.

სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება თურქმენეთსა და ჩინეთს შორის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ინდუსტრიაში გრძელვადიან თანამშრომლობას უკავშირდება.

თურქმენეთი ჩინელ ლოკომოტივების მწარმოებლებთან 20 წელზე მეტია თანამშრომლობს. ამჟამად, თურქმენეთის მოძრავი შემადგენლობა ჩინეთიდან მოწოდებულ 180 ლოკომოტივსა და 423 ვაგონს მოიცავს.

2026 წელს ჩინეთის მწარმოებელ CRRC-ისთან ხუთი ახალი დიზელის სატვირთო ლოკომოტივის შეძენასთან ერთად დამატებით 20 დიზელის ლოკომოტივის ძირითადი ტექნიკური მომსახურებაა დაგეგმილი.

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ თურქმენეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება მის ტერიტორიაზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და მოძრავი შემადგენლობის განახლებასთან დაკავშირებით საქართველოზე გამავალი დერეფნისთვის ტვირთების მოზიდვის კუთხით დადებითად აისახება.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

სომხეთის სარკინიგზო ქსელის საქართველოზე გამავალ შუა დერეფანთან უმოკლესი მანძილით დაკავშირება ვანაძორ – ფიოლეტოვოს სარკინიგზო მონაკვეთით იქნება შესაძლებელი

Next Post

ზემო ლარსზე რუსეთის საბაჟო სამსახურების მიერ გაჭიანურებული საბუთების გაფორმება ქართველ მძღოლებს ე.წ. შუამავლებთან გარიგებისკენ და არაოფიციალური თანხის გადახდისკენ უბიძგებს

Related Posts

საქართველო საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსის (Liner Shipping Connectivity Index – LSCI) მიხედვით, მსოფლიოში 116 – ე ადგილზეა

გაეროს მიერ შემუშავებული საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსი წამოადგენს მნიშვნელოვან მაჩვენებელს, რომელიც მიუთითებს, გლუბალურ საზღვაო გადაზიდვების ქსელებში ამა თუ…
მეტის ნახვა

შუა დერეფნით სატრანსპორტო ნაკადების კვლევის ანალიზი (ნაწილი მეორე)

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ მიერ მომზადდა კვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა ნათლად წარმოვიდგენოთ, თუ რა მოცულობის ტვირთნაკადები მოძრაობს შუა…
მეტის ნახვა

ანაკლიის „ბლოკირებით“ – საქართველომ რეგიონში გლობალური მოთამაშის სტატუსი დაკარგა

ანაკლიის ნავსადგურის, როგორც რეგიონში გლობალური მოთამაშის  დანიშნულება, თავიდანვე მკაფიოდ იყო გაცხადებული, კერძოდ აფრიკიდან, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიდან,  წამოსულ…
მეტის ნახვა