რეგიონში ტვირთნაკადების ფორმირების პროცესში, შუა დერეფნით ცენტრალური აზიის ქვეყნების მსხვილი საწარმოების ჩართვის შესაძლებლობები და მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის სირთულეები – ყაზახეთი (ნაწილი მეორე)

სადღეისოდ, ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ტვირთების გადაზიდვაში წამყვანი ადგილი ყაზახეთს უკავია, რომელზეც ტვირთბრუნვის მთლიანი მოცულობის 93.3% მოდის.

ყაზახეთს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან დანარჩენი ცენტრალური აზიის ქვეყნები, კერძოდ, ყაზახეთს 3%-იანი წილით მოსდევს თურქმენეთი, შემდეგ უზბეკეთი 2.3%-იანი წილით, ყირგიზეთი – 1.1%-ით და ბოლოს ტაჯიკეთი – 0.3%-ით.

სამთო-მეტალურგიული კომპლექსი ყაზახეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი სექტორია. 2024 წელს ქვეყნის მშპ-ში მისმა წილმა 8%, ანუ 23 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ყაზახეთის რკინიგზა კვლავ რჩება კომპანიად, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ყაზახეთის სამთო-მოპოვებითი სექტორის განვითარების დინამიკაზე.

ბოლო წლებში ყაზახეთის რკინიგზის ათი უმსხვილესი კლიენტიდან ცხრა (მოცულობის მიხედვით) სამთომოპოვებით სექტორთან დაკავშირებული კომპანიაა.

მათ შორისაა:
„ბოგატირ კომირი“ (ქვანახშირი);

„კაზახმისი“ (ქვანახშირი, ფერადი და შავი ლითონები, ქიმიური პროდუქცია

სოკოლოოვ-სარბაის სამთო-გამამდიდრებელი საწარმოო გაერთიანება (ССГПО) (Eurasian Resources Group (ERG)-ის ნაწილი – რკინის მადანი);

„ევრაზიული ენერგეტიკული კორპორაცია“ (EEC, Eurasian Resources Group (ERG) – ქვანახშირი);

„შუბარკოლ კომირი“ (Eurasian Resources Group (ERG) – ქვანახშირი);

Qarmet-ი (ქვანახშირი და შავი ლითონები);

„ყაზახეთის ალუმინი“ (Eurasian Resources Group (ERG) – ფერადი ლითონები და კირქვა);

„ყარაჟირა“ (ქვანახშირი);

Kazchrome (Eurasian Resources Group (ERG) – შავი ლითონები).

ყაზახეთის რკინიგზის ათი უმსხვილესი კლიენტიდან მხოლოდ ერთი – Batys Trans Group – დაკავებულია ნავთობპროდუქტების გადაზიდვით.
სწორედ ეს ათი მსხვილი მომხმარებელი უზრუნველყოფს ყაზახეთის რკინიგზის მომსახურების უდიდეს ნაწილს – 53%-ს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის რკინიგზის უმსხვილესი კლიენტების ნახევარი ერთსა და იმავე ჯგუფს – Eurasian Resources Group (ERG)-ს უკავშირდება. ჩვენი ანალიტიკის პირველ ბლოკში დეტალურად იქნა გაანალიზებული ERG-ის საქმიანობა.
სამთომოპოვებით სექტორთან უშუალოდ დაკავშირებული ცხრა დასახელებული კომპანიის უმეტესობის შემთხვევაში, მათი გადაზიდვების მოცულობები ბოლო წლებში იზრდებოდა.

ამ მხრივ ლიდერად ეკიბასტუზის ქვანახშირის კომპანია „ბოგატირ კომირი“ რჩება, რომლის გადაზიდვების მოცულობამ 2025 წელს 43.7 მლნ ტონას მიაღწია. შედარებისთვის, საქართველოს რკინიგზაზე ბოლო წლებში, საშუალო გადზიდვების მოცულობა  13-14 მლნ ტონას შეადგენს.

2025 წელს სიდიდით მეორე „ევრაზიული ენერგეტიკული კორპორაციის“ (EEC) მოპოვებისა და გადაზიდვების მაჩვენებელმა 18.8 მლნ ტონა შეადგინა. აღნიშნული კომპანია Eurasian Resources Group (ERG)-ის შემადგენლობაში შედის, რომელიც „ბოგატირ კომირის“ მსგავსად, ასევე ქვანახშირს ეკიბასტუზის „ვოსტოჩნის“ ღია კარიერში მოიპოვებს.

Kazakhmys-ი ქვანახშირის, ფერადი და შავი ლითონების, და ქიმიური პროდუქციის მწარმოებელ მსხვილ საწარმოს წარმოადგენს. ყაზახეთის რკინიგზამ 2025 წელს ამ კომპანიის მიერ წარმოებული 17.5 მლნ ტონა პროდუქცია გადაზიდა.

ფერადი ლითონების ტვირთნაკადი ძირითადად ფორმირდება Kazakhmys-ისა და KAZ Minerals-ის საწარმოებში, რომლებიც სპეციალიზებული არიან სპილენძის მოპოვებასა და გადამუშავებაზე, ასევე სპილენძის კათოდების, სპილენძის კატანკისა და, ერთობლიობაში, ფერადი ლითონების საექსპორტო ტვირთნაკადზე.

KAZ Minerals-ს ოთხი მსხვილი საწარმო გააჩნია – აქტოგაის, ბოზიჩმაკის, ბოზშაკოლის და აღმოსავლეთ რეგიონში. 2024 წელს ოთხივე საწარმომ 375 ათასი ტონა სპილენძი გადაამუშავა.

ყველაზე მსხვილია აქტოგაის ფერადი ლითონის საწარმო – 2024 წელს გადამუშავებული სპილენძის მოცულობამ 224 ათასი ტონა შეადგინა, მეორეზეა ბოზშაკოლი – 105 ათ. ტონა.

აღსანიშნავია, რომ Kazakhmys-ს ოფიციალურად გაცხადებული აქვს, რომ საკუთარი წარმოებული პროდუქციის ნაწილს – 100 ათას ტონას – აქტაუს ნავსადგურის გავლით, შუა დერეფნის მიმართულებით გადატვირთავს.

2025 წელს კომპანია „შუბარკოლ კომირის“, რომელიც ასევე Eurasian Resources Group (ERG)-ის შემადგენლობაში შედის, რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 15.2 მლნ ტონამდე გაიზარდა. კომპანიის გადაზიდვების ზრდა შიდა ბაზრის შემცირების ფონზე საექსპორტო ქვანახშირის წარმოებამ განაპირობა.

ყაზახეთის რკინიგზით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი რკინის მადნის მომპოვებელ სოკოლოოვ-სარბაის სამთო-გამამდიდრებელ საწარმოო გაერთიანებას უჭირავს, რომელიც ასევე Eurasian Resources Group (ERG)-ის ნაწილია. 2025 წელს ყაზახეთის რკინიგზამ საწარმოში წარმოებული 10.5 მლნ ტონა შავი ლითონის პროდუქცია გადაზიდა.

Qarmet-ი ქვანახშირის მოპოვების გარდა, ძირითადად, შავი ლითონის დამამზადებელი უმსხვილესი კომპანიაა. გასული სამი წლის განმავლობაში გადაზიდვების ზრდის ტენდენცია გააჩნია. 2025 წელს ყაზახეთის რკინიგზამ მისი მოპოვებული პროდუქციის 8.4 მლნ ტონა გადაზიდა.

ალუმინის წარმოების უმსხვილესი საწარმოა Aluminum of Kazakhstan, რომელიც ასევე Eurasian Resources Group (ERG)-ის შემადგენლობაში შედის. 2025 წელს ყაზახეთის რკინიგზამ აღნიშნული საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქციის 7.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა.

Eurasian Resources Group (ERG) ალუმინის ინდუსტრიის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. ERG-ის სტრუქტურაში შემავალი საწარმო „ყაზახეთის ალუმინი“ (Aluminum of Kazakhstan), რომელიც მოიცავს წარმოების სრულ ციკლს – ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ალუმინის პროდუქციის დამზადებით დასრულებული. ნავარაუდევია, რომ შუა დერეფნის აქტაუს ნავსადგურის გავლით გადაზიდვის საპროგნოზო მოცულობა წელიწადში 50 000 ტონამდე იქნება გაზრდილი.


ქვანახშირის მომპოვებელმა საწარმომ „ყარაჟირამ“ 2025 წელს ყაზახეთის რკინიგზით 6.1 მლნ ტონა გადაზიდა.

Kazchrome, რომელიც შავი ლითონის წარმოებაზეა ორიენტირებული და ასევე „Eurasian Resources Group“-ის შემადგენლობაში შედის, 2025 წელს ყაზახეთის რკინიგზით 5.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის რკინიგზის უმსხვილესმა კლიენტებმა – სამთო-მოპოვებითმა კომპანიებმა – ბოლო წლებში გადაზიდვის მოცულობები გაზარდეს და, დიდი ალბათობით, უახლოეს წლებში ყაზახეთის სარკინიგზო კომპანიაც სამთო-მოპოვებითი პროდუქციის გადაზიდვის მოცულობების შემდგომ ზრდას დააფიქსირებს, სამთო-მოპოვებითი პროდუქციის  ტრანსპორტირება, როგორც წესი, დაბალი მომგებიანობის მარჟით, ხშირად ზარალიანობით ხასიათდება, ვინაიდან ბოლო წლებში გადაზიდვის ტარიფები არ გაზრდილა ისე მკვეთრად, როგორც ამას ყაზახეთის რკინიგზა ითხოვდა, სამთო-მოპოვებითი პროდუქცია მაინც დარჩება სატრანსპორტო დერეფნების შემავსებელ ტვირთნაკადად.

ყაზახეთის რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით: „ჩვენთვის არამომგებიანი, რიგ შემთხვევაში კი ზარალიანიც არის სამრეწველო საწარმოებიდან და სამთო-მეტალურგიული კომპლექსებიდან ქვანახშირის, ფერადი და შავი ლითონის მადნების ტვირთების გადაზიდვაზე დაწესებული ტარიფები“.

რუსეთის ბაზარზე სანქციებით გამოწვეული არსებული სტაგნაცია და ჩინეთში ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მაღალი ლოგისტიკური ხარჯები, დიდი ალბათობით, ყაზახეთის მსხვილ კომპანიებს შუა დერეფნისკენ შემობრუნებისკენ უბიძგებს. ასეთ პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის რკინიგზაზე რკინის მადნის გადაზიდვის მოცულობების ზრდა ფიქსირდება, Eurasian Resources Group (ERG)-ის განცხადებით, ერთად აღებული შუა დერეფანი ინფრასტრუქტურულად მზად არ არის დამატებითი ტვირთნაკადის მისაღებად და გასატარებლად. ამ პრობლემის დარეგულირება შუა დერეფნის ქვეყნების მთავრობათა კოორდინაციითა და ერთობლივი სტრატეგიული ხელშეკრულების ხელმოწერითაა შესაძლებელი.

დასკვნები:

ცენტრალური აზიის რეგიონში სადღეისოდ მიმდინარეობს ტვირთნაკადების ახლებურად „ჩასახვისა“ და მათი სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებით გადანაწილება – დამკვიდრების პროცესი, რისი დადასტურებაცაა მხოლოდ ყაზახეთის სამთო-მომპოვებელ ინდუსტრიაში მილიარდობით დოლარის ინვესტირების შესახებ ყაზახეთის მთავრობის განცხადებები;


საქართველო ამ პროცესში მხოლოდ ტვირთნაკადების გამტარის ფუნქციით არ უნდა შემოიფარგლოს, არამედ თვითონ უნდა იყოს შუა დერეფნის ქვეყნებისათვის ახალი ტვირთნაკადების გასატარებლად ლოგისტიკური შესაძლებლობების შემთავაზებელი;


მხოლოდ ყაზახეთის სარკინიგზო გადაზიდვები, მისი სამრეწველო პოტენციალიდან გამომდინარე, წელიწადში 100–120 მლნ ტონის ფარგლებში მერყეობს. ამ მოცულობიდან რუსეთში და რუსეთის გავლით წლიურად 60 – 70 მლნ ტონა გადაიზიდება. მხოლოდ უმნიშვნელო მოცულობა – 1.5 – 2.0 მლნ ტონა – აღწევს დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე და მის ნავსადგურებში, რაც უდავოდ მცირე მოცულობაა და შუა დერეფნისათვის დაკარგული შესაძლებლობას წარმოადგენს, რადგანაც, როგორც ყაზახეთის სამრეწველო პოტენციალის შესწავლამ წარმოაჩინა, მხოლოდ ყაზახეთიდან ხმელეთით დამატებით 4–5 მლნ ტონა ტვირთის მოზიდვის პერსპექტივა არსებობს;

ცენტრალური აზიის ქვეყნების სამრეწველო შესაძლებლობების გამოსავლენად და საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობების განმტკიცებისათვის აუცილებელია ამ ქვეყნების საქართველოს საელჩოებში, აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად, ეკონომიკური მრჩევლების ნომინირება.

რადგანაც შუა დერეფანი, ქვეყნის ერთ – ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბერკეტს წარმოადგენს, მიზანშეწონილია სახელმწიფო მართველობის ვერტიკალში, მეზობელი ქვეყნების ანალოგით, არსებობდეს დერეფნის განვითარებასთან და ტვირთების მოზიდვასთან დაკავშირებული, მუდმივმოქმედი ანალიტიკური ტიპის ესპერტთა ჯგუში.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

რეგიონში ტვირთნაკადების ფორმირების პროცესში, შუა დერეფნით ცენტრალური აზიის ქვეყნების მსხვილი სამრეწველო საწარმოების ჩართვის შესაძლებლობები და მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის სირთულეები – ყაზახეთი (ნაწილი პირველი)

Related Posts

CASCA + მარშრუტით სატვირთო გადაზიდვების მოცულობის ზრდა – საქართველოზე გამავალ დერეფანს დამატებითი ტვირთებით უზრუნველყოფს

საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფან CASCA+-ის გასწვრივ სატვირთო გადაზიდვის მოცულობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის 8-9 ივნისს ექვსმხრივი შეხვედრა გაიმართა. უზბეკეთის…
მეტის ნახვა

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ბაზრის ლიბერალიზაციას  ალტერნატივა არ გააჩნია

ბოლო პერიოდში, რეგიონის ქვეყნებში საერთაშორისო საავტომობილო  გადაზიდვების სფეროში,  სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესები, რაც პირველ რიგში…
მეტის ნახვა

შუა დერეფნის  ტვირთნაკადების ფორმირებაში  ცენტრალური აზიის ქვეყნების მონაწილეობა დაბალია

2023 წელს ყაზახეთის რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვებმა – 92 მლნ ტონა შეადგინა, ამ მოცულობის მხოლოდ უმნიშვნელო – 1.8 %…
მეტის ნახვა