თურქმენეთი აგრძელებს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის აქტიურ განვითარებას, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებასა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში მისი როლის გაძლიერებას.
სადღეისოდ, ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ტვირთების გადაზიდვაში წამყვანი ადგილი ყაზახეთს უკავია, რომელზეც ტვირთბრუნვის მთლიანი მოცულობის 93.3% მოდის. მას მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან დანარჩენი ქვეყნები, კერძოდ, ყაზახეთს 3%-იანი წილით მოსდევს თურქმენეთი, შემდეგ უზბეკეთი 2.3%-იანი წილით, ყირგიზეთი – 1.1%-ით და ბოლოს ტაჯიკეთი – 0.3%-ით.
თურქმენეთში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვაო სექტორის მოდერნიზაციას და თურქმენბაშის საერთაშორისო საზღვაო ნავსადგურის შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებას.
თურქმენეთის მხრიდან აქცენტის თურქმენბაშის ნავსადგურის შესაძლებლობების განვითარებაზე გადატანა მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი შუა დერეფნით ტვირთნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით.
თურქმენეთი გეგმავს თურქმენბაშის საერთაშორისო საზღვაო ნავსადგურის კასპიის რეგიონში გემთმშენებლობისა და მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკის უდიდეს ჰაბად გარდაქმნას. საპროგნოზო გათვლებით, 2030 წლისთვის ნავსადგურის წლიური ტვირთბრუნვა 12-15 მლნ ტონას მიაღწევს.
თურქმენბაშის საერთაშორისო საზღვაო ნავსადგური ექსპლუატაციაში 2018 წელს შევიდა. მისი წლიური გამტარუნარიანობა 17 მილიონ ტონას შეადგენს. 135 ჰექტარ ფართობზე განლაგებული თურქმენბაშის ნავსადგური მოიცავს გენერალური ტვირთების, კონტეინერების, ნაყარი ტვირთების და სატვირთო ავტოტრანსპორტის საბორნე ტერმინალებს. დამუშავებული ტვირთების ძირითად სახეობებს შორისაა ნავთობპროდუქტები, სამშენებლო მასალები, სასუქები, მარცვლეული, კონტეინერები და ნაყარი ტვირთები.

2025 წელს ნავსადგურის ტვირთბრუნვამ 7.3 მლნ ტონა შეადგინა, რაც 15.2%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს. საერთო მოცულობიდან საექსპორტო ტვირთმა 4.5 მლნ ტონა (61%), საიმპორტო ტვირთმა – 1.5 მლნ ტონა (21%), ხოლო სატრანზიტო ტვირთმა – 1.3 მლნ ტონა (18%) შეადგინა.
საპროგნოზო გათვლებით, 2026 წელს თურქმენბაშის ნავსადგურის მოცულობა 8.4 მლნ ტონას მიაღწევს (რაც 2025 წელთან შედარებით 15%-იანი ზრდაა). ასეთი საგრძნობი ზრდა, პირველ რიგში, განპირობებულია აზერბაიჯანთან და საქართველოსთან გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე.
მთლიანი ტვირთბრუნვის ზრდასთან ერთად, ნავარაუდევია, რომ სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობა 25%-მდე გაიზრდება. რაც მნიშვნელოვანია, კონტეინერების გადაზიდვის მოცულობა 40%-ით გაიზრდება და 4 500 ერთეულ TEU-ს მიაღწევს.
აზერბაიჯანისა და საქართველოს ლოგისტიკურ კომპანიებთან გაფორმებული მულტიმოდალური შეთანხმებების წყალობით, თურქმენბაშის ნავსადგურის გავლით ტრანსკასპიური მარშრუტით ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის მიწოდების ვადები 12-15 დღემდე შემცირდება, ნავსადგურის სატრანზიტო შემოსავლები კი წლიურად 10-12%-ით გაიზრდება.
თურქმენეთის საზღვაო სავაჭრო ფლოტმა, რომელიც 20 თანამედროვე გემისგან შედგება, 2025 წელს კასპიის ზღვის არეალში 2.5 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, 20 267 სატრანსპორტო საშუალება და 3 207 ერთეული კონტეინერი დაამუშავა.
თურქმენეთი გეგმაზომიერად ეწევა საკუთარი საზღვაო ფლოტის გაფართოებას. გემთმშენებლობის სექტორში გემთმშენებელმა და გემსარემონტო ქარხანა ბალკანმა სამხრეთკორეულ კომპანია Koryo Shipbuilding-თან ხელშეკრულებები გააფორმა. ბოლო პერიოდში ახალი მშრალი ტვირთის გადამზიდავი გემების ექსპლუატაციაში გაშვებით, ეროვნული ფლოტის ტვირთამწეობა 12 200 ტონამდე გაიზრდება.
გემების ადგილობრივ საწარმოებში აგება, უცხოეთში მათი შეძენისგან განსხვავებით, 15-20%-იანი ფინანსური სახსრების დაზოგვის საშუალებას იძლევა. ადგილობრივი გემთმშენებელი ქარხანა მეზობელი ქვეყნებისთვის შეკვეთების შესრულებას 2028 წლიდან გეგმავს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ახლახან თურქმენბაშიში მდებარე ბალკანის გემთმშენებელ და გემსარემონტო ქარხანაში აგებული პირველი მშრალი ტვირთის გადამზიდავი გემის – გადამლის – ექსპლუატაციაში გაშვება.
გემი, რომლის ტვირთამწეობა 6 100 ტონას შეადგენს და რომელსაც 240-მდე კონტეინერის გადაზიდვა შეუძლია, უკვე ჩართულია მეზობელ ქვეყნებთან ლოგისტიკურ ოპერაციებში. უახლოეს მომავალში ექსპლუატაციაში შევა კიდევ ერთი სატვირთო გემი – მენზილი, რაც ქვეყნის სავაჭრო-საზღვაო ფლოტის შესაძლებლობებს გააფართოებს.
სატრანსპორტო სექტორის განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებაა. თურქმენეთში ხორციელდება მასშტაბური პროექტები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების, ტვირთის გადაზიდვის მოცულობების გაზრდისა და საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტების გაფართოების მიზნით.