სატრანსპორტო ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, ქართველი გადამზიდველი – მძღოლების პრობლემები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას იქნა განხილული

ქართველი გადამზიდველი – მძღოლები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მიმართულებებზე, რიგ პრობლემებს აწყდებიან, რომლებიც ნეგატიურად აისახება მათ საქმიანობაზე.

აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით, მ.წ. 3 ივნისს ქართველი გადამზიდველი – მძღოლების მიერ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართველი გადამზიდველი – მძღოლების რიგი პრობლემები სცილდება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პრეროგატივას და მათი გადაწყვეტა სხვადასხვა მომიჯნავე, გადაზიდვებთან დაკავშირებული სახელმწიფო სამსახურების სფეროს განეკუთვნება.

სატრანსპორტო ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, საინიციატივო ჯგუფის  წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი და თხოვნით მიმართეს სააგენტოს ხელმძღვანელობას, მათი კომპეტენციის ფარგლებში ქართველ მძღოლებს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებთან კოორდინაციაში და პრობლემების მოგვარებაში აღმოუჩინონ დახმარება, რაზეც სააგენტოს ხელმძღვანელობამ თანხმობა განაცხადა და, უფრო მეტიც, მათი ჩართულობით სხვა უწყებებთან მიმართებით საკითხების მოგვარების პრაქტიკული გადაწყვეტის გზებიც დაისახა.

შეხვედრაზე სამუშაო ვითარებაში განხილული იქნა კონკრეტული საკითხები:

ტაქოგრაფის სისტემის ამოქმედება და საპარკინგე სივრცეების ნაკლებობა – აღინიშნა, რომ ტაქოგრაფის სისტემის სრულფასოვან ამოქმედებას არავინ ეწინააღმდეგება, ნათელია მისი აუცილებლობაც, დაისვა კითხვა, ქვეყანაში შეზღუდული რაოდენობის საპარკინგე სივრცეების და საგზაო ჯიბეების არსებობა, ხომ არ გამოიწვევს გადაზიდვების სრულფასოვანი ფუნქციონირების დარღვევას.

სააგენტოს მხრიდან განმარტებული იყო, რომ ავტობანზე არსებობს რიგი გასაჩერებელი პუნქტები და იხვეწება ამ სივრცეებში სერვისები, მაგრამ აღინიშნა, რომ გარკვეულ გაფართოებას მოითხოვს ყაზბეგის მიმართულება.

საქართველოს ტერიტორიაზე სასაზღვრო პარკების ერთ სტანდარტზე მოყვანა – აღინიშნა, რომ გადამზიდველებს, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოს სხვადასხვა პარკებში შესვლა უხდებათ. რიგი პარკების როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები არ შეესაბამება დამაკმაყოფილებელ მოთხოვნებს. დაისვა საკითხი პარკების ერთიანი სტანდარტების შემუშავების მიმართულებით სააგენტოს ჩართულობის შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სააგენტოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ნათლად ხედავს პრობლემას და აქტიურად არის ჩართული საქართველოს ტერიტორიაზე სადღეისოდ არსებული 35 საპარკინგე ადგილის ინფრასტრუქტურის ერთიან სტანდარტზე გადაყვანაში.

პარკების ღირებულების დაწესების მექანიზმის დახვეწა – აღინიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ პარკის ღირებულება მყისიერად 2.7-ჯერ გაძვირდა ისე, რომ სერვისი არ გაუმჯობესებულა. მომავალში, იმისათვის, რომ პარკების ღირებულების გაძვირება არ მოხდეს მყისიერად, სააგენტოს ეთხოვა ამ  პროცესში ჩართულობა.

აღინიშნა, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სხვა უწყების კომპეტენციას განეკუთვნება, მაგრამ სააგენტო ჩართულია ამ პროცესის დეტალებში და კოორდინაციაშია სხვადასხვა უწყებებთან.

გადამზიდავის ნებართვის შემდგომი გაგრძელების სისტემა – საუბარი შეეხო 500-ლარიან ნებართვას. აღინიშნა, რომ ამ ნებართვით სარგებლობის ერთი წელი გავიდა, მაგრამ გადამზიდველებისათვის უცნობია, მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ როგორ გაგრძელდება ბაზარზე მათი დაშვება.

პასუხად ცალსახად აღინიშნა, რომ ის გადამზიდველები, რომლებიც სადღეისოდ ფლობენ და სარგებლობენ აღნიშნულ ნებართვას, ვადის ამოწურვის შემდგომ დაუბრკოლებლივ მიიღებენ და ისარგებლებენ ახალი ნებართვით.

გადამზიდავებისთვის უსაფრთხოებისა და ოპერატიული მობილურობის ცხელი ხაზის ამოქმედება – აღინიშნა, რომ სააგენტოში არსებობს ცხელი ხაზი, მაგრამ ძირითადად ნებართვების შესახებ ინფორმაციის მიღების კუთხით გამოიყენება. გადამზიდველი კი ხშირად აწყდება სხვადასხვა სახის პრობლემებს, რომელთა ჩამონათვალი დიდია. მაგალითად: საზღვრებზე დამატებითი სანებართვო მოთხოვნა, არასწორი შევსება, დაუსაბუთებელი გადასახადის მოთხოვნა, პოლიციის მიერ არასათანადო დამოკიდებულება (ხშირია შემოვლით გზაზე), ინციდენტის პირობებში ადვოკატის აუცილებლობა, სატრანსპორტო საშუალების ევაკუაცია, კონსულის ჩართვა და კიდევ უამრავი სხვა. დამატებით აღინიშნა, რომ უცხოეთში ბევრ ქვეყანაში არსებობს ასეთი ოპერატიული ცხელი ხაზი. ამიტომ სააგენტოს წინაშე დაისვა საკითხი ასეთი „მობილური“ ხაზის ფუნქციონირების შესახებ.

სააგენტოს ხელმძღვანელობამ მკაფიოდ განმარტა, რომ არსებული ცხელი ხაზი სრულად პასუხობს ყველა ჩამოთვლილ ფუნქციას. გარდა ამისა, მკაცრად მიმდინარეობს შემოსული ზარების მონიტორინგი და ამ საკითხთან დაკავშირებით განხილული იქნა კონკრეტული მაგალითები.

ნებართვის აღებისას თბილისში, საბურთალოზე, ორჯერ მოსვლის ნაცვლად ერთხელ მოსვლის სისტემის დანერგვა – აღინიშნა, რომ ნებართვის მისაღებად მძღოლები ხშირად დისკომფორტს განიცდიან. საუბარია საბურთალოზე ორჯერ მოსვლაზე, პარკინგზე და ა.შ. დამატებით აღინიშნა, რომ ბევრმა მეზობელმა ქვეყანამ მოახერხა ნებართვის დაჯავშნის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა. „შეუკვეთე სახლიდან, მოვედი და წავიღე სააგენტოდან“. ციფრულ ეპოქაში ამ სისტემაზე გადასვლა დროის მიერ არის ნაკარნახევი.

აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ახლო მომავალში ნოვაციები იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს სატესტო სამუშაოები და შედეგი სულ მოკლე პერიოდში ხელშესახები იქნება.

ნებართვების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა – აღინიშნა, რომ გადამზიდველებისთვის მნიშვნელოვანია გაციფრულების საკითხი და ამ პროცესს, თუნდაც მეზობელ ქვეყნებში როგორ მიმდინარეობს, გადამზიდველები თვალს ადევნებენ. აღინიშნა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები თურქეთთან დიდი ხანია მიმდინარეობს და საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.

სააგენტოს ხელმძღვანელობის მხრიდან შეხვედრის მონაწილეებს განემარტათ, რომ რამდენიმე ქვეყანასთან არსებობს ამ პროცესის განხორციელების რეალური შესაძლებლობა და აქტიურად მიმდინარეობს ნებართვების გაციფრულების პროცესი. უფრო მეტიც, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილისთვის შეთავაზებულიც კი იქნა ტესტირების პროცესის საკუთარ გადაზიდვაზე იმპლემენტაცია.

სომხეთთან ნებართვების ამოქმედების მდგომარეობა – აღინიშნა, რომ ქართველი გადამზიდველი ეფექტიანად სარგებლობს სომხეთის მიმართულებით გადაზიდვების უნებართვო სისტემით. ამასთან, არსებობს ამ მიდგომის შესაძლო გაუქმებისა და ნებართვებზე გადასვლის ალბათობა. აღინიშნა, რომ საქართველო – სომხეთის გადაზიდვა მოკლე მიმართულებას მოიცავს და ანალოგიური მოდელის დანერგვა ფინანსურად ქართველ გადამზიდველს დააზარალებს.

მიღებული იქნა განმარტება, რომ სომხეთის მიმართულებით სანებართვო სისტემის ამოქმედება არ იგეგმება.

საქართველოს იურისდიქციაში დარეგისტრირებული მეზობელი ქვეყნების გადამზიდავი კომპანიების საქმიანობის რეგულირება – აღინიშნა, რომ სოციალურ ქსელებში ქართველი მძღოლები ხშირად მიუთითებენ ქართული სანომრე ნიშნებით, ფაქტობრივად მათთვის გამოყოფილი ნებართვებით მოსარგებლე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ქართველი მძღოლები ღიად აფიქსირებენ, რომ ამ ტიპის „უცხოური“ კომპანიები სხვადასხვა მიმართულებით გადაზიდვების განსახორციელებლად მეტწილად მათ ნებართვებს იყენებენ. ქართველი მძღოლები სოცქსელებში სვამენ კითხვას – პირველი, რა ეკონომიკური მოგება მოაქვთ ქვეყნისთვის ასეთი კომპანიების ჩართვას და, მეორე – რამდენად ეფექტიანად კონტროლდება მათი საქმიანობა საქართველოს მონაკვეთზე, გადაზიდვებში.

ამ საკითხთან დაკავშირებით სააგენტომ აღნიშნა პრობლემის არსებობის შესახებ. ამასთან, განიმარტა, რომ ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო ბაზა ვერ ასხვავებს საქართველოს იურიდიულ სივრცეში კანონიერად დარეგისტრირებულ ქართველ და უცხოელ სამეწარმეო სუბიექტს, მაგრამ არსებობს გარკვეული მექანიზმები, რამაც შესაძლოა დაარეგულიროს ეს პროცესი. ამ ეტაპზე აღნიშნული მექანიზმები განხილვის პროცესშია.

თურქეთის ტერიტორიაზე ქართველი გადამზიდავების გახშირებული დაჯარიმების ფაქტები – აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში ხშირია შემთხვევები, როდესაც ქართველი გადამზიდავი თურქეთის ტერიტორიაზე ქალაქებში მოძრაობისას ჯარიმდება და საზღვარზე უხდება თანხის ერთდროული გადახდა. როდესაც ქართველი გადამზიდველი ცდილობს გაერკვეს დაჯარიმების მართებულებაში, თურქეთის მხარე ამისამართებს სახელმწიფო დაწესებულებაში. ასეთ პირობებში მისთვის რთულია დატვირთულ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებით ჯარიმის გასაჩივრება. იგი ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა. რა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებაა შესაძლებელი იმისთვის, რომ ქართველი გადამზიდავის უფლებები იყოს დაცული თურქეთის ტერიტორიაზე?

ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებული იყო, რომ ამ პროცესმა ბოლო პერიოდში მიიღო გახშირებული ხასიათი და აუცილებლობა მოითხოვს, მეტი კონკრეტიკა იყოს წარმოდგენილი და საკითხი სისტემურად იყოს შესწავლილი.

შეჯამებისას აღინიშნა, რომ საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით ორგანიზებული შეხვედრა იყო სასარგებლო, გაიმართა კონსტრუქციულ და საქმიან გარემოში, დაფიქსირდა სააგენტოს ხელმძღვანელობის მხრიდან სრული ღიაობა და ნებისმიერი წარმოქმნილი პრობლემის მყისიერად გადაწყვეტაში ჩართულობის მზადყოფნა.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

პაატა ცაგარეიშვილი – თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს

Related Posts

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებზე

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის პირობებში, რეგიონის ქვეყნები, სავარაუდოდ, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების გეგმებს გადახედავენ. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება: რუსეთ –…
მეტის ნახვა

შუა დერეფნის გასწვრივ  საკონტეინერო ინფრასტრუქტურის სინქრონული განვითარება დამატებითი ტვირთების მოზიდვის წინაპირობაა

მიმდინარე წლის 3 ივნისს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა თბილისის მშრალი პორტი, აღნიშნული სატრანსპორტო ობიექტის ამოქმედებით, საქართველომ შუა დერეფნის მარშრუტის…
მეტის ნახვა

რუსეთში საავტომობილო გადამზიდავი კომპანიების მასიური გაკოტრების და ლიკვიდაციის პროცესი – რა გამოწვევების წინაშე დააყენებს ქართულ სატრანსპორტო კომპანიებს?

რუსეთში საავტომობილო გადაზიდვების ხარჯების ზრდისა და მომგებიანობის მკვეთრი შემცირების გამო, სატრანსპორტო კომპანიები გაკოტრების და ლიკვიდაციის წინაშე აღმოჩნდნენ, შედეგად,…
მეტის ნახვა