ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის საქართველოს მხარეს რუსთავი – მარაბდის 152 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის და ახალი მარაბდა – კარწახის 30 კმ რკინიგზის მშენებლობაზე, რომელიც 2007 წელს დაიწყო და თითქმის 20 წლის შემდგომ, 2026 წელს, შევიდა ექსპლუატაციაში, აზერბაიჯანის მხარემ 800 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
აღნიშნული თანხის საპირწონედ, თურქეთ – სომხეთის ყარსი – გიუმრის რკინიგზის აღდგენას თითქმის 4.5-ჯერ ნაკლები თანხა ესაჭიროება. ბუნებრივია, თუნდაც ფინანსური კომპონენტების შედარების საფუძველზე, ნათელია, რომ ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზა ახალ რეალობაში ფინანსურად „ძვირ“ პროექტს წარმოადგენს და ჩადებული თანხების ამოღების თვალსაზრისით, საქართველოზე გამავალ სარკინიგზო მიმართულებას თურქეთ – სომხეთის დამაკავშირებელ ყარსი – გიუმრის რკინიგზის სახით მძლავრი კონკურენტი გაუჩნდება.
თურქეთის მხარის განცხადებით, გიუმრი – ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში გაშვება სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის დღის წესრიგის მთავარი საკითხია.
თურქეთი სომხეთთან დამაკავშირებელ ყარსი – გიუმრის რკინიგზის შემადგენელ აკიაკა – გიუმრის მონაკვეთზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენას შეუდგა.
ცალსახაა, რომ სომხეთი მნიშვნელოვნადაა დაინტერესებული თურქეთთან სატრანსპორტო კავშირების აღდგენით, რითაც ქვეყანას შესაძლებლობა ეძლევა მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი – სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია შეიძინოს.
დასამალი არ არის, რომ თურქეთსაც ასევე ესაჭიროება სომხეთის გავლით სარკინიგზო კომუნიკაციების ამოქმედება, რისი დადასტურებაცაა ჯერ კიდევ 2022 წელს თურქული მხარის მიერ სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე განაღმვითი სამუშაოების დაწყება.
ამავდროულად, თურქეთის სამთავრობო წრეების განცხადებებში მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ სომხეთ – თურქეთის საზღვრის გახსნის პირობებში თურქეთის ეკონომიკურად ჩამორჩენილ აღმოსავლეთ რეგიონებს სომხეთის გავლით ცენტრალურ აზიაში ტვირთბრუნვის გაზრდის პერსპექტივები გაუჩნდება.
თურქეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის პირობებში სომხეთს საშუალება ეძლევა დაუკავშირდეს შუა დერეფანს და ბაქო – თბილისი – ყარსის მიმართულებას გაუწიოს მძლავრი კონკურენცია.
ახლახან თურქეთმა დააანონსა სომხეთთან დამაკავშირებელ აკიაკა – გიუმრის მონაკვეთზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების დაწყება. (სოციალურ ქსელებში სამუშაოთა წარმოების არანაირი ფოტო მასალა არ იძებნება).
ქრონოლოგიურად, სამუშაოთა დაწყებას წინ უსწრებდა 2026 წლის 28 აპრილს ყარსში გამართული სომხურ-თურქული ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც გიუმრი – ყარსის რკინიგზის აღდგენასა და ექსპლუატაციას ეხებოდა.
რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოების კონტექსტში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს გიუმრი – ყარსის რკინიგზის რაც შეიძლება მოკლე ვადაში ამოქმედების მნიშვნელობას.
მოგვიანებით, 7 მაისს, ბრიფინგზე, სომხეთის პრემიერმა ნ. ფაშინიანმა განაცხადა ყარსი – გიუმრის რკინიგზის ამოქმედების სამუშაოების ტექნიკური შეფასების დაჩქარების აუცილებლობის შესახებ.
2026 წლის ივლისიდან თურქეთის მხარემ დაიწყო აკიაკა – საზღვრის მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს ლიანდაგის, ხიდების, წყალგამტარი ნაგებობებისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის ტექნიკური შეფასება. (თუმცა სოციალურ ქსელებში სამუშაოთა წარმოების არანაირი ფოტო მასალა არ იძებნება).
ახლახან თურქული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებით, სამუშაოების დასრულება ორ-სამ თვეში იგეგმება. პროექტი განიხილება, როგორც თურქეთ – სომხეთის საზღვრის შესაძლო გახსნისა და ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირების აღდგენისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების ნაწილი და მნიშვნელოვან ინვესტიციებს არ მოითხოვს.
პარალელურად, თურქეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა ტენდერი აკიაკა – გიუმრის საავტომობილო გზის მშენებლობაზე, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის სამომავლო სატრანსპორტო კავშირის ნაწილი უნდა გახდეს.
თურქეთის ქმედებების პარალელურად, სომხეთმა სინქრონულად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები გიუმრი – ახურიკისა და ერასხის სარკინიგზო მონაკვეთების აღსადგენად, რაც სომხეთის – თურქეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებთან წვდომას უზრუნველყოფს.
აკიაკა – გიუმრის სარკინიგზო მონაკვეთი წარმოადგენს ისტორიული ყარსი – გიუმრი – თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის ნაწილს, რომელიც 1899 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. 1993 წლიდან, თურქეთ – სომხეთის საზღვრის დახურვის გამო, მონაკვეთი არ ფუნქციონირებს.
ყარსიდან სადგურ აკიაკამდე 57 კმ მონაკვეთი მოქმედია და თურქეთის სახელმწიფო რკინიგზა (TCDD) მას ექსპლუატაციაში ინარჩუნებს.
აკიაკას სადგური აღჭურვილია: სამგზავრო პლატფორმებით, სატვირთო ლიანდაგებით, სასიგნალო ინფრასტრუქტურით, საბაჟო ზონისთვის განკუთვნილი ტერიტორიით. აკიაკიდან სომხეთის საზღვრამდე 18 – 20 კმ რკინიგზაა, რომელიც აღდგენას მოითხოვს. თურქეთის მხარე სწორედ ამ მონაკვეთის რეაბილიტაციას შეუდგა.
თურქეთის მხარეს, სომხეთთან სასაზღვრო ზონაში არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შეფასებისას (იხ. ფოტომასალა), ნათელია, რომ საზღვართან მისასვლელი ლიანდაგი სავალალო მდგომარეობაშია. რიგ შემთხვევაში, ლიანდაგის კონსტრუქცია საერთოდ არ არსებობს. გამომდინარე აქედან, რთულად წარმოსადგენია, რომ თურქულმა მხარემ დაანონსებულ მოკლე ვადაში აღადგინოს სომხეთთან სარკინიგზო კომუნიკაცია.

რაც შეეხება სომხეთის მხარეს, თურქეთ – სომხეთის საზღვრის დახურვამდე სარკინიგზო სადგური მხოლოდ ერთი ლიანდიდან მეორე ლიანდზე გადატვირთვის მარტივ ოპერაციებს ასრულებდა. მოგვიანებით, სადგურზე დამონტაჟდა ურიკების შემცვლელი მექანიკური დანადგარები, რომლებიც საზღვრის დახურვის გამო ფაქტობრივად არ იქნა გამოყენებული.
სომხეთის რკინიგზის ინჟინრების გადმოცემით, სადღეისოდ ურიკების შემცვლელი სადგური გაუძარცვავ და გამართულ მდგომარეობაში იმყოფება.
საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, იმ გათვლით, რომ საზღვარი ხელახლა გაიხსნებოდა, სომხეთის რკინიგზამ კიდევ 7-8 წელი შეინარჩუნა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გამართულ მდგომარეობაში.
სომხეთის რკინიგზელების განცხადებით, (იხ. ფოტომასალა) საზღვარზე მატარებლების მიღების/გაგზავნის მინიმალური პირობების უზრუნველსაყოფად არსებული აღჭურვილობის გათვალისწინებით, ასევე რელსებისა და შპალების შეცვლის შედეგად, შესაძლებელია მოკლე პერიოდში განახლდეს სასაზღვრო სადგურის ფუნქციონირება და აღდგეს მატარებლების მოძრაობა.

წარმოდგენილი ფოტომასალით ნათლად ჩანს, რომ სომხეთის მხარეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ გამართულ მდგომარეობაში იმყოფება და მოკლე ვადაში შესაძლებელი იქნება მისი ექსპლუატაციაში გაშვება.
სომხეთის მხარის განცხადებით, გიუმრიდან ახურიკამდე (თურქეთ – სომხეთის საზღვარი) სომხეთის მხარეს მონაკვეთის აღდგენას ერთი წელი და 32.4 მლნ დოლარის ინვესტიცია დასჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ თურქულ მხარეს მისი მონაკვეთის აღდგენის თანხები ოფიციალურად არ გამოუცხადებია, ნათელია, რომ ყარსი – გიუმრის სრულფასოვანი აღდგენა შეუდარებლად ნაკლები დაჯდება ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზასთან შედარებით.
ბაქო – თბილისი – ყარსის მხოლოდ საქართველოს მხარეს რუსთავი – მარაბდის 152 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენასა და ახალი მარაბდა – კარწახის 30 კმ უბნის მშენებლობას, რომელიც 2007 წელს დაიწყო და თითქმის 20 წლის შემდგომ, 2026 წელს, შევიდა ექსპლუატაციაში, აზერბაიჯანის მხარემ 800 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
დასკვნის სახით – თუნდაც ფინანსური კომპონენტების შედარების საფუძველზე, ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზა ახალ რეალობაში ფინანსურად „ძვირ“ პროექტს წარმოადგენს. ჩადებული თანხების ამოღების თვალსაზრისით, საქართველოზე გამავალ სარკინიგზო მიმართულებას თურქეთ – სომხეთის დამაკავშირებელ ყარსი – გიუმრის რკინიგზის სახით მძლავრი კონკურენტი გაუჩნდება.