შავ ზღვაში უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად, რამდენად სტაბილური და ხანგრძლივი აღმოჩნდება ყაზახური ნედლი ნავთობის ბათუმის ნავთობტერმინალის მიმართულებით გადმომისამართების პროცესი? (ნაწილი პირველი)

ახლახანს, თენგიზის ნავთობის საბადოს ოპერატორმა კომპანია Tengizchevroil-მა, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით ნედლი ნავთობის ექსპორტი განაახლა. მიუხედავათ იმისა, რომ ბათუმის ნავთობტერმინალს უკვე მიეწოდა 20 000 ტონა ნედლი ნავთობი, ნავთობის გადაზიდვის მოცულობა მცირეა.

რამდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენებით ყაზახური ნედლი ნავთობის ბათუმის ნავთობტერმინალით გადმორთვის შესაძლებლობები, ამას დრო აჩვენებს და მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რეგიონში საომარი დაპირისპირებების ხანგრძლივობაზე.

ცნობისათვის, 2026 წლის მარტში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, Tengizchevroil-მა ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით ყაზახეთიდან 97 ათასი ტონა ნავთობის პარტია უკვე გამოგზავნა.

ნათელია, რომ საქართველო – აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენებით ყაზახური ნედლი ნავთობის გადაზიდვების შუა დერეფნით დაბრუნება რეგიონში საომარი დაძაბულობითაა განპირობებული. ნედლი ნავთობის გადაზიდვების შემდგომი დამკვიდრება დერეფნისათვის, უდავოდ, მნიშვნელოვან მოვლენად უნდა შეფასდეს.

საქართველოს მიერ ბათუმის ნავსადგურისა და ნავთობტერმინალის რეალიზების წინაპირობები – ბუნებრივია, რადგანაც საქმე გვაქვს ყაზახური ნავთობის უკვე მეორედ შემობრუნების პროცესთან, იბადება რამდენიმე კითხვა:

რამ განაპირობა ჩვენი დერეფნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტვირთის ბათუმის ნავთობტერმინალში დაბრუნება?

რამდენად სტაბილური და ხანგრძლივი აღმოჩნდება ყაზახური ნედლი ნავთობის შუა დერეფნის მიმართულებით გადმომისამართების პროცესი?

გააჩნია საქართველო – აზერბაიჯანის სარკინიგზო ინფრასტრუქტურას ნედლი ნავთობის გაზრდილი მოცულობის ნაკადის სტაბილური და უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური შესაძლებლობა?

აღნიშნულ კითხვებზე პასუხების გაცემა, შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე ყაზახური ნედლი ნავთობის რეალურად დამკვიდრების შესაძლებლობას წარმოაჩენს.

ჩვენი გვერდის მკითხველისათვის საინტერესო იქნებოდა წარმოედგინა, თუ რა წინაპირობებმა განაპირობა 2007 წელს საქართველოს მიერ ყაზახეთისთვის ბათუმის ნავსადგურისა და მისი ნავთობტერმინალის აქტივების რეალიზება.

რეალიზების ძირითადი მიზანი თავიდანვე ნათელი იყო – შერჩეული ყოფილიყო ისეთი სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ტვირთნაკადს, ამ შემთხვევაში ნედლ ნავთობს, ბათუმში შეძენილი სანავთობო აქტივების გამოყენებით, დაუბრკოლებლად მსოფლიო ბაზრებზე გაიტანდა. ეს ყოველივე კი დერეფნით და მათ შორის გარანტირებული ტვირთნაკადის მოზიდვას უზრუნველყოფდა.

საქართველოს მხრიდან ბათუმის აქტივების რეალიზებას წინ უსწრებდა 2004 – 2007 წლებში ბათუმის ნავთობტერმინალის მიერ ნავთობის გადაცლის მაღალი მოცულობები.

იმ პერიოდში ბათუმის გავლით ნედლი ნავთობის გატარების პიკურმა მოცულობამ 9 მლნ ტონა შეადგინა. ამ პროცესმა, უდავოდ, ბიძგი მისცა საქართველოს დერეფნით ნედლი ნავთობის, როგორც სტაბილური ტვირთნაკადის, ჩასახვის შესაძლებლობას.

წინასწარი გაანგარიშებით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის დადებული ხელშეკრულება ორივე მხარისათვის მომგებიანი იყო, რადგანაც ქართული მხარე შეძლებდა ბათუმში სანავთობო საცავების ყაზახური ინვესტიციების ხარჯზე რენოვაციას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს რკინიგზა ყაზახური ნავთობის სახით შეიძენდა გარანტირებულ და სტაბილურ ტვირთნაკადს, რაც რკინიგზას ფინანსურ სტაბილურობასა და მისი აქტივების მაღალი დატვირთვით გამოყენების შესაძლებლობას შემატებდა.

ხოლო ყაზახეთი იმ პერიოდში მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის გადაზიდვების დივერსიფიცირებული მარშრუტების ნაკლებობის გამო ევროპისკენ ახალ მიმართულებას შეიძენდა.

მოგვიანებით საქართველოს დერეფნით ყაზახური ნედლი ნავთობის გადაზიდვებს საშიშროება დაემუქრა, რადგანაც აღნიშნული პროცესის პარალელურად იმ პერიოდში ექსპლუატაციაში შევიდა რუსეთზე გამავალი კასპიის მილსადენის კონსორციუმის CPC ს მარშრუტი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა საქართველოს მიმართულებით ნედლი ნავთობის გადაზიდვის სურათი. მარტივად რომ ავხსნათ – ნედლი ნავთობი ყველაზე იაფი ტრანსპორტირების გზით, მილსადენში გადავიდა.

ყაზახეთის ნედლი ნავთობის გადაზიდვების საქართველო – აზერბაიჯანის რკინიგზიდან მილსადენში გადანაცვლების შედეგად, 2010 წლიდან საქართველოს რკინიგზით დაიწყო ნედლი ნავთობის გადაზიდვების ეტაპობრივი შემცირების პროცესი. 2019 წლისთვის ნავთობის სარკინიგზო გადაზიდვები პრაქტიკულად შეწყდა.

2010 წელს ბათუმის ნავთობტერმინალის მიმართულებით ნედლი ნავთობის გადაზიდვამ 5.7 მლნ ტონა შეადგინა, მომდევნო წლებში კი, ყაზახეთიდან რუსეთის მიმართულებით მილსადენის ამოქმედების კვალდაკვალ, საქართველოს მიმართულებით ნავთობის გადაზიდვა ეტაპობრივად შემცირდა და საბოლოოდ შეწყდა (იხ. დიაგრამა).

ნედლი ნავთობის გადაზიდვების ეტაპობრივი შემცირების პროცესმა საქართველოს რკინიგზა რთული ფინანსური მდგომარეობის წინაშე დააყენა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზისთვის წინასწარ ცნობილი იყო ნედლი ნავთობის მილსადენში გადანაცვლების შესახებ, 2012 წლის შემდეგ რკინიგზის ახალმა მენეჯმენტმა ვერ უზრუნველყო ჩანაცვლების პროცესის უმტკივნეულოდ განხორციელება, რა უპირველეს ყოვლისა, ნავთობის მშრალი ტვირთებით ჩანაცვლებას გულისხმობდა, რის შედეგადაც საქართველოს რკინიგზა დრამატულად შემცირებული გადაზიდვებისა და რთული ფინანსური მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდა.

წინა წლების ანალიზით დასტურდება, რომ დერეფნის საქართველო – აზერბაიჯანის სარკინიგზო სისტემას ნედლი ნავთობის უსაფრთხო გადაზიდვის გამოცდილება გააჩნია და გადაზიდვების ახალ პირობებში განხორციელება ტექნოლოგიურ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.

ყაზახური ნედლი ნავთობის ბათუმის ნავთობტერმინალის მიმართულებით გადმორთვის წინაპირობები – დღევანდელი ლოგისტიკით, თენგიზის ნავთობის ბათუმში მიწოდება სარკინიგზო ცისტერნებით ხორციელდება, შემდეგ კი ტანკერებში იტვირთება და შავი ზღვის გავლით თურქეთის მიმართულებით იგზავნება. თავად Tengizchevroil-ი კომენტარს არ აკეთებს თავისი ლოგისტიკური და კომერციული საქმიანობის დეტალებზე.

საქართველოზე გამავალი ალტერნატიული დერეფნის გამოყენების გადაწყვეტილება განპირობებულია კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საქმიანობის მორიგი შეჩერებით.

აღნიშნული კონსორციუმი კასპიის ზღვის აუზში მდებარე გიგანტური – თენგიზის, კაშაგანისა და ყარაჩაგანაკის საბადოებიდან მოპოვებული ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის 82%-ს კონსორციუმის (CPC) მილსადენით უზრუნველყოფს, რომელთა ათვისებასაც საერთაშორისო კორპორაციები Chevron-ი, ExxonMobil-ი, Shell-ი და Eni ახორციელებენ.

მსხვილი საერთაშორისო კომპანიების გარდა, მილსადენის კონსორციუმის აქციონერთა სიაში შედიან რუსული „ტრანსნეფტი“ და „ლუკოილი“, ყაზახური „ყაზმუნაიგაზი“.

კონსორციუმი ახორციელებს არა მხოლოდ ყაზახური, არამედ რუსული ნავთობის ნაწილის ტრანსპორტირებასაც. აღსანიშნავია, რომ მის ობიექტებზე არ ვრცელდება საერთაშორისო ენერგეტიკული სანქციები. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, CPC-თან დაკავშირებული გემები არ განიხილება რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად.

2026 წლის პირველ ნახევარში CPC-ის მილსადენით საზღვაო ტერმინალზე ნავთობის გადატვირთვის მოცულობა 7%-ით, 33.4 მლნ ტონამდე შემცირდა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 36.0 მლნ ტონას შეადგენდა).

20 ივლისიდან სატანკერო ფლოტზე უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, კასპიის მილსადენის კონსორციუმმა (CPC) მორიგ ჯერზე შეაჩერა ნედლი ნავთობის გადაზიდვა.

ნავთობის გადაზიდვის შეჩერება შავ ზღვაში ტანკერებზე უკრაინული დრონებით განხორციელებულ ბოლოდროინდელ თავდასხმებს უკავშირდება, რის გამოც ტანკერების მფლობელი კომპანიები ნოვოროსიისკის მახლობლად, იუჟნაია ოზერეევკაში მდებარე შავი ზღვის ტერმინალის მიმართულებით გემების გაგზავნისა და დატვირთვაზე თავს იკავებენ.

19 ივლისს CPC-ის ტერმინალზე ASIA-სა და NISSOS IOS-ის ტანკერებმა დრონების შეტევის შედეგად შეწყვიტეს ტერმინალში ჩატვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაციები, რამაც ბიძგი მისცა ტერმინალის ფუნქციონირების შეჩერებას.

აღსანიშნავია, რომ CPC-ს მილსადენში დატვირთვის გრაფიკის დარღვევის გამო, მინიმუმ ათი ტანკერი შიშობს ნოვოროსიისკის ნავსადგურში განთავსებულ ნავთობის გადასატვირთ ტივტივასთან მიახლოებას.

ნავთობის გადატვირთვასთან დაკავშირებული შეფერხებების გამო, Tengizchevroil-მა (რომელსაც ამერიკული კორპორაცია „შევრონი“ მართავს) განაცხადა, რომ CPC-ს მილსადენის სისტემაში მიწოდების მოცულობები საოპერაციო პირობებიდან გამომდინარე, შესაძლოა, პერიოდულად დაკორექტირდეს ან სხვა მიმართულებით გაიგზავნოს.

მეორე ნაწილში განხილული იქნება ყაზახური ნედლი ნავთობის გადაზიდვების მარშრუტების დივერსიფიცირების და ლოგისტიკის შესაძლებლობები.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

საზღვაო მარშრუტების ბლოკირების ფონზე, ჩინეთი, შუა დერეფნის გამოყენებით, ცენტრალური აზიის მიმართულებით სახმელეთო მარშრუტებს აფართოვებს

Related Posts

მოლდოვა ევროკავშირთან ინტეგრაციის პარალელურად რკინიგზის სისტემურ რეორგანიზაციას იწყებს – რა ეტაპზეა საქართველოს რკინიგზის რეფორმირების პროცესი?

ევროკავშირთან ინტეგრირების პროცესის პარალელურად მოლდოვის მთავრობა საკუთარი რკინიგზის რეორგანიზაციას იწყებს, 2026 წლის ბოლოსთვის არსებული რკინიგზა ორ დამოუკიდებელ სტრუქტურულ…
მეტის ნახვა

„არ ვიცით სად მივდივართ, კაბალაში თუ სამხედრო დაპირისპირების ეპიცენტრში“- ანაკლიის პორტი „ჩინურ ვალის მახეში“?!

„რა თქმა უნდა, არსებობს ამის შესაძლებლობა…“, – ასე პასუხობს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვას,…
მეტის ნახვა

რუსეთი ლოგისტიკური მარშრუტების ძიებაშია – რუსეთი და ჩინეთი ერთობლივად ჩრდილოეთის ზღვის დერეფანს ავითარებენ

რუსეთ – ჩინეთის ერთობლივმა სარკინიგზო-საზღვაო ხაზმა Arctic Express №1-მა, რომლითაც ჩინეთიდან არხანგელსკისა და მურმანსკის რუსეთის ნავსადგურებამდე ჩრდილოეთის დერეფნის…
მეტის ნახვა