საზღვაო მარშრუტების ბლოკირების ფონზე, ჩინეთი, შუა დერეფნის გამოყენებით, ცენტრალური აზიის მიმართულებით სახმელეთო მარშრუტებს აფართოვებს

გეოპოლიტიკური დაძაბულობის პარალელურად, რომელიც, პირველ რიგში, საზღვაო – სავაჭრო მარშრუტების სტაბილურობაზე აისახა, თვალშისაცემია, ჩინეთის ქმედება – დივერსიფიკაცია გაუკეთოს საკუთარ საექსპორტო არხებს და აქცენტი საზღვაო მარშრუტებიდან სახმელეთო დერეფნებზე გადაიტანოს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, შუა დერეფნის გავლით, ცენტრალური აზიის მიმართულებით ჩინეთის ტვირთნაკადების გადაზიდვების სწრაფი ტემპით ზრდა შეინიშნება, რისი დასტურიცაა რამდენიმე ახალი სახმელეთო მარშრუტის ამოქმედება, რომლებიც ჩინეთის სამრეწველო და ეკონომიკურ ცენტრებს ცენტრალური აზიის ქვეყნებში მდებარე ლოგისტიკურ ჰაბებთან აკავშირებს.

ცენტრალური აზიის მიმართულებით სახმელეთო მარშრუტების გაფართოება ჩინეთის იმ ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც სახმელეთო საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ისახავს მიზნად. ეს ყოველივე განსაკუთრებით აქტუალურია გლობალური გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, რაც საომარი მოქმედებების შედეგად საზღვაო სავაჭრო მარშრუტების სტაბილურობის დარღვევამ გამოიწვია.

2026 წლის მონაცემებით, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო ბლოკმატარებლებით მომსახურე ჩინეთის ქალაქების საერთო რაოდენობა 129-ს შეადგენს, რომლებიც ჩინეთს ევროპის 26 ქვეყნის 235 ქალაქთან და აზიის 11 ქვეყნის 100-ზე მეტ ქალაქთან აკავშირებენ და პრაქტიკულად მთელ ევრაზიას ფარავენ.

ევროპის მიმართულებით გადასაზიდი სარკინიგზო ტვირთების ნაწილი ცენტრალური აზიის გავლით გადაადგილდება, რაც რეგიონისკენ მიმავალი პირდაპირი მარშრუტების გაფართოებას უწყობს ხელს.

ჩინეთსა და ცენტრალური აზიის რეგიონს შორის, შემდგომ კი ევროპის მიმართულებით, სახმელეთო სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება შუა დერეფნის გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებთან სავაჭრო საქონელბრუნვაზე აისახება.

2025 წლის მონაცემებით, ჩინეთი ცენტრალური აზიის სახელმწიფოების უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად იქცა, კერძოდ, სავაჭრო ბრუნვამ ხუთივე ცენტრალური აზიის სახელმწიფოსთან ჯამურად 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ჩინეთის მიერ ცენტრალური აზიის რეგიონში განხორციელებული ექსპორტის ღირებულება, რომელშიც მაღალტექნოლოგიური პროდუქცია ჭარბობს, ორჯერ აღემატება საიმპორტო პროდუქციის ღირებულებას. ეს ყოველივე აიხსნება ტვირთების კონტეინერიზაციის სწრაფი ტემპზე. ანალოგიური ტენდენცია ასევე დამახასიათებელია ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით განხორციელებული გადაზიდვებისთვის.

2025 წელს ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებით სახმელეთო დერეფნებით 20 000-ზე მეტი სატვირთო ბლოკმატარებლის მოძრაობა დაფიქსირდა, რაც ბოლო 10-წლიან ჭრილში 25-ჯერ გაზრდილ მაჩვენებელს წარმოადგენს.

2025 წელს ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის ყველა მიმართულებით სარკინიგზო საკონტეინერო გადაზიდვების მთლიანმა მოცულობამ 2 მლნ TEU-ს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 %-ით გაიზარდა და 11 178 ბლოკმატარებელი შეადგინა (იხ. დიაგრამა).

ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის სარკინიგზო გადაზიდვებში, შუა დერეფნით გატარებული ბლოკმატარებლების რაოდენობა მზარდი დინამიკით ხასიათდება. ცნობისათვის, შუა დერეფნის სახმელეთო მარშრუტი ჩინეთიდან 4 250 კმ რკინიგზის ხაზსა და 500 კმ საზღვაო მარშრუტს აერთიანებს.

2025 წელს ჩინეთიდან შუა დერეფნის გავლით გატარებული 433 ბლოკმატარებლიდან 400 ერთეული გაიგზავნა ჩინეთიდან დასავლეთის მიმართულებით, მხოლოდ 33 – დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. ასეთი თანაფარდობა შუა დერეფნით “რევერსული” ტვირთების ნაკლებობაზე მიუთითემს.


შუა დერეფნის ფუნქციონირების ეფექტიანობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია არა უშუალოდ დერეფნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების ზრდის მაჩვენებელი, არამედ ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის სარკინიგზო საერთო გადაზიდვებში, ცენტრალური აზიის გავლით, შუა დერეფნით გატარებული ბლოკმატარებლების ზრდის დინამიკის მაჩვენებელი (იხ. დიაგრამა).

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, შუა დერეფნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების ზრდის მაჩვენებლის პარალელურად, იზრდება ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის სარკინიგზო საერთო გადაზიდვებში, ცენტრალური აზიის გავლით, შუა დერეფნით გატარებული ბლოკმატარებლების წილი. თუ 2023 წელს იგი 1.5%-ს შეადგენდა, 2024 წელს გაიზარდა – 1.8%-მდე, ხოლო 2025 წელს 2.2%-ს მიაღწია.


საერთო გადაზიდვებში შუა დერეფნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების პროცენტული თანაფარდობის ზრდის დინამიკა დერეფნის განვითარების ეფექტიანობაზე მიუთითებს, მაგრამ 2.2%-იანი თანაფარდობა, ამბიციური შუა დერეფნის პოტენციალიდან გამომდინარე, უმნიშვნელოა და მაღალ მაჩვენებელს არ წარმოადგენს. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ მიუთითებს შუა დერეფნით ჩინეთიდან ბლოკმატარებლების რაოდენობის ზრდის რეზერვის არსებობაზე.

შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებმა 2026 წლისთვის დაამტკიცეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთიდან 600 ერთეული საკონტეინერო ბლოკმატარებლის გატარებას წლის განმავლობაში.


2026 წლის სამ თვეში შუა დერეფნით, ყაზახეთის გავლით, ჩინეთიდან 125 ბლოკმატარებელი იქნა გატარებული. ეს მაჩვენებელი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტია, რაც იმის წინაპირობას იძლევა, რომ 2026 წელს შუა დერეფნით ჩინეთიდან საკონტეინერო ნაკადი გაიზრდება და საერთო მოცულობაში 2.5%-ს მიაღწევს.

დასკვნის სახით – 2025 წელს შუა დერეფნით გატარებული ბლოკმატარებლების წილი ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის საერთო მოცულობაში 2.2%-ს შეადგენდა, რაც მაღალ მაჩვენებელს არ წარმოადგენს, თუმცა ზრდადი დინამიკით ხასიათდება. ამ მაჩვენებლის 2030 წლისთვის 5%-მდე გაზრდა (1200 – 1500 ერთეული ბლოკმატარებელი წელიწადში) დერეფნის მონაწილე სახელმწიფოების ერთობლივ სტრატეგიულ ორიენტირს უნდა წარმოადგენდეს.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

თქვენი თანადგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განცხადება

Related Posts

რა საფრთხეებს შეიცავს ევროპულ  სივრცეში განლაგებული ჩინეთის ნავსადგურები

ჩინეთს მსოფლიოს  50 სახელმწიფოში 100 ზე მეტ მსხვილ ნავსადგურზე  გააჩნია ფინანსური ზეგავლენა, აკონტროლებს ყველა, ძირითად საზღვაო / საკონტეინერო…
მეტის ნახვა

იზრდება თუ არა რეალურად შუა დერეფნით გადაზიდვების მაჩვენებელი? დერეფნის საქართველოს მონაკვეთის ეფექტიანობა გატარებული ტრანზიტის კრიტერიუმით უნდა შეფასდეს

მასმედიაში და სოციალურ ქსელებში, შუა დერეფნის სტრატეგიულ როლზე აქცენტის გაკეთებისას, პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები, მთავრობის წარმომადგენლები და რიგი ექსპერტები საქართველოზე…
მეტის ნახვა

უკრაინა ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირებადობის პროექტის ფარგლებში პოლონეთის საზღვრიდან ლვოვამდე ევროპული ლიანდის დაგებას იწყებს

პოლონეთის საზღვრიდან – ლვოვამდე ლიანდაგის კონსტრუქცია მხოლოდ 1435 მმ იან ქსელს მოიცავს და რადიკალურად განსხვავდება შეთავსებული ლიანდაგის სისტემისგან.…
მეტის ნახვა