ყაზახური ნედლი ნავთობის გადაზიდვების მარშრუტების დივერსიფიცირების შესაძლებლობები – ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ ქვეყნის დამოკიდებულება კასპიის მილსადენის კორსორციუმზე კრიტიკულად შეაფასა. აღნიშნული კონსორციუმი მსოფლიო ნავთობის 2%-ს გადაზიდავს და ყაზახური ნავთობის ექსპორტის ძირითად მარშრუტს წარმოადგენს.
იმავე ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს CPC-ის მეშვეობით 64.8 მილიონი ტონა ნავთობი გადაიზიდა, ხოლო ყაზახეთის ექსპორტის საერთო მოცულობამ 78.7 მილიონი ტონა შეადგინა. ამ მარშრუტს პრაქტიკულად არ გააჩნია ალტერნატივა, ვინაიდან ყველა სხვა მიმართულებით ჯამურად გაცილებით მცირე მოცულობის ნავთობნაკადი გადაიზიდება. (დიაგრამაზე წარმოდგენილია 2025 წელს ყაზახური ნავთობის სხვადასხვა არხით მიწოდებული მოცულობები).

ნავთობის ექსპორტის მრავალვექტორულობა ყაზახეთისთვის გლობალურ ბაზარზე მიწოდების მთავარ უპირატესობად რჩება. 2025 წელს ყაზახეთმა 29 ქვეყანას 78.7 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდა, რითაც მსოფლიო ბაზრების სტაბილური დივერსიფიკაცია და მიწოდების გეოგრაფიის გაფართოება უზრუნველყო.
წარმოდგენილი ინფოგრაფიკის თანახმად, 2025 წელს იტალია ყაზახური ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი გახდა და 15 მილიარდი დოლარის ღირებულების 1.29 მლნ ტონა ნავთობი მიიღო.
იტალია, ფაქტობრივად, დისტრიბუციის ჰაბის ფუნქციას ასრულებს, საიდანაც ნედლი ნავთობი მილსადენებით ევროპის სხვა ქვეყნებში იგზავნება. ყაზახური ნავთობის რეალური უმსხვილესი მყიდველი გერმანიაა, რაც ევროპის მიმართულებით განხორციელებული მიწოდების სტრატეგიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
2025 წელს ნიდერლანდებმა 11 მლნ ტონა, საფრანგეთმა – 6 მლნ ტონა, რუმინეთმა – 5 მლნ ტონა, საბერძნეთმა და ჩინეთმა – თითოეულმა 4-4 მლნ ტონა, თურქეთმა და ესპანეთმა – 3-3 მლნ ტონა, ხოლო შვეიცარიამ – 2 მლნ ტონა შეიძინეს. დანარჩენ ქვეყნებზე 10 მლნ ტონა მოდის.
ამგვარად, ყაზახური ნავთობის ექსპორტი როგორც ევროპულ, ისე აზიურ მიმართულებებს მოიცავს. ჩინეთის, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მყიდველის, სტატუსი აღმოსავლური ვექტორის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში მიწოდების მნიშვნელოვანი მოცულობები დასავლურ ბაზრებზე არსებულ მყარ პოზიციებზე მიუთითებს.
ამ განაწილებიდან ნათელია, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის პარალიზების შემთხვევაში, პირველ რიგში, დაზარალდებიან ევროპის წამყვანი სახელმწიფოები.
კასპიის მილსადენის კონსორციუმის გამოყენებით ნავთობის გატარების შესაძლებლობის შეზღუდვის რისკის გამო, Tengizchevroil ი იძულებული გახდა, გადაენაწილებინა ექსპორტის მოცულობები და აემოქმედებინა დამატებითი მარშრუტები, მათ შორის ატირაუ – სამარის და მისი განშტოების – „დრუჟბას“ მილსადენი (გერმანიაში მიწოდებისთვის), ჩინეთის მიმართულებით – ატასუ – ალაშანკაუს მილსადენი. მათ გარდა, გამოიყენება ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის მარშრუტი და, მცირე მოცულობით, სარკინიგზო ტრანსპორტიც (იხ. ტრანსპორტირების სქემები).

2025 წელს ატირაუ – სამარის ნავთობსადენით 9.2 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი – 2.1 მლნ ტონა – „დრუჟბას“ მილსადენის განშტოებით გერმანიაში მიწოდებისთვის იყო განკუთვნილი.
2025 წელს აქტაუს ნავსადგურის გავლით 3.5 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა. აქედან მხოლოდ 1.2 მლნ ტონა გაიგზავნა ბაქო -თბილისი – ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, დანარჩენი კი – მაჰაჩყალის გავლით, ნოვოროსიისკის მიმართულებით. 2026 წლის 6 თვეში ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ყაზახური ნავთობის მოცულობამ 0.7 მლნ ტონა შეადგინა.
ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის მილსადენში ყაზახური ნავთობის შერევა შეზღუდულია, რადგან ყაზახური ნედლი ნავთობი აზერბაიჯანულთან შედარებით დაბალი ხარისხისაა და 2 მლნ ტონაზე მეტი მოცულობის შერევის შემთხვევაში ნარევის ხარისხი უარესდება, რის გამოც მსოფლიო ბაზრებზე ერთი ბარელი ნავთობის რეალიზაციის ღირებულება მცირდება (იხ დიაგრამა).

გარდა წარმოდგენილი მარშრუტებისა, ყაზახეთიდან ჩინეთის მიმართულებით გადის „ატასუ – ალაშანკაუს“ ნავთობსადენი, რომლის გამტარუნარიანობა წელიწადში 20 მლნ ტონამდეა და სრულად დატვირთული არ არის.
2025 წელს მილსადენით 11 მლნ ტონა ნავთობი გადაიქაჩა, თუმცა ამ მოცულობის მხოლოდ 10 % – 1.1 მლნ ტონა – ყაზახეთის ნავთობი იყო. დანარჩენი რუსეთიდან ჩინეთის მიმართულებით ტრანზიტით მიწოდებული ნავთობს შეადგენდა. ამასთან, რუსეთი და ჩინეთი უკვე შეთანხმდნენ ამ მოცულობების გაზრდაზე.
2025 წელს მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი – 0.1 მლნ ტონა – გაიგზავნა სარკინიგზო ტრანსპორტით.
თუ CPC-ის მილსადენით ტრანსპორტირება არ განახლდება, ყაზახეთი იძულებული გახდება, ნავთობის მოპოვება შეამციროს. საქმე ისაა, რომ საცავების მოცულობა მკვეთრად შეზღუდულია. კერძოდ, კომპანია KazTransOil-ის რეზერვუარების საერთო ტევადობა 1.2 მლნ ტონას შეადგენს, რაც CPC-ის მეშვეობით ერთ კვირაში გატარებული ნავთობის მოცულობის ტოლფასია.

ტერმინალმა მუშაობა პირველად 2025 წელს შეაჩერა. დრონით განხორციელებულმა თავდასხმამ დააზიანა ნავთობის ტანკერებში ჩასატვირთი ВПУ-2 (выносное причальное устройство) ტივტივა.
იმ პერიოდში კონსორციუმმა მხოლოდ 0.4 მლნ ტონა ნავთობის გადამისამართება შეძლო, მაშინ როდესაც CPC-ის მილსადენით, ჩვეულებრივ, საშუალოდ 5.4 მლნ ტონა იგზავნებოდა. ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი ნაწილის გადამისამართება კონსორციუმმა ვერ შეძლო და ნავთობის მოპოვება შეამცირა.
ყაზახეთისთვის კასპიის მილსადენის კონსორციუმის მარშრუტი, ლოგისტიკური თვალსაზრისით, ყველაზე მიმზიდველი და იაფი გზაა. CPC-ის მეშვეობით ნავთობის ტრანსპორტირების ღირებულება ტონაზე 38 დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც, მაგალითად, ატირაუდან ბოსფორამდე, ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის გავლით, ერთი ტონა ნავთობის გადაქაჩვა 2.4-ჯერ მეტი – 90 დოლარი – ჯდება. (იხ. ყაზახური ნავთობის ტარიფების სქემა).

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ყაზახეთის ბიუჯეტის 26%-ს შეადგენს.
საბაზისო სცენარის მიხედვით, ყაზახეთის 2026–2028 წლების ბიუჯეტი Brent-ის მარკის ნავთობის 60 აშშ დოლარის ფასზეა გათვლილი. აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის ბოლოდროინდელი ესკალაციის გამო, ივლისის დასაწყისიდან ნავთობის ფასი 70 დან 92 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ნავთობის ფასის ყოველი 10-დოლარიანი ცვლილება ყაზახეთის ბიუჯეტს 1.5 მილიარდ დოლარს მატებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, საომარი მოქმედებების პირობებში, ნოვოროსიისკის ნავსადგურზე სამი თავდასხმა დაფიქსირდა. ტერმინალის გაჩერების შედეგად, ყაზახეთის, როგორც მილსადენში ნავთობის მიმწოდებლის, ყოველდღიური ზარალი 43 მლნ დოლარს უტოლდებოდა.
დასკვნის სახით – საქართველო – აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენებით, ყაზახური ნედლი ნავთობის გადაზიდვების შუა დერეფანში დაბრუნება რეგიონში არსებული საომარი დაძაბულობითაა განპირობებული. მისი შემდგომი დამკვიდრება დერეფნისთვის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს.