მ.წ. ივლისში ყაზახეთისა და უზბეკეთის მთავრობებმა თავიანთ ეროვნულ სარკინიგზო კომპანიებს, ყაზახეთის ნავსადგურების – აქტაუსა და კურიკის – გავლით უზბეკური საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთების სწრაფი ზრდის უზრუნველსაყოფად, ერთობლივი გეგმის შემუშავება დაავალეს.
ტვირთნაკადების შუა დერეფნით გადმორთვის თვალსაზრისით, ორი ცენტრალური აზიის სახელმწიფოს მთავრობათა გადაწყვეტილება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობენ შუა დერეფნის ქვეყნები, რუსეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გვერდის ავლით, ინტეგრირდნენ ტრანსკასპიურ დერეფანში და ეტაპობრივად გაზარდონ ტვირთბრუნვის მოცულობები.
უზბეკეთის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს შუა დერეფნის გავლით გადაზიდული უზბეკური ტვირთის მოცულობამ 1.2 მლნ ტონას მიაღწია, რაც 2.4 – ჯერ აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს. ამ მოცულობის მნიშვნელოვანი ნაწილი ყაზახეთის პორტების – აქტაუსა და კურიკის – გავლით გადაიზიდება (იხ. დიაგრამა).

2025 წელს შუა დერეფნის საერთო სარკინიგზო გადაზიდვების მოცულობაში მხოლოდ უზბეკეთის სატვირთო გადაზიდვების წილმა 28% შეადგინა. ეს მაჩვენებელი უზბეკეთის მხრიდან შუა დერეფნის ტვირთებით უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან კონტრიბუციას წარმოადგენს.
2025 წელს უზბეკეთის გავლით, ტრანსკასპიური მარშრუტით – 5 000 ერთეული კონტეინერი მოძრაობდა. დაგეგმილია, რომ 2026 წლისთვის ეს მაჩვენებელი 6 500 – 7 000 ერთეულ კონტეინერამდე გაიზრდება.
სატრანსპორტო უწყებებისა და დარგობრივი კვლევების თანახმად, უზბეკეთი ყაზახეთის აქტაუსა და კურიკის ნავსადგურების გავლით შემდეგი სახის ტვირთებს აგზავნის: კონტეინერებს, სპილენძსა და ფერადი ლითონის ნაწარმს, მინერალურ სასუქებს, ქიმიურ პროდუქციას, ტექსტილსა და ბამბის ნაწარმს, ხილ – ბოსტნეულს, ასევე გარკვეული სახის მანქანა – დანადგარებს.

ბოლო წლებში გადაზიდვების მიმართულებით აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა დაკავშირებულია უზბეკეთის სარკინიგზო სისტემაში, საგზაო ინფრასტრუქტურასა და მულტიმოდალურ ლოგისტიკაში განხორციელებული ინვესტიციების ზრდასთან.
რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის კუთხით, ყაზახეთისა და თურქმენეთის საზღვრების მიმართულებით უზბეკეთმა გაზარდა სარკინიგზო მონაკვეთების გამტარუნარიანობა. სინქრონულად მიმდინარეობს ლოგისტიკური კვანძებისა და სატვირთო ტერმინალების განვითარება.
ერთ-ერთ სტრატეგიულ სარკინიგზო პროექტად განიხილება დარბაზა – მაქტაარალი (Darbaza–Maktaaral) – ახალი 152 – კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობა სამხრეთ ყაზახეთში (იხ. სქემა), რომელიც უმოკლესი მიმართულებით უზბეკეთს დაუკავშირდება. ახალი სარკინიგზო ხაზის მიზანია სარიაგაშის კვანძის განტვირთვა და უზბეკეთიდან მომავალი ტვირთებისთვის უფრო სწრაფი გასასვლელის შექმნა დასავლეთის, პირველ რიგში, ყაზახეთის კასპიის ნავსადგურების მიმართულებით. მშენებლობის დასრულება 2027 წლისთვისაა დაგეგმილი.

საკონტეინერო გადაზიდვების განვითარების მიმართულებით სახელმწიფო კომპანია Uztemiryulkonteyner ი აფართოებს რეგულარულ საკონტეინერო სერვისებს.
ბოლო პერიოდში ჩინეთი – უზბეკეთი – ჩინეთის მიმართულებით რეგულარული საკონტეინერო მატარებლები ფუნქციონირებენ.
ბოლო წლებში ჩამოყალიბდა რამდენიმე რეგულარული სერვისი, რომლებიც ძირითადად გადიან ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე განლაგებული ხორგოსის შემკრებ – გამანაწილებელი სარკინიგზო სადგურიდან.
გამოსაყოფია რამდენიმე ძირითადი რეგულარული მარშრუტი:
სიანი (Xi’an) – ტაშკენტი – 2025 წლის იანვრიდან რეგულარული ექსპრეს-საკონტეინერო სერვისი ამოქმედდა. ბლოკ – მატარებელი გადის ხორგოსის გავლით და ტაშკენტამდე 5 – 6 დღეში აღწევს, რაც წინა 8 – 10 – დღიან ტრანზიტთან შედარებით მნიშვნელოვანი პროგრესია.
უხანი (Wuhan) – უზბეკეთი – 2025 წლის აპრილიდან მარშრუტი კვირაში ერთხელ სრულდება. იგი ემსახურება უზბეკეთის მიმართულებით კონტეინერების რეგულარულ გადაზიდვას.
პეკინი – ტაშკენტი – 2025 წლის მარტში გაეშვა პირველი პირდაპირი ბლოკ-მატარებელი და შემდგომში იგი ჩინეთი – ცენტრალური აზიის სერვისების ქსელში ინტეგრირდა.
მხოლოდ 2026 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში უზბეკეთიდან ჩინეთის მიმართულებით, ჩინეთ – ყაზახეთის ალტილკოლის სასაზღვრო სადგურის გავლით, 76 ბლოკ – მატარებელი იქნა გაგზავნილი.
ტაშკენტის ლოგისტიკური სარკინიგზო კვანძიდან ჩინეთ – ყაზახეთის ალტინკოლის საზღვარმდე – ტვირთების გადაზიდვისას ძირითადი ნაწილი სერგელის, ტაშკენტის, ჩუკურსოის, ნაზარბეკისა და ჯალაირის ლოგისტიკურ ცენტრებში ფორმირდება. შედეგად, 2026 წლის პირველ კვარტალში 5 000 ერთეული საექსპორტო კონტეინერი გაიგზავნა, რომელიც დატვირთული იყო მინერალური სასუქებით, კალიუმის მარილებით, ალუმინითა და პოლიეთილენით.
უნდა აღინიშნოს, რომ უზბეკეთს ჩინეთთან მიმართებით გააჩნია „რევერსული“ უკანა მიმართულებით საკონტეინერო ნაკადი, რაც უზბეკეთის ძირითად უპირატესობას წარმოადგენს. რევერსული ნაკადის არსებობა ნებისმიერი დერეფნისათვის, მათ შორის საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის, მნიშვნელოვან უპირატესობად უნდა იქნეს განხილული.
აღსანიშნავია, რომ საკონტეინერო მარშრუტებზე, უზბეკური საკონტეინერო გადამზიდავი Uztemiryulkonteyner ი საკუთარი საკონტეინერო პარკით, ფიტინგური პლატფორმების გამოყენებით, ახორციელებს კონტეინერების გადაზიდვას.

ახლახანს, საერთაშორისო ლოგისტიკური ქსელის გაფართოების მიზნით, ახლახან Uztemiryulkonteyner მა საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნა.
როგორც უზბეკეთის ოფიციალური წყაროებით დასტურდება, საქართველოში გახსნილი ახალი წარმომადგენლობის მიზანია Uztemiryulkonteyner-ის საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კლიენტებთან და პარტნიორებთან პირდაპირი ურთიერთობის გაძლიერება და შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთბრუნვის მოცულობის გაზრდა.

უზბეკეთისთვის, რუსეთის გვერდის ავლით, ერთ – ერთ მთავარ სტრატეგიულ პროექტად განიხილება ჩინეთი – ყირგიზეთი – უზბეკეთის ახალი მაგისტრალის გაყვანა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩინეთიდან შუა დერეფანში ტვირთების ნაკადს. ჩვენი გვერდი ახლო მომავალში დაუბრუნდება რეგიონში ყველაზე ძვირადღირებული პროექტის – ჩინეთი – ყირგიზეთი – უზბეკეთის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დეტალებს.
დასკვნის სახით – უზბეკეთის მიერ რუსეთის გვერდის ავლით შუა დერეფნის განვითარება პირდაპირ ზრდის საქართველოს სატრანზიტო როლს. ტვირთების ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების მომსახურებაზე, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობაზე, საკონტეინერო ტერმინალებსა და თანამედროვე ლოგისტიკურ ცენტრებზე.
იმ შემთხვევაში, თუ ინფრასტრუქტურის განვითარება ტვირთნაკადების ზრდას შესაბამისი ტემპით მიჰყვება, საქართველო ევროპისა და შავი ზღვის მიმართულებით უზბეკური ექსპორტისა და იმპორტის ერთ-ერთი მთავარი კარიბჭე გახდება.