რუსეთთან დამაკავშირებელი ზემო ლარსთან მისასვლელი გზის სავალალო მდგომარეობის გამო, გადამზიდველები სულ უფრო ხშირად შემოვლით, რუსეთ-აზერბაიჯანის მიმართულებას ანიჭებენ უპირატესობას

ზემო ლარსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მიმდინარე მოვლა-შენახვის სამუშაოების გარეშე, მოუვლელ მდგომარეობაში დატოვება მძღოლების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.

ბუნებრივია, მათი მხრიდან ისმის კითხვა: რაში ვიხდით სატრანზიტო გადასახადის სახით გზით სარგებლობის 350-ლარიან გადასახადს?

ხშირად შეხვდებით მძღოლების მხრიდან კომენტარებს: სად მიდის გზით სარგებლობის გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსული მილიონობით ლარი?

ცნობისათვის საქართველოში ტრანზიტად მოძრავი, სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის დადგენილი 350 ლარის გზით სარგებლობის გადასახადი, ერთ კილომეტრზე გადაანგარიშებით ყველაზე მაღალია როგორ ევროპულ სივრცეში ასევე რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით.

ზემო ლარსის სასაზღვრო გადასასვლელი რუსეთის მთლიან პერიმეტრზე განლაგებულ ყველაზე დატვირთულ, საავტომობილო სატვირთო ტრანსპორტისთვის განკუთვნილ გამტარ პუნქტს წარმოადგენს.

ჩვენ ხელთ არსებული რუსეთის წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წელს ზემო ლარსზე საავტომობილო ტრანსპორტით 4.7 მლნ ტონა ტვირთი იქნა გატარებული.

დატვირთვით მეორეა – რუსეთ – აზერბაიჯანის საზღვარზე განლაგებული სასაზღვრო გამტარი პუნქტი იარაგ – კაზმალიარი – 3.7 მლნ ტონა, დატვირთულობით მესამე კი – რუსეთ – ჩინეთის დამაკავშირებელი სასაზღვრო გამტარი პუნქტი ზაბაიკალსკი – 2.5 მლნ ტონა (იხ. ფოტო).

მცირედი სტატისტიკაც საკმარისია, რომ გავაკეთოთ დასკვნა, თუ საავტომობილო გადაზიდვებისათვის რაოდენ მნიშვნელოვანია ზემო ლარსის სახმელეთო საზღვარი, სადაც, გარდა რუსეთ – საქართველოს ტვირთებისა, თავს იყრის თურქეთის, ცენტრალური აზიის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების საავტომობილო სატრანსპორტო ნაკადები.

ბოლო პერიოდში, რაც გადამზიდავების უკუკავშირიდან დასტურდება, ზემო ლარსის სასაზრვრო გამტარი პუნქტი კარგავს მიმზიდველობას და რუსეთიდან მომავალი და რუსეთში მიმავალი საავტომობილო გადამზიდავები რუსეთ – აზერბაიჯანის საზღვარზე განლაგებულ იარაგ – კაზმალიარის გამშვებ პუნქტს ანიჭებენ უპირატესობას, რასაც, ბუნებრივია, თავისი ახსნა გააჩნია.

რუსეთ – აზერბაიჯანის, იარაგ – კაზმალიარის სახმელეთო საზღვარზე 2026 წლის პირველ კვარტალში 89.2 ათასი ერთეული ტრანზიტულად მოძრავი დატვირთული სატვირთო სატრანსპორტო საშუალება იქნა გატარებული.

რუსეთ – აზერბაიჯანის მიმართულებით გადაზიდვები იზრდება, რაზეც შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები მეტყველებენ. კერძოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 15%-ით გაიზარდა საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსიობა.

სოცმედიაში ცალკეული საავტომობილო გადამზიდველი მძღოლების კომენტარებით ნათელია, რომ ზემო ლარსზე გაჭიანურებული რიგები და ფასანაურიდან ზემო ლარსამდე საავტომობილო გზის სავალალო მდგომარეობა სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლებს უბიძგებს, შემოვლითი რუსეთ – აზერბაიჯანის მიმართულებით განახორციელონ გადაზიდვები.

ერთ-ერთ პრობლემურ უბანს ზემო ლარსთან მისასვლელ გვირაბში დაზიანებული საავტომობილო გზის სავალალო მდგომარეობა წარმოადგენს, თუმცა მძღოლების განმარტებით, მთლიანად რუსეთთან მიმავალი საერთაშორისო დანიშნულების ტრასის – გზის საფარი დაზიანებულ მდგომარეობაშია.

საავტომობილო გზების მიმდინარე მოვლა-შენახვის სამუშაოების გარეშე, მოუვლელ მდგომარეობაში დატოვება გადამზიდველების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.

სოცმედიიდან ამოღებული, უმწეოდ „ჩარჩენილი“სამგზავრო ავტობუსის ფოტო ნათლად მიუთითებს გზის დაზიანების ხარისხსა და მგზავრების მდგომარეობას.

დასკვნის სახით –  საქართველო – რუსეთის საზღვარზე რთული კლიმატური პირობების ზემოქმედების გათვალისწინებით, ახსნადია, რომ გზის ფასანაური – ყაზბეგის მონაკვეთი ყველაზე ინტენსიურ დაზიანებას განიცდის, მაგრამ სადღეისოდ გზის არსებული მდგომარეობა, ნათლად მიუთითებს, რომ წინა წლებში მიმდინარე მოვლა – შენახვისა და კაპიტალური შეკეთების სამუშაოების დაგროვებამ და სამუშაოების ჩამორჩენილობამ ერთიანობაში გზის საფარის ინტენსიური დაზიანება და გადაზიდვის უსაფრთხოების პირობების მკვეთრი გაუარესება გამოიწვია.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

სომხეთს რეგიონული სატრანსპორტო პროექტების მიღმა დარჩენის რისკი ემუქრება (ხედვა ერევნიდან)

Related Posts

ბაქო – გიუმრი – ყარსის რკინიგზის ამოქმედებით შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთი ტვირთების დაკარგვის საფრთხის  ქვეშ აღმოჩნდება

15 სექტემბერს ერევანში სომხეთსა და თურქეთს შორის გამართულ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი,  გიუმრი – ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის…
მეტის ნახვა

სარკინიგზო განშტოებების ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობა რეგიონებში სამრეწველო პონტეციალის განვითარებას ამუხრუჭებს

საქართველოს რკინიგზით ბოლო 15 წლის განმავლობაში ადგილობრივი გადაზიდვების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 1.4 მლნ ტონა 2024 წელს დაფიქსირდა.…
მეტის ნახვა

საქართველოს ავტომაგისტრალებზე ტრანზიტული სატვირთო ტრანსპორტის ნახევარი ყაზბეგის გამშვები პუნქტის გავლით მოძრაობს

საომარი დაპირისპირებისა და სანქციების ამოქმედების კვალდაკვალ – 2022 წელს საქართველოზე გამავალი საავტომობილო სატრანზიტო დერეფნით, სატვირთო ავტოტრანსორტის რაოდენობის 1.5…
მეტის ნახვა