CASCA + მარშრუტით სატვირთო გადაზიდვების მოცულობის ზრდა – საქართველოზე გამავალ დერეფანს დამატებითი ტვირთებით უზრუნველყოფს

საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფან CASCA+-ის გასწვრივ სატვირთო გადაზიდვის მოცულობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის 8-9 ივნისს ექვსმხრივი შეხვედრა გაიმართა.

უზბეკეთის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობდნენ თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ყირგიზეთის რკინიგზების წარმომადგენლები.

უზბეკეთის ინიციატივით, 2019 წელს შექმნილი CASCA + სატრანზიტო მულტიმოდალური მარშრუტი აზერბაიჯანის, საქართველოს, ყირგიზეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და უზბეკეთის რკინიგზების ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს.

CASCA + დერეფანი სამ რეგიონს – ცენტრალურ აზიას (ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი), სამხრეთ კავკასიას (აზერბაიჯანი და საქართველო) და ანატოლიას (თურქეთი) – აერთიანებს.

დერეფნის აბრევიატურაში „+“ნიშანი პროექტში ახალი პოტენციური მონაწილეების მიღების მზაობაზე მიანიშნებს, რომლის საბოლოო მიზანიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ევროპის ქვეყნების დაკავშირებაა.

CASCA + სატრანსპორტო დერეფნის განვითარება მიზნად ისახავს უზბეკური პროდუქციის გლობალურ ბაზრებზე მიწოდების ეფექტურობის გაუმჯობესებას უფრო სწრაფი, უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფით.

ტაშკენტში გამართული შეხვედრის დროს CASCA + დერეფნის ამჟამინდელი მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ მოსაზრებების დეტალური გაცვლა მოხდა. გარდა ამისა, განხილული იქნა შემდეგი ძირითადი საკითხები:

2025 წლისა და 2026 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში დერეფანში შესრულებული სამუშაოებისა და მიღწეული შედეგების ანალიზი;

წინადადებები ტვირთების გადაზიდვის პროცესის ეფექტურობის გაზრდის, ტრანზიტის დროის შემცირებისა და გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

ტვირთების გადაზიდვის მოქმედი სატარიფო პირობების მიმოხილვა და კონკურენტუნარიანი სატარიფო პოლიტიკის ფორმირება;

დერეფნის ფუნქციონირების დროს წარმოშობილი არსებული პრობლემები და შეზღუდვები, ასევე მათი აღმოფხვრის პრაქტიკული ზომები.

შეხვედრის შედეგად მონაწილეებმა ხელი მოაწერეს ექვსმხრივ შეთანხმებას (ოქმს), რომელიც მიზნად ისახავს CASCA + დერეფნის შემდგომ განვითარებას, ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდასა და მხარეებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებას.

უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, 2024 წელს უზბეკეთში CASCA + მარშრუტით რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 მლნ ტონას მიაღწია.

საკონტეინერო ბლოკმატარებლების რაოდენობა 2019 წლიდან 2024 წლამდე 3.3-ჯერ  – 25-დან 83-მდე გაიზარდა.

მიუხედავად ზრდადი ტენდენციებისა, აღსანიშნავია, რომ CASCA + ინიციატივის არსებობის განმავლობაში მონაწილე ქვეყნებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.

თითქმის შვიდი წლის განმავლობაში შეიქმნა მხოლოდ სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკოორდინაციო საბჭო და დაწესდა გადაზიდვების შეღავათიანი ტარიფები.

პრაქტიკულად, თავდაპირველი იდეა – საქართველოზე გამავალი დერეფნით ცენტრალურ აზიაში ჩასახული ახალი ტვირთნაკადების მოზიდვა, რომელიც როგორც დერეფნისთვის, ასევე საქართველოსთვის მნიშვნელოვან ფინანსურ კონტრიბუციას წარმოადგენს – ვერ სრულდება, რაც CASCA + დერეფნის ძირითად ნაკლს წარმოადგენს.

CASCA + დერეფნის დაბალი დატვირთვის გამო, უზბეკეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის მდგრადი ლოგისტიკური კავშირებისა და ექსპორტის პოტენციალის განვითარება სათანადოდ არ არის ათვისებული.

პრაქტიკულ ნაბიჯებს შორის გამოსაყოფია CASCA + დერეფნით მალფუჭებადი პროდუქტების (ხილისა და ბოსტნეულის) რეფრიჟერატორული საკონტეინერო შემადგენლობებით გადაზიდვებისთვის პრიორიტეტულობის მინიჭება.

მნიშვნელოვანია გაფართოებული იყოს CASCA + დერეფნის გამოყენების საზღვრები, კერძოდ კი, ტაშკენტთან ახლოს განლაგებული სერგელის ლოჯისტიკური ცენტრიდან -საქართველოს გავლით – იტალიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით ქიმიური სასუქის – კარბამიდის – გადაზიდვებს მიეცეს განვითარება.

მნიშვნელოვანია, დერეფნით მოძრავი შემადგენლობებისა და კონტეინერების ადგილმდებარეობის (დისლოკაციის) ონლაინ მონიტორინგის სისტემის ამოქმედება.

დასკვნის სახით –  საქართველოზე გავლით CASCA + მარშრუტი ლოგისტიკური თვალსაზრისით ბოლომდე აპრობირებული არ არის. გამომდინარე აქედან, ორმაგად მისასალმებელია ტაშკენტში გამართული შეხვედრის შედეგად დერეფნით გადაზიდვების მოცულობების ზრდის თვალსაზრისით მიღებული გადაწყვეტილებები.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

შუა დერეფნის საქართველოს სარკინიგზო მონაკვეთზე საკონტეინერო გადაზიდვებს მზარდი ტენდენცია გააჩნია

Next Post

თქვენი თანადგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განცხადება

Related Posts

საქართველოს რკინიგზის ეფექტიანი მართვა კონკურენტულ გარემოშია შესაძლებელი (ნაწილი პირველი)

შუა დერეფნის მიმზიდველობის გაზრდა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებით შემოიფარგლება, არამედ სატრანსპორტო დარგების ინსტიტუციონალური რეფორმების დაჩქარებული ტემპებით განხორციელებით. ამ…
მეტის ნახვა

რუსეთის მხრიდან ზემო ლარსის საბაჟო – გამშვები პუნქტის გაფართოებამ გამტარუნარიანობა ორჯერ გაზარდა – რატომ ფერხდება სატვირთოების გადაადგილება საზღვარზე?

რუსეთის მიერ ზემო ლარსის საბაჟო – გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციის შემდგომ, სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლების რაოდენობა 4  დან 13…
მეტის ნახვა

შეერთებული შტატების დაფინანსებით ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გაფართოება – შუა დერეფნით ცენტრალური აზიის ტვირთნაკადების მოზიდვაზეა ორიენტირებული

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ, DFC-მ, კომპანია PACE Group-თან 25 მლნ დოლარის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა. DFC…
მეტის ნახვა