ევროპულ სივრცესთან სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაძლიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ქვეყნის ნავსადგურებიდან საბორნე გადაზიდვების განვითარება წარმოადგენს.
რუსეთ – უკრაინის დაპირისპირებამ საქართველოს ნავსადგურებიდან, უკრაინის გავლით, წლობით აპრობირებული ტვირთნაკადების გავრცელების ღერძის რუმინეთის და ბულგარეთის, კერძოდ, კონსტანცისა და ვარნა/ბურგასის ნავსადგურების მიმართულებით გადანაცვლება გამოიწვია.
ტვირთნაკადების გავრცელების არეალის კონსტანცისა და ვარნის ნავსადგურების გავლით ევროპულ სივრცეში შემობრუნებამ, აღნიშნული ნავსადგურების, შუა დერეფნის ბუნებრივ დაბოლოებად და შემკრებ – გამანაწილებელ საყრდენ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბებად ჩამოყალიბება განაპირობა.
გარდა ამისა, ტვირთნაკადების ღერძის რუმინეთის და ბულგარეთის ნავსადგურების მიმართულებით გადანაცვლებამ, შუა დერეფანს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ტვირთების გავრცელების არეალის გაფართოების საშუალება მისცა. კერძოდ, შუა დერეფანს ავსტრიის, ბულგარეთის, უნგრეთის, მოლდოვის, სლოვენიის, უკრაინისა და სერბეთის მიმართულებებით ტვირთნაკადების ახლებური გადანაწილების ფორმირების შესაძლებლობა მიეცა (იხ. სქემა).

სქემაზე წარმოდგენილია შუა დერეფნის დამაბოლოებელი ბულგარეთისა და რუმინეთის ტვირთნაკადების გავრცელების არეალი, რომელიც ლურჯი ტონით შემოსაზღვრულ ქვეყნებს აერთიანებს.
ახალი რეალობის გათვალისწინებით, მიმდინარე ეტაპზე, საქართველოსთვის, როგორც შუა დერეფნის კარიბჭის ფუნქციის მატარებელი სახელმწიფოსთვის, უპირველეს პრიორიტეტულ ამოცანას კონსტანცისა და ვარნა/ბურგასის ნავსადგურებთან დაკავშირებადობის გაძლიერების კომპონენტი წარმოადგენს.
ამ თვალსაზრისით, მისასალმებელია ბათუმის ნავსადგურიდან კონსტანცის მიმართულებით ახალი სტაბილური საბორნე ხაზის ამოქმედება. სადღეისოდ კონსტანცა – ბათუმის მიმართულებით, თურქული სანაოსნო კომპანიის Eurasia Ferries-ის საბორნე გემი Leader Prestige იქნება ჩართული. გემი უკვე დაიტვირთა კონსტანცის ნავსადგურში და პირველი რეისის განხორციელებას შეუდგა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნავსადგურებიდან ბოლო წლებში ახალი საბორნე ხაზების დამატებით კონკურენცია იზრდება, რაც ტვირთების ზრდის თვალსაზრისით, უდავოდ დადებითად უნდა იქნეს შეფასებული.
სადღეისოდ საქართველოს ნავსადგურებიდან სამი რეგულარული საბორნე/Ro-Ro ხაზი ფუნქციონირებს:
საქართველო – ბულგარეთის საბორნე ხაზი: ბათუმი – ვარნა – ბათუმის მიმართულება.
საქართველო – ბულგარეთის საბორნე ხაზი: ბათუმი – ბურგასი – ბათუმის მიმართულება.
საქართველო – რუმინეთის საბორნე ხაზი: ფოთი – კონსტანცა – ფოთის მიმართულება.
რეალურად, სადღეისოდ დაემატა მეოთხე – საქართველო – რუმინეთის საბორნე ხაზი: ბათუმი – კონსტანცა – ბათუმის მიმართულება.
2026 წლიდან ბათუმი – ვარნა – ბათუმის მიმართულებაზე უკრაინული სანაოსნო კომპანია Ukrferry-ის ორი კომბინირებული გემი Kaunas-ი და Napoli-ი ახორციელებს გადაზიდვებს.

ბათუმი – ბურგასი – ბათუმის მიმართულებით ფუნქციონირებს ბულგარული სანაოსნო კომპანია Black Sea Ferry, რომელსაც ექსპლუატაციაში ჩართული ჰყავს ბულგარეთის დროშით მცურავი – ბორანი Drujba Line.

საქართველოს – რუმინეთის ხაზზე, ფოთი – კონსტანცა – ფოთის მიმართულებით, ჩართულია ქართული სანაოსნო კომპანია Black Sea Lines-ი, რომელიც სამ გემს ამუშავებს, მათ შორის MERT L ს იგი ფოთი – კონსტანცა – ფოთის რეგულარული Ro-Ro ხაზის ძირითად გემს წარმოადგენს, დანარჩენი Aia და Dioscuria, ბოლო პერიოდში შეზღუდული ინტენსივობით ფუნქციონირებენ.

ამჯერად, სამ მოქმედ საბორნე ხაზს დაემატა მეოთხე, საქართველო – რუმინეთის ხაზი, კერძოდ ბათუმი – კონსტანცა – ბათუმის მიმართულება, სადაც თურქული სანაოსნო კომპანიის Eurasia Ferries-ის საბორნე გემი Leader Prestige იქნება ჩართული. გემი კამერუნის დროშით დაიწყებს რეისების განხორციელებას.
აღნიშნული გემი აღჭურვილია ყველანაირი თანამედროვე დანადგარებით და განკუთვნილია მხოლოდ საავტომობილო ტრაილერების გადასაზიდად, მასზე შესაძლებელია 110 ტრაილერის და 130 მგზავრის (მძღოლი) განთავსება.




დასკვნის სახით – ტვირთნაკადების ღერძის კონსტანცის და ვარნა/ბურგასის ნავსადგურის მიმართულებით გადანაცვლებამ შუა დერეფანს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ტვირთების გავრცელების არეალის გაფართოების შესაძლებლობა მისცა. ბათუმი – კონსტანცა – ბათუმის საბორნე მიმართულების დამატება საქართველოს ევროპულ სივრცეში დაკავშირებადობის გაძლიერებისკენ უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.