„აფხაზეთის გავლით სატრანზიტო მარშრუტმა შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფანს“- ახლახან სოციალურ ქსელში ამ სათაურით ოჩამჩირეში არსებული საკონტეინერო ტერმინალის ხელმძღვანელის ინტერვიუ გამოქვეყნდა.
ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალის ხელმძღვანელის განცხადებით – „ჩვენ გარკვეულწილად ბაქო-თბილისი-ყარსის ალტერნატივას წარმოვადგენთ და ამ მარშრუტს ვუწევთ კონკურენციას. მიმდინარე წელს ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალი საპროექტო სიმძლავრეზე გავა და სრული დატვირთვით ამოქმედდება, ბუნებრივია, ასეთ პირობებში ტვირთნაკადების ნაწილი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზიდან აფხაზეთის მარშრუტზე გადმოერთვება“.
მ.წ. 4 აპრილს თვითგამოცხადებული აფხაზეთის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის „აფხაზეთი – მომავლის ინვესტიციები“ მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი სექცია აფხაზეთში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას მიეძღვნა, აღინიშნა, რომ “ოჩამჩირის ნავსადგურში საკონტეინერო ტერმინალის ინფრასტრუქტურის მზადყოფნა ასევე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა და რუსეთის პროდუქციის ოჩამჩირის ნავსადგურიდან მესამე ქვეყნებში ექსპორტი – აფხაზეთს კავკასიაში მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად გადაქცევის შესაძლებლობას აძლევს”.
ამავე შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აფხაზეთის სატრანზიტო ინფრასტრუქტურა ამჟამად როგორც რკინიგზის, ასევე საზღვაო მდგენელების გამოყენებით ფუნქციონირებს.
როდესაც თვითგამოცხადებული აფხაზეთი აქცენტს ბაქო – თბილისი – ყარსის მაგისტრალის კონკურენციაზე აკეთებს, პირველ რიგში, რუსეთის ცენტრალური რეგიონებიდან ტვირთების რკინიგზით ოჩამჩირემდე და შემდგომ ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალის გამოყენებით თურქეთის დასავლეთ ნაწილში მიწოდება იგულისხმება.

სადღეისოდ ბაქო – თბილისი – ყარსის მაგისტრალის გამოყენებით თურქეთის დასავლეთ ნაწილში რუსეთის სასოფლო – სამრეწველო პროდუქციის მიწოდება კასპიის ზღვის შემოვლით აზერბაიჯანი – საქართველოს რკინიგზებისა და მარაბდა – კარწახის მონაკვეთის გამოყენებითაა შესაძლებელი.
რა გამოცდილება გააჩნია თვითგამოცხადებულ აფხაზეთს სატრანზიტო გადაზიდვების ორგანიზების მიმართულებით?
უმნიშვნელო – თუ არ ჩავთვლით 2023 წლის მარტში თვითგამოცხადებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე სატრანზიტო საპილოტე გადაზიდვას, როდესაც რუსეთის ცენტრალურ ნაწილში ერთ-ერთი დამხარისხებელი სადგურიდან ბლოკ-მატარებლით განხორციელდა კონტეინერების თურქეთში გადაზიდვა.
იმ პერიოდში თვითგამოცხადებულ აფხაზეთში პირველად გაიგზავნა ბლოკ-მატარებელი, რომელმაც 62 კონტეინერისგან შემდგარი შემადგენლობა სოხუმის რკინიგზის სადგურში მიიტანა.
ბაქო – თბილისი – ყარსის მაგისტრალთან მიმართებით რა კონკურენტული უპირატესობა შეიძლება გააჩნდეს თვითგამოცხადებული აფხაზეთის რკინიგზით და ოჩამჩირის ნავსადგურის გავლით სატრანსპორტო დერეფანს, თურქეთის დასავლეთ ნაწილში ტვირთების ტრანსპორტირებას?
ისეთ პირობებში, როდესაც ტვირთი რუსეთის წარმოშობის იქნება, მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე დაუბრკოლებლად შესაძლებელია თვითგამოცხადებული აფხაზეთის დერეფანი იქნეს შერჩეული, ანუ გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იქნება მიღებული და არა რაიმე ლოგისტიკური ან ეკონომიკური გაანგარიშებით.
რთულად წარმოსადგენია, ახლად აშენებულ, თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბაქო – თბილისი – ყარსის მაგისტრალს რაიმე კონკურენცია გაუწიოს თვითგამოცხადებული აფხაზეთის რკინიგზამ.
ბოლო პერიოდში ოჩამჩირის სარკინიგზო უბანზე მიმდინარე სალიანდაგო სამუშაოების ფოტოები ნათლად მიუთითებს, რომ კაპიტალური შეკეთების ნაცვლად, რომელიც ბოლოს 1970 წელს ჩატარდა, სადღეისოდ მხოლოდ მარტივი ტიპის სალიანდაგო სამუშაოებით ხდება ლიანდაგის აღდგენა.

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რთულ მდგომარეობაშია სარკინიგზო გვირაბები – 11 კმ სიგრძის 10 სარკინიგზო გვირაბი მოითხოვს სათანადო აღდგენით-გამაგრებით სამუშაოებს.
ასეთ პირობებში მატარებლის მოძრაობის სიჩქარე 25 – 30 კმ/სთ-ით არის შეზღუდული. გამომდინარე აქედან, რთულად წარმოსადგენია სატრანსპორტო დერეფნისთვის აუცილებელი უსაფრთხოების პირობების დაცვა.
გარდა ამისა, თუ დერეფნის ფუნქციონირება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ ემყარება, რუსეთის გარდა ნებისმიერი გარეშე ტვირთმფლობელისა და გადამზიდავი კომპანიისთვის მიუღებელია იმ სარკინიგზო მონაკვეთზე ტვირთის გაგზავნა, სადაც ვაგონის ან ტვირთის დაზიანების შემთხვევაში იურიდიულად არაღიარებულ სივრცეში გადაზიდვაზე პასუხისმგებელი ორგანო დოკუმენტალურად არ იქნება დაფიქსირებული.
ცნობისთვის, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რკინიგზა არც ერთ სარკინიგზო ორგანიზაციის საბჭოში არ ფიგურირებს.
ბუნებრივია, რუსეთის ტვირთმფლობელების გარდა, სხვა ქვეყნის კომპანიების მიერ თვითგამოცხადებული აფხაზეთის რკინიგზის სატრანზიტო დერეფნად გამოყენება – ლოგისტიკური, ინფრასტრუქტურული და იურიდიული შეზღუდვების გამო შეუძლებელია.
როგორც რკინიგზის, ასევე ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალის გამოყენება მხოლოდ ლოკალური, რუსეთთან კომუნიკაციის კუთხითაა შესაძლებელი.
ამ თვალსაზრისით, რუსეთი ოჩამჩირის ნავსადგურის საკონტეინერო ტერმინალს რუსეთის ნავსადგურებთან საზღვაო დაკავშირებადობის განვითარების კუთხით განიხილავს.
ვარაუდობენ, რომ ოჩამჩირის ნავსადგურის საკონტეინერო ტერმინალი საშუალებას მისცემს თვითგამოცხადებულ აფხაზეთს განტვირთოს კრასნოდარი – სოჩის საავტომობილო ტრასა და საზღვაო მარშრუტით მარტივად დაუკავშირდეს ცენტრალური რუსეთის რეგიონებში ადგილობრივ ექსპორტიორებს.
ოჩამჩირის ნავსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შავი ზღვის აკვატორიიდან ვოლგა – დონის სამდინარო სისტემასთან „მდინარე-ზღვის“ მცირე და საშუალო ტვირთამწეობის გემებით დაკავშირებადობის განვითარებისათვის.
დასკვნის სახით – თვითგამოცხადებული აფხაზეთის რკინიგზისა და ოჩამჩირის ნავსადგურის ერთიან ფუნქციონირებად სატრანსპორტო დერეფნად წარმოჩენა და მისი ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის ალტერნატივად დასახელება უდავოდ გადაჭარბებას წარმოადგენს.
თვითგამოცხადებული აფხაზეთის რკინიგზისა და ოჩამჩირის ნავსადგურის ერთობლივი დერეფნის ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალთან მიმართებით კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ რუსეთის კუთვნილი ტვირთების პოლიტიკური გადაწყვეტილების გატარების საფუძველზე იკვეთება.