
ლაურა სარქისიანი – ჟურნალისტიკის მაგისტრი, 14 – წლიანი გამოცდილებით, “Armenian Crossroads” ტელეგრამ-არხის დამფუძნებელი. ძირითადი მიმართულება – ლოგისტიკა, გეოეკონომიკა და გეოპოლიტიკა.
სომხეთის სატრანსპორტო მარშრუტების დებლოკირების პირობებში ქვეყანამ არა ცალკეული მონაკვეთების აღდგენაზე, არამედ ერთიანი სარკინიგზო ქსელის სისტემურ განახლებასა და, პარალელურად, ახალი მონაკვეთების მშენებლობაზე უნდა გააკეთოს აქცენტი.
სადღეისოდ სომხეთის მთელ ქსელს ესაჭიროება მოდერნიზაცია, რადგან არსებული რკინიგზა ინტენსიური საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებისთვის მზად არ არის.
ამჟამად სომხეთის რკინიგზა მინიმალური დატვირთვით მუშაობს. თუმცა, თუ სარკინიგზო მონაკვეთების მოდერნიზაცია და ახალი მონაკვეთების მშენებლობა სინქრონულად განხორციელდება, სომხეთის სარკინიგზო არტერიებით წელიწადში 10 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა იქნება შესაძლებელი.
ამ თვალსაზრისით, სომხეთის სარკინიგზო ქსელი განვითარებისა და გაძლიერების გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე დადგება. საექსპერტო წრეებში ერთ – ერთ პრიორიტეტულ ღონისძიებად ვანაძორ – ფიოლეტოვოს ახალი რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობა მოიაზრება.
ახალი სარკინიგზო მონაკვეთი დაეხმარება სომხეთს სატრანზიტო პოტენციალის მომავალში გამოყენებას და, შესაბამისად, მისი ეკონომიკური შესაძლებლობების რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე გაზრდას.
ჩრდილოეთ სომხეთში 32 კმ სიგრძის ვანაძორ – ფიოლეტოვოს მონაკვეთი ჩაკეტავს სომხეთის სარკინიგზო რგოლს და გზაჯვარედინის ფუნქციას შეასრულებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ერევნიდან საქართველოს საზღვრამდე ტრანსპორტირების მანძილს.
32-კილომეტრიანი ვანაძორ-ფიოლეტოვოს მონაკვეთი უმოკლესი მანძილით დააკავშირებს სომხეთის სარკინიგზო ქსელს, საქართველოზე გამავალ შუა დერეფანთან, რაც ტვირთების გადაზიდვის მანძილს 112 კილომეტრით შეამცირებს. შედეგად, სომხეთის ტერიტორიაზე სატვირთო გადაზიდვებს უდავოდ ფინანსურად მომგებიანს გახდის.
ვანაძორ-ფიოლეტოვოს სარკინიგზო ხაზი, რომელიც იჯევან – რაზდან – ერევნის მარშრუტს თბილისი – აირუმი – გიუმრი – მასისის მარშრუტთან დააკავშირებს, ადგილობრივი და საერთაშორისო გადაზიდვების მანძილის შემცირებით, ქვეყნის სარკინიგზო ქსელს მნიშვნელოვან მოქნილობასა და მანევრირების შესაძლებლობას მიანიჭებს.

რკინიგზით ერევნიდან საქართველოს საზღვრამდე მანძილი 308 კმ-ია. ერევნიდან რკინიგზა არმავირისა და გიუმრის გავლით ვანაძორში მიემართება, შემდგომ გადის ვანაძორი – სანაინ – აირუმის მონაკვეთს და უერთდება სადახლო – თბილისის მარშრუტს.
ფიოლეტოვოს სადგური მდებარეობს ერევანი – გიუმრი – ვანაძორი – აირუმის მთავარი რკინიგზის ხაზიდან 22-25 კმ-ში, რომელიც აკავშირებს რაზდანი – დილიჯანი – იჯევანის მიმართულებას.
ერევნიდან საქართველოს საზღვრამდე მანძილის შემცირების გამო, ვანაძორ – ფიოლეტოვოს მონაკვეთის ამოქმედება ერევნიდან სადახლომდე რკინიგზის მანძილს 26%-ით, 220 კმ-მდე შეამცირებს.
წინასწარი გათვლებით, სომხეთის ტერიტორიაზე გადაზიდვის ტარიფი 27%-ით შემცირდება, რაც დამატებით მიმზიდველობას შესძენს საქართველო – სომხეთს შორის სარკინიგზო გადაზიდვებს.
ვანაძორ – ფიოლეტოვოს სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 350 მლნ დოლარს შეადგენს. ჯერ არ არსებობს პროექტის ტექნიკურ – ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, ტრასა მთიან რელიეფზე გაივლის, სადაც დამატებით აუცილებელი იქნება სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა.
ახლო მომავალში სომხეთ – თურქეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენის პირობებში, რაც თანხვედრილი იქნება თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სატრანზიტო გადაზიდვების გაზრდასთან, ვანაძორ – ფიოლეტოვოს რკინიგზის მონაკვეთს ექნება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის გამოკვეთილად დამაკავშირებელი სატრანზიტო რგოლის ფუნქცია.
სომხეთის საექსპერტო წრეებში მკაფიოდ ხედავენ ვანაძორ-ფიოლეტოვოს რკინიგზის ხაზის მშენებლობის პროექტის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ინიციატივაში ჩართვის აუცილებლობას.